Monday, March 4, 2019

საეკლესიო მწერლობის ჰიმნოგრაფიული ჟანრი

33


წინა საუბრებში განვიხილავდით ლიტურგიკული ჟანრის ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს, რომელსაც “კურთხევანი” (აგრეთვე “დიდნი კურთხევანი”) ეწოდება. აღვნიშნავდით, რომ, რა თქმა უნდა, ლიტურგიკული ჟანრი, ლიტურგიკული მწერლობა მხოლოდ ამ წიგნით არ შემოიფარგლება. მრავალი სხვა უმნიშვნელოვანესი კრებული შედის ლიტურგიკულ ჟანრში. ყველა მათგანს, ცხადია, ჩვენ ვერ შევეხებით, მაგრამ ვთვლით, რომ აუცილებელია ცალკე გამოიყოს და ალბათ რამდენიმე საუბრის სახით განხილულ იქნეს ლიტურგიკული ჟანრის ასევე უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რაც განუყოფელია თუნდაც ჩვენს მიერ უკვე განხილული “დიდი კურთხევანისგან”, ნებისმიერი სხვა ლიტურგიკული წიგნისგან, საზოგადოდ ღვთისმსახურების ნებისმიერი სახისგან, ეს გახლავთ ე.წ. ლიტურგიკული პოეზია ანუ თავისი ნამდვილი სახელწოდებით საეკლესიო ჰიმნოგრაფია, საეკლესიო გალობა.

თავისთავად ცხადია, ჩვენი განხილვა არსებითად საეკლესიო გალობის ტექსტობრივ მხარეს გულისხმობს, მაგრამ რამდენადაც ჰიმნოგრაფიული ნაწილი ლიტურგიკული ჟანრისა აუცილებლად მოქმედებაში სრულდება, ის იგალობება, ალბათ გვერდს ვერ ავუვლით და რამდენიმე სიტყვით ჰიმნოგრაფიული ტექსტების საკუთრივ გალობის სახით აღვლენის საკითხსაც შევეხებით. მაგრამ ჯერ საკუთრივ ჰიმნოგრაფიის ანუ ქართულად თუ ვთარგმნით, საეკლესიო საგალობელთმწერლობის, ანდა გალობათმწერლობის შესახებ ვიტყვით.

ბერძნული “ჰიმნოგრაფია”, ისევე როგორც მრავალი სხვა ანალოგიური ტერმინი “გრაფია”-ზე დაბოლოებული, კომპოზიტია. თუნდაც მაგ. იკონოგრაფია, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც “ხატწერა” (ძველ ქართულად “ხატმწერლობაი”), ასევე ჰაგიოგრაფია, ძვ. ქართულად “სიწმინდეთმწერლობაი” და სხვა. ამგვარი ტერმინების ანალოგიით არსებობს ტერმინი “ჰიმნოგრაფია”, რომლის პირველი ნაწილი გახლავთ ტერმინი “ჰიუმნოს”. აღნიშნული სიტყვა უთარგმნელადაცაა დღეისათვის ქართულში შემოსული “ჰიმნი”-ს სახით. ძველად ეს ტერმინი ძირითადად ითარგმნებოდა, როგორც “ქებაი” და აგრეთვე, როგორც “გალობაი”. ეს ორი შესატყვისი თანაარსებობდა ქართულ ენაში იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ბერძნული ტერმინი ორივე მათგანს გულისხმობს. საეკლესიო გალობა აუცილებლად თავის თავში შეიცავს საღვთო სიდიადის მარადიულ ქებას, ამას აღმოიტყვის ყოველი მგალობელი, ამას ღაღადებს მთელი საეკლესიო გალობათმწერლობა ანუ ჰიმნოგრაფია. ესაა სადიდებელი და ქება ღვთისა, საღვთო შესაქმისა, ღვთიური გულმოწყალებისა, მისი მადლის მარადიული ვლენისა, წმინდანთა სიდიადისა და მძლეობისა, ახოვანებისა უკეთურების წინააღმდეგ ბრძოლაში და სხვა. ასე რომ,  საეკლესიო გალობაში ქების შინაარსი ყოველთვის სახეზეა და ამიტომაა, რომ ბერძნული ტერმინი “ჰიუმნოს” ორივე შინაარსით ითარგმნებოდა. ანუ ითარგმნებოდა, როგორც “ქება” და ასევე როგორც “გალობა”.

ჰიმნოგრაფიის პარალელურად არსებობს ტერმინი “ჰიმნოლოგია”. ეს ტერმინი ძველ ქართულად ჩვეულებრივ ითარგმნებოდა, როგორც “ქებისმეტყუელებაი”. ლოგია”-ზე დაბოლოებული კომპოზიტები ქართულად უმრავლეს შემთხვევაში ითარგმნება “მეტყველებაზე” დაბოლოებული ქართული კომპოზიტებით. (ისევე, როგორც მაგ. “თეოლოგია” – “ღმრთისმეტყუელებაი”). ამის ანალოგიით არის “ჰიმნოლოგიის” შესატყვისად ძველ ქართულში დამკვიდრებული ტერმინი “ქებისმეტყუელებაი” და თუნდაც ეს შესატყვისი კარგად ცხადყოფს, რომ “ჰიუმნოს” ძველ ქართულად არა მხოლოდ გალობად ითარგმნებოდა, არამედ გაცილებით უფრო ხშირად ტერმინით “ქებაი”.

ამ ყველაფერს საკუთრივ ჩვენს მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა, თავისთავად ცხადია, არ აქვს, უბრალოდ ტერმინოლოგიური შინაარსის წვდომისთვის განვმარტეთ ბერძნული ჰიმნოგრაფიის, ანდა ჰიმნოლოგიის, საკუთრივ ჰიმნის რაობა ქართული შესატყვისის ფონზე.

ძირითადად ქართულად “გალობად” ითარგმნებოდა მეორე ბერძნული ტერმინი “ოდე”, ანუ “ოდა”, რომელიც ასევე უთარგმნელადაცაა ქართულად შემოსული. კანონიკური საეკლესიო საგალობელი (ვგულისხმობთ კანონიკურ დიდ საგალობელს) ერთი ოდისგან ანუ ერთი გალობისგან არასოდეს არ შედგებოდა, არამედ შედგებოდა 9 გალობისგან, 9 ოდისგან. ზოგჯერ ხდებოდა ისე, რომ მეორე გალობა ხშირად გამოიტოვებოდა და გარეგნული სახით კანონიკური საგალობელი უმრავალწილესად 8 გალობისგან შემდგარად წარმოჩნდებოდა, მაგრამ ამ რვა გალობის შიგნით ყოველთვის იგულისხმებოდა მეორე გალობაც, რომელიც უბრალოდ გამოტოვებული იყო გარკვეული მიზეზების გამო. პირველი გალობიდან ხშირად ხდებოდა გადასვლა მესამე გალობაზე. და ეს რვა გალობით წარმოდგენილი საგალობელიც თავისი არსებით იგივე 9 გალობისგან შემდგარი კანონიკური საგალობელია. ასე რომ საეკლესიო საგალობელი, კანონიკური სახით დიდი, ვრცელი საგალობელი აუცილებლად და უეჭველად 9 გალობას შეიცავდა და ამდენი გალობისგან შემდგარი ლიტურგიკული ტექსტი ქართულად იწოდებოდა როგორც “გალობანი”. “გალობანი” გახლდათ არა უბრალოდ მრავლობითი ფორმაა ტერმინ “გალობისა”, არამედ 9 ოდისგან შემდგარი კანონიკური საეკლესიო საგალობელის ქართული სახელწოდება.

ბერძნული ტერმინების ამგვარი ქართული შესატყვისობების მითითება (“ოდე” - გალობა, “ჰიუმნოს” - ქება, “ჰიმნოგრაფია” - გალობათმწერლობა (რამდენიმეგზის “ქებითმწერლობა” ანდა “ქების აღმწერელობაი”) და ჰიმნოლოგია - “ქებისმეტყველება”) ვფიქრობთ ჰიმნოგჰრაფიის მნიშვნელობასთან ქართველ მსმენელს მეტ-ნაკლებად აახლოებს. იმიტომ, რომ როდესაც გაქვავებულად მოგვეწოდება რომელიმე ენის ტერმინი უთარგმნელი სახით, ხშირ შემთხვევაში მისი შინაარსის წვდომა გაძნელებულია მსმენელისგან, მკითხველისგან და ვფიქრობთ ყოველთვის უპრიანია, თუ შესაძლებელია, როდესაც ესა თუ ის უცხოური ტერმინი დამკვიდრებულია ენაში, მისი მნიშვნელობის უკეთ წვდომისათვის შესაბამისი ქართული შესატყვისიც აუცილებლად მოვიხმოთ.

ამრიგად, ჩვენ ვსაუბრობთ საეკლესიო ჰიმნოგრაფიაზე, საეკლესიო ჰიმნოლოგიაზე, გალობათმეტყველებაზე, ქებისმეტყველებაზე, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნებისმიერი სახის საღვთისმსახურო მოქმედებისგან განუყოფელია და ამ მოქმედების წერილობითი სახით გამოხატულებასთან მუდმივად დაკავშირებულია. ნებისმიერი ლიტურგიკული სახის ტექსტი აუცილებლად შეიცავს ჰიმნოგრაფიულ ნაწილსაც. თუმცა ეს თავისთავად ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ჰიმნოგრაფიული კანონიკა ყოველთვის იმ სახისა იყო, როგორითაც ის გვევლინება VIII-IX-X-XI საუკუნეებიდან მოკიდებული.

საეკლესიო გალობამ ისეთივე გზა განვლო სრულყოფისაკენ, როგორც ნებისმიერმა სხვა ჟანრმა. როდესაც ჩვენ ამას ხაზს ვუსვამთ, რომ საეკლესიო მწერლობის ნებისმიერი ჟანრი თანდათანობით იძენდა იმ სრულყოფილებას, როგორითაც ის გვევლინება ჩვენ გვიანდელი საუკუნეებიდან, სრულყოფილებისაკენ სწრაფვა მხოლოდ ერთს გულისხმობდა, მაცხოვნებელი მოძღვრების, მაცხოვრისგან კაცობრიობისათვის დატოვებული გამომხსნელობითი სწავლების მაქსიმალური ადეკვატურობით, ზედმიწევნითობით გამოხატვას. ამისკენ ისწრაფვის ყველა ჟანრი. ჩვენ აღვნიშნავდით, რომ საეკლესიო ლიტერატურა მთლიანობაში, უკლებლივ ყველა ჟანრობრივი გამოხატულება ამ მწერლობისა, ესაა ბიბლიური საუფლო სწავლების, მაცხოვნებელი მოძღვრების განმარტება. მაცხოვნებელი მოძღვრება თავდაპირველად, მაცხოვრის კაცობრივ გამოჩინებამდე, წერილობითი სახით იყო მოწოდებული ძველ აღთქმაში, შემდეგ მაცხოვრის მიერ ცხოვლად იქნა გადმოცემული და ნაქადაგები მოციქულებისადმი და წერილობითად აღბეჭდილი ახალ აღთქმაში, და ყოველივე ამის ასევე ცხოველმყოფელობითი განმარტებაა, სრული წვდომაა ყოველივე ამისა საეკლესიო მწერლობა. აი ეს გახლავთ, თუ უხეშად ვიტყვით, მაცხოვნებელი მოძღვრების გამოვლინების ისტორია კაცობრიობის ისტორიაში, ე.ი. პირველად ჭეშმარიტება მოწოდებული ძველი აღთქმის ენაზე, წერლობითი სიტყვით, შემდეგ ჭეშმარიტება ხორცშესხმულად მოსული ჩვენთან, მისი კაცობრივი ბაგეებისგანვე ნამეტყველები უწმინდესი და უმწვერვალესი ზედმიწევნითობით და წერილობითად გამოხატული, რამდენდაც ამას კაცობრივი სიტყვა დაიტევს, ახალ აღთქმაში. მთლიანობა ყოველივე ამისა არის ის, რასაც ბიბლია, წიგნთა წიგნი ეწოდება. ხოლო ბიბლიური სიტყვის დაუსრულებლად უფრო და უფრო ღრმა შემეცნებითი გზა, პროგრესი, მარადიული წინსვლა ბიბლიის უჭეშმარიტესი აზრის უფრო და უფრო ღრმად წვდომისა, ყოველივე ამის განმარტებითი ენით გამოთქმა ესაა ეკლესიური მწერლობა. ყოველივე ეს ერთი მთლიანობაა და კვლავ შეგახსენებთ იმას, რაც თავში ვთქვით, რომ საეკლესიო მწერლობაც იგივე ბიბლიაა, ოღონდ განმარტებითი, საეკლესიო ენით გამოთქმული.

ჩვენ ამ მომენტს ხაზს ვუსვამთ და კვლავ ვიხსნებთ, რათა განვმარტოთ, რომ საეკლესიო მწერლობის ლიტურგიკული ჟანრიც ბიბლიაზე არის დაყრდნობილი, ბიბლიისგან გამომდინარეობს, ბიბლიის ეკლესიური გამოთქმაა და შესაბამისად არც არსებობს მის გარეშე. როგორც ყველა სხვა საეკლესიო ჟანრის საფუძველი, ლიტურგიკული ჟანრის საფუძველიც საკუთრივ საღვთო წერილშია. მაგრამ სხვა ჟანრებისგან განსხვავებით, ლიტურგიკული მწერლობის საფუძვლის საღვთო წერილში არსებობა წარმოჩენილია ეკლესიის ისტორიაში ქმედებითად. არა მხოლოდ, დავუშვათ, ჩვენი კვლევის შედეგად განვჭვრეტთ და საფუძვლებს გამოვიკვლევთ საეკლესიო მწერლობის ამა თუ იმ ჟანრისას ბიბლიურ წერილში, არამედ ლიტურგიკულ ჟანრთან დაკავშირებით ამ განუყოფელ კავშირს საეკლესიო ისტორია ადასტურებს ანუ სწამებს მოქმედებაში, ქმედებითად არის ეს სახეზე. აქ იგულისხმება შემდეგი:

ვიდრე საკუთრივ საეკლესიო ჰიმნოგრაფია ჩამოყალიბდებოდა, ტექსტობრივად შეიქმნებოდა, რა თქმა უნდა, გალობა აუცილებლად აღესრულებოდა მანამდეც. მაგრამ ეს გალობა იმ უადრეს, უარქაულეს ეპოქაში ჯერ კიდევ მხოლოდ ბიბლიურ ტექსტს, კონკრეტულად ყველაზე უფრო მეტად და ძირითადად ფსალმუნურ ტექსტს გულისხმობდა. ჩვენ აქ იმ კარდინალურ დებულებას მივადექით, რაც საეკლესიო ჰიმნოგრაფიის საფუძველს წარმოგვიჩენს. საეკლესიო ჰიმნოგრაფიის საფუძველი გახლავთ დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნთა წიგნი. ამიტომ იყო, რომ ვიდრე საკუთრივ საეკლესიო საგალობლები შეიქმნებოდა ტექსტობრივად, ამ საგალობელთა დანიშნულებას იტვირთებდა მხოლოდ ფსალმუნთა წიგნი და სწორედ ის იგალობებოდა ნებისმიერი საღვთისმსახურო მოქმედების ჟამს. რა თქმა უნდა, საეკლესიო საგალობელთა შექმნის შემდეგ ფსალმუნთა მნიშვნელობა არანაირად არ დაკნინებულა, ოდნადავადაც არ გაუფერულებულა, პირიქით, გაცილებით უფრო მეტად შეიმოსა ბრწყინვალებით, რამდენადაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთელი ეს საგალობლები იმავე ბიბლიური წერილის და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ფსალმუნთა განვრცობაა, ფსალმუნთა განგრძობაა, ფსალმუნთა სულიერი ხედვაა და მისი განმარტებაა. და როდესაც ფსალმუნური ტექსტი უკვე ჰიმნოგრაფიის აღმოცენების შემდეგ ამ ჰიმნებით გარემოსილად არის წარმოჩენილი ტაძარში, როგორც დედოფალი მხევალთა შორის, რა თქმა უნდა, მისი სულიერი ბრწყინვალება უკეთ ნათობს, უკეთ ელვარებს და მისი აზრიც უფრო საგულისხმოა პირველ რიგში ტაძარში მყოფი ღვთისმსახურებაზე დამსწრე კრებულისათვის და ტაძრის გარეთაც მთელი კაცობრიობისათვის, რომელიც (ეს მთელი კაცობრიობა), რა თქმა უნდა, ეკლესიის სამუშაკოა, ეკლესიის გზაზე სამომავლოდ წარვლენადია. ამიტომ ფსალმუნი ეკლესიის გარეთ მყოფ მთელ კაცობრიობას მიეფინება ეკლესიიდან, რომ მოიზიდოს ისინი ეკლესიის შიგნით. ჩვენ მრავალი ჰაგიოგრაფიული ტექსტი ვიცით, უადრესი პერიოდის ამსახველი ჰაგიოგრაფიული თხრობანი, სადაც ამა თუ იმ წარმართის მომაქცეველი და  ეკლესიაში შემომყვანი სწორედ ის უტკბილესი ფსალმუნური გალობანი ჰყოფილა, რაც ეკლესიიდან გარეთ გამოიღვრებოდა და მსმენელის გულამდე (ამ შემთხვევაში წარმართის) აღწევდა და ჭეშმარიტებისაკენ მიიზიდავდა მას. ფსალმუნთა წიგნი ყოველთვის იყო ერთი უდიდესი წინამძღვარი, სვეტი ნათლისა, რაც (როგორც თავის დროზე ებრაელთა ერს მანათობელი სვეტი უძღოდა აღთქმული ქვეყნისკენ), მარადიულად მიუძღვის კაცობრიობას, როგორც სვეტი ნათლისა, ეკლესიისკენ თავისი უსაღვთოესი სიტკბოთი, ანუ როგორც ეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშია გალობასთან დაკავშირებით, “ტკბილობისა ნებიერობით” მარადის ჭეშმარიტებასთან აზიარებს კაცობრიობის იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ ეკლესიის გარეთ დგას. ეს არის დანიშნულება ფსალმუნთა წიგნისა და ამ დანიშნულების განგრძობაა, ამ დანიშნულების განვრცობაა და, ასეც შეიძლება ითქვას, ამ საღვთო სულიეურების ანარეკლია, არეკლვაა საეკლესიო ჰიმნოგრაფია. ფსალმუნნი მარადიულად ირეკლება საეკლესიო ჰიმნოგრაფიაში და სხივდება საეკლესიო ჰიმნოგრაფიისგან, როგორც მზე შეიძლება აისარკოს მინაში და აელვარდეს, რამდენადაც მინას აქვს უნარი იმისა, რომ სხივები შეიწყნაროს და უკანვე გამოასხივოს ის. ამგვარი კავშირი შეიძლება დავინახოთ ჩვენ სიმბოლურად ფსალმუნთა წიგნსა და საეკლესიო საგალობლებს შორის. ეს ერთი მთლიანობაა, ერთი სულიერებაა. თავადი წყარო საეკლესიო გალობისა ფსალმუნნია, ის მიაფენს სურნელებასა და კეთილსხივოსნობას. საეკლესიო საგალობლები მთლიანად გამსჭვალულნი არიან ამ სიკეთით და თავადვე ფსალმუნთაგან მიღებულ ელვარებას უკუ გამოასხივებენ, ფსალმუნთა გარშემო ყოველივე ამას ააელვარებენ.

ჩვენ შეიძლება გადამეტებული ეპითეტური წესით ვმსჯელობთ, რაც ნაკლებად გვახასიათებს, მაგრამ თემა, საკითხი, ფსალმუნთა და საეკლესიო საგალობელთა მხრივ იმდენად თავისთავადია, იმდენად სულიერია,  ხედვითია, არაამქვეყნიურია, რომ ალბათ ეს მხარე გამართლებაც იქნება ჩვენი ამგვარი გადამეტებული ეპითეტური მეტყველებისა.

მაინც გვინდა, რა თქმა უნდა, დავაზუსტოთ, რომ ფსალმუნთა და საეკლესიო საგალობელთა კავშირი და განუყოფლობა, ერთმთლიანობა უეჭველად საღვთისმეტყველო საფუძველს შეიცავს, იგივე საღვთისმეტყველო მოძღვრების გამოხატულებაა ეს კავშირი და ეკლესიის მამათაგან თავიდანვე განმარტებული. ფსალმუნთა წიგნი სხვაგვარად იღვთისმეტყველება, ვიდრე ნებისმიერი სხვა წიგნი საღვთო წერილისა. ფსალმუნთა განსაკუთრებული, თუნდაც ლიტერატურის მცოდნეობითი კუთხით რომ ვთქვათ, ჟანრობრივი თავისებურების შესახებ ეკლესიის მამათაგან, რამდენადაც დღეისათვის ჩვენთვის ცნობილია, პირველმა ყურადღება გაამახვილა წმ. ათანასე ალექსანდრიელმა IV ს-ის პირველ ნახევარსა და შუა წლებში. ათანასე ალაექსანდრიელი, ღვთის მადლით, საკმაოდ ხანგრძლივად მოღვაწეობდა დედამიწაზე (ის 373 წ. აღესრულა), ვის შესახებაც გრიგოლ ღვთისმეტყველი მიუთითებს, რომ ის იყო “ხუთგზის თავსმდები საზღუართ გარეობისა” ანუ ექსორიობისა, გადასახლებისა. ათანასე ალექსანდრიელი, რომელიც იყო უდიდესი ახოვანებით დამცველი და გამომავლინებელი ჭეშმარიტებისა უკეთურების წინააღმდეგ ბრძოლისას, ფსალმუნთAწიგნის რაობაზეც გვესაუბრება. ქართულ თარგმანშიც არის მოღწეული მისი უშესანიშნავესი სწავლება იმასთან დაკავშირებით, თუ რაში მდგომარეობს ფსალმუნთა განსაკუთრებული თავისებურება, განსაკუთრებული ღირსება. თვით ათანასეს უწყებით მას ამის შესახებ სწავლება მისცა ჩვენთვის უცნობმა ვინმე მოხუცმა, რომელმაც ამ საკითხით დაინტერესებულ ათანასეს შემდეგი აუწყა, რომ ყველა სხვა წიგნში საღვთო წერილისა, სადაც მოძღვრებაა გადმოცემული, აღმატებული გამოცხადებითი სწავლებანია და მცნებანი მოწოდებული, საუბარია მესამე პირში. მაგ. “ჰრქუა უფალმან მოსეს”... “მოსემ ჰრქუა უფალს”... და სხვა. მაგრამ როგორ იწყება თუნდაც 50-ე ფსალმუნი: “მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა”. მართალია ეს დავით წინასწარმეტყველმა დაწერა, თვით არის ავტორი, მაგრამ ყოველი ჩვენთაგანი როდესაც ამ სიტყვებს აღმოთქვამს თვითონვეა უკვე ამ სიტყვების უშუალო ავტორი ღვთისადმი, ამ სიტყვათა უშუალო წარმომთქმელი და აქ მესამე პირი, შუამდგომელი ვინმე ფსალმუნთა წარმომთქმელსა და უფალს შორის აღარ არის. ეს განსხვავებაა ფსალმუნთა წიგნისა ნებისმიერი სხვა წიგნისგან. ამიტომ უწოდებს, სხვათაშორის, ჩვენი დიდი საეკლესიო მოღვაწე იოანე პეტრიწი ფსალმუნთა წიგნს ლოცვის წიგნს.

ეს განსაკუთრებული თავისებურება ფსალმუნებისა, რა თქმა უნდა, არეკლილია და გამოვლენილია საეკლესიო საგალობლებში. ყოველი გალობაც ასევე პიროვნულად წარმოითქმის, სხვათაგან არის დაწერილი, მაგრამ ყოველი ჩვენთაგანი როდესაც მას წარმოთქვამს, როდესაც მას გალობს და აღავლენს, თვით ხდება მისი წყარო და ესაა ყველაზე უფრო ახლო, ყველაზე უფრო მჭიდრო ურთიერთობის გამოვლენა უფალსა და ადამიანს შორის. ამაზე უფრო მჭიდრო ურთიერთობის გამოვლენა, რაც ვლინდება ფსალმუნთა გალობისას, საეკლესიო საგალობელთა აღვლენისას, სხვა წიგნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არ ხდება. ყველა სხვა წიგნი ფსალმუნთა წიგნით და საეკლესიო საგალობლებით ხდება პიროვნული. ეს მხარე ასულიერებს და აპიროვნულებს მათ და შესაბამისად განუყრელობა ფსალმუნთა წიგნისა, საეკლესიო საგალობლებისა ნებისმიერი სხვა ჟანრის საეკლესიო წიგნისგან, ნებისმიერი საეკლესიო ქმედებისგან ამით საბუთდება, რომ გალობა, ფსალმუნნი ყოველ ქმედებას პიროვნულს ხდის და ადამიანი უშუალოდ უკავშირდება უფალს, უშუალოდ შეერთვის უფლისმიერ სიწმინდეს.


33–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=1ZAywJ1_ByI&t=189s

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

No comments:

Post a Comment