Monday, December 24, 2018

ედიშერ ჭელიძე – წმინდა და დიდი კრებისწინა დოკუმენტის განხილვა

"მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი"

განსახილველი დოკუმენტი შეიცავს უმძიმეს დოგმატურ-ტერმინლოგიურ ცთომილებებს, რომლებთან დაკავშირებითაც აღვნიშნავთ შემდეგს:

1. თვით სათაურშივე, ისევე როგორც ძირითად ტექსტში, ტერმინი "ქრისტიანი" თანაბრად გამოიყენება არა მხოლოდ "ქრისტეს ჭეშმარიტი აღმსარებლის" ანუ მართლმადიდებლის, არამედ - ნებისმიერი არამართლმადიდებლის მიმართ, მაშინ როცა მართლმადიდებელი ეკლესიის აბსოლუტურად ყველა საეკლესიო დოკუმენტი (პირველ რიგში კი, შვიდი მსოფლიო კრების განჩინებანი და საქმენი) ქრისტიანად უწოდებს (უგამონაკლისოდ) მხოლოდ მართლმადიდებელს, არამართლმადიდებელთა მიმართ კი იყენებს ტერმინებს: "ცრუქრისტენი", იგივე "ქრისტემტყუვარნი" (ψευδόχριστοι), "ცრუქრისტიანები" (ψευδοχριστιανοί ფსევდოქრისტიანები), "ერეტიკოსები" (αἱρετικοί).

აღნიშნული ცთომილებიდან გამომდინარე, რაც, როგორც აღვნიშნეთ, მსჭვალავს მთელ დოკუმენტს, ისეთი სურათი იხატება, თითქოს არსებობს ერთი ქრისტიანული სამყარო, რომლის მხოლოდ გარკვეული ნაწილია მართლმადიდებელი ეკლესია (შდრ. სათაური: "დანარჩენი ქრისტიანული სამყარო", ან პუნქტი 4: "ქრისტესადმი მორწმუნენი", ანდა პუნქტი 8: "დანარჩენი ქრისტიანები", აგრეთვე თითქმის ყველა მომდევნო პუნქტი), მაშინ როცა დოგმატური სწავლებით, ქრისტიანული სამყარო მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა, დანარჩენი მსოფლიო კი  ესაა ცთომილებაში მყოფი კაცობრიობა, რომლის გადასარჩენად და ცხონების წიაღში შემოსაყვანად მარადჟამს იღვწის მართლმადიდებელი ეკლესია.

2. ზემორე დოგმატურ ცთომილებას ეფუძნება მეორე, რომლის მიხედვითაც თითქოს არსებობს "ქრისტიანთა ერთიანობა" ანუ ერთიანობა მართლმადიდებლებისა (ქრისტეს ჭეშმარიტი აღმსარებლებისა) და არამართლმადიდებლებისა (მწვალებლებისა), რაც თითქოსდა ექვემდებარება "განვითარებას". შდრ. 17 პუნქტი: "ემს-ს წევრი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები სრულად და თანასწორად მონაწილეობენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ორგანიზაციაში და ისინი ყველა მათ ხელთ არსებული საშუალებებით შეეწევიან ჭეშმარიტების დამოწმებასა და ქრისტიანთა ერთიანობის განვითარებას". სინამდვილეში დოგმატური სწავლებით, "ქრისტიანთა ერთიანობა" მხოლოდ მართლმადიდებელთა ერთიანობაა, არამართლმადიდებლებთან ერთიანობა კი აბსოლუტურად დაუშვებელია, ვინაიდან ეს იქნებოდა ერთიანობა და თანაზიარება მათ (არამართლმადიდებელთა) დამღუპველ ცთომილებებებთან. შესაბამისად, მათი (არამართლმადიდებლების) მისამართით მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ვლინდება მხოლოდ გულშემატკივრული განმსწავლელობითი და მომაქცეველობითი მოღვაწეობა.

3. მითითებულ დოგმატურ ცთომილებათა უკიდურესი გამკვეთრებაა თითქმის ყოველ პუნქტში ხაზგასმული მოწოდება "ქრისტიანთა დაკარგული ერთიანობის აღდგენისკენ". შდრ. პუნქტი 4: "მართლმადიდებელი ეკლესია  ... იჩენდა ... პირველობას განსაკუთრებით იმაში, რომ მოძიებულიყო გზები და საშუალებები ერთიანობის აღსადგენად ქრისტესადმი მორწმუნეთა შორის"; პუნქტი 5: "კვლავ მოპოვებული იქნეს დაკარგული ერთიანობა ქრისტიანებისა"; პუნქტი 12: "ყველას საერთო მიზანია მართალ სარწმუნოებასა და სიყვარულში ერთიანობის საბოლოო აღდგენა"; პუნქტი 24: "მოძრაობა, მიმართული ქრისტიანთა ერთიანობის აღდგენისკენ, იძენს ახალ ფორმებს" და ა. შ. სრულიად ნათელია, რომ აღდგენას ექვემდებარება მხოლოდ ის, რაც არსებობდა და დაიკარგა (შდრ. ზემოციტირებული: "კვლავ მოპოვებული იქნეს დაკარგული ერთიანობა ქრისტიანებისა"). სინამდვილეში მართლმადიდებელ ეკლესიას არასოდეს ჰქონია არანაირი ერთიანობა არამართლმადიდებლებთან, რის გამოც არც ამ არარსებული ერთანობის დაკარგვა მომხდარა ოდესმე და, შესაბამისად, არც მისი აღდგენაა შესაძლებელი. რაც შეეხება ქრისტიანთა (მართლმადიდებელთა) ჭეშმარიტ ერთიანობას, ეს ერთიანობა, რა თქმა უნდა, არასოდეს დარღვეულა (ისევე როგორც თვით მართლმადიდებელი ეკლესია) და მარადის სუფევს, რის გამოც არანაირად არ დგას საკითხი ქრისტიანთა ჭეშმარიტი ერთიანობის აღდგენისა.

4. ასევე უაღრესად მცდარია გამოთქმა: "განყოფილი ქრისტიანული მსოფლიო" (პუნქტი 24), ვინაიდან ქრისტიანული მსოფლიო არასოდეს განყოფილა, ხოლო არამართლმადიდებელთაგან განყოფა ნიშნავს არა "ქრისტიანული მსოფლიოს განყოფას", არამედ ქრისტიანული მსოფლიოს აუცილებელ გამიჯვნას მწვალებელთაგან.  ანალოგიური ცთომილების შემცველია გამოთქმა: "ქრისტიანული მსოფლიოს ერთიანობისკენ წინსვლა" (პუნქტი 16). აღნიშნული სიტყვები დოკუმენტის მიხედვით, რა თქმა უნდა, გულისხმობს მართლმადიდებელთა და ერეტიკოსთა "წინსვლას" არარსებული "ერთიანობისკენ", რაც, ზემორე ანალოგიური მუხლების მსგავსად, უკიდურესად მცდარი გაგებაა.

5. დოგმატურად მცდარია გამოთქმა: "მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხისმგებლობა ერთიანობის გამო" (პუნქტი 3), ვინაიდან მართლმადიდებელ ეკლესიას პასუხისმგებლობა ერთიანობის გამო აქვს მხოლოდ მის ჭეშმარიტ წევრთა ანუ მართლმადიდებელ ქრისტიანთა წინაშე, რაც ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია პასუხისმგებლია მხოლოდ მართლმადიდებელთა ერთიანობის გამო და არა - სხვა სარწმუნოებისა და აღსარებლობის წარმომადგენელთა ერთიანობის გამო.

6. ასევე, მართლმადიდებელი ეკლესია მლოცველია არა ზოგადად "ყოველთა ერთობის გამო" (პუნქტი 4), არამედ - "ჭეშმარიტ სარწმუნოებაში ყოველთა ერთობის გამო".

7. დოკუმენტში არაერთგზისაა ხაზგასმული და მოწონებული ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია "მონაწილეობდა ეკუმენურ მოძრაობაში მისი დაწყებიდანვე და წვლილი შეჰქონდა მის ფორმირებასა და შემდგომ განვითარებაში" (პუნქტი 4; შდრ. აგრეთვე, პუნქტები: 5, 7, 16 და სხვ.), მაშინ როცა შვიდი მსოფლიო კრება გმობს არამართლმადიდებლებთან რაიმე სახის გაერთიანებას.

8. მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმოქმედებითი მოღვაწეობის სრული გაუკუღმართებაა შემდეგი შეფასება: "მართლმადიდებელთა თანამონაწილეობა ქრისტიანთა ერთობის აღდგენისკენ მიმართულ მოძრაობაში არათუ არანაირად არ არის უცხო მართლმადიდებელი ეკლესიის ბუნებისა და ისტორიისთვის, არამედ წარმოადგენს სამოციქულო სარწმუნოებისა და გადმოცემის კანონზომიერ გამოხატულებას ახალ ისტორიულ პირობებში" (პუნქტი 4). ციტირებულის საპირისპიროდ, აბსოლუტურად ნათელია, რომ  ქრისტეს ეკლესია არასოდეს იღწვოდა ერეტიკოსთა და მართლმადიდებელთა ფსევდო-ერთიანობისთვის. მისი სამოღვაწეო მიზანდასახულობა ეკლესიის გარეთ მყოფთა წინაშე, როგორც აღვნიშნეთ, იყო და არის შემდეგი: სასიკვდილოდ სნეულთა განკურნება და წარწყმედადთა შემობრუნება ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ. ვერანაირი "ახალი ისტორიული პირობები" ამ  ღვთივდადგენილ მიზანდასახულობას ვერ შეცვლის.

9. სრულიად გაუგებარია და მართლმადიდებლური ერთიანობის დამარღვეველია შემდეგი ფორმულირება: "იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ადგილობრივი ეკლესია ისურვებს და გადაწყვეტს, რომ არ დანიშნოს თავისი წარმომადგენლები რომელიმე დიალოგზე ანდა დიალოგის რომელიმე სხდომაზე, რამდენადაც ეს გადაწყვეტილება არ არის მთელი მართლმადიდებლობისა, დიალოგი გრძელდება" (პუნქტი 9). თუ რომელიმე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია უარს ამბობს ამა თუ იმ დიალოგში მონაწილეობაზე, ცხადია უარს ამბობს სარწმუნოებრივი ანუ დოგმატური მიზეზებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ან ეს ადგილობრივი ეკლესია უნდა ცდებოდეს და ის უნდა იმხილოს, ანდა თუ ხსენებული ადგილობრივი ეკლესიის პოზიცია დოგმატურად მართებულია, ეს პოზიცია უნდა იქნეს გაზიარებული და დიალოგი შეწყდეს, ვინაიდან, კვლავ ხაზს გავუსვამთ, თუ ერთი ადგილობრივი ეკლესია ემიჯნება დიალოგს დოგმატური საფუძვლებიდან გამომდინარე (ან კი სხვა რა საფუძველი უნდა იყოს?), ხოლო მეორე მართლმადიდებელი ეკლესია აგრძელებს აღნიშნულ დიალოგს, მათ შორის იკვეთება აშკარა დოგმატური განყოფა და როგორღა უნდა შენარჩუნდეს ერთ-ეკლესიობა?

10. დოგმატური ასპექტით უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს შემდეგი განჩინება: "საღვთისმეტყველო დიალოგების წარმართვასთან დაკავშირებული მეთოდოლოგია მიზნად ისახავს ტრადიციული საღვთისმეტყველო განსხვავებების ანდა შესაძლო ახალი წინააღმდეგობების გადაჭრას და ქრისტიანული სარწმუნოების საერთო საფუძვლების ძიებას" (პუნქტი 11). - აშკარაა, რომ "საერთო საფუძვლებში" იგულისხმება დიალოგის მეორე მხარეც ანუ ერეტიკული ეკლესიებიც, რაც კიდევ უფრო აშკარადაა გამოხატული შემდეგ ფრაზაში: "ჩვენ ყველანი, ქრისტიანები, შთაგონებულნი ჩვენი სარწმუნოების ზიარი ფუძემდებლური საწყისებით" (პუნქტი 23). აღნიშნულ პუნქტებში გამოთქმული აზრი უკიდურესად მცდარია, ვინაიდან მართლმადიდებელ ეკლესიასა და ერეტიკოსებს შორის არსებობს არა "ტრადიციული საღვთისმეტყველო განსხვავებები" ანდა, მით უმეტეს, "საერთო საფუძვლები" თუ "ზიარი ფუძემდებლური საწყისები", არამედ, ერთი მხრივ (მართლმადიდებელთა მხრიდან) ქრისტესეული მაცხოვნებელი სარწმუნოება, ხოლო მეორე მხრივ (ერეტიკული ეკლესიების მხრიდან) "ეშმაკეული ბოროტმადიდებლობა". აღნიშნულის გამო "საღვთისმეტყველო დიალოგების წარმართვასთან დაკავშირებული მეთოდოლოგია" მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან მიზნად ისახავდა და მარადჟამს ისახავს ერთადერთს: ყოველ ერეტიკოსს გაუცნობიეროს მისეული (ამ ერეტიკოსისეული) ეკლესიის დამღუპველი ცთომილებანი და მარადჭეშმარიტი და უხრწნელი დოგმატების აღიარებისკენ უწინამძღვროს მას.

11. დოგმატურად მცდარია ხაზგასმა "საღვთისმეტყველო განსხვავების დაძლევაზე" (პუნქტი 11). - მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს საუბრობს "საღვთისმეტყველო განსხვავების დაძლევაზე", ვინაიდან არანაირად არ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ თითქოს მასაც (და არა მხოლოდ ერეტიკულ ეკლესიას) აქვს რაღაც დასაძლევი, რომ ამ გზით ვითომცდა მოხერხდეს ერეტიკულ ეკლესიასთან ე. წ. "ერთიანობის აღდგენა". კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დიალოგში ყოველთვის მონაწილეობდა და მონაწილეობს არა, ასე ვთქვათ, თანასწორობის პრინციპით, არამედ - მხოლოდ გულშემატკივრული და კაცთმოყვარული თანალმობიდან გამომდინარე, რომ, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია, განკურნოს მომაკვდინებელ სნეულებაში მყოფი.

12. სრულიად მიუღებელია გამონათქვამი: "საყოველთაო-მართლმადიდებლური გადაწყვეტილება ეკლესიური თანაზიარების აღდგენის შესახებ" - ამგვარი გადაწყვეტილება ვერასოდეს მიიღება მართლმადიდებელ ეკლესიაში, ვინაიდან არ არსებობს ერეტიკულ ეკლესიასთან "ეკლესიური ერთიანობის აღდგენა". ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მწვალებელთა  ურთიერთდამოკიდებულების შესახებ არსებული ყველა საეკლესიო დოკუმენტი და აღმოვაჩენთ, რომ აბსოლუტურად ყველა მათგანში (უგამონაკლისოდ) საუბარია არა ერეტიკოსსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის "ერთიანობის აღდგენაზე" (რაც არ არსებობდა, ის როგორ აღდგება?), არამედ მხოლოდ იმაზე, თუ, ერთი მხრივ, როგორ (რა წეს-განგებით) უნდა მიიღოს (შეიწყნაროს) მართლმადიდებელმა ეკლესიამ მწვალებელი და, მეორე მხრივ, რა უნდა იმოქმედოს მწვალებელმა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ანუ ქრისტიანულ სარწმუნოებაში "შევიდეს" და მართლმადიდებლობის წევრი გახდეს ანუ ცხონების წიაღს შეერთოს. ამრიგად, დიალოგში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესია და ერეტიკული ეკლესია ანდა დიალოგში მყოფი მართლმადიდებელი და ერეტიკოსი რაღაც არარსებულ "ერთიანობას" კი არ "აღადგენს", არამედ მართლმადიდებელი ეკლესია (ჭეშმარიტების წიაღი) "შეიწყნარებს" ("იღებს"), ხოლო მონანული ერეტიკული ეკლესია ან კონკრეტული ერეტიკოსი "მიდის" მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

13. მცდარია ხაზგასმა "ეკლესიების ცოცხალ ურთიერთკავშირზე" (პუნქტი 19), ვინაიდან ცოცხალი კავშირი მხოლოდ იქაა, სადაც ჭეშმარიტი სიცოცხლე სუფევს, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით ერეტიკული (არამართლმადიდებლური) ეკლესიები ესაა "მზის ჩამქრალი სხივები" (წმ. კვიპრიანე კართაგენელი), იმდენად რამდენადაც ერესი თავისთავად არის სიბნელე და სიკვდილი (შდრ. წმ. ათანასე ალექსანდრიელი: "მწვალებლებს ვახსენებ როგორც მკვდრებს"). ასე რომ, "მკვდარი" ვერანაირად ვერ შემოვა ცოცხალ ურთიერთობაში, თუ არ "გაცოცხლდა", ხოლო ერეტიკოსის გაცოცხლება მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც იგი ჭეშმარიტ სიცოცხლეში ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შემოვა.

14. შემაშფოთებელია ხაზგასმა იმაზე, რომ თითქოს მხოლოდ ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსის აღიარება საკმარისია სარწმუნოებრივი ერთობისთვის (პუნქტი 19), მაშინ როცა მართლმადიდებელი ეკლესია სარწმონოებრივი ერთიანობის აუცილებელ პირობად რაცხს მთლიანად შვიდი მსოფლიო კრების სისავსეს.

15. ასევე შემაშფოთებელია  მითითება გარკვეულ პირებსა და ჯგუფებზე, რომლებიც "ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის შენარჩუნებისა თუ დაცვის საბაბით" თითქოსდა "ხლეჩენ ეკლესიის ერთიანობას" (პუნქტი 22). აბსოლუტურად ნათელია, რომ მხოლოდ მსოფლიო კრებათა დოგმატურ სწავლებებთან  დაპირისპირება ისახავს მიზნად ეკლესიის ერთიანობის გახლეჩას (თუმცა მიზანს ვერ აღწევს), რისი არაერთი სამწუხარო მაგალითიც სახეზეა სწორედ აღნიშნულ დოკუმენტში.

16. მცდარი შეფასება აქვს მიცემული "საკრებო სტრუქტურის ავტორიტეტულობას" (პუნქტი 22), "საკრებო სტრუქტურა" მხოლოდ მაშინაა უცთომელი და "ავტორიტეტული", როდესაც ზედმიწევნით იცავს მსოფლიო კრებათა დოგმატურ სწავლებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი "ავაზაკთა კრებად" შეირაცხება.

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე ედიშერ ჭელიძე.

No comments:

Post a Comment