წმ. ეფრემ მცირის სწავლება ადამიანის როგორც პირმშოხატის ხატის შესახებ
ახლა შევეხოთ საკუთრივ ეფემ მცირისეულ სქოლიოს. კვლავ დავიმოწმებთ ტექსტს:
"უცვალებელ ხატ ღმრთისა მამისა არს მხოლოდშობილი ძე, ვითარცა პირმშოჲ ხატი, ხოლო ჩუენ ხატებრ, ესე იგი არს, პირმშოჲსა მის ხატისა ხატადღა ქმნილ ვართ, რომელი-იგი ბუნებით ძე არს, ხოლო ჩუენ მადლით მოგუცემს ძეობასა, რაჟამს მივსცეთ ხატსა ხატებაჲ მისი, რომელი იტყჳს: მე რაჟამს ავმაღლდე, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა, ხოლო თუ სადა მიგვიზიდავს, ამას ესევე მოძღვარი თარგმნის შემდგომთა სიტყუათა შინა" (A-109, 165).
"უცვალებელ ხატ ღმრთისა მამისა არს მხოლოდშობილი ძე, ვითარცა პირმშოჲ ხატი, ხოლო ჩუენ ხატებრ, ესე იგი არს, პირმშოჲსა მის ხატისა ხატადღა ქმნილ ვართ, რომელი-იგი ბუნებით ძე არს, ხოლო ჩუენ მადლით მოგუცემს ძეობასა, რაჟამს მივსცეთ ხატსა ხატებაჲ მისი, რომელი იტყჳს: მე რაჟამს ავმაღლდე, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა, ხოლო თუ სადა მიგვიზიდავს, ამას ესევე მოძღვარი თარგმნის შემდგომთა სიტყუათა შინა" (A-109, 165).
მოვუსმინოთ ოპონენტის "განმარტებას":
"პირმშოჲსა მის ხატისა ხატადღა ქმნილ ვართ, რომელი-იგი ბუნებით ძე არს - ეს იმას ნიშნავს, რომ ბუნებითი ძის განკაცების შემდეგ პირმშო ხატის ხატადღა შევიქმენით. ხოლო ჩუენ მადლით მოგუცემს ძეობასა, რაჟამს მივსცეთ ხატსა ხატებაჲ. - ხოლო
ძეობას მადლით მაშინ გვანიჭებს, როცა ჩვენს ბუნებას (ღმრთის ხატებას)
შესაფერის ზნეობრივსა და სულიერ სახეს ვაძლევთ..." (გვ. 70).
და ცრუ "დაბეჭდვა":
"როგორც ვხედავთ, ეფრემ მცირეს კომენტარში
არა ადამიანის "პირმშოხატის ხატად" დასაბამიდან შექმნა, არამედ მადლით
შეძენილი მდგომარეობა იგულისხმება" (70).
ზემოწარმოდგენილი მასალის
შემდეგ, ვფიქრობთ, ოპონენტისთვის უკვე აშკარა უნდა იყოს, რომ მისი ეს ბოლო
დაბეჭდვაც ისეთივე ელემენტარული უვიცობისა და არამართლმადიდებლური
ცნობიერების ნაყოფია, როგორც სხვა ყველაფერი მისეული მის წიგნში.
ცხადია,
უხერხულია, ძველი ქართული ტექსტის მართებული გაგება სერიოზულად მოვითხოვოთ
გრ. რუხაძისგან, მაგრამ მკითხველს რომ სრული გარკვეულობა ჰქონდეს,
მივუთითებთ რამდენიმე მომენტს:
1. ზემოციტირებულ სქოლიოში ეფრემ
მცირე ადამიანთან მიმართებით იყენებს სამ დროს: ერთი მხრივ, წარსულს, მეორე
მხრივ, აწმყოს და მყოფადს. მისი სქოლიოს პირველი ნაწილი შედგენილი შემასმენლის გამოყენებით ("ქმნილ ვართ") ეხება საკუთრივ წარსულს (მეტიც, ეს წარსული შეესაბამება ბერძნულ ნამყო სრულს) და აღნიშნავს მხოლოდდამხოლოდ ადამიანის დასაბამიერ, პირველშესაქმისეულ ანუ მის ზოგად, არსობრივ მდგომარეობას. აქ რომ სწორედ ზოგადობაზეა საუბარი, ადასტურებს პარალელიც: ძე ღმერთი - ხატი ღმრთისა, ადამიანი - ხატი ღმრთისა.
რა
განსხვავებაა მათ შორის? ის, რომ, ერთი მხრივ, ძე ღმერთი, როგორც ბუნებითი
ძე, უცვალებელი ხატია ღმრთისა (მამისა) და ამიტომ იგი არის პირველხატი
(ანუ პროტოტიპი, არქეტიპი, "პირმშოჲ ხატი"), ხოლო, მეორე მხრივ, ადამიანი
(ადამიანური არსება) ხატისებრია ანუ იგი არის არა ბუნებითი ძე, არამედ -
ბუნებითი ძის, პირველხატის მხოლოდღა ხატად ქმნილი ("პირმშოჲსა
მის ხატისა ხატადღა ქმნილ ვართ"). კნინობითი ნაწილაკი "-ღა" უეჭველს ხდის,
რომ მსჯელობა ეხება ძე ღმერთთან როგორც მამის უცვლელ ხატთან ანუ
პირმშოხატთან შედარებით ადამიანის, ადამიანური არსების როგორც ამ უცვლელი ხატის ანუ პირმშოხატის (ძე ღმერთის) ოდენ ხატადღა ქმნილის კნინობითობას ანუ კნინობითობას ადამიანური ხატოვნებისას ძე ღმერთის მამაღმერთისადმი ხატოვნებასთან შედარებით.
მართლაც, ძე ღმერთის ხატოვნება მამისადმი ესაა ბუნებითი (დაუსაბამო)
ხატოვნება ბუნებითი ძისა, ხოლო მეორე ხატოვნება (ადამიანისა) ოდენ
მადლისმიერია და ქმნილობითია, ანუ ესაა ოდენ ქმნილობა ადამიანისა
მადლისმიერ ხატად პირველხატისადმი, ბუნებითი ძისადმი.
2. ეფრემისეული სქოლიოს მეორე ნაწილში უკვე გვაქვს აწმყო და მყოფადი, რადგან საუბარია არა ადამიანის დასაბამიერ, არამედ ღვთის განკაცების შემდგომდროინდელ ვითარებაზე.
ადამიანმა
დაჰკარგა დასაბამიერი ხატება ყოვლადწმინდა სამებისადმი და, აგრეთვე,
მადლისმიერი ძეობა, ანუ ძეობილობა (რაც თავის მხრივ არის ხატოვნება
ბუნებითი ძეობისა, პირველხატისა). განკაცებული ძე ღმერთი, იესო ქრისტე
გვანიჭებს ("მოგუცემს") მადლისმიერ ძეობას, რაც მხოლოდ მაშინ აღსრულდება
ჩვენზე, როდესაც მივცემთ ხატს ხატებას ანუ როდესაც დასაბამიერ მდგომარეობას აღვიდგენთ,
ვნებათაგან გავიწმენდთ თავს. ადამიანს რომ ღვთისადმი ხატისებრობა ანუ
ხატება სწორედ დასაბამში ჰქონდა, ყველასათვის ცხადია, ამიტომ, როდესაც იგი
კვლავ წმინდა გახდება, ანუ როდესაც ადამიანი როგორც ქმნილებითი ხატი
ღვთისა, თავისეულ ხატს კვლავ ხატისებრობას მისცემს, მაშინ გახდება იგი
მადლისმიერი ძე ღვთისა.
სქოლიოს ამ ნაწილში ორი უეჭველი ასპექტია: (I) საუბარია ადამიანისთვის, როგორც ხატისთვის, ხატისებრობის მიცემაზე; (II) ეს ხატისებრობა ნიშნავს დასაბამიერი ხატისებრობის აღდგენას.
ჩვენს
წინა ბროშურაში საგანგებოდა გვქონდა ხაზგასმა იმაზე, რომ საკუთრივ ძე
ღმერთის ხატად ადამიანის შექმნას სრულიად აშკარად გვასწავლის წმ. გრიგოლ
ღვთისმეტყველი იმ ჰომილიაში, რასაც ერთვის სწორედ წმ. ეფრემ მცირის ზემორე
კომენტარი.
აი, წმ. გრიგოლის სიტყვების ზედმიწევნითი თარგმანი (მოგვაქვს უფრო ვრცელი კონტექსტი):
"გვესმის და გვწამს შექმნილობა ღვთის იმ ხატისებრ, რომელიც ზევით მყოფია და თავისი თავისკენ მიმზიდველი" (ბერძნულ-ლათინური პარალელები იხ. ჩვენს ბროშურაში, გვ. 32).
მიუხედავად იმისა, რომ სრულიად აშკარაა წმ. გრიგოლის მითითება ზოგადად ადამიანის შესაქმეზე (დავუკვირდეთ თუნდაც სიტყვებს: "გვესმის და გვწამს"),
მაინც, აქაც ოპონენტი იმ გამოსავალს პოულობს, რომ მისი "დასკვნით" წმ.
გრიგოლი უნდა გულისხმობდეს არა დასაბამიერ შესაქმეს, არამედ მაცხოვრის
ხატად ადამიანის შექმნას, ანუ გახდომას მხოლოდ ძე ღმერთის განკაცების შემდეგ. ოპონენტი,
როგორც ჩანს, გულდაჯერებით ფიქრობს, რომ რაღაც საშველი იპოვა საკუთარი
ცთომილების გადასარჩენად და, ამიტომ, მოწყალედ გვეთანხმება:
"ამ მიმართებით კი (ე.ი. ძის განკაცების შემდგომ, ე.ჭ.) შეიძლება ითქვას, რომ პირმშოხატის ხატნი გავხდით" (69).
წმ.
გრიგოლ ღვთისმეტყველის (და, მის საფუძველზე, წმ. ეფრემ მცირის)
ხატმეტყველება იმდენად ზედმიწევნითია, რომ გრ. რუხაძის ცთომილებისთვის
თავშესაფარს არსად ტოვებს. ამიტომ, რადგან ჩვენი ოპონენტისთვის ამჯერად
უკვე აღნიშნული წმინდანის სწავლება იქცა სამიზნედ და დამახინჯების საგნად,
უფრო ვრცლად უნდა შევჩერდეთ მასზე.
უპირველესად, კვლავ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორიც
შეიქმნა ადამიანი დასაბამში, იგივე გახდა იგი ღვთის განკაცების შემდეგ
მაცხოვნებელი სარწმუნოების მადლით. ამიტომ თუ იესო ქრისტეს ანუ პირმშოხატის
ხატნი გავხდით, უთუოდ ასეთნივე შევქმნილვართ თავიდანვე.
ამაზე მიგვითითებს ის უეჭველი ფაქტი, რომ წმ. ეფრემ მცირის სიტყვებითაც, ადამიანი
მხოლოდ მაშინ გახდება მადლისმიერი ძე ღვთისა, მხოლოდ მაშინ მიენიჭება მას
მაცხოვრისგან ძეობილობა, როდესაც იგი "ხატს ხატებას მისცემს". მაგრამ ნუთუ
წინათ არასოდეს ჰქონდა ხატს ხატება? ცხადია, ეს მას ჰქონდა და ჰქონდა
სწორედ პირველშექმნისას, შემდეგ კი ცოდვის მიზეზით წაახდინა იგი.
ამრიგად, ადამიანისთვის, როგორც ხატისთვის, "ხატება" სრულიად ახალი მოვლენა კი არ არის, არამედ უკვე ნაქონის და წახდენილის კვლავ მოპოვებაა.
ოპონენტი,
რა თქმა უნდა, ეფრემისეულ "ხატებას" ("მივსცეთ ხატსა ხატებაჲ") არანაირად
არ უკავშირებს ადამიანის თავდაპირველ შესაქმეს, თავდაპირველ ხატისებრობას
და თვლის, რომ ეს მდგომარეობა ("ხატება") მას (ადამიანს) პირველად ეძლევა
მხოლოდ და მხოლოდ ძე ღმერთის განკაცების შემდეგ.
სინამდვილეში,
აღნიშნული ტერმინი "ხატება", როგორც ეს თავისთავადაც ცხადია, უეჭველად
უიგივდება ადამიანის თავდაპირველ, პირველშესაქმისეულ "ხატებას" (ქმნილებაში
ორი სხვადასხვა "ხატების" დაშვება დაუფარავი სხვაგვარმადიდებლობაა). ერთი
შეხედვით, თითქოს ოპონენტის ცთომილება კვლავ გამოუმჟღავნებელი რჩება,
რადგან ეფრემისეული ტერმინი "მივსცეთ" ("მივსცეთ ხატსა
ხატებაჲ") ნეიტრალური შინაარსისაა და მასში შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც
დაკარგულის კვლავ ბოძება, ისე სრულიად ახლის მიცემაც. მაინც, გადაჭრით
შეიძლება ითქვას, რომ წმ. ეფრემი საუბრობს სწორედ იმ ხატებაზე, რაც
დასაბამში ჰქონდა ადამიანს და რაც, ცოდვისგან წახდენილი, კვლავ დაუბრუნა
ანუ აღუდგინა მას განკაცებულმა ღმერთმა. ამგვარი უეჭველი დასკვნა
გამომდინარეობს იქედან, რომ, როგორც ადრეც აღგვინიშნავს (იხ. ჩვენი
ბროშურა, გვ. 32), ეფრემის ზემორე სიტყვები ("მივსცეთ ხატსა ხატებაჲ") სხვა არაფერია, თუ არა სწორედ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ზედმიწევნითი ციტირება. მართლაც,
წმ. გრიგოლი თავის პირველ ჰომილიაში საუბრობს რა ადამიანის ცხონებაზე,
აღნიშნავს (მოგვაქვს თვით წმ. ეფრემ მცირის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი):
"ვინაყოფნეთ თავნი თჳსნი, უპატიოსნესი და უთჳსესი მონაგები ღმრთისა; უკუნ-ვსცეთ ხატსა ხატებაჲ; ვიცნათ პატივი ჩუენი; პატივ-ვსცეთ სახისდასაბამსა (τὸ ἀρχέτυπον); ვიცნათ საიდუმლოჲსა ძალი და რაჲსათჳს ქრისტე მოკუდა... მოკუდა, რაჲთა აცხოვნოს; აღვიდა რაჲთა თავისა მიმართ თჳსისა მიიზიდნეს ქუემდებარენი ცოდვისა დავრდომილებასა შინა" (A 109, 188 v).1
როგორც
ვხედავთ, მაცხოვარი მოკვდა და ამაღლდა, რომ ჩვენ ვეცხოვნებინეთ და თავისი
თავისკენ მივეზიდეთ, ხოლო იმისათვის, რომ ვცხონდეთ, აუცილებელია "უკუნ-ვსცეთ ხატსა ხატებაჲ" (შდრ. ბერძნ. ἀποδῶμεν τῇ εἰκόνἁ τὸ κατ' εἰκόνα, SC, t. 247, p. 76-77).
სავსებით ცხადია, რომ ეფრემისეულ თარგმანში და მის ზემოგანხილულ სქოლიოში გამოყენებული ტერმინი "ხატებაჲ" ესაა ბერძნული τὸ κατ' εἰκόνα, რაც წმ. არსენისა და გელათური სკოლის მიერ ითარგმნებოდა ტერმინით "ხატისებრობაჲ" და რაც არის სწორედ ის დასაბამიერი "ხატისებრობა", რითაც ადამიანი შეიქმნა.
ეფრემის უაღრესად ზედმიწევნითი თარგმანით ცხონებისათვის აუცილებელია სწორედ ამ ხატების ანუ ხატისებრობის "უკუნცემა".
განმარტების გარეშეც ცხადია, რომ ტერმინი "უკუნცემა" ნიშნავს კვლავ მიცემას, უკან დაბრუნებას (შდრ. ი. აბულაძე: "უკუნცემა - უკან მიცემა, დაბრუნება", ლექს. გვ. 424). ეს ტერმინი გვხვდება მათეს სახარებაში:
"უკუნ-სცა
ვეცხლი იგი მღდელთმოძღუართა" (მთ. 27.3; შდრ. რუს: "возвратил тридцать
сребренников первосвященникам"; შდრ. ი. იმნაიშვილის განმარტება: "უკუნცემა - უკან მიცემა, დაბრუნება", ქართული ოთხთავის სიმფონია-ლექსიკონი, თბ. 1986, გვ. 582).
იგივე ტერმინი დასტურდება "რიცხვთა" და "მეორე სჯულის" წიგნთა გელათურ რედაქციაში:
"უკუნ-სცეს თავი ბრალისაჲ მის" (რიცხ. 5.7); შდრ. რუს: возвратят с полна то, в чем виновны); "უკუნ-ეცეს მას ბრალი" (რიცხვ. 5.8; შდრ. რუს.: "которому следовало бы возвратить за вину"); "უკუნ-სცე სამოსელი2 მისი დასლვასა მზისასა" (II სჯ. 24.13; შდრ. რუს.: "возврати залог ему при захождении солнца").
მიმღეობა "უკუნცემული" დამოწმებულია "წმ. საბა განწმენდილის ცხოვრების" უძველეს თარგმანში:
"მელეტის მიერ უკუნცემულისა მისთჳს ოქროჲსა" (მამათა ცხოვრებანი, თბ. 1975, გვ. 55).
ტერმინის შინაარსი ამჯერადაც იგივეა (შდრ. გამომცემლის, ვ. იმნაიშვილის განმარტება: "უკუნცემული - უკან მიცემული, დაბრუნებული", იქვე, გვ. 505).
თვით ეფრემთანაც, სხვაგან, ტერმინი "უკუნ-ცემა" კონკრეტულად დაბრუნებას, უკან მიცემას ნიშნავს. მაგალითად:
"უკუნ-ვსცეთ ვასხი ვახშითურთ" (A-109, 228.1).3
ამრიგად, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი სრულიად ნათლად გვასწავლის, რომ ღვთის
განკაცების შედეგად ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა უკან მისცეს ანუ
დაუბრუნოს ხატს ხატება, ე.ი. დაუბრუნოს ის, რაც ადრე ჰქონდა და დაკარგა (არათუ ის, რომ სრულიად ახალი და აქამდე არარსებული რამ შესძინოს მას).
ბერძნული
ორიგინალის ეს შინაარსი, რაც ასე ზედმიწევნითაა გადმოცემული წმ. ეფრემ
მცირის ზემორე თარგმანში, ასევე ზესტადაა გაგებული აღნიშნული ბერძნული
ტექსტის გამომცემლის მიერ, რომელიც ჩვენთვის საინტერესო ფრაზის ასეთ
თარგმანს გვაწვდის:
"Restituons à l image ce qui est à l image" (დასახ. გამოც., გვ. 77; ფრანგული ტექსტის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი ასეთია: "აღვუდგინოთ ხატს ის, რაც ხატისეულია").
საგულისხმოა ხსენებული გამომცემლის შენიშვნა, რაც ზემორე სიტყვებს ერთვის:
"Le Christ étant image du Père, l' homme est crée κατ' εἰκόνα" (იქვე, p. 77, n. 7).
ეს შენიშვნა ასე ითარგმნება:
"არის რა ქრისტე ხატი მამისა, ადამიანი შექმნილია κατ' εἰκόνα (ხატისებრ)".
ამრიგად,
ბერძნული ტექსტის გამომცემელიც ზედმიწევნით ისევე იგებს წმ. გრიგოლ
ღვთისმეტყველის ხატმეტყველებას, როგორც ეს გაიგო ეფრემმა და როგორც
განმარტა კიდეც იგი თავის ზემოგანხილულ სქოლიოში.
ამრიგად, მაცხოვარმა საკუთარი თავისადმი როგორც პირმშოხატისადმი ანუ სახისდასაბამისადმი (ე.ი. არქეტიპისადმი) ხატება კვლავ დაუბრუნა ("უკუნ-სცა") ანუ აღუდგინა
ადამიანს, ე.ი. დაუბრუნა და აღუდგინა ის, რაც ადამიანს თავდაპირველად
ჰქონდა და რითაც იგი შეიქმნა. სწორედ ამიტომ ამბობს წმ. გრიგოლი:
"გვესმის და გვწამს შექმნილობა ღვთის იმ ხატისებრ, რომელიც ზევით მყოფია და თავისი თავისკენ მიმზიდველი".
ამრიგად, წმ. გრიგოლის ურყევი სწავლებით, რაც თანხვდება უკლებლივ ყველა მართლმადიდებელი მოძღვრის სწავლებას, ადამიანი - ყოვლადწმინდა სამების ხატი, ძეობილობის ნიშნით შეიქმნა საკუთრივ ძე ღმერთის ანუ იესო ქრისტეს ხატად (ცხადია, ადამიანის შექმნისას ძე ღმერთს ჯერ კიდევ არ ეწოდებოდა იესო ქრისტე, რადგან ესაა სახელი საკუთრივ განკაცებული ძე ღმერთისა, მაგრამ რადგან ჰიპოსტასი ერთი და იგივეა, ეკლესიის მამები ამ გვიანწოდებული სახელით - იესო ქრისტეთი, - ზოგჯერ მოიხსენებენ ძე ღმერთს განკაცებამდეც. შდრ. პავლე მოციქული: "იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე"(
ებრ. 13.8). ეს დასაბამიერი ხატება ძე ღმერთისადმი (განკაცებისას ქრისტედ
წოდებულისადმი) წაახდინა ცოდვამ, ხოლო მაცხოვარმა კვლავ დაუბრუნა
("უკუნ-სცა") იგი ადამიანს.
მაცხოვრის მიერ ადამიანისადმი მონიჭებული ხატება რომ დასაბამიერის და წახდენილის კვლავ აღდგენაა, ამ სწავლების მართლაც ბეჭედდადებად და დაბეჭდვად წარმოჩნდება წმ. გრიგოლ ნოსელის სახელგანთქმული სიტყვები, რაც საგანგებოდ ეხება საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ აღასრულებს ჭეშმარიტი ქრისტიანული მოძღვრება პიროვნების განღმრთობას. მოგვაქვს მთლიანი კონტექსტი:
"ისევე
როგორც ეს ხდება ქვისმკვეთელებთან დაკავშირებით, რომლებსაც თუმცა ის
მიზანი აქვთ მუშაკობისა, რომ არსებულთაგან რაიმეს მიამსგავსონ ქვა, მაგრამ
მათი საქმე მყისვე ბოლოდან როდი იწყება, არამედ ოსტატობა აუცილებელ რამ
წესს სძენს გულმოდგინებას... ამგვარადვე, რაჟამს მთელი ჩვენი ბუნება
თითქოსდა აღმოიკვეთება ნივთიერი ვნებათმოყვარეობისგან, სიტყვა (=სწავლება, ე.ჭ.), რომელიც საღვთო მსგავსებისადმი გამოგვკვეთს ჩვენ
(ὁ πρὸς τὴν θείαν ὁμοίωσιν λατομῶν ἡμᾶς λόγος), გარკვეული რამ გზითა და
თანამიმდევრობით მიიწევს წინ, მიზნის დასასრულისკენ. კერძოდ, პირველად
განგვაშორებს ჩვენ თითქოსდა რამ თანაშეზრდილი კლდისგან (ვამბობ,
ბოროტებისგან), რომლისადმიც გარკვეული რამ მთვისებლობით ვართ მიტმასნილები.
შემდეგ (ეს სწავლება, ე.ჭ.) ჩამოგვკვეთს ნივთიერების ზედმეტობებს, ამის
შემდეგ იგი იწყებს შიგთავსის (τὸ ἐγκείμενον) დასახვას (τυποῦν) მიზნის
მსგავსებისადმი4 (πρὸς τὴν ὁμοίωσιν τοῦ
σκοποῦ), აღხოცავს რა ყოველივეს, რაც კი აბრკოლებს მიმსგავსებას (τὴν
μίμησιν) და ამ სახით იგი აზრთა უნატიფესი მოძღვრების შედეგად ხვეწს და
აშანდაკებს (καταλεαίνων) ჩვენს გონებას. მაშინ იგი, სათნოებისეული სახის შედეგად, შთაგვიხატავს ჩვენ ქრისტეს, რომლის ხატისებრ ვიყავით დასაბამიდანაც და კვლავაც ვხდებით" (ფსალმუნთა ზედწერილების განმარტება, PG. 44, col. 541D - 544B).
აქ გადმოცემული სწავლების დამაბოლოებელი საღვთო სიტყვები ღირსია განმეორებისა:
"მაშინ
იგი (მაცხოვნებელი სწავლება, ე.ჭ.), სათნოებისეული სახის შედეგად,
შთაგვიხატავს ჩვენ ქრისტეს, რომლის ხატისებრ ვიყავით დასაბამიდანაც და
კვლავაც ვხდებით".
აი, ბერძნული ორიგინალი:
τότε διὰ τὸν τῆς ἀρετῆς τύπον, ἐμμορφοῖ ἡμῖν τὸν Χριστόν οὗ κατ' εἰκόνα ἐξ ἀρχῆς τε ἦμεν καὶ πάλιν γινόμεθα.
მოგვაქვს ლათინური თარგმანიც:
per virtutis typum efformat in nobis Christum, secundum cujus similitudinem ab initio conformati eramus, ad quam denuo conformamur.
დავძენთ
ამასაც: მაცხოვრისგან კაცთათვის მონიჭებული ხატება, ე.ი. მის მიერ
ადამიანთა თავის ხატად ქმნა ანუ ხატყოფა რომ დასაბამიერი და ცოდვისგან
შერყვნილი ხატების კვლავ აღდგინებაა, ეს საღვთო სწავლება (სწორედ წმ.
გრიგოლ ღვთისმეტყველზე დაყრდნობით) ზედმწიევნით ცხადად აქვს გამოთქმული წმ.
დავით აღმაშენებელს:
"ამისთჳს ქალწული დედაჲ და შობაჲ ახალი სიტყჳსაჲ, რაჲთა ახალი ხატყოფაჲ მეორედ მისცეს ცოდვით განმრყუნელთა მისთა"
(იხ. ლ. გრიგოლაშვილის გამოც., ლიტერატურადმცოდნეობა, თბ. 1975, გვ. 182;
შდრ. პატივცემული მკვლევრის კომენტარი აღნიშნულს სიტყვებზე იქვე, გვ. 193).
წმ. დავითის ამ მოკლე გამონათქვამში შეჯამებულია საეკლესიო ხატმეტყველების არსი: თავდაპირველი ადამიანი ძეობითად მიმსგავსებული იყო მაცხოვრის ხატს (დავითი ასე მიმართავს საკუთრივ ძე ღმერთის ჰიპოსტასს: "მეცა, სიტყუაო, აღმსარებელსა მომხედენ: ხატსა თჳსსა მამსგავსე... ხოლო მე უმადლო გექმენ", იქვე 103.170; შდრ. გამომცემლის კომენტარი - იქვე, გვ. 189); ცოდვამ დასცა იგი, ანუ მოაკლო ღვთისადმი მსგავსებას ("მსგავსებისაგან დავაკლდი
და დავჰბადე ბოროტი", იქვე, გვ. 181; შდრ. გამომცემლის კომენტარი - იქვე,
გვ. 189); განკაცებულმა ღმერთმა კვლავ მეორედ მისცა ხელახალი ხატყოფა
ცოდვით დაცემულ ადამიანებს, ანუ დასაბამიერ ხატებაში დააბრუნა ისინი.
ამრიგად,
თვით გრ. რუხაძის აღიარებითაც, ადამიანს ძეობილობა მხოლოდ მაშინ ენიჭება,
როდესაც იგი "ხატს ხატებას მისცემს", მაგრამ ოპონენტის არსებითი შეცდომა,
როგორც ვნახეთ, ისაა, რომ იგი ამ ხატებას მხოლოდ მაცხოვრის განკაცების
შემდეგ მისაღწევად თვლის და უარყოფს, რომ ხსენებული "ხატება" ადამიანს
დასაბამშივე ჰქონდა. მისი ეს მძიმე ცთომილება ზემორე წყაროების საფუძველზე
სავსებით გამოაშკარავებულია. თვით წმ. გრიგოლის სიტყვებმა ("უკუნვსცეთ ხატსა ხატებაჲ")
ზედმიწევნით დაგვიბეჭდა (მართლაც დაგვიბეჭდა), რომ ის ხატება, რაც
მაცხოვრის განკაცებით ხდება მისაღწევი ადამიანისთვის, სწორედ პირვანდელი და
ცოდვით გაუკუღმართებული ხატების აღდგენაა. ამასვე, გარდა ზემოთქმულისა,
შთამბეჭდავად გვიდასტურებს VI ს-ის უდიდესი მოძღვარი წმ. დოროთე ღაზელი,
რომელიც ვრცლად განგვიმარტავს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ზემოციტირებულ
სიტყვებს. უპირველესად კვლავ დავიმოწმებთ ღვთისმეტყველის ზემოგანხილულ
სწავლებას (კვლავ მოგვაქვს წმ. ეფრემის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი):
"ვანაყოფნეთ თავნი თჳსნი, უპატიოსნესი და უთჳსესი მონაგები ღმრთისა; უკუნ-ვსცეთ ხატსა ხატებაჲ; ვიცნათ პატივი ჩუენი; პატივ-ვსცეთ სახისდასაბამსა (არქეტიპს, პირმშოხატს, ე.ჭ.); ვიცნათ საიდუმლოჲსა ძალი და რაჲსათჳს ქრისტე მოკუდა".
ახლა წმ. დოროთეს მოვუსმინოთ:
"ამრიგად, ჩვენც ასევე "ვანაყოფნეთ თავნი თჳსნი", როგორც გვასწავლის წმინდა გრიგოლი, რადგან ნებავს მას, რომ ჩვენ ვიყოთ "უპატიოსნესი მონაგები ღვთისა". ჭეშმარიტად, ყველა ხილულ ქმნილებაზე უპატიოსნესია
ადამიანი, რადგან ისინი სიტყვით შემოიყვანა დამბადებელმა, როდესაც თქვა:
"იქმნეს ეს, და იქმნა", და კიდევ: "გამოიღოს მიწამ ეს, და იქმნა". აგრეთვე:
"გამოიღოს წყალმა" და ასე შემდეგ. რაც შეეხება ადამიანს, თავისი ხელებით
შექმნა და განამშვენა იგი. სხვა ყველაფერი ადამიანის მოსამსახურებლად და
მოსასვენებლად განაწესა მან, თვით იგი კი ამ ყოველივეს მეფედ დაადგინა და
შვების სამოთხეში სალხენად განამზადა. და უფრო საკვირველი ისაა, რომ მას,
საკუთარი შეცოდების შედეგად იქიდან გაძევებულს, თავისი მხოლოდშობილი ძის სისხლის მიერ კვლავ უკუაღმოუწოდა (πάλιν ἀνεκαλέσατο). ასე რომ, ყოველივე ხილულზე უფრო უპატიოსნესი მონაგებია ღვთისთვის ადამიანი, და არა მხოლოდ უპატიოსნესი, არამედ - "უთჳსესიც",
რადგან თქვა: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ", და
კიდევ: "შექმნა ღმერთმა ადამიანი, ღვთის ხატებაში (ἐν εἰκόνι θεοῦ) შექმნა
იგი" და "შთაჰბერა მის პირში სული სიცოცხლისა". და თვით უფალი ჩვენი მოვიდა
ჩვენთან, მიიღო ადამიანის ხატი (μορφήν), ადამიანის ხორცი და ადამიანის
გონება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ყოვლითურთ გახდა ადამიანი გარდა ცოდვისა,
ითვისა რა ამ გზით ადამიანი და, ასე ვთქვათ, განისაკუთრა იგი. ამიტომ,
კარგად და შესაფერისად თქვა წმინდანმა: "უპატიოსნესი და უთჳსესი მონაგები ღმრთისა" - ადამიანი. შემდეგ უფრო ცხადად დასძენს: "უკუნ-ვსცეთ ხატსა ხატებაჲ". ეს კი როგორ? მოციქულისგან ვისწავლოთ, რომელიც ამბობს: "განვიწმინდოთ თავი ხორცისა და სულის ყველა ბიწისგან" (II კორ. 7.1), წმინდავყოთ ჩვენი ხატი, როგორადაც გვქონდა კიდეც მიღებული იგი
(ποιήσωμεν καθαρὰν τὴν εἰκόνα ἡμῶν, καθὼς καὶ ἐλάβομεν αὐτην),
განვბანოთ იგი ცოდვის ჭუჭყისგან, რათა გამოჩნდეს მისი მშვენიერება
სათნოებათა მიერ. ამ მშვენიერების შესახებ ლოცულობდა დავითი და ამბობდა:
"უფალო, შენი ნებით მოჰმადლე ძალა ჩემს მშვენიერებას" (ფს. 29.8). ამრიგად, განვიწმინდოთ ჩვენი ხატება (ხატისებრობა - ἐκκαθάρισωμεν οὖν τὸ κατ' εἰκόνα ἡμῶν), რადგან იგი (ხატება, ე.ჭ.) იმგვარი ნებავს ღმერთს ჩვენგან, როგორადაც მოგვცა კიდეც: არმქონე ბიწისა ან მწიკვლისა ან რაიმე ამგვარისა. "უკუნ-ვსცეთ
ხატსა ხატებაჲ, ვიცნათ პატივი ჩუენი" - ვისწავლოთ, თუ რა დიდ სიკეთეთა
ღირსქმნულნი ვიყავით, ვისწავლოთ, თუ ვის ხატისებრ შევიქმენით. ნუ ვიქნებით იმ დიდებულებათა უმეცარნი, რაც მის მიერ გვებოძა ჩვენ მარტოდენ მისი კეთილობის გამო და არა ჩვენი ღირსებისათვის. შევიცნოთ, რომ შევიქმენით ხატისებრ ღვთისა, ჩვენი დამბადებლისა. "პატივ-ვსცეთ სახისდასაბამსა" - ნუ შევაგინებთ ღვთის ხატს, რომლისებრაც შევიქმენით.
ვინ იქნება, რომ მეფის ხატის დახატვა ინებოს და ის გაბედოს, რომ ამ ხატზე
უვარგისი ფერის წაცხებით შეურაცხყოს მეფე? განა არ დაისჯება იგი? პირიქით,
ყველა პატიოსან და ბრწყინვალე ფერს წასცხებს მასზე, რაც კი ღირსია მეფის
ხატისა. ზოგჯერ ოქროს ფურცლებსაც დააფენს მეფეთა ხატებზე და იმასაც
შეეცდება, რომ მეფის ყველა შესამოსელი, რაოდენ შესაძლებელია, შეუთანადოს
ხატს, რათა ნახოს ვინმემ, რომ ხატს გარემოიცავს მთელი სამეფო აღბეჭდილობა,
და იფიქროს, რომ თითქმის თავად მეფეს - ესე იგი არქეტიპს (სახისდასაბამს,
პირმშოხატს), რადგან დიდებულია და ბრწყინვალე ხატი. ასევე ჩვენც ნუ
შეურაცხვყოფთ ჩვენს სახისდასაბამს (არქეტიპს, პირმშოხატს), რადგან ღვთის
ხატისებრ ვართ შექმნილები, არამედ განვწმინდოთ და პატიოსანვყოთ საკუთარი
ხატი, ღირსად არქეტიპისა. თუკი გრძნობადი და თანამონათესავე მეფის ხატის
შეურაცხმყოფელი ისჯება, რაღა უნდა განვიცადოთ ჩვენ, უკეთუ ჩვენში არსებულ
საღვთო ხატს შეურაცხვყოფთ და არ დავუბრუნებთ ("უკუნ-ვსცემთ") ხატს განწმენდილ ხატებას (ხატისებრობას - τὸ κατ' εἰκόνα)? ამიტომ "პატივ-ვსცეთ სახისდასაბამსა (არქეტიპს, პირმშოხატს - τὸ ἀρχέτυπον), ვიცნათ საიდუმლოჲსა ძალი და რაჲსათჳს ქრისტე მოკუდა" - ქრისტეს სიკვდილის საიდუმლოს ძალა ამგვარია: მას შემდეგ, რაც ჩვენი ხატება (ხატისებრობა - τὸ κατ' εἰκόνα) წარვხოცეთ ცოდვის მიერ
და ამის გამო მოვკვდით, როგორც ამბობს მოციქული, "ცთომილებათა და ცოდვათა
შედეგად" (ეფეს. 2.1), ღმერთმა, რომელმაც თავის ხატად (ხატისებრ) შეგვქმნა
ჩვენ, შეიწყალა თავისი ქმნილება და თავისი ხატი (τὴν ἰδίαν εἰκόνα), ჩვენს გამო გახდა ადამიანი და ყველასთვის მიიღო სიკვდილი, რათა ჩვენ, მოკვდინებულნი, კვლავ ავეყვანეთ (ἐπαναγάγη, ფრ. თარგ.: ramener) ცხოვრებაში, რისგანაც დავეცით დანაშაულის გამო,
რადგან თვით იგი ავიდა თავის წმინდა ჯვარზე, ჯვარს აცვა ცოდვა, რის გამოც
გამოვძევდით სამოთხიდან, და "დაატყვევა ტყვეობა", როგორც დაწერილია (ფს.
67.19; ეფეს. 4.8)... ეს არის ძალა საიდუმლოსი. როგორც თქვა წმინდანმა, "კვლავ ავეყვანეთ ცხოვრებაში" (წმ. ბასილი დიდის VIII ეპ.; იხ. PG. 32,256 A)" (წმ. დოროთე ღაზელი, სხვადასხვა სწავლებანი თავისი მოწაფეებისადმი, 16-ე სწავლა, ქვეთავები: 170-172; იხ. SC. t. 92, p. 464-470).
როგორც სრულიად აშკარაა, წმ.
დოროთეს განმარტებითაც, "ხატისადმი ხატების უკუნცემა" სხვა არაფერს
ნიშნავს, თუ არა დასაბამიერი და შემდეგ ცოდვისგან შერყვნილი ხატების ანუ
ხატისებრობის კვლავ აღდგინებას ადამიანში ღვთის განკაცების მადლით.
აი,
ასე იმხილა ოპონენტის ფსევდოქრისტიანული სიყალბე, ასე გამჟღავნდა კიდევ
ერთი დიდი მოძღვრის (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის) სწავლების მისეული
დამახინჯება.
წმ. დოროთეს ზემოწარმოდგენილი განმარტებანი მსჭვალავს
ხსენებული მოძღვრის მთელ წერილობით მემკვიდრეობას. ზემოთ ჩვენ მოტანილი
გვქონდა წმინდანის სიტყვები იმის შესახებ, რომ პირველქმნილი ადამიანი
შემკობილი იყო ხატებითა და ყველა სათნოებით ანუ, ძალისამებრ, სრული
მსგავსებით ღვთისადმი. ამჯერად დავიმოწმებთ წმ. დოროთეს კიდევ ერთ
გამონათქვამს იმის შესახებ, თუ როგორ განაახლა ადამიანის დასაბამიერი
მდგომარეობა მაცხოვარმა:
"ამრიგად, მოვიდა ჩვენთან უფალი და გახდა
ჩვენს გამო ადამიანი, რათა, როგორც ამბობს წმინდა გრიგოლი, მსგავსებით
მსგავსი განეკურნა, სულით - სული, ხორცით - ხორცი, რადგან ყოვლითურთ
ადამიანი იქმნა იგი, გარდა ცოდვისა. საკუთრივ ჩვენი არსება მიიღო მან,
სათავე თვით ჩვენი თბისა, და ხდება იგი ახალი ადამი, "ხატისებრ მისი
(პირველი ადამის, ე.ჭ.) შემოქმედისა" (კოლ. 3.10),5 რამეთუ განაახლებს (ἀνανεοῖ), მას, რაც ბუნებითია (τὸ κατὰ φύσιν) და კვლავ (πάλιν) მრთელჰყოფს გრძნობებს, როგორც ესენი დასაბამიდან იყვნენ შექმნილნი (ὡς ἐξ ἀρχῆς ἐγένοντο). განაახლა
მან დაცემული ადამიანი, გახდა რა ადამიანი; გაათავისუფლა მან ცოდვით
დატყვევებული..., განწმინდა რა ყველა ცოდვისგან წმინდა ნათლისღების მიერ,
რადგან ყველა ცოდვას მიუტევებს და აღხოცავს წმინდა ნათლისღება" (იქვე,
პირველი სწავლება, თ. 4-5).
ღვთის განკაცებამ რომ ადამიანის
თავდაპირველი ხატისებრობის (პირმშოხატისადმი მისი ხატების) კვლავ აღდგინება
აღასრულა, ამას არაერთგზის უსვამს ხაზს, აგრეთვე, საეკლესიო
ხატმეტყველების კიდევ ერთი უდიდესი გამომთქმელი, წმ. ათანასე
ალექსანდრიელი. წარმოვადგენთ ამ მოძღვრის იკონოლოგიურ სწავლებებს:
"ღმერთი
კეთილია, უფრო კი ჰგიეს იგი წყაროდ კეთილობისა, ხოლო კეთილს არავის მიმართ
არ ექნება მოშურნეობა. ამიტომ, რადგან არავისთვის დაშურებია მას არსებობა,
არაარსთაგან შექმნა ყოველივე თავისი სიტყვის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს
მიერ. ამ [ქმნილებათა] შორის, მიწაზე მყოფთაგან ყველაზე მეტად შეეწყალა მას
ადამიანთა მოდგმა და განჭვრიტა რა, რომ ვერ შეძლებდნენ ისინი (ადამიანები)
თავიანთი შესაქმის წესით მარადის მყოფობას, უფრო მეტი რამ მიჰმადლა მათ და
არა უბრალოდ შექმნა ადამიანები (ყველა იმ უგონებო ცხოველებით, რაც
მიწაზეა), არამედ შექმნა ისინი თავისი ხატისებრ (κατὰ τὴν ἑαυτοῦ εἰκόνα), გადასცა რა მათ თავისი სიტყვის ძალისგანაც (μεταδοὺς6
αὐτοῖς καὶ τῆς τοῦ ἰδιου Λόγου δυνάμεως), რათა მათ, როგორც სიტყვის რამ
აჩრდილის მქონეთ და სიტყვიერ ქმნილებებს შესძლებოდათ ნეტარებაში მკვიდრობა,
იცხოვრებდნენ რა სამოთხეში ჭეშმარიტი და ნამდვილად წმინდანთა ცხოვრებით"
(სიტყვა სიტყვის განკაცებისა და სხეულის გზით მისი ჩვენთან გამოჩენის
შესახებ, თ. 3.3;7 SC. t. 199, p. 270).
"ადამიანი მოკვდავია ბუნებით, როგორც არაარსთაგან ქმნილი, მაგრამ თუ იგი არსისადმი მსგავსების შედეგად
(διὰ τὴν πρὸς τὸν ὄντα ὁμοιότητα) დაიცავდა ამას მისკენ (არსისკენ, ე.ჭ.)
მიმართული შემეცნების გზით, დააბლაგვებდა ბუნებისეულ ხრწნადობას და
დაშთებოდა უხრწნელი" (იქვე, თ. 4.6; p. 278).
"ღმერთმა არა მხოლოდ არაარსთაგან შეგვქმნა ჩვენ, არამედ ღვთისებრი ცხოვრებაც მოგვმადლა სიტყვის მადლით, ადამიანები კი უკუიქცნენ საუკუნოთაგან" (იქვე, 5.1; p. 278).
"თუკი წინმსწრები დანაშაულის შედეგად ადამიანები ერთგზის შეიპყრო ბუნებითმა ხრწნადობამ და აღიხოცა მათგან ხატისებრობის მადლი
(τὴν τοῦ κατ' εἰκονα χάριν)), სხვა რა უნდა მომხდარიყო ან ვისი იყო
საჭიროება - ამგვარი მადლისკენ და კვლავ წოდებისკენ, თუ არა
ღმერთ-სიტყვისა, რომელმაც დასაბამში არარსებობისგან შექმნა ყოველივე? მას
ჰმართებდა, რომ ხრწნადი კვლავ უხრწნელებამდე მიეყვანა" (იქვე, თ. 7.4-5; p.
286-288).
"ღმერთმა, ყოველთა მპყრობელობის მქონემ, როდესაც შექმნა
ადამიანთა მოდგმა თავისი სიტყვის მიერ, ამასთანავე ჩვენი ბუნების უძლურებაც
განჭვრიტა, კერძოდ, რომ ვერ შეძლებდა იგი (ჩვენი ბუნება) თავისით შეეცნო
შემოქმედი, ვერცთუ საერთოდ წარმოდგენა ჰქონოდა ღმერთზე... ამიტომ,
იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო, იგი არის რა კეთილი, გადასცემს მათ (ადამიანებს, ე.ჭ.) თავისი ხატის - ჩვენი უფლის იესო ქრისტესას (τῆς ἰδίας εἰκόνος αὐτοῖς τοῦ Κυρίου ἡμῶν 'Ιησου Χριστοῦ μεταδίδωσι) და ქმნის მათ თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ, რათა ამგვარი მადლის მიერ შემცნობელნი ხატისა, ვამბობ - მამისეული სიტყვისა, შემძლენი ყოფილიყვნენ მის მიერ აზრი ჰქონოდათ მამის შესახებ, და შემოქმედის მცოდნეთ ეცხოვრათ ბედნიერი და ნამდვილად ნეტარი ცხოვრებით.
მაგრამ ადამიანებმა, კვლავაც უგუნურებმა, უგულებელყვეს მათთვის ამგვარად
მიცემული მადლიც და იმდენად უკუიქცნენ ღვთისგან, იმდენად შეამღვრიეს
საკუთარი სული, რომ არა მხოლოდ დაივიწყეს, ღვთის შესახებ რაც აზრი ჰქონდათ,
არამედ სხვათა სანაცვლოდ სხვანი წარმოისახეს, რამეთუ ჭეშმარიტების წილ
კერპები დაუსახეს საკუთარ თავს, არაარსნი ამჯობინეს ღმერთს - არსს,
შემოქმედის ნაცვლად ქმნილებას ჰმსახურეს და, რაც ყველაზე უარესია, ხეების,
ქვების, ყოველგვარი ნივთის და ადამიანების მიმართ გადაანაცვლეს პატივი
ღვთისა" (განკაცების შესახებ, თ. 11; p. 302-306).
აქ წარმოდგენილი
ბოლო ციტატა წარმოადგენს საეკლესიო ხატმეტყველების უდიდეს გამოთქმას.
ჩვენთვის ამჯერად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნულ ციტატაში შემავალი
ცნობილი სიტყვები წმ. ათანასესი იმის შესახებ, რომ პირველქმნილი ადამიანი, ხატისებრობის მქონე, იმყოფებოდა უშუალო ზიარებაში ძე ღმერთთან (რომლის გზითაც მამა უნდა შეეცნო მას) ანუ ცოდვამდელ ადამიანს, ხატისებრ, მამისგან გადაცემული (მიცემული) ჰქონდა ძე ღმერთის, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ხატისაგანი.
მეტი გარკვეულობისათვის აღვნიშნავთ, რომ ის, რაც ჩვენ ვთარგმნეთ, როგორც
"გადაცემა (მიცემა)", ესაა ბერძნული ტერმინი μεταδίδωμι, რომლის ძირითადი
შესატყვისი XI-XII სს-ის უდიდეს ქართველ ღვთისმეტყველ-ტერმინოლოგებთან არის
სწორედ "გარდაცემაჲ" (უიშვიათესად "გარდამოცემაჲ"), რაც
აღნიშნული შინაარსით (ბერძნული μεταδίδωμι-ს ეკვივალენტად) წმ. ეფრემ
მცირის დამკვიდრებული ჩანს, თუმცა საკუთრივ ეფრემისთვის μεταδίδωμι-ს
ძირითად შესატყვისად ჩანს "მიცემა", "მიმცემელობა" (უიშვიათესად "მოცემა"). რამდენიმეგზის მასთან დასტურდება აგრეთვე "განყოფა" (განუყოფს ე.ი. უნაწილებს). მოგვაქვს სათანადო ნიმუშები ეფრემის თარგმანებიდან:
I. μεταδίδωμι - მიცემა; ἡ μετάδοσις - მიცემაჲ:
განუყოფელნი მიცემანი (μεταδόσεις)" (დიონ. არეოპ. საღმრთ. სახელ., ეფრემის თარგ., ს. ენუქაშვილის გამოც., გვ. 18.37); "დაულევნელთა მიცემათა" (იქვე 23.36); "მისცეს (μεταδιδούς) ერთისაგან მრავალთა" (იქვე 24.2); "სახიერებისმსგავსებით მიცემად (μεταδιδόναι)" (იქვე 29.11); "ნათელთსიდიდესა მისცემს მათ" (იქვე 34.18); "მისცემს მათ პირველად" (იქვე 34.22); "სიკეთესა მიმცემელობისა (μεταδιδομένην)" (იქვე 35.23); "მისცემს ყოველთა შარავანდედსა" (იქვე 35.26); "ერთითა მიზეზყოფითა მისცემს (μεταδίδωσι) ღმერთი ყოველთა ყოფასა" (იქვე 71.21); "მისისა სიდიდისაგან მიმცემელობისა (μεταδιδόν)" (იქვე 80.15); "მისცემს (μεταδίδωσι) ყოველთა თავისა თჳსისაგან" (89.6); "მიმცემელობსვე (μεταδοτικόν) თჳსისა ნათლისაგან" (იქვე 110.23); "ზიარყოფად ნათლის მიმცემელობისა (μετάδοσιν)" (იქვე 112.10); "უჴელოვნესთა სრულებითისა მიმცემელობისათა" (იქვე 112.14); "ღმერთმთავრობითთა ნიჭთა მიმცემელობისაგან" (იქვე 113.21); "ბრძენმყოფელისა მიმცემელობისაგან" (იქვე 119.16); "მიმცემელყოფად (εἰς μετάδοσιν) განწმედასა" (იქვე 119.35); "შემდგომთაცა თჳსთა მისცა (μετέδωκεν)" (იქვე 123.26); "ღმრთისმეტყუელებითთა მეცნიერებათა პირველნი მეორეთა მისცემენ (μεταδιδοασιν)" (იქვე 132.21); "უმაღლესნი უმდაბლესთა მისცემენ (μεταδίδωσι) ნიჭთა" (იქვე 137.21); "განფენილი მიცემაჲ
(μετάδοσις) ღმერთმთავრობითისა სიბრძნისაჲ" (იქვე 138.6); "ვინაჲთგან
იხილა უკრძალველობითა შემოსრული ჩუენ ზედა ოჴრებაჲ საღმრთოთა ნიჭთაგან
განვრდომისათჳს, შეზავებულითა კეთილთა მიერ დასაბამისავე მიმართ აღმიწოდა (εἰς τὸ ἀρχαῖον ἀνακαλέσασθαι) და ყოვლითურთითა ჩუენგან მიღებითა უსრულესისა მის თჳსთა მისთაგან მოცემითა ქველისმოქმედ მექმნა ჩუენ" (იქვე 177.35); "მისცემდა მას თჳსისაგან სამღდელოჲსა მეცნიერებისა" (იქვე 139.27); "ყოვლადნეტართა თავისაგან თჳსისა მიმცემელობათა (μεταδόσεσι)" (იქვე გვ. 144.24);8
იგივე შესატყვისობანი იხ. იქვე გვ. 156.32; 159.39; 165.14; 166.10;
168.35; 169.34; 170.2; Ι70.6; 171.9; 171.27; 173.35; 183.3; 183.6;
183.10; 190.12; 195.33; 202.16; 207.9; 215.15; 219.31;.242.Ι4; 243.37;
246.29; 256.1. იხ. აგრეთვე μεταδίδωμι - "მიცემა" წმ. მაქსიმეს "ორასეული", A.39, 1.29; 2.67; მისივე "ოთხასეული", A. 39, 1.26 (მიმცემელობითა); 2.57 (მისაცემელადცა); 3.33 (მიმცემელ); 4.11; შდრ. "მიმცემელობაჲ (μετάδοσις)" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომები, A. 52.159).
II. μεταδίδωμι - გარდაცემა (გარდამოცემა):
"სხუათაცა გარდავსცემ (μεταδίδωμι)" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, 39-ე სიტყვა, წმ. ეფრემის თარგ., A109,82 v2); "სხუათა მიმართცა გარდაცემაჲ
(μεταδιδόναι) თჳსისა სიწმიდისაგან" (დიონ. არეოპ., ზეცათა
მღდელთმთავრობისათჳს, ეფრემის თარგ., ს. ენუქაშვილის გამოც., გვ. 112.7);
"უშურველად გარდასცემენ (μεταδιδοῦσαι) მათ მათდა მოწევნულსა მას ბრწყინვალებასა" (იქვე 137.19); "ესეცა საღმრთოჲ ნიჭი გარდამოგეცით (μεταδέδωκα) შენ" (იქვე 160.7); "გარდმომეც (μετάδος) უკუე, ჵ მეგობარო" (იქვე 220.8); "გარდამოსცემენ" (წმ. მაქსიმე, ოთხასეული, A 39,3.33); "გარდაცემაჲ" (მისივე "ორასეული", A 39,2.90); "გარდავსცეთ" (წმ. ბასილი დიდი, ეპისტოლენი, ნ. ქაჯაიას გამოც., მრავალთავი XII, 1986, გვ. 131.31).
III. μεταδίδωνι - განყოფა:
"სახიერებისგან განეყოფვის (μεταδίδωσι) ყოველთა არსთა საქმე სიყუარულისა" (იქვე 49.20); "დაფარულთა განმყოფელ (μεταδότις) სახიერებით" (იქვე 8.8); "განმყოფელთა (μεταδοῦναι) სიწმიდეთასა ღირსებით" (იქვე 196.5).
რაც
შეეხება XI-XII სს-ის სხვა მთარგმნელებს (ეფრემის შემდეგდროინდელთ),
მათთვის, როგორც აღვნიშნეთ, უძირითადესია შესატყვისობა μεταδίδωμι - გარდაცემა (უიშვიათესად "გარდამოცემა"); გამონაკლისს ქმნის მხოლოდ პეტრიწი, რომლისთვისაც (ტრადიციულ "მიცემასთან" ერთად) ნიშანდობლივია ტერმინი "თანმიცემაჲ". მოგვაქვს საილუსტრაციო მასალა:
"ყოველთა გარდასცემს თჳსისა მოქმედებისაგან" (წმ. იოანე დამასკელი, გარდამოცემა, წმ. არსენ იყალთოელის თარგ., S 1463, 61.1); "ღმრთისმეტყუელებითთა მეცნიერებათა პირველნი მეორეთა გარდასცემენ" (ნიკიტა სტითატი, წმ. არსენის თარგ., S 1463, 27v9 - ციტატა წმ. დიონისე არეოპაგელისგან; შდრ ეფრემი: "მისცემენ", ს. ენუქაშვილის გამოც., 132.20); "უკუდავებისათა გარდამცემელობითთა (μεταδοτικοίς)" (იქვე 274v1); "ეზოჲსმოძღუართა გარდმოგუცეს" (იქვე 275v1); "გარდამცემელობითობაჲ (τὸ μεταδοτικόν)" (წმ. იოანე დამასკელი, ორთა ნებათათჳს, წმ. არსენის თარგმანი, იქვე 130v2); "გარდასცეს ვითარებისაგან" (თეოფილაქტე ბულგარელი, ლუკას თავის განმარტება, იოანე ჭიმჭიმელის თარგ, A 113, 132v2); "გარდმომცემელისა (μεταδίδους)" (წმ. მაქსიმეს შრომათა გელათური თარგმანები, K 14, ხელნ. 302v1); "გარდამცემელობაჲ" (იქვე, ფოტო 114.2); "გარდასცემს" (იქვე, 4v1); "გარდასცემს" (ამონნიოსის შრომები, მ. რაფავას გამოც., გვ. 130.5); "გარდასცემენ" (იქვე 130.7; 130.9; 133.24; 133.29; 133.31; 133.32).10
რაც შეეხება იოანე პეტრიწს, მასთან, როგორც აღვნიშნეთ, μεταδίδωμι-ს შესატყვისად გვხვდება, ერთი მხრივ, ტრადიციული "მიცემა" ("მისცემს", ნემეს. ს. გორგაძის გამოც., გვ. 114.7; პროკლ., ს. ყაუხჩ. გამოც., I, ტერმინოლ. ლექს.: "მისცემს, მისცემენ, მისცა, მისაცემელი", გვ. 155), მეორე მხრივ კი - საკუთრივ პეტრიწისათვის ნიშანდობლივი "თანმიცემა"11 (ნემეს. "თანმისცა", 56.9; პროკლ.: "თანმისცემს, თანმიმცემი, თანმიცემაჲ", გვ. 155).
პეტრე გელათელი, გელათური სკოლის კვალობაზე, შესატყვისად გვაწვდის ტერმინ "გარდაცემას" ("გარდასცეს" - წმ. იოანე სინელი, კიბე, A 39,202); "გარდაეც" (იქვე 215).
ტერმინი μεταδίδωμι, ჩვეულებრივ, გულისხმობს რაღაცის ნაწილის გადაცემას, წილმბოძებლობას, რაღაცის განაწილებას, რაღაცასთან ზიარებას.12 შესაბამისად, წმ. ათანასეს ზემოდამოწმებულ სწავლებათა მიხედვით, პირველქმნილ
ადამიანს გადაცემული ანუ მიცემული ჰქონდა ღვთის სიტყვის, იესო ქრისტეს
ძალისაგანი, ღვთის სიტყვის (მამისეული ხატის) ხატისაგანი; ანუ პირველქმნილი
ადამიანი, როგორც ხატისებრი, ზიარებული იყო ღვთის სიტყვის ძალასთან, ღვთის
სიტყვასთან როგორც მამის ხატთან, რომლის (ღვთის სიტყვის)მადლითაც იყო იგი
შექმნილი.
ამრიგად, წმ. ათანასეს სწავლებით,
პირველდაბადებული ადამიანი, ღვთის ხატად ქმნილი, ცოდვით დაცემამდე უშუალო
კავშირში ანუ პიროვნულ ზიარებაში იყო ღვთის სიტყვის, იმავე იესო ქრისტეს (თუმცა თვით ეს სახელი მხოლოდ განკაცებისას ეწოდა ღვთის სიტყვას) ძალასთან, ძე ღმერთთან - მამაღმერთის ხატთან.
წარმოვადგენთ იმავე მოძღვრის კიდევ რამდენიმე სწავლებას:
"თვითკმარი იყო ხატისებრობის მადლი (ἡ κατ' εικόνα χάρις) ღმერთსიტყვის, და მის მიერ - მამის, შესაცნობად" (იქვე 12.1; p. 306).
"რადგან
აგრერიგად გაუგუნურდნენ ადამიანები და აგრერიგად დაჩრდილა და დაფარა
ეშმაკეულმა ცთომილებამ ჭეშმარიტი ღვთის ცოდნა ყველგან, რა უნდა ემოქმედა
ღმერთს? ნუთუ დადუმებულიყო ესოდენ [უკეთურებაზე] და დაენებებინა
ადამიანებისთვის, რომ ეშმაკთაგან შეცთომილიყვნენ, რომ არ სცოდნოდათ მათ
ღმერთი? მაშ, რაღა საჭიროება უნდა ყოფილიყო დასაბამში ღვთის ხატისებრ ადამიანის შექმნისა?
მართლაც, იგი უნდა შექმნილიყო ან უბრალოდ როგორც უგონებო, ანდა მას,
გონიერად შექმნილს, უგონებოთა ცხოვრებით არ უნდა ეცხოვრა. ... ამგვარი
ცთომილება წარწყმედისა და მოსპობის მიზეზი ხდება მათთვის, მაგრამ არ იყო
დასაშვები ღვთის ხატთან ერთგზის ზიარებულთა (τὰ ἅπαξ κοινωνήσαντα τῆς τοῦ Θεοῦ Εἰκόνος) წარწყმედა. რა უნდა ემოქმედა ღმერთს, ანდა რა უნდა მომხდარიყო, თუ არა ხატისებრობის კვლავ განახლება (ἀλλ' ἤ τὸ κατ' εἰκόνα πάλιν ἀνανεῶσαι), რათა მის მიერ (ხატისებრობის მიერ, ე.ჭ.) კვლავ შესძლებოდათ ადამიანებს მისი (მამაღმერთის) შეცნობა, მაგრამ ეს როგორღა მოხდებოდა, თუ არ მოვიდოდა თვით ხატი ღვთისა - მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რადგან ადამიანთა მიერ ეს (აღდგინება, ე.ჭ.) შესაძლებელი ვერ გახდებოდა, არიან რა ისინიც ხატის მიხედვით ქმნილნი13 (ე.ი. არა თვით ხატი, ე.ჭ.), მაგრამ არც ანგელოზთაგან [იქნებოდა შესაძლებელი ეს], რადგან არც ისინი არიან არანაირად ხატნი. ამიტომ, მოვიდა თავად სიტყვა ღვთისა, რათა მას, როგორც მამის ხატად მყოფს, შესაძლებელი გაეხადა ახალქმნა ხატისებრი ადამიანისა,
ეს კი სხვაგვარად ვერ მოხდებოდა, თუ არ აღიხოცებოდა სიკვდილი და
ხრწნილება. ამიტომ, ჯეროვნად მიიღო მან მოკვდავი სხეული, რათა ამიერიდან
შესაძლებელი გამხდარიყო მასში თვით სიკვდილის უჩინოყოფა და რათა კვლავ განახლებულიყვნენ ხატისებრი ადამიანები (καὶ οἱ κατ' εἰκονα πάλιν ἀνακαινισθῶσιν ἄνθρωποι). ასე რომ, ამისათვის სხვა ვინმეს საჭიროება არ იყო, თუ არა მამის ხატისა" - (იქვე, თ. 13; p. 310-314).
რა შეიძლება იყოს აქ გადმოცემულ მოძღვრებაზე უფრო ნათელი და ზედმიწევნით მართლმადიდებლური?
დიახ, დასაბამში პირველქმნილი ადამიანი უშუალოდ იყო ზიარებული ძე ღმერთთან, მამის ხატთან, რადგან მამაღმერთისგანვე ჰქონდა ადამიანს გადაცემული (მიცემული) მამაღმერთის სიტყვის, მამაღმერთის ხატის (ძე ღმერთის) ძალა, მამაღმერთისგან იყო იგი (ადამიანი) შექმნილი ძეღმერთის ხატად. ამიტომ, დაცემული ადამიანის გამოხსნა შეეძლო არა სხვა ადამიანს (რადგან ყველა ადამიანი ხატისებრია და არა ბუნებითი ხატი), არა ანგელოზს (არც ისაა ხატი), არამედ - თვით ჭეშმარიტ ხატს, ჭეშმარიტ ძეს მამისას, რომლისგანაც და რომლისებრაც შეიქმნა ადამიანი დასაბამში მამაღმერთის მიერ და სულიწმიდისეული შთაბერილობით.
აღნიშნულის ფონზე სავსებით ცხადი ხდება იმავე წმ. ათანასეს სიტყვები ძე ღმერთის, იესო ქრისტეს ხატად ადამიანის დასაბამიერი
შექმნის შესახებ. ცენტრალური ადგილი ამ სიტყვებისა ადრეც გვქონდა
ციტირებული ბერძნულ-რუსული პარალელებით (იხ. "ადამიანი - ხატი
პირმშოხატისა", გვ. 29), მაგრამ ოპონენტმა, ჩვეულებისამებრ, წაუყრუა მათ.
ამჯერად დავიმოწმებთ მთლიანი კონტექსტის სიტყვა-სიტყვით თარგმანს:
"ყოვლის
შემოქმედმა და ყოვლადმეუფე ღმერთმა, ყოველი არსებისა და ადამიანური
წარმოდგენის ზემიღმიერად (ὑπερέκεινα) მყოფმა, როგორც კეთილმა და
ზემშვენიერმა, თავისი სიტყვის, ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ შექმნა ადამიანური მოდგმა თავისი ხატისებრ და განამზადა იგი არსთა მჭვრეტელად და შემმეცნებლად მისდამი მსგავსების მიერ,
მისცა რა მას მცნობელობა და ცოდნა თავისი (ღვთის) მარადიულობისა, რათა ამ
უკანასკნელს (ადამიანს) შეენარჩუნებინა იგივეობა და არც ღვთის შესახებ
წარმოდგენისგან განმდგარიყო ოდესმე, არცთუ წმინდანთა თანაცხოვრებისგან
გაშორებულიყო, არამედ ჰქონდა რა მას მადლი მბოძებლისა და ჰქონდა რა, აგრეთვე, საკუთარი ძალა მამისეული სიტყვისაგან,14
ამით უნდა ეხარა და თანაშეკავშირებოდა ღმერთს, ცხოვრობდა რა უშფოთველი,
ნეტარი და ნამდვილად უკვდავი ცხოვრებით, რადგან ღვთის შესახებ ცოდნაში
არანაირი დაბრკოლების მქონე თავისი სიწმინდის მიერ, მარადის ჭვრეტს მამის ხატს, ღმერთ-სიტყვას, რომლის ხატადაც შეიქმნა" (PG. 25 col. 5D-8D, წარმართთა წინააღმდეგ, 34; ბერძნულ-რუსული პარალელები იხ. ჩვენს ზემოხსენებულ ბროშურაში, გვ. 29).
ამრიგად, წმ. ათანასეს უცხადესი სწავლებით, ადამიანი შეიქმნა (γέγονεν) მამის ხატის, ღმერთ-სიტყვის ხატად.
აი, იმავე სწავლების კიდევ სხვა უნათლესი დადასტურება:
"განაგდებენ ყველაფერს შემთხვევითს, უცხოს სულისათვის და მხოლოდ მას (სულს, ე.ჭ.) წარმოაჩენენ ისე, როგორც შეიქმნა, რომ ამგვარად შეძლონ მასში (სულში, ე.ჭ.) განჭვრეტა მამის სიტყვისა, რომლისებრაც შეიქმნენ დასაბამიდან (θεωρῆσαι τὸν τοῦ Πατρὸς Λόγον, καθ' ὄν καὶ γεγόνασιν ἐξ ἀρχῆς), რადგან ღვთის სიტყვისებრ შეიქმნა იგი და მსგავსებისებრ
დაიბადა, როგორც აღნიშნავს თვით საღვთო წერილი, ამბობს რა ღვთის პირით:
"შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ". ამის გამო, როდესაც
კი თავისი თავისგან იშორებს იგი (სული, ე.ჭ.) ცოდვის ყველა ზედმოღვრილ
ჭუჭყს და იმარხავს მხოლოდ ხატისებრ სიწმინდეს, მაშინ, ჯეროვნად ბრწყინდება
რა იგი (ხატისებრი სიწმინდე, ე.ჭ.), როგორც სარკეში, ჭვრეტს [სული] ხატს
მამისას - სიტყვას და მასში მოიაზრებს (λογίζεται) მამას, რომლის ხატიც
არის მაცხოვარი" (იქვე, 68 C-69A).
და ბოლოს მოვიტანთ წმ. ათანასეს კიდევ ერთ ურყევ რჯულდებას ადამიანის ძეღმერთისებრ შექმნისა და ძეღმერთის განკაცებით მისი (ადამიანის) ცოდვისგან წახდენილი ხატისებრობის კვლავ აღდგენის შესახებ:
"რაჟამს ფიცარზე გამოსახული ხატოვნება (μορφή) წარიხოცა, კვლავ საჭირო გახდა, რომ მოსულიყო იგი, ვისიც არის ეს ხატოვნება, რათა შესძლებოდა ხატს განახლება იმავე ნივთში (რადგან მისი დახატულობის გამო არც თვით ის ნივთი უარიყოფა, რომელზედაც დაიხატა იგი, არამედ ხელახლა გამოისახება მასზე); ამგვარადვე ყოვლადწმინდა სიტყვა მამისა, მამის ხატად მყოფი, მოვიდა ჩვენეულ ადგილებში, რათა განეახლებინა მისებრ შექმნილი ადამიანი"15 (განკაცების შესახებ, თ. 14, 1-2; PG. 25, 120 B-C).
ურწმუნოთა დასარწმუნებლად მოვიტანთ აღნიშნული ადგილის რუსულ თარგმანსაც:
"Поскольку написанный на дереве лик сделался невидным от внешних нечистот, то надо было опять прийти тому, чеи это лик, чтоб на том же веществе можно было возобновить изображение. Ибо ради изображенного лика и само веществ на котором он написан, не бросается, но восстановляется на нем лик. Подобно этому и Всесвятой Сын Отца, как Отчий образ, пришел в наши страны, чтобы обновить человека созданного по этому Образу" (Восточные Отцы... დასახ. გამოც., გვ. 38).
საგულისხმოა, რომ ბერძნული "მისებრ" (κατ' αὐτὸν), რაც მიემართება გამოთქმას "მამის ხატი" და ნიშნავს: "მამის ხატისებრ", რუსულში, შინაარსის უკეთ გაცხადების მიზნით, გავრცობილია სიტყვით Образ, მთავრული ასოთი (по этому Образу) და, ცხადია, უნათლესად მიემართება სწორედ იქვე ხსენებულ Отчий образ-ს, ანუ რუსული თარგმანიც გამოკვეთილად და უპირობოდ ღაღადებს ადამიანის შექმნას მამის ხატისებრ, ძე ღმერთისებრ.
დავუბრუნდეთ
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს. მსჯელობის სისრულისათვის ქვემოთ წარმოვადგენთ
ნიმუშებს ხსენებული მოძღვრის შრომებიდან, სადაც მეტ-ნაკლები კომენტარებით
ხაზგასმულია ადამიანის ხატისებრობა ღვთისადმი (როგორც თავდაპირველი, ისე
აღდგინებული), რაც ხსენებული მოძღვრის მიერ წოდებულია "კეთილშობილებად":
"კეთილშობილება (εὐγένεια) ესაა ხატის დაცვა და პირმშოხატისადმი მიმსგავსება (ἡ τῆς εἰκόνος τήρησις καὶ ἡ πρὸς τὸ ἀρχέτυπον ἐξομοίωσις), რასაც მოქმედებს სიტყვა, სათნოება და წმინდა სურვილი, რაც მარადის უფრო და უფრო ღვთისებრ ხატჰყოფს (μορφῶν) ზენათა ნამდვილ მესაიდუმლეთ. ესაა, აგრეთვე, ცოდნა იმისა, თუ საიდან და ვინ ვართ და რისთვის შევიქმენით" (Or. 8.6; SC. t. 405,256).
"ერთი და ეგზომ აუცილებელი კეთილგანწყობისა და თანხმობისათვის ესაა ღვთისა და ღვთიურთა ბაძვა, რომელთა მიმართაც ხედვა ღვთის ხატისებრ ქმნილი სულისა (τὴν κατ'εἰκόνα θεοῦ γενομένην ψυχήν) არის მხოლოდ უსაფრთხო, რათა რაც შეიძლება მეტად შეუნარჩუნდეს მას კეთილშობილება ამათდამი თავმიდრეკით (νεύσεως) და, რაოდენ საწვდომია, მსგავსებით (ὁμοιώσεως)" (Or. 6.14; შდრ. წმ. ეფრემის თარგმანი: "აწ უკუე ერთი ესე არს ერთობისა თანამდებობაჲ, ღმრთისა
და საღმრთოთა მიმსგავსებისაჲ, რომელთა მიმართ ხოლო ხედვაჲ არს მხოლო
უცთომელობა ხატად ღმრთისა შექმნულისა სულისაჲ, რომლისა მიერ უფროჲს
დაიცვების აზნაურებაჲ მისი მისსა მიმართ ხედვითა და, რაოდენ დასატევნელ
არს, მსგავსებითა", A-292,246).
"ყველა ამაღლებულისთვის
ერთია მამული, ჰოი კაცო, - ზენა იერუსალიმი, რომლისკენაც გადავანაცვლებთ
ჩვენს მოღვაწეობას. ერთია ყველას მოდგმა, თუკი ქვეყანათა განხილვა გწადია, -
მტვერი, ხოლო ეს ზენათა - შთაბერვა, რასაც ვეზიარეთ და რისი დაცვაც გვებრძანა და რასთან ერთადაც მმართებს მე წარდგომა და პასუხის გება ზეგარდმო კეთილშობილებისა და ხატისათვის (τῆς ἄνωθεν εὐγενείας καὶ τῆς εἰκόνος). ამრიგად, ერთი მხრივ, კეთილშობილია ყველა, ვინც ეს დაიცვა სათნოებისა და არქეტიპისადმი ("პირმშოხატისადმი") მიდრეკის (τῆς πρὸς τὸ ἀρχὲτυπον νεύσεως) შედეგად, ხოლო ბოროტშობილია ყველა, ვინც კი უკეთურებას აღერია და სხვა ხატი (μορφὴν ἑτέραν), - გველისა, - შემოაცვა თავის თავს... მე კი იმას ვცდილობ, რომ, როგორც ძალმიძს, კვლავ განვიწმინდო თავის ცთომილებისგან, რათა ან დავიცვა კეთილშობილება ანდა უკუხმობილი ვიყო (ἀνακαλέσωμαι)"
(Or. 33, PG. 36, 229 A-B). დავიმოწმებთ აღნიშნული კონტექსტის ეფრემისეულ
თარგმანსაც: "ყოველთავე კაცთა მაღალთა ერთ არს მამული - ზეცისა იერუსალჱმი,
სადა-იგი დავსდებთ მოქალაქობასა; ყოველთა - ერთ ნათესავ, უკუეთუ
ქუეყანაჲსა გნებავს ცნობაჲ - მიწაჲ, ხოლო უკუეთუ უმაღლესსა - შთაბერვაჲ იგი, რომელი-იგი მოგჳღიეს და რომლისა დაცვად ბრძანებულ ვართ, რომლისა თანა წარდგომაჲ მიჴმს მე, რაჲთა სიტყუაჲ მომეჴადოს
ზემოჲსა მის აზნაურებისათჳს და ხატებისა დამარხვისათჳს, რამეთუ აზნაურ არს
ყოველი მისი დამცველი მსგავსებითა სათნოებათაჲთა და ძალისაებრ ბაძვითა
დასაბამისა მის სახისაჲთა; და უაზნო არს ყოველი, რომელსა იგი
შეემრღვიოს სიბოროტისა მიერ და სხუად ხატებად, - გუელისა, - შეეცვალოს...
ხოლო მე ღონე-ვჰყოფ, რამეთუ ვითარ რაჲმე უძლო თავსა ჩემსა განწმედაჲ
საცთურისაგან, რაჲთა ანუ დავიცვა აზნაურებაჲ16 ანუ მიდრეკილსა კუალად აღმოუწოდო"
(A 292,306). ანალოგიური სწავლება წმ. გრიგოლს გადმოცემული აქვს 24-ე
სიტყვაშიც. აი, ეფრემის თარგმანი: "ერთსა იტყოდა (წმ. კვიპრიანე) ყოფად
მამულად - მაღალთა საცნაურსა იერუსალემსა (არა ამ მცირედთა საზღვართა შინა
შემოწერილსა და მრავალთა მკჳდრთა მცვალებელსა); ერთსა ტომბრწყინვალებად - ხატის დაცვასა და სახისდასაბამისა მისგავსებასა (πρὸς τὸ ἀρχέτυπον ἐξομοίωσιν), რაოდენ შესაძლებელ ჴორცთა მიერ შეკრულთა" (შდრ. ექვთიმეს თარგმანი: "...ხოლო ნათესავობისა წარჩინებულებაჲ და ბრწყინვალებაჲ - ხატისა შეკრძალვაჲ და პირველსა სახესა მიმსგავსებაჲ...").17
"იგი
(ფილოსოფოსი ირონი, ე.ჭ.) რჩეულთაგან რჩეულია და კეთილშობილთაგან
უკეთილშობილესი, ხოლო ვამბობ არა იმ კეთილშობილებას, რასაც მრავალნი
მოიაზრებენ (ნუ იყოფინ!)... არამედ იმას, რისი გამომხატველიცაა
კეთილმსახურება და ზნეობა, და, აგრეთვე, იმ პირველი სიკეთისაკენ ასვლა, საიდანაც შევიქმენით (καὶ ἡ πρὸς τὸ πρῶτον ἀγαθὸν ἄνοδος, ὅθεν γεγόναμεν, შდრ. ლათ. თარგ.: et ad primum illud bonum, ex quo originem traximus, ascensus)"
(Or. 25, col. 1201 B; შდრ. ეფრემის გავრცობილი თარგმანი: "ესე არს რჩეული
რჩეულთაგან და აზნაურ აზნაურთაგან, ხოლო ანზუარებასა ვიტყჳ, არა
რომელსა-იგი მრავალნი ჰგონებენ (ნუ იყოფინ!)... არამედ ჩუენ მას
აზნაურებასა პატივ-ვსცემთ, რომელი გამოიხატვის ღმრთისმსახურებისა სახითა,
ვითარცა წამალთა ფერშუენიერთა, რომლისაგან პირმშოჲსა მიმართ ხატისა და
თავისა ყოველთა კეთილთაჲსა აღსლვაჲ საძიებელ არს, ვინაჲ-იგი ვიქმნენით და
რომლისათჳს შევიქმნენით" A 292, 217 v).
როგორც ვხედავთ, წმ. გრიგოლისთვის ჭეშმარიტი კეთილშობილება (ἡ εὐγένεια) ანუ ეფრემის თარგმანით "აზნაურებაჲ" (სხვაგან ეფრემი შესატყვისად იყენებს მის მიერ შექმნილ ტერმინს: "ტომკეთილობაჲ")
ესაა პირმშოხატისადმი მიდრეკა, ხატის დაცვა, ანუ იქ მიბრუნება, საიდანაც
შევიქმენით ("ვინაჲ ვიქმნენით") და რა მიზნითაც შევიქმენით ("რომლისათჳს
შევიქმნენით").
ეს თავდაპირველი, პირველქმნილი
"კეთილშობილება" ანუ პირმშოხატისადმი ხატობა, ძეობილობა ნიშანდობლივი იყო
ადამიანური ბუნებისათვის ცოდვით დაცემამდე. ცოდვამ წაგვიხდინა იგი,
მაცხოვარმა კი კვლავ აღგვიდგინა, ანუ მიგვაბრუნა თავდაპირველი
კეთილშობილებისკენ. ეს სწავლება ზედმიწევნით ნათლად გვხვდება ნეტარ თეოდორიტე კვირელთანაც, რომელიც ბრძანებს:
"ამრიგად, ზორობაბელიც სახეა მეუფე ქრისტესი, რადგან როგორც მან ბაბილონის ტყვეობიდან მამისეულ ქვეყანაში (ἐις τὴν πατρῴαν γῆν) დააბრუნა [ისრაელი], ასევე უფალმა ქრისტემ მთელი ადამიანური ბუნება, პირველი ადამიანის დანაშაულის შედეგად ტყვექმნილი, პირვანდელ კეთილშობილებაში დააბრუნა" (ფსალმუნთა განმარტება, ფს. 60.8; PG. 80,1011).
ამრიგად, ურყევი
მართლმადიდებლური დოგმატით, მაცხოვარმა, განკაცებულმა ღმერთმა მთელი
დატყვევებული ადამიანური ბუნება "პირვანდელ კეთილშობილებაში დააბრუნა".
აი, თეოდორიტეს სიტყვათა ბოლო ნაწილის ბერძნული ტექსტი:
οὕτως
Δεσπότης Χριστὸς ἅπασαν τῶν ἀνθρώπων φύσιν γεγενημένην αἰχμάλωτον διὰ
τῆς παραβάσεως τοῦ πρώτου ἀνθρώπου εἰς τὴν πρότεραν εὐγένειαν ἐπανήγαγε
(ლათ. ...in antiquam generis nobilitatem revocavit).
"კეთილშობილება" პირდაპირი მნიშვნელობით18 ნიშნავს ღირსეულ შობილობას, ღირსეულ ძეობას. ამ ტერმინშიც, ისევე როგორც ტერმინ "ძეობილობაში", ჩვეულებრივ, ძე ღმერთისადმი ხატოვნება იგულისხმება, რადგან ყოვლადწმინდა სამებაში მხოლოდ ძის თვისებაა "შობილობა",
ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც ადამიანის ღვთისადმი ძეობილობა (მადლით
ძეობა) ხატია ძე ღმერთის მამისადმი ბუნებითი ძეობისა, მსგავსადვე
ადამიანის სულიერი კეთილშობილება (რაც, ასევე, მადლისმიერია) არის ხატი ძე
ღმერთის ბუნებითი კეთილშობილებისა. ეს ნიშნავს: ბუნებითი
კეთილშობილება აქვს ძეს (ისევე როგორც ბუნებითი ძეობა) და იგი (ძის
ბუნებითი კეთილშობილება) პირმშოხატია ანუ არქეტიპია, პროტოტიპია,
პირველსახეა ადამიანისთვის მადლით მინიჭებული კეთილშობილებისა. ამიტომ გვასწავლის წმ. კირილე ალექსანდრიელი:
"ხორციელ-იქმნა იგი, მაგრამ ყოვლითურთ შეურყვნელად დაიცვა მან ზებუნებრივი და რჩეული მშვენიერება თავის თავში არსებული ბუნებითი კეთილშობილებისა (τῆς ἐνούσης αὐτῷ φυσικῆς εὐγενείας)" (ნესტორის წინააღმდეგ, 4.3; PG. 76,188 B).
სრულიად უეჭველია, რომ წმ. გრიგოლი ადამიანის ხატოვნებას პირმშოხატისადმი ანუ მაცხოვრისადმი "კეთილშობილებად" უწოდებს. ეს "კეთილშობილება" (ზეცითქმნულობა და ზეცადვე აღწოდებულობა) სწორედ პირველშესაქმისას ჰქონდა ადამიანს, რასთანაც, უფრო აღმატებული სახით,
კვლავ მიგვაახლებს ჩვენ ქრისტესმიერი სარწმუნოება და სათნოებითი
მოღვაწეობა, რადგან ღმერთი განკაცდა სწორედ იმიტომ, რომ "კეთილშობილება",
იგივე "თავისუფლება" ანუ "აზნაურება" მიგვეღო ჩვენ.19
ადამიანს რომ პირველშესაქმეშივე ჰქონოდა ზეციური კეთილშობილება ანუ ღვთისადმი ღირსეული შვილობილობის მადლი,
ამას განსაკუთრებით გარკვევით აღნიშნავს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი 26-ე
სიტყვაში, სადაც დიდი მოძღვარი საუბრობს ოთხი მოდგმის, ოთხი გვარეობის ანუ
ოთხი გენოსის (τὸ γένος, ლათ. genus), იგივე ოთხი წარჩინებულობის,
გვარიანობის შესახებ (მართალია, დასაწყისში მითითებულია სამი, მაგრამ
ჩამოთვლილია ოთხი).
წმ. გრიგოლი აღნიშნავს:
"არსებობს სამი რამ გვარეობა (τὸ γένος): პირველი - ზემოდან დაწყებული, რითაც ყველანი თანასწორად ვართ კეთილშობილნი, რადგან ღვთის ხატისებრ შევიქმენით
(τὸ μὲν ἄνωθεν ἠργμένον, ὁ πάντες ἐσμὲν εὐγενεῖς επ' ἴσης, ἐπὶ κατ'
εἰκόνα θεοῦ γεγόναμεν); მეორე - ხორცისგან მოსული, რაც ხრწნილებისადმია
დაქვემდებარებული და არ ვიცი, არის თუ არა ვინმე ამ მხრივ კეთილშობილი;
მესამე - ბოროტებისგან ან სათნოებისგან ცნობილი, რასაც მეტად ან ნაკლებად
ვეზიარებით, იმდენად რამდენადაც, ვფიქრობ, ან ვიცავთ ხატს (ἤ τηρήσωμεν τὴν εἰκόνα)20
ან ვხრწნით. ამ კეთილშობილებას შეიყვარებს ის, ვინც ჭეშმარიტად ბრძენია და
ფილოსოფოსია, რადგან მეოთხე გვარეობას (= წარჩინებულობას, ე.ჭ.), რაც
სიგელისმიერია და ბრძანებისმიერი, მაშინ ჩავთვლი სიტყვის ღირსად, როდესაც
შევიტკბობ იმ მშვენიერებას, რაც ფერთა (= გარეგნულ ბრწყინვალებათა, ე.ჭ.)
შიგნითაა" (PG. 35,1241 B; შდრ. ეფრემის რამდენადმე გავრცობილი თარგმანი:
"სამნი უწყნით ჩუენ ნათესავთა პატივოსნებანი: პირველი - ზეცითქმნულებისა და ზეცადვე მიწოდებულებისაჲ, რომლითა ყოველნი აზნაურ ვართ, ვინაჲთგან ყოველნი ხატად ღმრთისა შექმნულ ვართ,
ხოლო მეორე აზნაურება არს ჴორცთა მიერ და სისხლთა წოდებული ნათესავთა
დიდებულებისა, რომლითა, არა უწყი, თუმცა იყო ვინ აზნაურ, ხრწნილებისა
დამონებულთაგანი; და კუალად მესამე აზნაურება არს სიბოროტისაგან ანუ
სათნოებისა შესწავებული, რომლითა მოვიღებთ უმეტესობასა და უდარესობასა,
ვითარ მე ვჰგონებ, არარაჲთ სხჳთა, გარნა დაცვითა გინა განხრწნითა ხატებისაჲთა,
ხოლო მეოთხე იგი მთავრობა და აზნაურება, რომელი მოგუეცემის პატივთა მიერ
სოფლისათა, მაშინღა ღირსად ქებისა შევჰრაცხო, რაჟამს კეთილი და შესაძინელი
მისი სიღრმედ სულისა მივაწიო და ყუავილითა მით გარეშითა შინაგანი შევამკო",
A 292,273 v).
ამრიგად, ჭეშმარიტი კეთილშობილება, რაც წმ.
გრიგოლის სწავლებით, არის კიდეც მაცხოვრისადმი (პირმშოხატისადმი)
მიმსგავსება ანუ პირმშოხატის ხატად გახდომა, გულისხმობს სწორედ "იმ პირველი
სიკეთისკენ ასვლას", საიდანაც შევიქმენით, ანუ იმ მდგომარეობაში
დაბრუნებას, რაც ცოდვამ გააუკუღმართა. ესაა მაცხოვრის მიერ ჩვენთვის
აღდგენილი თავდაპირველი ხატების დაცვა (სათნოებითი მოღვაწეობა) ანუ
თავდაპირველ კეთილშობილებაში დაბრუნება.
მოგვაქვს სხვა ნიმუშებიც:
"მივიღე ხატისა და არ დავიცავი; მიიღებს ჩემი ხორცისას, რათა ხატიც აცხოვნოს და ხორციც უკვდავყოს" (38-ე სიტყვა, თ. 13; col. 325 C; 45-ე სიტყვა, თ. 9; col. 636 A; შდრ. ეფრემის თარგმანი: "მივიღე ხატისაჲ და არა დავიცევ, მიიღებს ჩემთა ჴორცთასა, რაჲთა ხატიცა აცხოვნოს და ჴორცნი უკუდავ-ყვნეს";21 შდრ. ექვთიმეს თარგმანი: "მოვიღე ხატებაჲ და არა დავიმარხე. მიიღებს იგი ჴორცთა ჩემთა, რაჲთა ხატიცა იგი აცხოვნოს და ჴორცნიცა იგი უკუდავ-ყვნეს"22).
"რაოდენნია ჩემთვის დღესასწაულნი სათითაოდ ქრისტეს საიდუმლოთანი! ყველა მათგანის თავია ერთი - ჩემი სრულყოფა, აღმოდაბადება (ἀνάπλασις, instauratio) და პირველი ადამისკენ დაბრუნება (καὶ πρὸς τὸν πρῶτον 'Αδὰμ ἐπάνοδος23)"
(38-ე სიტყვა, თ. XVI; col. 329; შდრ. ეფრემის თარგმანი: "რაოდენ ჩემდა
დღესასწაულნი თითოეულთა ქრისტეს საიდუმლოთანი და თავ მათ ყოველთა ერთი:
შემი სრულებაჲ და კუალად დაბადებაჲ და პირველისავე ადამისსა კუალად აღსლვაჲ", Jer. 15,20.2).
აი, უდიდესი და უსაღვთოესი სწავლება! ქრისტეს საიდუმლოთა მიზანი ერთია: ჩვენი დაბრუნება პირველი ადამისკენ ("პირველისავე ადამისსა კუალად აღსვლაჲ").
კიდევ:
"თვით
ღვთის სიტყვა, წინასაუკუნო, უხილავი, გარეშეუცავი, უსხეულო, დასაბამისგან
დასაბამი, სინათლისგან სინათლე, წყარო ცხოვრებისა და უკვდავებისა, აღბეჭდილობა არქეტიპისა, უძრავი ბეჭედი, უცვალებელი ხატი, მამის საზღვარი და სიტყვა მოდის თავისი ხატისკენ
(ἐπὶ τὴν ἰδίαν εἰκόνα)" (45-ე სიტყვა, A. 9, col. 633 C; შდრ. ეფრემის
თარგმანი: "თჳთ სიტყუაჲ ღმრთისაჲ, პირველ საუკუნეთაჲ, უხილავი,
გარეშეუწერელი, უჴორცოჲ, დასაბამისაგან დასაბამი, ნათლისაგან ნათელი,
წყაროჲ ცხორებისა და უკუდავებისაჲ, მსგავსებაჲ სახისდასაბამისაჲ (ექვთიმეს თარგმანით: "ხატი პირმშოჲსა მის შუენიერებისაჲ"), შეუძრველი ბეჭედი, უცვალებელი ხატი, საზღვარი და სიტყუაჲ მამისაჲ, მოვიდა ხატისა თჳსისა"24).
"ჩვენ,
დაცემულთ ცოდვის მიერ დასაბამიდან და სიამოვნების შედეგად წარტაცებულებს
ვიდრე კერპთმსახურებამდე და უსჯულო სისხლისღვრამდე (სიტყვ. "სისხლებამდე"),
გვესაჭიროებოდა კვლავ უკუხმობა და დასაბამიერისკენ უკუაყვანა
(ἔδει πάλιν ἀνακληθῆναι, καὶ πρὸς τὸ ἀρχαῖον ἐπαναχθῆναι; შდრ. ლათ.:
revocari ac in pristinum statum restitui oportebat)" (45-ე სიტყვა, თ.
12; col. 640 A; შდრ. ეფრემი: "ჩუენ, დასაბამითგან ცოდვისა მიერ დაცემულთა
და გემოვნებით წარპარულთა ვიდრე კერპთმსახურებამდე და უჯეროდ სისხლებად, გჳჴმდა კუალად აღმართებაჲ და დასაბამისადვე აღყვანებაჲ";
ექვთიმეს თარგმანი: "დავეცენით პირველ ცოდვისა მიერ გულისთქუმითა ბოროტითა
და ტყუე ვიქმნენით ეშმაკისა მიერ და მივიწიენით ვიდრე კერპთა
მსახურებადმდე და შესაწირავთა მათ და მსხუერპლთა საეშმაკოთა და სისხლთა
უშჯულოებისათა, რომელთა შევსწირევდით არაღმერთთა მათ მიმართ, ხოლო ჯერ-იყო კუალად პირველსა მას ბუნებასა და მეცნეირებასა დამბადებელისასა მოსლვაჲ ჩუენი").
მოვიტანთ
აქ გადმოცემული დიადი სწავლების რუსულ თარგმანსაც: "которые в начале пали
через грех и сластолюбие, вовлечены в идолопоклоничество и безаконное
кровопролитие, надлежало опять возвести и привести в первоначальное состояние" (Восточные Отцы и Учители 4 века, Т. 1, 1998, с. 488).
ამ ციტატაშიც კვლავ იგივე საღვთო მოძღვრებაა გადმოცემული: ღმერთი განკაცდა, რათა აღსრულდეს ადამიანური ბუნების "კვლავ უკუხმობა და დასაბამიერისკენ უკუაყვანა" ("კუალად აღმართებაჲ და დასაბამისადვე აღყვანებაჲ"), რაც შესანიშნავადაა გამოკვეთილი წმ. ექვთიმეს თარგმან-კომენტარშიც: ჩვენი კვლავ მიბრუნება ცოდვამდელი მდგომარეობისკენ ანუ "პირველი ბუნებისკენ" და ღვთისმცოდნეობისკენ ("მეცნიერებასა დამბადებელისასა").
კიდევ:
"დაჰბადებს
ცოცხალ არსებას (τὸ ζῶον), ერთს ორთაგან (ვამბობ - უხილავი და ხილული
ბუნებისგან), - ადამიანს, და მოიღებს იგი (შემოქმედი, ე.ჭ.) მისთვის სხეულს
უკვე წინდაწინ ქმნილი ნივთისგან, ხოლო თავისი თავისგან შთაუნერგავს მას ცხოვრებას, რაც გონისმიერ სულად და ხატად უწყის სიტყვამ (παρ' ἑαυτοῦ δὲ ζωὴν25
ἐνθεὶς, ὅ δὴ νοέραν ψυχὴν καὶ εἰκόνα θεοῦ οἶδεν ὁ λόγος)" (45-ე სიტყვა,
თ. 7; col. 632 A; 38-ე სიტყვა, თ. 11; col. 321 C-D; შდრ. ეფრემის
თარგმანი: "ცხოველი - ერთი ორთაგან, უხილავისა ვიტყჳ და ხილულისა ბუნებისა,
დაჰბადა კაცი და ნივთისაგან ეგერა პირველდაბადებულისა მიიხუნა ჴორცნი, ხოლო ცხორებაჲ თავით თჳსით შთადვა, რომელი საცნაურად სულად და ხატად ღმრთისა უწყის სიტყუამან";
შდრ. 38-ე სიტყვა, Jer. 15,16.1; შდრ. ექვთიმეს თარგმანი: "ცხოველი - ერთი
ორთაგანვე ბუნებათა, უხილავისა ვიტყჳ და ხილულისა, დაჰბადა კაცი და ჴორცნი
მისნი მოიხუნა ნივთისა მისგან პირველვე დაბადებულისა, ხოლო ცხორებაჲ თავადმან შთაჰბერა, რომელსაცა სულად გონიერად უხილავად და ხატად ღმრთისა უწესს სიტყუაჲ"26).
წმ.
გრიგოლი პირველქმნილ ადამიანს განუკუთვნებს არა მხოლოდ პირმშოხატისადმი
ზოგადად ხატებას, ზოგადად კეთილშობილებას, რაც მას მაცხოვრის განკაცებამ და
ნათლისღებამ აღუდგინა, არამედ, სახელდობრ, მამაღმერთისადმი მადლისმიერ შვილობასაც ანუ ძეობილობასაც (თუმცა ამას გარდაუვალად და თავისთავად გულისხმობს ხსენებული კეთილშობილება და პირმშოხატისადმი ხატობა).
დიდი მოძღვარი ჯერ კითხვას სვამს, თუ ვინ არის მიმღები ანუ ვინ იღებს ძისგან (იესო ქრისტესგან) დაღვრილ სისხლს:
"ხოლო
გამოსაძიებელია საქმე და დოგმატი, მრავალთა მიერ უგულებელყოფილი, ჩემს
მიერ კი ფრიად გამოსაკვლევი: ვისდამი იყო ჩვენს გამო [გაღებული] სისხლი და
ვისთვის დაიღვარა იგი...?"
პასუხი ამგვარია:
"ცხადია, რომ იღებს მას (ძისგან დაღვრილ სისხლს, ე.ჭ.) მამა,
არა მომთხოვნი, არა მთხოვნელი, არამედ - განგებულებისა გამო და იმის გამო,
რომ საჭირო იყო ადამიანის განწმენდა ღვთის ადამიანობით (ე.ი. ძეღმერთის
მიერ ადამიანური ბუნების მიღებით, ე.ჭ.), რათა გამოვეტაცეთ ჩვენ მას
(მამას), მძლავრებით შემპყრობს ტირანისას, და თავისი თავისკენ კვლავ აღვეყვანეთ (ἐπαναγάγῃ; შდრ. ლათ.: reduceret) ძის შუამდგომლობით, რომელმაც განაგო ეს პატივად მამისა" (45-ე სიტყვა, PG. 36. col. 653 B).
როგორც სრულიად აშკარადაა თქმული, განკაცების შემდეგ ძის
შუამდგომლობით მამისკენ ასვლა ადამიანისა არის არა პირველი, პირველადი,
ე.ი. არა აქამდე სრულიად არარსებული რამ, არამედ პირიქით - ხელახალი ანუ
ერთხელ უკვე არსებული და დაკარგული მდგომარეობის (მამისადმი ძის
შუამავლობით ადამიანის მადლისმიერი შვილობის) კვლავ მოპოვება ("კვლავ
აყვანა"), თუმცა გავიმეორებთ, რომ ეს კვლავ მოპოვებული პატივი ხარისხობრივად ანუ ღირსებითად (და არა არსობრივად) გაცილებით აღმატებულია თავდაპირველზე, პირველშესაქმისეულზე, რადგან უზენაესმა გამოსასყიდმა, მაცხოვრის სისხლმა შეგვძინა იგი.
ახლა დავიმოწმებთ ზემორე სიტყვათა ეფრემისეულ თარგმანს:
"...მამან
მიიღო (შდრ. ექვთიმეს თარგმანი: "მიითუალა სისხლი იგი ძისაჲ მამამან და
მას მიეცა"), არა თხოვით, არცა ძიებით, არამედ განგებულებისათჳს და
განწმენდის ჴუმევითა (შდრ. ექვთიმეს თარგმანი: "და რაჲთა განწმდეს...")
კაცისაჲთა განკაცებისა მიერ ღმრთისა, რაჲთა მიჴსნნეს ჩუენ მძლავრძლევითა
მძლავრისაჲთა და კუალადგებით თავისა მიმართ თჳსისა აღმიყვანნეს შუამდგომელობითა ძისა, პატივად მამისა ამისისა განმგებელისაჲთა" (A109,201.1).27
ამრიგად ეფრემი ბერძნულ ἐπανάγω-ს თარგმნის არა უბრალოდ "აღყვანებად", არამედ - ორი სიტყვით: "კუალადგებით აღყვანება", რაც ნიშნავს "კვლავ აღდგინებით აყვანას", რადგან ტერმინი "კუალადგებაჲ" (ზმნა: "კუალად-გება") ძველ ქართულ მწერლობაში ყოველთვის ხელახალ, კვლავ განმეორებულ ანდა უკუმიმართულ მოქმედებას
მიუთითებდა და სხვადასხვა ტერმინთან ერთად (ἀπόδωσις, ἀντιμισθία,
ἀναστοιχείωσις და სხვა), ყველაზე მეტად გადმოსცემდა ბერძნული
ἀποκατάστασις, რაც სწორედ დაკარგული მდგომარეობის კვლავღდგინების აღმნიშვნელი ცნებაა. მოგვაქვს ნიმუშები:
"აღუთქუა მას სამსახურებელი იგი უფლისაჲ კუალადგებად" (I ეზრა 4.44, შდრ. გამომცემლის, ც. ქურციკიძის განმარტება: "კუალად-გება - უკან მიცემა, დაბრუნება, იხ. ძველი აღთქმის აპოკრიფების ქართული ვერსიები, I, თბ. 1970, გვ. 440-441);
"კუალად-აგო (ἀπέδωκεν) ვეცხლი დედასა თჳსსა" (მსჯ. 17.4; შდრ. რუს.: "возвратил серебро матери своей";
"ვიდრე ჟამადმდე კუალადგებისა (ἀποκαταστάσεως)" (საქ. მოც. 3.21);
"ვინაჲთგან
ერთგზის მაღლისა მოქალაქობისაგან გამოეჴუას სული, სიტყჳსაებრ მათისა
(ერეტიკოსებისა, ე.ჭ.), ერთსა საზომსა სიბოროტისასა ზედა ვერღარა
დაადგრების, ვერცა ძალ-უც, არამედ ვნებათა სიყუარულითა პირმეტყუელობისაგან
პირუტყუ იქმნების და პირუტყუთაგან უსულოთა ბუნებად შეიცვალების და მათგან
სრულიად უძრავ იქმნების და მერმე სრულიად უარსებო და ესრეთ ყოვლითურთ
განილევის და განქარდების მათგან არსებაჲ სულისაჲ და კეთილისა მიმართ კუალადგებაჲ (ἐπάνοδος)28 სრულიად უღონო იქმნების" (წმ. გრიგოლ ნოსელი, დაბადებისათჳს კაცისა, წმ. გიორგი მთაწმიდლის თარგმანი, A73,196 v).
"და
სხუათა მრავალთა ესევითართა უნდოთა და შეურაცხთა სიტყუათა, და დიდისა მის
ღმრთისა ძლიერებისა და ჴელმწიფებისა უღირსთა, დამჴსნელად საღმრთოჲსა მის
მოძღურებისა წარმოიტყჳან, ვითარმცა ვერ ძალ-ედვა ღმერთსა კუალად მათვე
გზათა მიერ კუალადგებითა (ἀποκαταστῆσαι; შდრ. იგივე
შესატყვისი "შატბ. კრ.", 113.36) მიცემად კაცისა მის აგებულებისა ნივთსა და
არსებასა" (იქვე, A 73,190v-191).
"ვინაჲცა, ვითარცა ჯერ-არს,
არსთა არაარსისაგან დაბადებასა საღმრთოსა ძლიერებასა მივაჩემებთ და ამას
კმა-ვყოფთ ყოვლისა წილ; და ეგრეთვე, კუალადგებასა (ἀναστοιχείωσις, შდრ. "კუალადგებაჲ" - შატბ. კრ., გვ. 108.5) ყოვლისასა მისვე ძლიერებისა აღვიყვანებთ და არარას მოვიგონებთ სხუასა" (იქვე, A 73,183 v).
"რომლისაგანცა მოიღებს მადლსა, მასცა კუალად-აგებს (ἀντίδοσις)" (სევერიანე გაბალონელი, ექუსთა დღეთათჳს, თ. ჭყონიას მიერ გამოსაცემად მომზადებული ტექსტი, გვ. 119).
"კუალად-მაგნეს (ἀποδώσει) მე თქუენ ღმერთმან" (ბარუქ. 4.23, შდრ. მეორე რედაქცია: "კუალად-მომცნეს მე ღმერთმან"; შდრ. გელათური: "უკმომაგნეს თქუენ მე ღმერთმან"; იხ. გამომცემლის, ც. ქურციკიძის განმარტებანი: "კუალად-გება", "კუალად-მოცემა", "უკ-მოგება" - უკან მოცემა, დაბრუნება; იხ. ძველი აღთქმის აპოკრიფების ქართული ვერსიები, I, თბ. 1970, გვ. 440; 441; 467).
"კუალად-ეგენით
ადგილსავე თჳსსა მრთელად, ვითარცა პირველად იყვენით" (მამათა ცხორებანი,
თბ. 1975, გვ. 242.30; შდრ. გამომცემლის, ვ. იმნაიშვილის განმარტება: "კუალად-გება - ისევ აღდგენა, დაბრუნება (როგორც მანამდე იყო), ისევ დაბრუნება", გვ. 485).
"კუალადგება",
როგორც ἀποκατάστασις-ის ტერმინოლოგიური შესატყვისი, ყველა ქართველ
მთარგმნელთანაა გამოკვეთილი (იხ. თუნდაც ტერმინოლოგიური ასპექტით
უმნიშვნელოვანესი ძეგლი წმ. არსენ იყალთოელისა - "დოგმატიკონი":
ἀποκαταστήσῃ - კუალად-აგოს, 31v1; ἀποκαταστάσεως - კუალადგებისა, 270v1; შდრ. აგრეთვე არსენისგან თარგმნილი გიორგი ჰამარტოლის "ქრონოგრაფი": "კუალადგებისათჳს
- ἀποκατάστασιν, კ. კეკელიძის გამოც. 156.22; შდრ. პეტრიწის მიერ
თარგმნილი ნემესიოს ემესელის "ბუნებისათჳს კაცისა"; ἀποκαθίσταται - კუალადგებად, ს. გორგაძის გამოც., გვ. 150.2129; შდრ. XII ს-ის გელათურ სკოლაში თარგმნილი ამონიოს ერმისის შრომები: ἀποκαθίσταται - კუალადეგების, მ. რაფავას გამოც. გვ. 159.33; ἀποκατάστασις - კუალადგებაჲ, იქვე 149.29; 159.31 და სხვა და სხვა).
უთუოდ
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იოანე პეტრიწი თავისი მოღვაწეობის ბოლო ეტაპზე
(პროკლეს თარგმნა-კომენტირებისას) აღარ კმაყოფილდება ხსენებული
"აპოკატასტასისის" ტრადიციული ქართული შესატყვისით "კუალადგებაჲ" და
თუმცა მთლიანად არ უარყოფს მას, ამჯობინებს, რომ სრულიად მოულოდნელი
ნაბიჯი გადადგას და უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნული ბერძნული ტერმინი (ერთი
სიტყვა) მთელი წინადადებით გადმოიტანოს ქართულად, რომ ამ გზით მკითხველს ამომწურავად გადასცეს მისი უკუქცევითი და კვლავაღდგინებითი შინაარსი. მაგალითად:
ἀποκαταστατική ἐστι - "სადაჲთ იწყო, კუალად მუნვე უკუნქცევად არს" (119.9); καὶ ἀποκαταστατικός - "და სადჲთ იწყეს, კუალად გებაჲ" (119.22); ἀποκαταστάσεσιν - "სადაჲთ იწყო, მუნვე კუალად უკუნქცევათა" (118.31); ἀποκαταστάσεις - "სადაჲთ იწყო, კუალად მუნვე უკუნქცევითნი" (119.8) (ცალკე შესატყვისებად გვხვდება: "უკუნსაქცევი", "უკუდგომაჲ", "უკუნდგომილ ყოფა", "მიდგომა"; იხ. იოანე პეტრიწი, შრომები, I, თბ. 1940, გამოცემაზე დართული ს. ყაუხჩიშვილის ტერმინოლოგიური ლექსიკონი, გვ. 135).
თვით წმ. ეფრემ მცირესთან ἀποκατάστασις - "კუალადგებაჲ თითქმის აბსოლუტიზებული ტერმინთშესატყვისობაა. მაგალითად:
"...მათდა მიმართვე მოქცევისა და კუალადგებისა
(ἀποκαταστάσεως)" (წმ. დიონისე არეოპაგელი, საღმრთოთა სახელთათჳს, ს.
ენუქაშვილის გამოც. თბ. 1961, გვ. 32.12; შდრ. გამომცემლის, ს. ენუქაშვილის
განმარტება: "კუალადგება - აღდგენა, პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება", გვ. 275); "განარჩევს უკუე განფენითა და შემოჰკრებს კუალადგებითა (ἀποκαταστάσεσι)" (იქვე, 75.33); "თჳსადვე სამთავროდ კუალად-ეგების (ἀποκαθίσταται) მოუკლებელად" (იქვე, 173, 173.2); "...კუალად მუნვე ქცევით სრულმყოფელობით კუალადგებულისა (ἀποκαθιστάμενον)" (იქვე, 172.18).
წმ.
ეფრემი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის კვალობაზე, აღნიშნულ ტერმინს იყენებს
ზეცით მოსული მაცხოვრის კვლავ ზეცად მიბრუნების აღსანიშნავად:
"პირველ, ქრისტეს ვნებითა დიდებისა, და შემდგომად, დიდებისა აღდგომასა, და შემდგომად, ზეცად აღსლვისა ანუ კუალადგებისა (ἤ ἀποκατάστασιν)... ქრისტე რაჲ თავად თჳსსა კუალად აღვიდა" (გრიგოლ ღვთისმეტყველი, 41-ე სიტყვა, თ. 11).30
უაღრესად საგულისხმოა, რომ ეფრემი სხვაგანაც იყენებს აღნიშნულ ტერმინს ("კუალადგებაჲ")
იმავე გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიათა თარგმანებში და ბერძნული
შესატყვისი ტერმინოლოგიურად სწორედ ἀποκατάστασις-ია. აი, ერთი ნიმუში:
"...შემდგომად ზეცად აღსლვისა ანუ კუალადგებისა (ἀποκατάστασιν, ლათ. restitutionem)" (41-ე სიტყვა, თ. 11).31
რაც
შეეხება მეორე ნიმუშს, მასში წმ. გრიგოლი მოგვიწოდებს, რომ დავიცვათ
ნათლისღებისას წარმოთქმული აღსარება და აღთქმა უბიწოდ ცხოვრებისა, რადგან
ნათლისღება ერთგზისია და აღარ შეიძლება მეორედ ამ საიდუმლოს აღსრულება, ანუ
იგი ერთგზის აღმოშობს, ერთგზის აღმოდაბადებს, ერთგზის "კუალად-აგებს დასაბამისკენ" ადამიანს
და კვლავ განმეორება ამ ნათლისღებისა (ანუ აღმოშობისა, აღმოდაბადებისა და
დასაბამისკენ კვალადგებისა, ე. ი. დასაბამიერ მდგომარეობაში დაბრუნებისა)
აღარ არსებობს. ბერძნული ტექსტი ახალქართულად ასე ითარგმნება:
"თუ
საჭიროა მოკლედ თქმა, ნათლისღების ძალა უნდა გააზრებული იქნეს, როგორც
მეორე ცხოვრებისა და უფრო წმინდა მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება
ღმერთთან, რაც, ამიტომ, განსაკუთრებით საფრთხილოა და - საკუთარი სულიც
მთელი კრძალულებითაა დასაცველი ყველასგან, რათა არ გამოვჩნდეთ ამ აღსარების
განმაცრუებელნი, რადგან თუ ადამიანთა მიმართ32
აღთქმულს მტკიცეჰყოფს ღმერთი თავისი შუამდგომლობით, რაოდენი იქნება
საფრთხე, თუ ღვთისადმი დადებულ შეთანხმებათა დამრღვევნი აღმოვჩნდებით? და
არა მხოლოდ სხვა ცოდვებისთვის, არამედ თვით ამ სიცრუის გამოც დასჯილნი
ვიქნებით ჭეშმარიტებისგან, არ არსებობს რა, ამასთან, ხელმეორედ აღმოშობა,
არცთუ აღმოდაბადება და არც დასაბამისკენ კვლავაღდგინება (εἰς τὸ ἀρχαῖον ἀποκαταστάσεως; შდრ. ლათ.: in veterem statum restitutio)" (40-ე სიტყვა, თ. 8; col. 368).
ამრიგად, წმ. გრიგოლის ბრძანებით, ნათლისღება ესაა "აღმოშობა, აღმოდაბადება და დასაბამიერისკენ კვლავაღდგინება", ანუ, როგორც ეს შესანიშნავადაა მოცემული ლათინურ თარგმანში, "ძველ მდგომარეობაში აღდგინება".
ახლა მოვიტანთ ეფრემისეულ თარგმანს:
"ჯერ-არს
თუ შემოკლებულად თქუმაჲ, დაზავებაჲ ღმრთისა მიმართ მეორისა ცხორებისა და
უწმიდესისა მოქალაქობისა საგონებელ-იყავნ ძალი ნათლისღებისაჲ; ვინაჲცა
უფროჲს შეიშინებდინ და ყოვლითა კრძალულებითა დაიცევდინ თითოეული სულსა
თჳსსა, ნუსადა მტყუვარ გამოვჩნდეთ აღსაარებისა ამის, რამეთუ უკუეთუ
კაცთა-მიმართთა აღთქუმათა შეაბორკილებს ღმერთი შორის შემოყვანებითა თჳსითა,
რაოდენ ზღვევა გარდამავალყოფაჲ აღთქუმათაჲ მათ, რომელნი თჳთ მის ღმრთისა
მიმართ ვყვენით და არა ხოლო სხუათა ცოდვათათჳს, არამედ თჳთ ტყუვილისა
მისთჳსცა დასაშჯელ ვიქმნნეთ ჭეშმარიტებისა მიერ? და ესე - არღარა ყოფასა
მეორისა აღმოშობისასა, გინა აღმოდაბადებისა, არცა დასაბამისადვე კუალადგებისასა" (A-109,89v2; შდრ. ბოლო ნაწილის რუსული თარგმანი: Притом нет другого ни возрождения, ни воссоздания, ни восстановления в древнее состояние, დასახ. გამოც., გვ. 398).
მართლმადიდებლობის
სწავლებით ნათლისღების მადლი ღვთისადმი ძეობილობას გვანიჭებს.
შესაბამისად, თუ ნათლისღება თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნებაა, განა
ამითაც უეჭველი არ არის, რომ განკაცებული ღვთის მიერ ძეობილობის სულის ანუ
სულიწმინდის კვლავ მონიჭებით დასაბამიერი ანუ თავდაპირველი ძეობილობა
განგვიახლდება, როგორც ამას უნათლესად გვასწავლიან ზემოდამოწმებული
წმინდანები (წმ. იპოლიტე რომაელი, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ.
კირილე ალექსანდრიელი, წმ. იოანე დამასკელი, წმ. სვიმეონ მეტაფრასტი და
მრავალი სხვა), მათთან ერთად კი წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველიც?33
დავუბრუნდეთ ეფრემისეულ ტერმინს "კუალადგებით აღყვანებაჲ", რითაც თარგმნა მან ბერძნული ტერმინი ἐπανάγω. ამგვარი თარგმანით მან აშკარა გახადა, რომ პირველქმნილი
ადამიანი, ცოდვით დაცემამდე, მამაღმერთს ძის შუამდგომლობით თავისკენ
ჰყავდა ზეაყვანილი ანუ შვილებული. ეს მდგომარეობა, ცოდვისგან
გაუკუღმართებული, კვლავ აღდგა ძის განკაცების შემდეგ, როდესაც მამაღმერთმა
"კვლავ აგვიყვანა თავისი თავისკენ ძის შუამდგომლობით" (ეფრემის თარგმანით:
"კუალადგებით თავისა მიმართ თჳსისა აღმიყვანნეს შუამდგომლობითა ძისაჲთა").
ამრიგად, მაცხოვრის
მიერ ხდება ადამიანის "კუალადგება", ადამიანის კვლავაღდგინება დასაბამიერ
ძეობილობაში, ანუ, რაც იგივეა, დასაბამიერ ხატისებრობაში, ე.ი. თავდაპირველ
დიდებასა და ნეტარებაში. ეს სწავლება ურყევ რჯულდებადაა შეტანილი
კანონიკურ ძეგლში "რუის-ურბნისის კრების განჩინება":
"დიდებით
აღმავალმან ზეცად წარავლინნა ათორმეტნი მოწაფენი თჳსნი, რომელთაცა
მოციქულად უწოდა, რაჲთა ღმრთისმეცნიერებისა ნათლითა ყოვლითკერძო სოფლისაჲთ
განჴადონ ბნელი უღმრთოებისაჲ და სახელისა მიმართ წმიდისა სამებისა
ნათლისცემითა ასწაონ თაყუანისცემაჲ თანაარსისა ერთღმრთეებისაჲ და
დამარხვითა საცხორებელთა მცნებათაჲთა კუალად-აგნენ კაცნი პირველსავე ნეტარებითსა დიდებასა" (დიდი სჯულისკანონი, თბ. 1975, გვ. 544-545).
ეს
"პირველი ნეტარებითი დიდება", მაცხოვნებელი მოძღვრების და ნათლისღების
მადლით "კუალადგებული" ანუ აღდგინებული, იმავე რჯულდებითი ძეგლის მიხედვით,
მიუხედავად გრ. რუხაძის მკვეთრი საპირისპირო პოზიციისა, დასაბამიერი შვილობის განახლებაა, ანუ ზეცადმყოფი მაცხოვრისკენ ჩვენი ხელმეორე (და არა პირველი, როგორც ეს გრ. რუხაძეს ჰგონია) აყვანაა:
"რომელი-იგი ყრმათაცა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა და გუამად ერთისა მის ყოველთა თავისა გამოჩინებულნი მუნ აღმიყვანნეს კუალად, განჴორციელებითა თჳსითა, სადა-იგი თჳთ არს, თავი სასოებისა ჩუენისაჲ, და თანამოქალაქე მყვნეს წმიდათა და სახლეულ ღმრთისა და სამკჳდრებელად მისსა გამომაჩინნეს სულითა" (იქვე, გვ. 548).
რა შეიძლება იყოს აქ წარმოდგენილ სწავლებაზე ცხადი და უსარწმუნოესი? დიახ, მაცხოვარს თავისი განხორციელებით ანუ განკაცებით იქ ავყავართ კვლავ ("მუნ აღმიყვანნეს კუალად"), სადაც არის თვით ("სადა-იგი თჳთ არს").
დავუბრუნდეთ
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ტერმინს "ἐπανάγω", რაც გულისხმობს ადამიანის
კვლავ აყვანას მამაღმერთისკენ ძის შუამდგომლობით და რასაც ეფრემი ორი
სიტყვით გადმოსცემს: "კუალადგებით აღყვანება".
წმ. გრიგოლი იმავე ტერმინს მეორედაც მოუხმობს თავის 45-ე სიტყვაში. ტერმინის შინაარსი კვლავ იგივეა: ადამიანის, როგორც ზენა ცხოვრებიდან წარწყმედილი ცხვრის, კვლავ დაბრუნება იმავე ზენა ცხოვრებაში.
ამჯერად, ეფრემი ხსენებულ ბერძნულ ტერმინს ერთი შესატყვისით თარგმნის: "კუალად-გება". მოგვაქვს ციტატა:
"შეცთომილთათჳს მოვიდა მწყემსი კეთილი, რომელმან დადვა სული ცხოვართათჳს, მთათა ზედა და ბორცუთა, რომელთა ზედა უზორევდ, და ცთომილი პოვა და, პოვა რაჲ, მჴართა აღიღო, რომელთა ზედა ძელიცა, და აღიღო რაჲ, კუალად-აგო ზენად ცხორებად
(ἐπανήγαγεν ἐπὶ τὴν ἄνω ζωην; ლათ. თარგ. ad supernam vitam reduxit;
შდრ. რუს. თარგ.: "опять привел") და აღიყვანა რაჲ, მდგომთა თანა აღრაცხა,
რამეთუ სანთლად აღანთნა თჳსნი ჴორცნი და სახლი მოჰმზადა34 სოფლისა ცოდვათაგან განწმენდითა" (თ. 26).35
ამრიგად,
მაცხოვარი განკაცდა, რათა ზეციდან წარწყმედილი ცხვარი კვლავ ზენა
ცხოვრებაში დაებრუნებინა, ე.ი. წარწყმედისგან გამოეხსნა იგი, გადაერჩინა,
გაეთავისუფლებინა, გაეცოცხლებინა, ანუ კვლავ აღედგინა, განეახლებინა მისი ცხონებულობა.
ეს სწავლება, ჩვეული გამომსახველობითი და განსაცვიფრებელი
ტერმინთსიცხოველით აქვს გამოთქმული წმ. გრიგოლს თავის 44-ე სიტყვაში
(მოგვაქვს კვლავ ეფრემის თარგმანი):
"კაც-იქმნა ღმერთი და
დაგლახაკნა ჴორცად შეყინებითა (τῷ σὰρξ παγῆναι), რაჲთა ჩუენ მისითა
სიგლახაკითა განვმდიდრდეთ. ამიერ - სიკუდილი და დაფლვაჲ და აღდგომაჲ, ამიერ
- ახალი დაბადებული და დღესასწაულის შემდგომი დღესასწაული და კუალად მე, მედღესასწაულე, განვიახლებ ცხოვნებასა ჩემსა".36
დასკვნა
ვფიქრობთ, ზემოდამოწმებული მასალები გვიყალიბებს ურყევობას და სრულ გარკვეულობას იმასთან დაკავშირებით, რასაც ბრძანებს ბასილი დიდი: "ამის
გამოა ქრისტეს მოსვლა ხორცით, სახარებისეულ მოღვაწეობათა აღწერილობა,
ვნებანი, ჯვარი, დასაფლავება, აღდგომა, რათა ადამიანმა ცხონებულმა ქრისტეს
ბაძვის გზით, უკუმიიღოს ის დასაბამიერი ძეობილობა" (იხ. ზემოთ), ეს აღსრულდება სულიწმიდის მადლით, ძეობილობის სულის კვლავ შეძენით,37
ნათლისღებისმიერი განწმენდით, რადგან, იმავე მოძღვრის სწავლებით,
"სულიწმინდის მიერ ხდება სამოთხეში აღდგენა, ცათა სასუფეველში ასვლა, ძეობილობასთან დაბრუნება".
სწორედ წმ. ბასილის დოგმატური განჩინებით, "სულიწმინდა შთანერგავს
ცხოველმყოფელ ძალას, განაახლებს რა ჩვენს სულებს ცოდვისმიერი მკვიდრობიდან დასაბამიერი ცხოვრებისკენ.
სწორედ ესაა ზემოდან შობა წყლისა და სულისგან", (სწორედ ამის აღსრულებაა
სათნოებითი მოღვაწეობა, რაჟამს აღვიდგენთ დასაბამიერ და ცოდვით წახდენილ
ხატისებრობას ("უკუნ-ვსცეთ ხატსა ხატებაჲ"), რაჟამს, წმ. გრიგოლ ნოსელის თქმისებრ, "შთაგვეხატება ქრისტე, რომლის ხატისებრ38
ვიყავით დასაბამიდანვე და კვლავაც ვხდებით", რადგან დასაბამში ადამიანი,
ხატი ერთარსება სამებისა, ძეობილობის ნიშნით შეიქმნა საკუთრივ ბუნებითი
ძის, მამის უცვალებელი ხატის ხატად, პირმშოხატის ხატად ანუ შეიქმნა იგი ძე
ღმერთისებრ, მამაღმერთის იმ ხატისებრ, რომელიც მარადის ზე მყოფია და თავისი
თავისკენ მიმზიდველი, რომელიც დასაბამშიც შუამდგომლობდა ადამიანს
მამაღმერთისკენ და შემდეგშიც არ მიუტოვებია იგი, არამედ ხორცშესხმული
მოვიდა წარწყმედილ ცხვართან, რათა კვლავ ზენა ცხოვრებაში დავემკვიდრებინეთ
ჩვენ, რათა, რუის-ურბნისის კრების განჩინების თანახმად, "მუნ აღმიყვანნეს კუალად, განჴორციელებითა თჳსითა, სადა-იგი თჳთ არს, თავი სასოებისა ჩუენისაჲ",
ხოლო იგი მარადის იქ არის, სადაც არის მამა და სულიწმინდა. ესაა დაუსაბამო
სუფევა ყოვლადწმინდა სამებისა, ესაა ერთარსება ერთღმრთეება და ბუნებით
ერთხატება ღმერთი მარადის სამპიროვანი, სამგვამოვანი, სამხატოვანი.
-----------------------------------------------------------------------------------------------
შენიშვნები
1 - Sancti Gregorii Nazianzeni Opera, Versio Iberica, I, Brepols 1998, p. 11.
2
- ქართულ-რუსული ტექსტების ეს სხვაობა (პირველში "სამოსელი", მეორეში
"залог") დასტურდება სეპტუაგინტის რედაქციებშიც (A - ἱμάτιον - სამოსელი; B
- ἐνέχυρον - წინდი, გირაო).
3 - იხ. Sancti Gregorii... გვ. 67.
4 - ე.ი. იმის მსგავსებით, ვისკენაც ვისწრაფით, ვინც ჩვენი სწრაფვის მიზანია.
5
- შდრ. γίνεται νέος 'Αδαμ κατ'εἰκόνα τοῦ κτίσαντος αὐτόν. პავლე
მოციქულის სიტყვათა ძველი ქართული თარგმანი ასეთია: "შეიმოსეთ ახალი იგი,
განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის
დამბადებელისა მისისა". წმ. დოროთე გულისხმობს, რომ მაცხოვარმა თავის
კაცებაში, რაც ყოველგვარი ცოდვისგან თავისუფალი იყო, ადამიანებს აღუდგინა
ცოდვამდელი ადამის (ე.ი. პირველი ადამის), შემოქმედის ხატად ქმნილის,
შეურყვნელი ხატისებრობა. საგულისხმოა, რომ ბერძნული κατ' εικόνα
თარგმნილია, როგორც "მსგავსად ხატისა" (ყველა რედაქციაში).
6 - ტერმინ μεταδίδωμι-ს ქართულად თარგმნასთან დაკავშირებით იხ. ქვემოთ.
7 - ქვემოთ მოკლედ "განკაცების შესახებ".
8 - ს. ენუქაშვილს ძირითად ტექსტში შეტანილი აქვს "მიმცემელობითა", ხოლო CD ნუსხების წაკითხვა ("მიმცემელობათა") სქოლიოში აქვს ჩატანილი. სინამდვილეში, მართებულია ეს უკანასკნელი.
9 - არსენთან გამონაკლისების სახით შესატყვისებად გვხვდება: "მიჰმადლებს" (S 1463, 272v2); "განმყოფელად (μεταδοτικόν)" (იქვე 275.2).
10 - ერთგან გვხვდება "მიმცემელთა" (იქვე 108.21).
11 - როგორც ცნობილია, პეტრიწი ბერძნულ წინდებულს μετά, ჩვეულებრივ თარგმნის "თან" წინდებულით, მაშინ როცა გელათური სკოლა შესატყვისად გვაწვდის "გარდა"-ს (იშვიათად "წარ").
12 - ამიტომაა, რომ
ეფრემი შესატყვისად მოუხმობს, აგრეთვე, ტერმინს "განყოფა" (განუყოფს), რაც
სწორედ განაწილებას (გაუნაწილებს), ნაწილის მიცემას, ზიარყოფას ნიშნავს
(შდრ. რუსული საეკლესიო ტერმინი сообщить). ამიტომვე ახლავთ ზოგჯერ ძველ
ქართულ შესატყვისებს "გან" თანდებულიანი უბრალო დამატება: "მისცეს ერთისაგან მრავალთა"; "მისისა სიდიდისაგან მიმცემელობისა"; "მისცემს ყოველთა თავისა თჳსისაგან"; "მიმცემელობს თჳსისა ნათლისაგან"; "გარდაცემაჲ თჳსისა სიწმიდისაგან"; "ყოველთა გარდასცემს თჳსისა მოქმედებისაგან"; "გარდასცეს ვითარებისაგან" და სხვა (თუმცა, გაცილებით ხშირია პირდაპირი დამატება ან უთანდებულო ნათესაობით გამოხატული უბრალო დამატება; იხ. ზემოთ ნიმუშები).
13 - ამ მონაკვეთში ტერმინი "ხატისებრობა" არქეტიპად ანუ პირმშოხატად გულისხმობს "ხატს" - ძე ღმერთს, ანუ ადამიანის "ხატისებრობა" ("ხატის მიხედვით ქმნილობა") საკუთრივ ხატად
(რომლის მიხედვითაც იგი შეიქმნა) სწორედ ძე ღმერთს, იესო ქრისტეს
გულისხმობს. ეს შესანიშნავად ჩანს რუსულ თარგმანშიც, სადაც Образ მთავრული
ასოთია წარმოდგენილი ((Итак‚ что подобало сделать богу? Или чему
надлежало совершиться, как не обновлению созданного по Образу, чтобы через этот Образ люди опять могли познать Бога? А это могло ли совершиться, если бы не пришел Сам Образ Божий, Спасителъ наш Иисус Христос? ხაზი ყველგან ჩვენია, ე.ჭ.) (Восточные Отцы... დასახ. გამოც., გვ. 38).
14 - შდრ. ორიგინალი: ἔχων καὶ τὴν ἴδιαν ἐκ τοῦ πατρικοῦ Λόγου δύναμιν.
15 - შდრ. ἵνα τὸν κατ' αὐτὸν πεποιημένον ἄνθρωπον ἀνακαινίσῃ.
16 - ხელნაწერშია "აზნაურებით".
17 - Sancti Gregorii... p. 132-133.
18 - გადატანილი მნიშვნელობით ეს ტერმინი შეიძლება ნიშნავდეს ზოგადად კეთილობას, კეთილგვარობას.
19 - შდრ. წმ. გრიგოლის სიტყვები (ეფრემის თარგმანით): "მონის ხატი მიიღო, რაჲთა ჩუენ აზნაურებაჲ მოვიღოთ (τὴν ἐλευθερίαν ἀπολάβωμεν)" (Or. 1.5).
20 - "ხატის დაცვაზე" ამახვილებს ყურადღებას წმ. გრიგოლი თავის მე-19 სიტყვაშიც (მოგვაქვს ეფრემის თარგმანი): "პატივ-ვსცეთ ხატებასა, შევიკდიმოთ წოდებისაგან, გარდავცვალოთ ცხორებაჲ" (Sancti Gregorii... p. 177; იქვე ექვთიმეს თარგმანი).
21 - Sancti Gregorii... Versio Iberica, I, p. 61.
22 - იქვე.
23
- ტერმინი ἐπάνοδος გვხვდება, აგრეთვე, წმ. გრიგოლ ნოსელის შრომაში
"ადამიანის შექმნის შესახებ", რასაც ხსენებული ძეგლის უძველეს ქართულ
თარგმანში გადმოსცემს ტერმინი "კუალადაქცევაჲ" (შატ. კრ. 117.34), ხოლო წმ.
გიორგი მთაწმინდელთან - "კუალადგებაჲ" (ნ. შალამბერიძის მიერ გამოსაცემად
მომზადებული ტექსტი, გვ. 129; ხელნ. A 73,196 v; ციტატა იხ. ქვემოთ).
24 - Sancti Gregorii... p. 70-73.
25 -
ბერძნულ ხელნაწერთა დიდ ნაწილში გვაქვს არა ζωή (ცხოვრება, სიცოცხლე).
არამედ - πνοή (სული, სუნთქვა, მობერილობა) (შდრ. შესაქ. 2.7;
ἐνεφύσησεν... πνοὴν ζωῆς). სწორედ πνοή არის ძირითად ტექსტშიც (ζωή
სქოლიოშია ჩატანილი, col. 631, n. 290). ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ζωή-ს,
რადგან ასევე გვაქვს ეფრემთანაც და ექვთიმესთანაც ("ცხორებაჲ").
"შესაქმის" შესაბამისი მუხლი (2.7) ქართულ ხელნაწერებში არსებითად მხოლოდ
გელათური თარგმანითაა მოღწეული (ოშკურს აკლია): "შთაბერა... სული სიცოცხლისა". საყურადღებოა ლექციონარის ტექსტი: "შთაჰბერა... სული ცხოველი" (იხ. ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი, ტ. I, ნაწ. II, თბ. 1997, გვ. 297).
26 - Sancti Gregorii, დასახ. გამოც. გვ. 46-49.
27 - Sancti Gregorii... გვ. 125.
28 - შდრ. "შატბერდის კრებული", გვ. 47.34; "კუალადქცევაჲ".
29 - საყურადღებოა პეტრიწის მეორე შესატყვისიც: "თჳსადვე მოეგებვის" (67.7; ბერძნ. ἀποκαθίσταται).
30 - იხ. Sancti Gregorii... p. 267.
31 - Sancti Gregorii..., გვ. 267 (ბერძნ. col. 444 B).
32 - იგულისხმება ადამიანის აღთქმა ადამიანის მიმართ.
33 - კვლავ აღვნიშნავთ, რომ ნათლისღებას, როგორც ძეობილობის მომნიჭებელს ანუ კვლავაღმდგენელს, სხვა საღვთო სახელებთან ერთად "ძეობილობაც" ეწოდება. განმეორებით დავიმოწმებთ წმ. სვიმეონ თესალონიკელის სწავლებას: "უსამღვდელოესი ნათლისღება აღმოშობაც არის, აღმოდაბადებაც, განწმენდაც, განათლებაც, ძეობილობაც (υἱοθεσία), მადლიც, წმინდამყოფელობაც და კიდევ მრავალი სხვა, რაც კი მამებს უთქვამთ" (საიდუმლოთა შესახებ, PG. 155, col. 21 C).
34 - შდრ. ლუკა. 15.18: "არა-მე აღანთისა სანთელი და მოჰმართის სახლი და ეძიებნ გულსმოდგინედ, ვიდრემდე პოის იგი?"
35 - Sancti Gregorii, დასახ. გამოც., გვ. 139-141.
36 - Sancti Gregorii..., გვ. 177. შდრ.: "ძელი წმიდა-ყოს და გემოსა სძლოს და ადამ აცხოვნოს და ხატსა დაცემულსა აღმოუწოდოს" (შდრ. ექვთიმეს თარგმანი: "...ადამ აღადგინოს და ხატი იგი დაცემული აღმართოს" (24-ე სიტყვა, თ.4; Sancti Gregorii... p. 78-79).
37 - წმ. დავით აღმაშენებლის "გალობანში" ანალოგიური შინაარსით გვხვდება უაღრესად საყურადღებო გამოთქმა: "სული კუალადგებისაჲ" ("განჴმელთა მოჰბერა სული კუალადგებისაჲ", ძველი ქართული ლიტ. ქრესტ., ტ. 6, გვ. 376; ხელნაწერთა ერთ ჯგუფში არის "სული კუალადშობისაჲ").
38
- მოკლედ შევნიშნავთ, რომ წინამდებარე ნაშრომში, თანახმად შთამბეჭდავი
ტერმინოლოგიური ტრადიციისა (არსენი, გელათური სკოლა), ტერმინებით: "ხატი" და "მსგავსება" გადმოვცემთ ბერძნულ εἰκών-ს და ὁμοίωσις-ს, ხოლო ტერმინებით: "ხატისებრობა" და "მსგავსებისებრობა" - გასუბსტანტივებულ გამონათქვამებს: τὸ κατ' εἰκόνα და τὸ καθ' ὁμοίωσιν.
ედიშერ ჭელიძე - "მართლმადიდებლური ხატმეტყველება"
თბილისი, 2001 წ.
No comments:
Post a Comment