Thursday, January 31, 2019

ედიშერ ჭელიძე - აპოკრიფულ წიგნთა ექვთიმე ათონელისეული ინდექსი

XI ს-ის დამდეგს ეკლესიის დიდ მამას ექვთიმე ათონელს გიორგი ჭყონდიდელისათვის (მეორე წყაროთი თეოდორე საბაწმინდელისათვის) გაუგზავნია წერილი, რომელშიც ათონელი მოძღვარი ეხება საეკლესიო ცხოვრებასთან, ღვთისმსახურებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებს. აღნიშნული წერილი განსაკუთრებით ფასეულია ქრისტიანული მწერლობის ისტორიისათვის, რამდენადაც მისი პირველი ნაწილი შეიცავს ეკლესიის მიერ შეუწყნარებელ წიგნთა ინდექსს.

ექვთიმეს ინდექსმა ჩვენამდე მოაღწია მოკლე და ვრცელი რედაქციების სახით. მოკლე რედაქცია დაცულია ორ უძელეს ნუსხაში: Ath. 79 (XI ს.)1, A-737 (XIII ს.)2. ვრცელი რედაქცია შემოგვინახა XVII ს-ის ხელნაწერმა A-4503.

ინდექსში დასახელებულია შემდეგი აპოკრიფულ-მწვალებლური თხზულებები: (1) ორიგენეს "მრავალი წიგნი", (2) ევსები პამფილის "წიგნი", (3) ანტიოქიის მოქცევა, (4) თომას სახარება, (5) წიგნი "აბუკუროვა", (6) პავლეს მიერ ცათა მოხილვა, (7) ადამის ცხოვრება, (8) სიყრმე უფლისა, (9) მათესა და ანდრიას "საქმენი", (10) გიორგის წამება, (11) კვირიკეს წამება. თითოეულ დასახელებას ახლავს მცირე კომენტარი.

რამდენადაც ინდექსის მოკლე რედაქცია უძველესი ნუსხებითაა წარმოდგენილი, ცხადია, ტექსტის დადგენისას უპირატესობა მას ენიჭება, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ფაქტობრივი მონაცემების თვალსაზრისით აღნიშნულ ორ რედაქციას შორის სხვაობა არ არის.

ყურადღებას იქცევს შემდეგი საკითხი: რა დამოკიდებულებას ამჟღავნებს ექვთიმეს ინდექსი ბერძნულ-ლათინურ ინდექსებთან, ორიგინალური ძეგლია იგი თუ ნათარგმნი?

როგორც ზემოჩამოთვლილი წიგნებიდან ჩანს, ექვთიმე თავის ინდექსში ძველი აღთქმის აპოკრიფებს გვერდს უვლის (თუ მხედველობაში არ მივიღებთ "ადამის ცხოვრებას"). ამდენად, ბერძნული ინდექსების ის ნაწილი, რომელიც ძველ აღთქმას ეხება, ჩვენთვის საინტერესო არ არის.

ცნობილია, რომ საეკლესიო მოღვაწეებმა ადრეულ პერიოდშივე დაიწყეს აპოკრიფული წიგნების კანონიკურისგან გამორჩევა. ირინეოს ლიონელი, კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე, იპოლიტე რომაელი, ეპიფანე სალამიტელი და სხვები მიუთითებდნენ ერეტიკოსებს შორის გავრცელებულ მრავალ თხზულებას, რომლებსაც კათოლიკე ეკლესია არ იწყნარებდა. IV ს-დან დაიწყეს სპეციალური ინდექსების შედგენა. თხზულება Constitutiones Apostolicae, რომელიც IV ს-ის მიწურულს უნდა მიეკუთვნებოდეს, ახალი აღთქმის აპოკრიფებთან დაკავშირებით ძირითადად ზოგად მითითებას იძლევა: ταῦτα πάντα ἐπεστείλαμεν ὑμῖν, ἵνα εἰδέναι ἔχοιτε τὴν ἡμετέραν γνώμην, οἵα τίς ἐστι, καὶ τὰ ἐπ' ὀνόματι ἡμῶν παρὰ τῶν ἀσεβῶν κρατυθέντα βιβλία μὴ παραδέχεσθαι (Lib. VI, Cap. XVI; PG. I, col. 949).

ქრისტიანულ აღმოსავლეთში განსაკუთრებით პოპულარული იყო ე.წ. სამოცი წიგნის ინდექსი (περὶ τῶν ξ' βιβλίων καὶ ὅσα τούτων ἐκτός), რომელშიც კანონიკურ თხზულებათა ჩამოთვლის შემდეგ დასახელებულია ჯერ "გარეშე წიგნები" (ὅσα ἔξω τῶν ξʹ), ხოლო შემდეგ აპოკრიფები (καὶ ὅσα ἀπόκρυφα). ა.-მ. დენის მითითებით "on peut la situer vers l'année 500"4 ("შესაძლებელია, რომ იგი დავათარიღოთ დაახლ. 500 წ-ით"). მ.რ. ჯეიმსი მას VII ს-ით ათარიღებს: "it is as old the seventh century"5. აღნიშნული ინდექსი ახალი აღთქმის აპოკრიფებიდან ჩამოთვლის შემდეგ თხზულებებს: ’Ιακώβου ἱστορία, Πετρόυ ἀποκάλυψις, Περίοδοι καὶ διδαχαὶ τῶν ἀποστόλων, Βαρνάβα ἐπιστολή (ბარნაბას სახელით ცნობილ თხზულებას მიუთითებს Constitutiones Apostolicae-ც: Βαρνάβα τινα ὀνόματα ἐγγράφοντες), Παύλου πρᾶξις, Παύλου ἀποκάλυψις, Διδασκαλία Κλήμεντος, ’Ιγνατίου διδασκαλία, Πολυκάρπου διδασκαλία, Ευαγγέλιον κατά Βαρνάβα, Ευαγγέλιον κατά Ματθίαν.6

შუა საუკუნეებში ცნობილი იყო აგრეთვე, ათანასე ალექსანდრიელის ავტორობით ცნობილი "სინოპსისი", რომელიც VI ს-ით თარიღდება7. იგი ახალი აღთქმის შემდეგ "საკამათო" (ἀντιλεγόμενα) თხზულებებს გვამცნობს: Περίοδοι Πέτρου, Περίοδοι Ἰωάννου, Περίοδοι Θωμᾶ, Εὐαγγέλιον κατὰ Θωμᾶ, Διδαχὴ ἀποστόλων, Κλημέντια (PG. XVIII, col. 432).

IX ს-ის დამდეგს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ნიკიფორემ (806-815) თავის "ქრონოგრაფიას" დაურთო სტიქომეტრია8, რომელიც წარმოშობით IV ს-ზე გვიანდელი არ უნდა იყოს9. მასში დასახელებულია ახალი აღთქმის 14 "საკამათო" და "აპოკრიფული"წიგნი: "’Αποκάλυψις  ’Ιωάννου, ’Αποκάλυψις Πέτρου, Βαρνάβα ἐπιστολή, Εὐαγγέλιον κατά ἑβραίους, Περίοδος Παύλου, Περίοδος Πέτρου, Περίοδος ’Ιωάννου, Περίοδος Θωμᾶ, Εὐαγγέλιον κατά Θῶμαν, Διδαχὴ ἀποστόλων, Κλήμεντος, ’Ιγνατίου, Πολυκάρπου, ’Ερμᾶ".

თ. ცანის მიერ გამოკვლეულია, რომ ზემოაღნიშნული ბერძნული ინდექსები საერთო არქეტიპიდან მომდინარეობენ, რომელიც აღმოცენებული უნდა იყოს პალესტინაში 390-550 წლებს შორის10.

ლათინურ სამყაროში გავრცელებული იყო გელასი პაპის დეკრეტში დაცული სია აპოკრიფულ-მწვალებლური თხზულებებისა. მკვლევართა აზრით, იგი ბერძნული ინდექსებისაგან დამოუკიდებელია და უნდა წარმოქმნილიყო იტალიაში VI ს-ში. აღნიშნული დეკრეტი შეიცავს აპოკრიფთა ყველაზე ვრცელ სიას. ახალი აღთქმის არაკანონიკური ძეგლებიდან მასში დასახელებულია: Itinerarium Petri, Actus Thomae, Actus Petri, Actus Philippi, Euangelia Matthiae, Euangelia Barnabae, Euangelia Iacobi, Euangelia Petri, Euangelia Thomae, Euangelia Andreae, Euangelia Bartholomaei, Euangelia Hesychius, Liber de infantia saluatoris, Liber de infantia saluatorus et de Maria uel obstetrice, Liber pastoris, Libri Leucii, Fundamentum, Thesaurus, Actus Pauli et Thecla, Reuelatio sancti Pauli, Reuelatio sancti Stephani, Transitus sanctae Mariae, Sortes Apostolorum, Lusus apostolorum, Canones Apostolorum, Epistula lesu ad Abgarum, Passio sancti Cyrici et Iulittae, Passio sancti Georgii11. შემდეგ ინდექსში დასახელებულია მრავალი მწვალებელი.

აპოკრიფულ წიგნთა ინდექსები ცნობილია სომხურ და სლავურ მწერლობაშიც. უძველესი სომხური ინდექსი მხითარ აირივანკელს შეუტანია მის მიერ 1290 წ-ს შედგენილ "ქრონიკაში". იგი "ძლიერ ემსგავსება" (fort semblable) ზემოაღნიშნულ ბერძნულ ინდექსებს, მომდინარეობს მათგან12. რაც შეეხება სლავურ ინდექსებს, ისინი წარმოადგენენ ე.წ. "სამოცი წიგნის" ბერძნული ინდექსის ვარიაციებს. როგორც მიუთითებს W. Ludtke, "Dieser Index (იგულისხმება 60 წიგნის ინდექსი) ist in mehreren Redactionen bei den Slaven zu finden"13. აღნიშნული ინდექსის ავტორად სლავურ თარგმანში ვინმე "ისიდორე" არის წარმოდგენილი. სვიატოსლავის 1073 წლის კრებული მთლიანად შეიცავს მას შემდეგი სათაურით: "ისიდორე 60 წიგნის შესახებ"14. ახალი აღთქმის აპოკრიფები სლავური ინდექსის ადრეულ ნუსხებში ზედმიწევნით ემთხვევა ბერძნულს15.

ქართულ სამყაროში, დღეისათვის ცნობილი მასალების მიხედვით, არსებობდა აპოკრიფულ წიგნთა მხოლოდ ერთი ინდექსი, - ექვთიმე ათონელის ავტორობით ცნობილი. როგორ მიემართება იგი ზემოაღნიშნულ ინდექსებს?

პირველივე დაკვირვებიდან აშკარა ხდება, რომ აპოკრიფთა ექვთიმესეული ნუსხა სრულიად განსხვავდება ბერძნულ-სომხურ-სლავური ინდექსებისაგან, არსად არ ამჟღავნებს მათზე დამოკიდებულებას.

ექვთიმეს ინდექსი რომ თარგმანს წარმოადგენდეს, საფიქრებელია, მისი დედანი ყოფილიყო რომელიმე ბერძნული ინდექსი: ათანასეს "სინოპსისი", ნიკიფორეს სტიქომეტრია ან, ყველაზე მეტად, ინდექსი "სამოცი წიგნისა", რომელიც საყოველთაო გავრცელებით სარგებლობდა ქრისტიანულ აღმოსავლეთში (იგივე ინდექსი ითარგმნა სლავურად). მისი უძველესი ნუსხები X ს.-ს. განეკუთვნება. ეს ინდექსი ხშირად მეორდებოდა მომდევნო საუკუნეებში (souvent reproduit au moyen âge16). ათანასეს "სინოპსისთან" და ნიკიფორეს სტიქომეტრიასთან ექვთიმეს ინდექსს საერთო აქვს მხოლოდ ერთ თხზულება, სათაურით "თომას სახარება". ასევე, მხოლოდ ერთი დასახელება აქვს მას საერთო "სამოცი წიგნის" ინდექსთან, - "პავლეს აპოკალიფსი". მთლიანად, ბერძნული ინდექსების ცხრამეტი დასახელებიდან ჩვიდმეტი უცნობია ექვთიმეს ინდექსისათვის.

მეტ მსგავსებას ამჟღავნებს ექვთიმეს შრომა გელასი პაპის დეკრეტთან17, თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს.

უპირველესად მსგავსების შესახებ.

ექვთიმეს ინდექსში ჩამოთვლილი წიგნების ნაწილი გელასი პაპის დეკრეტშიც დასტურდება.

გელასის დეკრეტი                                                       ექვთიმეს ინდექსი
1. Origenis opuscula                                               ორიგენეს "მრავალი წიგნი"
2. Historia Eusebii Pamphili                                   ევსევი პანფილის "წიგნი"
3. Reuelatio Pauli                                                    "პავლეს ცათა მოხილვა"
4. Euangelia nomine Thomae                                  "თომას სახარება"
5. Liber de infantia Saluatoris                                 "სიყრმე უფლისა"
6. Passio sancti Georgii                                           "წმიდისა გიორგის წამება"
7. Oassio sancti Cyrici et Iulittae                             "წამება კვირიკესი"

როგორც ვხედავთ, ექვთიმეს მიერ დასახელებული თხზულებებიდან შვიდს შესატყვისი ეძებნება დეკრეტში. რით შეიძლება აიხსნას ამგვარი მსგავსება?

უპირველესად, გასათალისწინებელია ის გარემოება, რომ თუ ექვთიმეს სურვილი იყო საბერძნეთის ეკლესიის მიერ შეუწყნარებელი წიგნების სია შეედგინა (ინდექსში ვკითხულობთ: "ეკლესიაჲ საბერძნეთისაჲ არა შეიწყნარებს"), ცხადია მას უნდა გამოეყენებინა ბერძნულ სამყაროში გავრცელებული ინდექსები. ლათინური წყაროთი სარგებლობა ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, სავარაუდო არ არის (ლათინური წყაროს არ ვარაუდობს არც კ. კეკელიძე18). ექვთიმეს ინდექსისა და გელასის დეკრეტის მსგავსება, ვფიქრობთ, არ უნდა აიხსნას იმით, რომ ექვთიმე თარგმნიდა გელასის ტექსტს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას, რომ გელასის დეკრეტი ბერძნული ინდექსებისაგან განსხვავებით მეტად ვრცელია. მას სისრულის პრეტენზია აქვს. გელასის დეკრეტში აღნუსხულია VI ს-ისთვის ცნობილი მწვალებლურ-აპოკრიფული თხზულებების აბსოლუტური უმრავლესობა. რაც შეეხება ბერძნულ ინდექსებს, მათში ახალი აღთქმის აპოკრიფები მინიმუმადეა დაყვანილი, ხოლო მწვალებლური წიგნები საერთოდ არ იხსენიება. გელასის დეკრეტში ახალი აღთქმის 30-მდე აპოკრიფული შრომაა დასახელებული, ნიკიფორეს ინდექსში - მხოლოდ 14, ხოლო "სამოცი წიგნის" ინდექსში - 11 (ექვთიმეს ინდექსი ახალი აღთქმის 10 აპოკრიფს ასახელებს).

საკითხის გასარკვევად აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია, რამდენადაც თუ შევადარებთ ცალ-ცალკე ნიკიფორეს, "სამოცი წიგნის", ანდა სინოპსისის ინდექსებს გელასის დეკრეტთან, ზუსტად ისეთსავე "მსგავსებას" აღმოვაჩენთ მათ შორის, როგორც ეს ექვთიმეს შრომასთან დაკავშირებით ვნახეთ, თუმცა ცნობილია, რომ ნიკიფორეს და "სამოცი წიგნის" ინდექსები გელასის ინდექსიდან არ მომდინარეობენ, მათ დამოუკიდებელი წარმოშობა აქვთ19.

მაგალითად, "60 წიგნის" ინდექსის 11 დასახელებიდან შვიდს შესატყვისი ეძებნება გელასის დეკრეტში. ამდენივე თხზულებაა საერთო გელასის დეკრეტსა და ნიკიფორეს სტიქომეტრიას შორის. ასევე ფსევდო-ათანასეს სინოპსისის ექვსი წიგნიდან ოთხს გელასის დეკრეტიც იხსენიებს.

საქმე ისაა, რომ აღნიშნულ დეკრეტში აპოკრიფთა უმრავლესობაა შემოკრებილი. ცხადია, მასში თავისთავად აღმოჩნდა იმ აპოკრიფთა უდიდესი ნაწილი, რომლებსაც ბერძნულ-ქართული ინდექსები ასახელებს; ვფიქრობთ, სწორედ ამ მიზეზით აიხსნება მათ შორის გამოვლენილი მსგავსება. ბერძნული ინდექსები გელასის დეკრეტზე ადრე არიან წარმოქმნილნი პალესტინაში, მაგრამ აღნიშნული დეკრეტი, რომელიც იტალიური წარმოშობისაა, მათ არ იყენებს. გელასის ინდექსის წყაროა საეკლესიო მამათა ცალკეული შრომები, განსაკუთრებით კი იერონიმეს თხზულებები20.

ჩვენი აზრით, ექვთიმეს ინდექსი არ უნდა წარმოადგენდეს გელასის დეკრეტში დაცული ინდექსის შემოკლებულ თარგმანს. ამას მხარს უჭერს, უპირველესად, ის ფაქტი, რომ ექვთიმეს შრომის რამდენიმე დასახელება ("ანტიოქიის მოქცევა", წიგნი "აბუკუროვა", მათესა და ანდრიას აქტები) გელასის ინდექსში არ იხსენიება და, ცხადია, მისგან არ მომდინარეობს. ამასთან, გელასის შრომის 31 დასახელებიდან ოცდაოთხი არ ასახულა ექვთიმეს ინდექსში და მათგან ზოგი ისეთიც, რომელთა ქართული თარგმანების არსებობა ექვთიმესთვის ცნობილი იქნებოდა. ასეთია, მაგალითად, თხზულება Actus Pauli et Theclae21. ეს აპოკრიფი ძველ ქართულ მწერლობაში საკმაოდ გავრცელებული იყო. მოღწეულია მისი ორი რედაქცია22. პირველი რედაქციის ერთი ნუსხა, სხვათაშორის, დაცულია X ს-ის ცნობილ ათონურ ხელნაწერში (Ath. 8), რომელზეც, საფიქრებელია, ხელი მიუწვდებოდა ექვთიმეს. ასევე, გელასის დეკრეტში აპოკრიფთა შორის დასახელებულია ქრისტიანულ მწერლობაში კარგად ცნობილი თხზულება "Physiologus", რომელიც ქართულად უძველეს პერიოდში ითარგმნა (შემონახულია ხუთ ხელნაწერში23) და რომელიც, თუ ქართულად არა, ბერძნულად მაინც, უეჭველად ეცოდინებოდა ექვთიმეს. მიზანშეწონილი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ათონელი მოძღვარი აღნიშნულ ძეგლებსაც დაასახელებდა ეკლესიისგან შეუწყნარებელ წიგნთა შორის, მას რომ გელასის დეკრეტი გამოეყენებინა სათარგმნელ წყაროდ.

მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოებასაც, რომ გელასის დეკრეტში დასახელებული ორი "შეუწყნარებელი" თხზულება თვით ექვთიმეს უთარგმნია ქართულად. ერთ-ერთი მათგანია ქრისტიანულ მწერლობაში კარგად ცნობილი Epistula lesu ad Abgarum24. ეს აპოკრიფი ქართულ სამყაროს ექვთიმემაც გააცნო25. მეტ ყურადღებას იქცევს დეკრეტის აპოკრიფთა სიაში მეორე ადგილზე დასახელებული თხზულება Itinerarium Petri nomine apostoli quod appelantur sancti Clementis libri26.

როგორც ცნობილია, ეს ძეგლი წარმოადგენს კლიმენტი რომაელის ავტორობით ცნობილ "Recognitiones"27, რომელიც "კლიმენტინური ლიტერატურის" ნაწილს შეადგენს. ამავე "ლიტერატურის" სხვა ნაწილები, ბერძნული ინდექსების მიერ, აპოკრიფად იყო გამოცხადებული. სამოცი წიგნის ინდექსი უთითებს თხზულებას "Διδασκαλία Κλήμεντος". ასევე, ნიკიფორეს სტიქომეტრიაში მითითებულია "Κλήμεντος", რომელშიც მ. ჯეიმსის აზრით ორი ფსევდო-კლიმენტინური ეპისტოლე იგულისხმება28.

ფსევდო-ათანასეს "სინოპსისში" აპოკრიფულადაა წარმოდგენილი "კლემენტური ნაწერები" (Κλημέντια).

ცნობილია, რომ სახელწოდება Κλημέντια გულისხმობს, "კლემენტინური ლიტერატურის" იმ ნაწილს, რომელიც შეიცავს ფსევდო-კლიმენტის მიერ ჩაწერილ პეტრეს "Homiliae"-ს, "Recognitiones" და მათზე დაყრდნობით შექმნილ "Epitome"-ს29, ე.ი. "სინოპსისი", ამ მხრივ, ეხმაურება გელასის დეკრეტს.

როგორც ვხედავთ, "კლემენტინური ლიტერატურის" დიდი ნაწილი, მათ შორის, რომანული ხასიათის "Homiliae", "Recognitiones" და "Epitome" ბერძნულ-ლათინური ინდექსების მიერ ერთხმად იყო გამოცხადებული აპოკრიფულ ძეგლად.

ძველ ქართულ მწერლობაში ცნობილია პეტრე მოციქულის აპოკრიფული აქტების ერთი რედაქცია, რომელიც შემდეგ სათაურს ატარებს: "თქუმული წმიდისა და ნეტარისა მღდელმოწამისა კლემენტოს ჰრომთა პაპისა და წმიდისა მოციქულისა პეტრესი მოწაფისაჲ, თუ ვითარ სახედ დაემოწაფა იგი წმიდასა მოციქულსა პეტრეს, რომელი-ესე მიუწერა ჰრომით იერუსალჱმს..."30 კ. კეკელიძის მიერ შენიშნულია, რომ "აქ ჩვენ გვაქვს ნაწყვეტი ეგრეთ წოდებული კლემენტინებისა"31. მართლაც, ეს თხზულება წარმოადგენს ფსევდო-კლიმენტის "Epitome"-ს, რომელიც ზედწერილის მიხედვით კლიმენტის რომიდან იერუსალიმში გაუგზავნია იაკობ მოციქულისათვის32. საგულისხმო ისაა, რომ ბერძნულ-ლათინური ინდექსების მიერ აპოკრიფად გამოცხადებული "კლემენტინები" ქართულად სწორედ ექვთიმე ათონელმა თარგმნა33. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ ექვთიმეს ინდექსის ვრცელ რედაქციაში იქ, სადაც აპოკრიფი "ანტიოქიის მოქცევა" არის დასახელებული, დართულია კომენტარი: "ჭეშმარიტი ანტიოქიისა მოქცევაჲ იგი არს, რომელსა კლემენტოს იტყჳს"34. კ. კეკელიძის აზრით, კლიმენტის მიერ თქმული "ჭეშმარიტი ანტიოქიის მოქცევა" უეჭველად გულისხმობს ექვთიმეს მიერ ნათარგმნ "კლემენტინებს"35, ეს გარემოება კი ცხადყოფს, რომ ფსევდო-კლემენტინურ ლიტერატურას ექვთიმე ათონელის მიერ ქართულ მწერლობაში შეწყნარებული თხზულების მნიშვნელობა მოუპოვებია, რაც ძნელი ასახსნელი იქნებოდა, თუ ვიფიქრებდით, რომ ათონელი მოძღვარი არაკანონიკურ წიგნთა გამორჩევისას ლათინური ინდექსით იფარგლებოდა.

ცხადია, აღნიშნული არ გამორიცხავს იმას, რომ ექვთიმე იცნობდა აპოკრიფული წიგნების ინდექსებს. უეჭველია, მან, ისევე, როგორც ყველა ორთოდოქსმა მოძღვარმა, ზოგადად ეკლესიის მიერ შეუწყნარებელი წიგნები კარგად უწყოდა. კერძოდ, საფიქრელია მისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ზემოთ არაერთგზის აღნიშნული "60 წიგნის" ინდექსი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა.

ექვთიმეს შრომაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ქართული ეკლესიისათვის ინდექსის შედგენისას ათონელმა მოძღვარმა, ერთი მხრივ, გვერდი აუარა ბერძნულ-ლათინური ინდექსების მრავალ დასახელებას, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც თუმცა აღნიშნული ინდექსების მიხედვით არაკანონიკურ თხზულებებს მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ აღმოსავლური ეკლესიის ლიტერატურული ტრადიციის მიერ უარყოფილი არ იყო; მეორე მხრივ, მან თავის შრომაში შეიტანა ისეთი ძეგლები, რომლებიც ბერძნულ-ლათინურ ინდექსებში არ ასახულა. ექვთიმე ათონელის ამგვარი მოქმედება, ჩვენი აზრით, აიხსნება იმით, რომ იგი ეყრდნობოდა უშუალოდ ლიტერატურულ წყაროებს: ერთ შემთხვევაში, მან გვერდი აუარა ინდექსებში ჩამოთვლილ მრავალ აპოკრიფს, რამდენადაც ეს თხზულებები მისი დროისათვის უკვე აღარ არსებობდნენ, ანდა ზოგი მათგანი უკვე აღარ მიიჩნეოდა მთლიანად შეუწყნარებელ ძეგლად, ხოლო, მეორე მხრივ, თავის ინდექსში შეიტანა ისეთი ძეგლები, რომლებიც მართალია, წინარე ინდექსებისათვის უცნობი დარჩა, მაგრამ მათი აპოკრიფული ხასიათი შინაარსის მიხედვით სრულიად ცხადი იყო, ე.ი. ექვთიმემ, როგორც ორთოდოქსმა მოძღვარმა, ცალკეულ შემთხვევაში თვით დაუკანონა რამდენიმე ძეგლის შეუწყნარებლობა ქართულ ეკლესიას. ამ მხრივ, შესაძლოა, მისთვის გეზის მიმცემი ყოფილიყო Constitutiones Apostolicae-ს ზოგადი მითითება: Οὐ γὰρ τοῖς ὀνόμασι χρὴ ὑμᾶς προσέχειν τῶν ἀποστόλων, ἀλλὰ τῇ φύσει τῶν  πραγμάτων36. საგულისხმოა, რომ ინდექსის ბოლოს იმავე აზრს გამოთქვამს ექვთიმეც: "და სხუანი ნატყუარნი არიან... და ესევითარნი რომელნი სხუათა მწვალებელთა დაუწერიან, თჳთ საცნაურ არიან" (Ath. 79, 131).

ექვთიმეს შრომა უშუალოდ ლიტერატურულ ტრადიციას ეყრდნობა; ეს კარგად მჟღავნდება მისი შრომის არა მხოლოდ იმ ნაწილიდან, რომელიც ბერძნულ-ლათინურ ინდექსებში არ ასახულა, არამედ - იმ ნაწილიდანაც, რომელიც ამ ინდექსებში შესატყვისს პოულობს. მაგალითად, ცნობილი "პავლეს აპოკალიფსი", რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ თავიდანვე ნაყალბევად ცნო, გელასის დეკრეტში ასეთი სათაურით არის წარმოდგენილი: "Reuelatio Sancti Pauli". "სამოცი წიგნის" ინდექსში მას ეწოდება: "Παύλου ἀποκάλυψις" (ათანასეს სინოპსისში და ნიკიფორეს სტიქომეტრიაში ეს ძეგლი დასახელებული არ არის). ექვთიმე ათონელს რომ ზემოაღნიშნული ინდექსებიდან ჰქონდეს ეს დასახელება გადმოწერილი, მაშინ მის ინდექსში უნდა იკითხებოდეს: "გამოცხადება იოვანესი" (შდრ. ბერძნ. ’Αποκάλυψις  ’Ιωάννου, ექვთიმეს თარგმანში "გამოცხადება იოვანესი"). სინამდვილეში კი ვკითხულობთ: "პავლეს მიერ ცათა მოხილვაჲ". "პავლეს აპოკალიფსის" ამგვარად სახელდება, ვფიქრობთ, საკუთრივ ლიტერატურული წყაროთი სარგებლობაზე მიგვითითებს.

ორიგენეს თხზულებათა შესახებ ზემოაღნიშნული ინდექსებიდან მხოლოდ გელასის დეკრეტშია საუბარი, სადაც ვკითხულობთ: Item Origenis nonnulla opuscula, quae uir beatissimus Hieronymus non repudiat, legenda suscipimus. Reliqua cum suo auctore dicimus renuenda37.

იმავე ავტორზე ექვთიმეს ინდექსი გვაუწყებს: "ორიგენე მწვალებელსა მრავალი წიგნი დაუწერია და არა შეიწყნარებს ეკლესიაჲ". როგორც ვხედავთ, აღნიშნული ცნობები მნიშვნელოვნად სხვაობენ და ერთმანეთზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი.

გელასის დეკრეტში მითითებულია ადამის ცხოვრების ამსახველი ორი აპოკრიფი: (1) Liber Filiabus Adae, Leptogenesis;38 (2) Liber, qui appelantur "paenitentia Adae"39. "60 წიგნის" ინდექსში ზოგადი სათაურის (καὶ ὅσα ἀπόκρυφα) ქვეშ პირველ რიგში დასახელებულია ’Αδάμ40. ასეთივე სახის მითითებას ვხვდებით Const. Apostolicae-შიც.41

რაც შეეხება ექვთიმეს ინდექსს, მასში ამ აპოკრიფს ეწოდება "ადამის ცხოვრებაჲ". ეს წოდება, მსგავსად ზემოაღნიშნულისა, ალბათ სწორედ აპოკრიფული ძეგლით სარგებლობას მიანიშნებს.

განსაკუთრებით საგულისხმოა ის გარემოება, რომ რამდენიმე შემთხვევაში ათონელი მოძღვარი აშკარად მიგვითითებს ინდექსის ლიტერატურულ წყაროზე. მაგალითად, კვირიკეს აპოკრიფული "წამების" შესახებ მოწოდებული ცნობა, ვფიქრობთ, ეჭვმიუტანლად ცხადყოფს, რომ ექვთიმე თარგმნიდა არა რომელიმე ინდექსს, არამედ თვით ეძიებდა მასალებს აპოკრიფებისათვის. ინდექსში ვკითხულობთ: "და წმიდისა კჳრიკეს "წამებასა" სწერია, ვითარმედ სხუათა ვიეთმე დაწერესო და არს უცხოჲ ქრისტიანეთა წესისაგან"42. როგორც ვხედავთ, ექვთიმეს კვირიკეს კანონიკურ წამებაში წაუკითხავს, რომ არსებობდა აპოკრიფული ვერსიაც43. მას თვითონ ვერსად უნახავს ეს ვერსია და აფრთხილებს გიორგი ჭყონდიდელს (და თეოდორეს), რომ თუ ამგვარი წამება სადმე აღმოჩნდება, ნაყალბევად შეირაცხოს. ე.ი. კვირიკეს აპოკრიფული წამების დასახელებისას ექვთიმე ეყრდნობა კანონიკურ წამებას.

ინდექსის ბოლოს ექვთიმე ათონელი აღნიშნავს: "და სხუანი ნატყუარნი არიან, სახელები ზოგისაჲ არა ვიცი". როგორც ვხედავთ, ათონელი მოძღვარი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ზოგი აპოკრიფის სახელი მას არ ცოდნია. ცხადია, რაიმე ინდექსის გამოყენებისას ექვთიმე პირდაპირ გადმოიწერდა აპოკრიფულ წიგნთა სახელწოდებებს და არ დაიჩივლებდა იმის შესახებ, რომ ზოგის სახელი არ იცოდა. სხვათაშორის, ეს უკანასკნელი მომენტი იმითაც არის საინტერესო, რომ იგი ცხადყოფს ექვთიმეს ინდექსის ხასიათს: მასში შეტანილი ყოფილა ის აპოკრიფები, რომლებიც უშუალოდ უნახავს ექვთიმეს, ხოლო მათ შესახებ, რომლებზეც ხელი არ მიუწვდებოდა, ანდა რომლებიც დიდი ხნის წინათ ენახა და სახელები აღარ ახსოვდა, ათონელ მოძღვარს ზოგადი გაფრთხილება მიუცია ქართული ეკლესიისათვის.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თვით ხასიათიც კი ექვთიმეს ინდექსისა განახვავებს მას სხვა ინდექსებისგან. ათონელი მოძღვარი თითქმის ყოველ დასახელებას მოკლე კომენტარს ურთავს, რაც სხვა ინდექსებისთვის, ჩეულებრივ, უცხოა.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ექვთიმეს ინდექსი წარმოადგენს არა თარგმანს, არამედ უშუალოდ აპოკრიფულ ძეგლებზე დაყრდნობით შექმნილ ორიგინალურ შრომას.

საბოლოოდ, საჭიროა ყურადღება შევაჩეროთ შემდეგ საკითხზე: რაენოვან მწერლობას უნდა გულისხმობდეს ის აპოკრიფული ძეგლები, რომლებსაც ეყრდნობა ექვთიმეს ინდექსი?

ჩვენი აზრით, ეს აპოკრიფული ძეგლები, უპირველესად, უნდა გულისხმობდეს ძველ ქართულ მწერლობას.

ამას გვაფიქრებინებს ის გარემოება, რომ თუ ექვთიმეს განზრახვა იყო ბერძნულად არსებული აპოკრიფების სიის შედგენა, იგი, ჩვენი აზრით, უეჭველად გამოიყენებდა ბერძნულ სამყაროში ცნობილ ინდექსებს და შესაბამისად მის შრომასაც გაცილებით მეტი სიახლოვე ექნებოდა ამ ინდექსებთან.

ამასთან, კარგად არის ცნობილი, რომ ექვთიმე ათონელის მოღვაწეობას საეკლესიო მწერლობის ყველა სფეროში განსაზღვრავდა უშუალოდ ქართული ეკლესიის პრაქტიკული ინტერესები. ინდექსის შედგენის მიზანი უნდა ყოფილიყო ქართული ეკლესიის გაწმენდა იმგვარი თხზულებებისაგან, რომლებსაც მისი შეფასებით არ შეიწყნარებდა მართლმადიდებლური მოძღვრება. ეჭვგარეშეა, ექვთიმემ კარგად უწყოდა, რომ ქართულად თარგმნილი იყო მრავალი ნაყალბევი აპოკრიფი44, უმეტესობაზე, ალბათ თვითონაც მიუწვდებოდა ხელი. ბუნებრივია, ქართული ეკლესიისთვის ცენზურის დაწესებისას იგი იზრუნებდა სწორედ უკვე თარგმნილი ძეგლების განკვეთაზე.

გასათვალისწინებელია, რომ ექვთიმეს ინდექსი ისეთივე ცენზურა იქნებოდა ქართული მწერლობისათვის, როგორიც გელასის დეკრეტი იყო ლათინური ეკლესიისათვის. ცხადია, იგი უკვალოდ არ ჩაივლიდა. ვფიქრობთ, სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი მიზეზი იმისა, რომ ინდექსში დასახელებული ზოგი თხზულება ჩვენამდე არ შემონახულა. ამის კარგი ნიმუშია ევსები პამფილიელის "წიგნის" დაკარგული ქართული თარგმანი. ამ "წიგნის" შესახებ ინდექსის ადრინდელ ნუსხაში ვკითხულობთ: "და ევსები პამფილელისა წიგნი არს, მრავალთა საქმეთა წარმოიტყჳს და თხრობათა თჳთოსახეთა, მრავლითა ფილოსოფოსობითა დაწერილი, გარნა წვალებანი მრავალნი ჩაურთავნ და არა შეიწყნარებს ეკლესიაჲ, მაგრა კარგნიცა საქმენი სწერიან და ღუარძლიცა და მით უჴმარ არს". მოკლე რედაქციის მეორე ნუსხა (რასაც ეთანხმება ვრცელი რედაქცია) უმატებს: "იგი ქართულად უთარგმნია და უწინარეს მრავლისა ჟამისა, სიცოცხლესავე მამისა ჩემისასა, მოეწერა მუნით სტეფანე ეპისკოპოსსა და ეკითხა, თუ შესაწყნარებელ არს?"

კონტექსტიდან ისე გამოდის, თითქოს თვით ცნობილ ქართველ მწერალს სტეფანე სანანოისძეს უთარგმნია ევსების შრომა. როგორც არ უნდა იყოს, ევსების "წიგნი" ქართლ ენაზე არსებულა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ სტეფანემ სწორედ ქართულად არსებული წიგნის შესახებ გაუგზავნა შეკითხვა ექვთიმეს. ვფიქრობთ, ასეთივე ვითარება უნდა გვქონდეს გიორგი ჭყონდიდელის და თეოდორე საბაწმიდელის შემთხვევაშიც, რომლებმაც სტეფანეს მსგავსად თხოვეს ექვთიმეს ეუწყებინა მათთვის, თუ რა წიგნები ითვლებოდა შეუწყნარებლად (სწორედ მათი თხოვნის პასუხს წარმოადგენს ექვთმეს ინდექსი).

საფიქრებელია, რომ ექვთიმეს მიერ აპოკრიფულად შერაცხილი ზოგი თხზულების ქართული თარგმანი ისევე დაკარგულიყო, როგორც დაიკარგა ევსების "წიგნი", თუმცა უნდა ითქვას, რომ ინდექსში დასახელებული ძეგლების ნაწილი უძველესი თარგმანების სახით მაინც შემორჩა ჩვენამდე. ესენია: "პავლეს ცათა მოხილვა", "სიყრმე უფლისა", "ადამის ცხოვრება", მათეს და ანდრიას აქტები45. ამასთან საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ინდექსში დასახელებული ზოგი სხვა ძეგლიც თარგმნილი უნდა ყოფილიყო ექვთიმეს მოღვაწეობის დროს. მაგალითად, გიორგის კანონიკურ "წამებას" H 535 ხელნაწერში მიწერილი აქვს "ჭეშარიტი". ამგვარი მინაწერი, ვფიქრობთ, მიანიშნებს ქართულად "არაჭეშმარიტი" ანუ აპოკრიფული წამების არსებობაზეც46. საგულისხმოა იმის აღნიშვნაც, რომ როგორც ინდექსის ვრცელი რედაქციიდან ირკვევა, გიორგის აპოკრიფულ წამებას ქართულ მწერლობაში სპეციალური სახელიც მიუღია, "დადიანესი"47.

წმიდა გიორგის აპოკრიფული წამების შესახებ სხვაგვარი თვალსაზრისი აქვს გამოთქმული კ. კეკელიძეს. პატივცემული მკვლევარი ექვთიმეს ინდექსთან დაკავშირებით შენიშნავს: "აქ ჩამოთვლილ აპოკრიფთაგან ზოგი უკვე ექვთიმეს დროსვე ყოფილა ქართულად ნათარგმნი, როგორც, მაგალითად, ევსევი პამფილის თხზულებანი... ზოგი კი არა; მაგალითად, მის შემდეგაა ნათარგმნი წმიდა გიორგის წამება, რომელსაც "დადიანესი" ეწოდება. მაშასადამე, არც გიორგი ჭყონდიდელს, როდესაც ის ექვთიმეს შეკითხვას აძლევდა, არც ექვთიმეს, როდესც პასუხს ამზადებდა, მხედველობაში არ ჰქონიათ ქართულ ენაზე არსებულ აპოკრიფთა სია. იმათ სურდათ გაერკვიათ რა წიგნებს არ იწყნარებდა კათოლიკე, ან უფრო კონკრეტულად, ბიზანტიის ეკლესია. ბერძნული დედანი ინდექსისა, როგორც ჩანს, მონათესავე ყოფილა პაპი გელასის ინდექსის დედნისა"48. ინდექსის მოკლე რედაქციაში გიორგის წამების შესახებ ვკითხულობთ: "წმიდისა გიორგისი არს წამებაჲ ჭეშმარიტი, რომელი ეკლესიათა შინა იკითხვების და კუალად სხუაჲ რაჲმე არს წამებაჲ უცხოჲ და უცხონი რაჲმე საქმენი სწერიან და არა შესაწყნარებელ არს"49. რამდენადმე განსხვავებულია ვრცელი რედაქციის ცნობა: "კუალად გიორგისი არს წამებაჲ უცხო და უცხონი რაჲმე საქმენი სწერიან, რომელსა დადიანესი ეწოდების"50. გიორგის აპოკრიფული წამება "დადიანესად" წოდებულია მხოლოდ ვრცელ რედაქციაში. საფიქრელია, იგი გვიანდელი რედაქტორის დამატება იყოს.

როგორც ვხედავთ, კ. კეკელიძის აზრით, ექვთიმეს "პასუხში" ჩამოთვლილი წიგნებიდან ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ "დადიანესის" სახელით ცნობილი "გიორგის წამება" თარგმნილია XII ს-ში ექვთიმეს შემდეგ; ამიტომ, ცხადია, აღნიშნული "პასუხი" ჩამოთვლის არა ექვთიმეს დროს ქართულად არსებულ აპოკრიფებს, არამედ, ზოგადად, ბიზანტიური ეკლესიის მიერ შეუწყნარებელ წიგნებს, ე.ი. ექვთიმეს ინდექსი თარგმანია ბერძნული ინდექსისა, რომელიც, თავის მხრივ, მომდინარეობდა გელასი პაპის დეკრეტალიებიდან.

სანამ დეტალურად შევეხებოდეთ ექვთიმეს ინდექსს, ვფიქრობთ, საჭიროა, გაირკვეს აპოკრიფული "გიორგის წამების" ქართულად თარგმნის საკითხი.

კ. კეკელიძე მიუთითებს: "უთარგმნიათ აპოკრიფი XII საუკუნეშიც. პეტრიწონის ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთ მიმდევართაგანს გადმოუთარგმნია წმ. გიორგის წამება, დადიანესის სახელით ცნობილი, რომელიც მოთავსებულია გელათის მეტაფრასულ კრებულში"51. ასევე, პატივცემული მკვლევარის აზრით, ექვთიმეს "პასუხის საბინინის რედაქცია აღნიშნავს გიორგის ყალბ ცხოვრებას, რომელსაც დადიანესი ეწოდება. ეს რედაქცია ქართულად მეთორმეტე საუკუნეშია ნათარგმნი და ეკუთვნის ნიკიტა-დავით პაფლაღონელს"52.

გელათის N7 მეტაფრასულ კრებულში აღნიშნულ ძეგლს ასეთი დასათაურება აქვს: "მოღუაწებაჲ და შესხმაჲ წმიდისა მოწამისა გიორგისი, რომელი იწამა პალესტინეს შინა, აღწერილი ნიკიტა პაფლაღონელის მიერ" (170V).

აზრი იმის შესახებ, რომ ექვთიმეს მიერ დასახელებული წმიდა გიორგის აპოკრიფული წამება გულისხმობს ნიკიტა პაფლაგონელის (IX-X სს.) მიერ დაწერილ თხზულებას, რომელიც ქართულად XII ს-ში ითარგმნა, ეჭვს იწვევს სამი მიზეზის გამო: (1) ნიკიტა პაფლაგონელი ცნობილი ბიზანტიელი რიტორი და ფილოსოფოსია. მისი ერთი თხზულება თვით ექვთიმეს უთარგმნია ქართულად. მთარგმნელი ავტორს უწოდებს „ღირს მონაზონს და ფილოსოფოსს“.53 ცხადია, ნიკიტას მიერ დაწერილ ძეგლს ექვთიმე აპოკრიფულად ვერ გამოაცხადებდა. (2) ექვთიმე ინდექსში ასახელებს „წამებას“. ნიკიტას შრომა კი წარმოადგენს „შესხმას“ ანუ ენკომიას, ხოტბითი ხასიათის თხზულებას, რომელიც ნიკიტასთვის ნიშანდობლივი „ძლიერი რიტორიკული“ (ვ. დვორნიკი) სტილით არის დაწერილი; (3) საეჭვოა, რომ ექვთიმეს მიერ გიორგის დადიანესისეული „წამების“ „ნატყუარად“ გამოცხადების შემდეგ ეს „წამება“ ქართულად ეთარგმნოს ვინმეს.

ნიკიტა პაფლაგონელის მიერ დაწერილი წმიდა გიორგის „მოღუაწება და შესხმა“ არ გულისხმობს ექვთიმეს ინდექსში მოხსენიებულ გიორგის აპოკრიფულ წამებას. ამ აზრს, ვფიქრობთ ადასტურებს შემდეგი: ნიკიტა არის მოღვაწე IX-X სს-ისა, ხოლო გიორგის აპოკრიფული წამება, რომელსაც ეკლესია არ იწყნარებდა, ცნობილი იყო უკვე VI ს-ისთვის. მართლაც, გელასი პაპის ავტორობით ცნობილ დეკრეტში, რომელიც VI ს-ით თარიღდება, ვკითხულობთ: Sicut cuiusdam Cyrici et lulittae, sicut Georgii aliorumque eiusmodi passiones ab haereticis perhibentur compositae.54 იმავე დეკრეტის სხვა ადგილას, იქ სადაც ეკლესიისგან შეუწყნარებელი წიგნებია ჩამოთვლილი, კვლავ დასახელებულია ჩვენთვის საინტერესო ძეგლი: Passio sancti Georgii – apocrypha.55

ასევე, უზუარდუსის ცნობილ „მარტიროლოგიონში“, რომელიც 867-868 წწ-შია შედგენილი, ვკითხულობთ: etsi gesta Passionis ejus (წმ. გიორგის - ე.ჭ.) inter apocryphas connumerentur scripturas; tamen illustrissimum ejus martyrium inter coronas Marturium Ecclesia Dei venerabiliter honorat.56

ჰ. ლეკლერკის მითითებით, გიორგის წამების „ბერძნულ და აღმოსავლურ ვერსიებში გამოიყოფა აპოკრიფული პრიმიტიული ვერსია“ (ნიკიტას „შესხმა“ როგორც ვიცით, პრიმიტიული არ არის - ე.ჭ.).57 აღნიშნვის ღირსია ისიც, რომ არც ვრცელი რედაქციის ცნობა უნდა გულისხმობდეს ნიკიტა პაფლაგონიელის „შესხმას“, რამდენადაც ამ უკანასკნელს ხელნაწერში „დადიანესი“ არ ეწოდება.

ექვთიმეს მიერ დასახელებული გიორგის აპოკრიფული „წამება“ უნდა ყოფილიყო თარგმანი ერთ-ერთი ჩვენამდე მოღწეული იმ ბერძნულ წამებათაგანი, რომლებიც დადიანეს ასახელებენ დეოკლიტიანეს ნაცვლად.58

ასე რომ, ვფიქრობთ, ექვთიმეს მიერ დასახელებული წმიდა გიორგის აპოკრიფული „წამება“ არ არის ნიკიტას მიერ დაწერილი „შესხმა“. ამიტომ, მასზე დაყრდნობით ვერ დავამტკიცებთ იმას, რომ ექვთიმე ინდექსის შედგენისას არ ითვალისწინებდა ქართულ მწერლობას.

საყურადღებოა ექვთიმეს მიერ მოწოდებული ცნობა მოციქულთა „გარყუნილი ცხოვრებების“ შესახებ. ათონელი მოძღვარი ადრესატს აუწყებს: „და მოციქულთა ცხორებანი რომელნიმე გარყუნილ არიან მწვალებელთაგან: წმიდისა მათე მახარებელისა და წმიდისა ანდრეასი“. როგორც ვხედავთ, ექვთიმე მოციქულთა „გარყუნილ ცხოვრებათაგან“ ასახელებს მხოლოდ მათეს და ანდრიას აქტებს. კ. კეკელიძემ ძველ ქართულ მწერლობაში გამოავლინა ანდრიას აქტების სამი რედაქცია. მკვლევარი მიუთითებს: „მესამე რედაქცია, ნამდვილი აპოკრიფული, რომელიც მოგვითხრობს ანდრიას მოღვაწეობას „სოფელსა კაცის მჭამელთასა“, ალბათ, არის ის, რომელსაც ექვთიმე ათონელი „გარყუნილს“ უწოდებს“.59 ვფიქრობთ, საჭიროა იმის დამატება, რომ აღნიშნული აპოკრიფი, რომელსაც კ. კეკელიძე ანდრიას აქტების III რედაქციას უწოდებს, სინამდვილეში მათეს აქტებსაც წარმოადგენს. ესაა ერთადერთი აპოკრიფი, რომელიც ანდრიას და მათეს ერთობლივი მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს. სათაურიც ამაზე მიუთითებს: „მიმოსლვაჲ მოციქულთაჲ (და არა „მოციქულისაჲ“ - ე.ჭ.), ოდეს-იგი წარავლინა უფალმან მოციქული ანდრია სოფელსა მას კაცისმჭამელთასა გამოყვანებად მათესა საპყრობილით“ (შდრ. ბერძნული - „ანდრიას და მათეს საქმენი კაცისმჭამელთა ქალაქში“). აღნიშნული აპოკრიფი, ვფიქრობთ, უეჭველად გულისხმობს ეფთვიმეს მიერ დასახელებულ ადრიას და მათეს აქტებს. იგი ქართულად თარგმნილი ყოფილა უკვე VI საუკუნეში და დღეისათვის გამოცემულია.60

ყურადღებას იქცევს, აგრეთვე, ინდექსში დასახელებული აპოკრიფი „ანტიოქიის მოქცევა“. აღნიშნული ძეგლი ბერძნულ-ლათინურ ინდექსებში არ იხსენიება. ამგვარი სათაურის მქონე აპოკრიფი საერთოდ არ დასტურდება ბერძნულ-ლათინურ მწერლობაში. ექვთიმეს პირდაპირი განცხადება („და ეგე „ანტიოქიისა მოქცევაჲ“ არა შესაწყნარებელ არს“), ვფიქრობთ, ადრესატისთვის კარგად ცნობილ თხზულებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იგივე თხზულება აღმოჩნდა ძველ სომხულ მწერლობაში. ეს ფაქტი მეტ საფუძველს გვაძლევს, ქართულადაც ვივარაუდოთ მისი არსებობა. ნ. მარი, რომელსაც ეკუთვნის ცნობა აღნიშნული სომხური აპოკრიფის შესახებ, უეჭველ ფაქტად მიიჩნევს იმავე ძეგლის ძველ ქართულ მწერლობაში არსებობას.

ორიგენეს თხზულებათა შესახებ ექვთიმე ათონელი მხოლოდ ზოგად მითითებას იძლევა. ვფიქრობთ, არ არის აუცილებელი, ამგვარი ზოგადი მითითება კონკრეტული შრომების ქართულ თარგმანებს გულისხმობდეს. შეუწყნარებელ წიგნთა შორის ორიგენეს ნაწერების მოსახსენიებლად ექვთიმესთვის ისიც საკმაო საფუძველი იქნებოდა, რომ ეს ავტორი კარგად იყო ცნობილი ძველ ქართულ მწერლობაში. საკმარისია აღინიშნოს ორიგენეს სახელგანთქმული „ჰეგზაპლები“. ამ შრომას ქართულ მწერლობაში სპეციალური სახელწოდებაც მიუღია.61

ინდექსში დასახელებულ ძეგლებს შორის ინტერესს იწვევს, აგრეთვე, „თომას სახარება“. ექვთიმე გვაუწყებს: „სხუაჲ რაჲმე არს, სწერია თომაჲს სახარებაჲ, იგიცა უცხოჲ არს“.

რას წარმოადგენს აღნიშნული „სახარება“? ინდექსში, როგორც ზემოთ ვნახეთ, სხვათაშორის, მითითებულია აპოკრიფი „სიყრმე უფლისა“. მასთან დაკავშირებით კ. კეკელიძე შენიშნავს: „ამ აპოკრიფს კავშირი აქვს ცნობილ „თომას სახარებასთან“, რომელსაც, როგორც დავინახეთ, ექვთიმე ათონელიც ასახელებს და ბერძნულად Τὰ παιδικὰ τοῦ Κυρίου ეწოდება“.62

ამავე აზრს გამოთქვამს პ. ინგოროყვა. მკვლევარის მითითებით „ქართულ ენაზე მოიპოვება სახარების აპოკრიფული ვერსიებიც. ერთი ამათგანია „სიყრმე უფლისა“, რომელიც ე.წ. თომას სახარების ვერსიას წარმოადგენს.63

კ. კეკელიძისა და პ. ინგოროყვას აზრი უფრო კატეგორიულად გამოთქვა ა. შანიძემ: „ექვთიმეს სიის მიხედვით „თომას სახარება“ და „სიყრმე უფლისა“ სხვადასხვა თხზულებაა, მაშინ როდესაც „სიყრმე უფლისა“ იგივე „თომას სახარებაა“.64

„თომას სახარების“ შესახებ ადრექრისტიანულ საეკლესიო მწერლობაში შემდეგი ცნობებია დაცული:

ორიგენე (II-III): გნოსტიკოსებში „გავრცელებულია აგრეთვე, „თომას სახარება“ (I ჰომილია ლუკას სახარების შესახებ).

იპოლიტე (III): „ნახსენები (II-III სს. გნოსტიკური სექტა - ე.ჭ.) ლაპარაკობენ ადამიანის ბუნების შესახებ, რომელიც დაფარულიცაა და ამავე დროს გაცხადებულიც; რომელიც, მათი თქმით, ადამიანის შიგნითაა და არის სასუფეველი ცათა; რომელიც უნდა ვეძიოთ. და ისინი ამის შესახებ ნათლად გვაუწყებენ თომას სახელით ცნობილ „სახარების“ შემდეგ სიტყვებში: „იგი ვინც მეძიებს მე, მიპოვის ბავშვებში შვიდი წლიდან ზევით; რამეთუ მე მათში ვცხადდები, მე რომელიც დაფარული ვარ მეთოთხმეტე ეონში“.

კირილე იერუსალიმელი (IV): „ახალი აღთქმიდან მხოლოდ ოთხი სახარება უნდა იკითხებოდეს. დანარჩენები აპოკრიფულები (ფსევდოეპიგრაფიკულები) და ზიანის მომტანნი არიან. მანიქეველებმაც დაწერეს „სახარება თომასი“, რომელიც თუმცა შეფერილია სახარებად წოდების სურნელით, მაგრამ მარტივთა სულებს რყვნის“.

იგივე ავტორი: „არავინ წაიკითხოს „თომას სახარება“ - რამეთუ იგი არ არის თორმეტი მოციქულიდან არც ერთის, არამედ მანის სამი ეშმაკეული მოციქულიდან ერთის“.

ევსები კესარიელი, როგორც ზემოთ ვნახეთ, „თომას სახარებას“ ნაყალბევად აცხადებს. არაჭეშმარიტად თვლის მას ნიკიფორეს სტიქომეტრიაც, რომელშიც მითითებულია აღნიშნული სახარების მუხლთა რაოდენობა: 1300 მუხლი.65

საეკლესიო მწერალთა მიერ დასახელებული „თომას სახარება“ მკვლევარებმა გააიგივეს ცნობილ აპოკრიფთან სათაურით „სიყრმე უფლისა“. გაიგივებას წინაპირობა შეუქმნა ორმა გარემოებამ: (I) „თომას სახარება“, ამგვარი სახელწოდების წიგნი, უკანასკნელ წლებამდე არსად იყო მიკვლეული, რის გამოც, შეიქმნა აზრი აღნიშნული თხზულების სხვა სათაურის ქვეშ არსებობის შესახებ; (II) აპოკრიფი „სიყრმე უფლისა“, ზოგი ზედწერილის მიხედვით, თომა ისრაელიტელს, ანდა თომა მოციქულს აღუწერია.

აღნიშნვის ღირსია ისიც, რომ ამგვარი გაიგივების შესახებ ეჭვი გამოითქვა ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისში. შ. მიშელი „უფლის სიყრმესთან“ დაკავშირებით აღნიშნავდა: „სახელწოდება „სახარება“, რომელსაც გამოცემები და თანამედროვე თარგმანები აკუთვნებენ ჩვენს ტექსტს (ე.ი. აპოკრიფს „სიყრმე უფლისა“ - ე.ჭ.), არ გვხვდება არცერთ ხელნაწერში. რამდენად შეიძლება თომას ავტორობით მოღწეული ტექსტი („სიყრმე უფლისა“ - ე.ჭ.) გავაიგივოთ იმ „სახარებასთან“, რომელსაც იცნობდა იპოლიტე, ორიგენე და ევსები?“66

„უფლის სიყრმის“ და „თომას სახარების“ გაიგივებას სერიოზულ დაბრკოლებას უქმნიდა ორი მიზეზი: (I) იპოლიტე რომაელს ციტატა მოაქვს „თომას სახარებიდან“. ეს ციტატა „უფლის სიყრმეში“ არ დადასტურდა. (II) ნიკიფორეს სტიქომეტრია, როგორც აღვნიშნეთ, უთითებს „თომას სახარების“ მუხლთა რაოდენობას (1300 მუხლი), რომელიც ორჯერ მეტია აპოკრიფ „უფლის სიყრმის“ ყველაზე ვრცელი ვერსიის მუხლთა რაოდენობაზე.

ეს მიზეზები, შ. მიშელის აზრით, ამტკიცებს, რომ ძველად არსებობდა „უფლის სიყრმისგან“ განსხვავებული „თომას სახარება“, თუმცა, საბოლოო ჯამში, მკვლევარს აპოკრიფი „სიყრმე უფლისა“ „თომას სახარების“ გვიანდელ ვერსიად მიაჩნია, არ გამორიცხავს მათ ნათესაობას.

„თომას სახარება“ 50-იან წლებამდე მიჩნეული იყო იმ აპოკრიფად, რომელსაც „სიყრმე უფლისა“ ეწოდება. ამ აზრის გამოძახილია კ. კეკელიძის, პ. ინგოროყვას და ა. შანიძის ზემოწარმოდგენილი მსჯელობებიც.

კ. კეკელიძე, როგორც ჩანს, დააფიქრა ექვთიმე ათონელის მიერ „თომას სახარების“ და „უფლის სიყრმის“ სხვადასხვა თხზულებებად წარმოდგენამ. ამიტომ, მკვლევარი ფრთხილად მიანიშნებს მათ ურთიერთკავშირზე, ხაზს არ უსვამს იგივეობას, მაშინ, როცა ა. შანიძე, თუმცა აღნიშნავს, რომ ეფთვიმეს სიის მიხედვით, „თომას სახარება“ და „სიყრმე უფლისა“ სხვადასხვა თხზულებაა, მაინც კატეგორიულად მიუთითებს: „მტკიცდება, რომ „სიყრმე უფლისა“ არის „თომას სახარება“,67 თუმცა მკვლევარი არ უჩვენებს, საიდან მტკიცდება ამგვარი იდენტიფიკაცია.

1945-1946 წწ. ზემო ეგვიპტეში, ნაგ-ჰამადის მახლობლად, კოპტურ ენაზე აღმოჩნდა გნოსტიკური აპოკრიფები, რომელთა შორის მკვლევარებმა გამოავლინეს სწორედ ის „თომას სახარება“, რომელიც ორიგენეს და იპოლიტეს მითითებით გნოსტიკოსებში იყო გავრცელებული. „სახარება“ შეიცავს იპოლიტეს შრომებში დაცულ ციტატას და ეთანხმება ნიკიფორეს სტიქომეტრიის მიერ მითითებულ მუხლთა რაოდენობას.

„თომას სახარების“ გამოვლენა მკვლევართა მიერ მიჩნეულია გნოსტიკური ბიბლიოთეკის ყველაზე სენსაციურ აღმოჩენად. მისი კოპტური ტექსტი უკვე გამოცემული და თარგმნილია ევროპულ ენებზე.68 ბოლო წლებში გამოქვეყნდა „თომას სახარების“ რუსული თარგმანიც (ნ. ტროფიმოვა).

40-იანი წლების აღმოჩენამ საბოლოოდ გადაწყვიტა საკითხი. „თომას სახარება“ წარმოადგენს „უფლის სიყრმისაგან“ სრულიად დამოუკიდებელ „საიდუმლო“ ხასიათის თხზულებას, რომელიც თითქოს თომას მიერ ჩაწერილ იესო ქრისტეს „სიტყვებს“ შეიცავს და იგი მეხუთე სახარებად არის ცნობილი.

სწორედ აღნიშნულ „სახარებას“ უთითებს ექვთიმე თავის ინდექსში. ცხადია, მკვლევარებს რომ მეტი ნდობა გამოეცხადებინათ ექვთიმეს ცნობებისათვის, „თომას სახარების“ და „უფლის სიყრმის“ სხვადასხვაობის საკითხი კარგა ხანია გარკვეული იქნებოდა.

„თომას სახარება“ წარმოადგენდა ე.წ. „საიდუმლო ტრადიციის“ ერთ-ერთ უმთავრეს თხზულებას. შემორჩენილი კოპტური ტექსტი IV ს. II ნახევრით თარიღდება. ჟ. დორესის მითითებით „ეს თხზულება, რომელიც თომას სახელით ვრცელდებოდა, არის ჩვენთვის ცნობილი ერთი ყველაზე უფრო ძველი და ძვირფასი აპოკრიფი. სამი ბერძნული ფრაგმენტი (მათი იდენტიფიკაცია მოხერხდა „თომას სახარების“ სრული ტექსტის აღმოჩენის შემდეგ - ე.ჭ.) და მოკლე ციტატა (იგულისხმება იპოლიტეს მიერ ციტირებული სიტყვები, რომლებიც ზემოთ მოვიტანეთ - ე.ჭ.)... მჭევრმეტყველურად ადასტურებს იმ პოპულარობას და ავტორიტეტს, რომლითაც იგი სარგებლობდა ანტიკურ სამყაროში.69 თხზულების არსებობა დამოწმებულია უკვე III ს-იდან (ორიგენე). ასე რომ, იგი II ს-ზე გვიან შექმნილი არ არის. აღნიშნული აპოკრიფის გამოვლენა და მისი ბერძნულ ფრაგმენტებთან იდენტიფიკაცია ჰ. პიუეშის და ჟ. დორესის სახელს უკავშირდება. მათი შეფასებით, „თომას სახარება“ ვითომცდა ე.წ. „საიდუმლო ტრადიციის“ უმთავრეს ძეგლს წარმოადგენს.70 სწორედ ამ თხზულებას უარყოფს ეფთვიმე ათონელი თავის ინდექსში.

ზემოაღნიშნული მომენტების გათვალისწინებით დასაშვებად მიგვაჩნია, რომ „თომას სახარებაზე“ მითითებისას ათონელი მოძღვარი ქართული მწერლობის ვითარებას ასახავდეს და ეს თხზულება ქართულად თარგმნილი ყოფილიყო ჩვენი მწერლობის უძველეს პერიოდში.

წარმოდგენილი მსჯელობის შემდეგ, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ექვთიმე ათონელის ინდექსი წარმოადგენს ბერძნულ-ლათინური ინდექსებისაგან დამოუკიდებელ, ორიგინალურ შრომას, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს უშუალოდ აპოკრიფულ ძეგლებს, ეს აპოკრიფული ძეგლები კი, უპირველესად, ძველი ქართული მწერლობისაკენ მიაქცევს ჩვენს ყურადღებას.
----------------------------------------------------------------------
1 - Ath. 79-ში ექვთიმეს ინდექსი ახლახან გამოავლინა მ. დოლაქიძემ.

2 - ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო ი. დოლიძემ, III, თბ. 1970, გვ. 5-6.

3 - იქვე, გვ. 12-13. აღნიშნულ ინდექსს თავის დროზე შეეხო კ. კეკელიძე (იხ. მისი ძელი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, 1980, გვ. 433-435); შემდეგში მ. ვან ესბროკი (იხ. Gli apocrifi georgiani”, Augustinianum, Roma 1983, XXIII fasc. 1 et 2, p. 146-156).

4 - A.-M. Denis, Introduction aux Pseudépigraphes Grecs d'Ancien Testament, Leiden 1970, p. XII.

5 - M.R. James, The Apocryphal New Testament, London, 1924, p. 23.

6 - Preuschen E. Analecta Kürzere Texte zur Geschichte der Alten Kirche und des Kanons, Freiburg-Leipzig, 1893, s. 159-160.

7 - M.R. James, დასახ. იგნი, გვ. 24.

8 - Preuschen E., დასახ. წიგნი, გვ. 157-158.

9 - M.R. James, დასახ. წიგნი, გვ. 23.

10 - Th. Zahn, Forschungen zur Geschichte des Neutestamentlichen Kanons und der altkirchlichen Litteratur, V, Leipzig, 1893, s. 137-155.

11 - Preuschen E., დასახ. წიგნი, გვ. 153-155.

12 - A.-M. Denis, დასახ. შრომა, p. XII.

13 - W. Ludtke, Beiträge zu slavischen Apokryphen, Zaw, 1911, N31, S. 230.

14 - იქვე, გვ. 230.

15 - იქვე, გვ. 232.

16 - A.-M. Denis, დასახ. შრომა, p. XII.

17 - ეს მსგავსება პირველად შენიშნა კ. კეკელიძემ. იხ. კ. კეკელიძე, ძელი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბ. 1980, გვ. 435.

18 - კ. კეკელიძე, ძელი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბ. 1980, გვ. 435.

19 - A.-M. Denis, დასახ. შრომა, p. XII.

20 - M.R. James, დასახ. წიგნი, გვ. 21.

21 - Preuschen E., დასახ. წიგნი, გვ. 153.

22 - ი. აბულაძე, შრომები. I. თბ. 1975, გვ. 25-41.

23 - შატბერდის კრებული, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა. თბ. 1979, გვ. 36.

24 - Preuschen E., დასახ. წიგნი, გვ. 155.

25 - კ. კეკელიძე, ძველი ქართული... გვ. 444.

26 - Preuschen E., დასახ. წიგნი, გვ. 153.

27 - M.R. James, დასახ. წიგნი, გვ. 22.

28 - იქვე, გვ. 24.

29 - F. L. Cross, The Oxford Dictionary of the Christian Church, London, 1958, p. 301.

30 - კ. კეკელიძე, ძველი ქართული... გვ. 197; 447.

31 - იქვე, გვ. 197. იხ. აგრეთვე, კ. კეკელიძე, ეტიუდები ძელი ქართლი ლიტერატურის ისტორიიდან, V, თბ. 1957. გვ. 91-92.

32 - Epitome de Gestis Sancti Petri, PG. II, p. 469-580.

33 - კ. კეკელიძე, დასახ. შრომა, გვ. 197; 447.

34 - ქართული სამართლის ძეგლები, III, გვ. 13.

35 - კ. კეკელიძე, დასახ. შრომა, გვ. 447.

36 - PG. I, col. 949: "გმართებთ თქვენ, რომ არათუ მოციქულთა სახელებს მიაქციოთ ყურადღება, არამედ საქმეთა არსს".

37 - Preuschen E., დასახ. წიგნი, გვ. 152: "კიდევ, ორიგენეს ზოგ შრომას, რომლებიც უნეტარესმა კაცმა იერონიმემ არ უარყო, წასაკითხად შევიწყნარებთ. დანარჩენს, მათი ავტორითურთ, მიუღებლად მივიჩნევთ.

38 - იქვე, p. 153.

39 - იქვე, p. 154.

40 - იქვე, p. 159.

41 - PG. I, col. 933.

42 - ქართული სამართლის ძეგლები, III, გვ. 5.

43 - ამგვარი რამ მართლაც იკითება კანონიკურ "წამებაში". იხ. Н. Марр, Описание грузинских рукописей Синайского монастыря, М. 1940, ст. 123.

44 - როგორც ცნობილია, ყველა აპოკრიფი უვარგისად არ მიიჩნეოდა. ბევრ მათგანს ეკლესიის მიერ პირველდაწყებითი ცოდნის შემცვეი თხზულების მნიშნელობა ენიჭებოდა. ამგვარ აპოკრიფებს ქართლად თარგმნიდა თვით ექვთიმე ათონელი.

45 - აღნიშნულ თხზულებათა ქართული თარგმანების შესახებ. იხ. კ. კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, I, 1980, გვ. 433-451.

46 - კ. კეკელიძე, ეტიუდები, V, გვ. 122.

47 - ამგვარი წოდება აპოკრიფს უნდა მიეღო იმის გამო, რომ მასშ აღწერილია გიორგის წამება არა დიოკლეტიანე იმპერატორის, არამედ დადიანეს მიერ.

48 - კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბ. 1980, გვ. 435.

49 - ი. დოლიძე, დასახ. წიგნი, გვ. 6.

50 - იქვე, გვ. 13.

51 - კ. კეკელიძე, ძველი ქართული... გვ. 435.

52 - იქვე, გვ. 504. ამ თალსაზრისს იზიარებს მ. ესბროკიც: "Questo testo si e conservato, malgrado tutto, in georgiano nel manoscritto di Kutais n 7" (დასახ. შრომა, გვ. 155). საყურადღებოა, რომ მკვლევარი იქვე დასძენს: "le altre passioni di san Georgio non sono escluse" (იქვე).

53 - კ. კეკელიძე, დასახ. შრომა. გვ. 448.

54 - Preuschen E., Analecta, 1893, p. 151.

55 - იქვე, გვ. 155.

56 - Acta Sanctorum, Aprillis tomus tertlus, 1866. p. 101.

57 - H. Leclerque, Georges St… Dictionnaire d’archéologie chrétienne et de Liturgie, Publie par F. Cabrol et H. Leclerque, t.6. p.l. 1924. p. 1023

58 - F. Halkin, Bibliotheca Hagiographica Graeca; I, 1957, p. 212.

59 - კ. კეკელიძე, ძველი ქართული..., გვ. 448.

60 - ც. ქურციკიძე, ქართული ვერსიები აპოკრიფებისა მოციქულთა შესახებ, თბ., 1959, გვ. 21-42.

61 - კ. კეკელიძე, დასახ. შრომა, გვ. 425.

62 - კ. კეკელიძე, ძველი ქართული... გვ. 444.

63 - პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, ტ. IV, 1978. გვ. 284.

64 - ა. შანიძე, თომას სახარების აპოკრიფის ქართული ვერსიის ნაწყვეტი, თსუ შრომები, XVIII. 1941, გვ. 29-30.

65 - M. R. James, დასახ. წიგნი, გვ. 14-15.

66 - Ch. Michel, Evangiles Apocryphes, I, Paris 1911, p. XXVIII-XXIX.

67 - ა. შანიძე, დასახ. შრომა, გვ. 40. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ მ. ესბროკმა ექვთიმეს მიერ დასახელებული "სიყრმე უფლისა" გააიგივა ცნობილ აპოკრიფთან "იაკობის პირველსახარება" (იხ. M. van Esbroek, დასახ. შრომა, გვ. 150). ვფიქრობთ, ეს თვალსაზრისი მეტად არადამაჯერებელია, რადგანაც "იაკობის პირველსახარება" არცერთ ენაზე (მათ შორის, არც ქართულზე) არ არის სახელდებული, როგორც "სიყრმე უფლისა". ამ სათაურით მხოლოდ ის ძეგლია ცნობილი, რომელიც კ. კეკელიძემ და ა. შანიძემ გამოაქვეყნეს.

68 - A. Guillaumont, Henri Charles Puech, Gilles Quispel, Walter Till, Jassah abd al Masih, L'Evangile selon Thomas, Paris 1959; R. Kasser, L'Evangile selon Thomas, Neuchatel, 1961; Robinson G.M. (ed) The Nag-Hammadi library in English, transl. by members of the Coptic Gnostic Libr. Project of the Inst. for Antiquity and Christianity, London, 1977; Das buch des Thomas Die siebte Schrift aus Nag-Hammadi Codex II, eingel und ubers. vom Berliner Arbeits Kreis fur Kopt-gnost. Schriften, Theologische Literaturzeitung, Berlin CII, 1977, S. 793-804; Puech H. Ch., En quete de la Gnose, II, Sur ';Euangile selon Thomas, Paris, 1978.

69 - J. Doresse, The Secret Books of the Egyptian Gnostics, London, 1960, p. 338.

70 - იქვე, გვ. 227. უნდა ითქვას, რომ მ. ესბროკისთვის ცნობილ იყო ხსენებული ძეგლის არსებობა. მაგრამ მკვლევარმა რატომღაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია მისი დაკავშირება ექვთმესეულ ინდექსთან (იხ. M. van Esbroek, დასახ. შრომა, გვ. 148, შენ. 13).



ედიშერ ჭელიძე
"საღვთისმეტყველო კრებული". 1. 1991. (საქართველოს საპატრიარქო)

1 comment:

  1. სად-როგორ მოვიპოვო ელ-ვერსია წიგნისა „ქართული ვერსიები აპოკრიფებისა მოციქულთა შესახებ“?

    ReplyDelete