Friday, January 11, 2019

ედიშერ ჭელიძე - მცხეთის ჯვრის ღვთისმეტყველება

[84]ჯვარცმული მაცხოვრის კვართისა და მცხეთის ჯვრის სულიერი განუყოფლობა გვავალდებულებს უფრო ღრმად გავიცნობიეროთ მცხეთის ჯვრის ღვთისმეტყველებაც.
ქართულ საეკლესიო ტრადიციაში ცნობილია სათნო გადმოცემა მცხეთაში ჯვრის აღმართვისა და შემდგომ მისი სასწაულებრივი გამოჩინების შესახებ. ეს მოვლენები საგანგებო დღესასწაულებით აღინიშნებოდა. კერძოდ, პირველი (ჯვრის აღმართვა) იდღესასწაულებოდა აღდგომიდან მესამე კვირადღეს ("დღესა კჳრიაკესა, აღვსებისა ზატიკის-ზატიკისა"), ხოლო მეორე - სულთმოფენობის შემდგომ პირველ ოთხშაბათს და ორივე ეს ერთმთლიანი მოვლენა თავისი მადლმოსილებით უთანაბრდებოდა, ერთი მხრივ, 14 სექტემბერს ჯვრის აღმართვის (ანუ ძველი ქართულით "ჯუართა აღპყრობის") და მეორე მხრივ, იერუსალიმში აღსრულებული ჯვრის გამოჩინების (351 წ., ხსენება 7 მაისს) უდიდეს დღესასწაულებს.

აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით ყველაზე ძველი და დაწვრილებითი უწყება დაცულია სახელგანთქმულ ძეგლში "მოქცევაჲ ქართლისაჲ", რომლის ოცდამესამე და ოცდამეოთხე თავები მოგვითხრობს მცხეთის ჯვრის აღმართვის შესახებ. ამავე თხრობას გადმოგვცემს ლეონტი მროველის "ქართლის ცხოვრებაც". მცხეთის ჯვრის აღმართვის ამბავი დაცულია, აგრეთვე, არსენ ბერის შრომაში "ცხორებაჲ წმიდისა ნინოჲსი" და, კიდევ, ანონიმი ავტორის თხზულებაში "ცხორებაჲ ღირსისა ნინოჲსი".

აღნიშნული წყაროების შეჯერებით მცხეთის ჯვრის აღმართვის ამბავი მოკლედ შეიძლება ასე გადმოიცეს:

სვეტიცხოვლის აშენების შემდეგ წმინდა ნინომ კვლავ განმარტოება ინება და ავიდა მცხეთის პირდაპირ მდებარე მთაზე, სადაც მისი უშრეტი ლოცვით კლდის ძირას მაკურნებელი წყარო აღმოცენდა.

ამ დროს მთავარეპისკოპოსი იოანე შეუდგა შესაფერისი ხის ძებნას, რომ მისგან ჯვრები გამოეკვეთა. წმინდა ნინოს მიერ აღმოცენებული წყა[85]როს პირას ნახეს ერთი მშვენიერი, ფურცლოვანი ხე, რომლის ნაყოფიც სასწაულებრივად კურნავდა დაჭრილ ცხოველებს. მოჭრეს ეს ხე ოცდახუთ მარტს, ხარების დღესასწაულის დღეს, პარასკევს, პირველ მაისს მისგან გამოკვეთეს სამი ჯვარი და შვიდ მაისს სვეტიცხოველში აღმართეს ისინი.

ცეცხლოვანი ჯვრის პირველი გამოცხადება სწორედ შვიდი მაისის ღამეს მოხდა სვეტიცხოვლის თავზე. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" ასე აგვიწერს ამ მოვლენას:

"და იხილეს სიმრავლემან ქალაქისამან ბნელთა მათ ღამეთა, და აჰა ჩამოვიდეს ჯუარი ცეცხლისაჲ დაგჳრგჳნებული ვარსკულავითა და დაადგრის ზედა ეკლესიასა ვიდრე განთიადმდე, და ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა ამას ზედა. და განთიად, რიჟურაჟუს ოდენ, გამოვიდეს მისგან ორი ვარსკულავი: ერთი იგი წარვიდის აღმოსავალით, და ერთი დასავალით. და იგი თავადი (ე.ი. "ჯუარი ცეცხლისაჲ", ე.ჭ.) ეგრევე დგან მბრწყინვალედ, და ნელიად-ნელიად განდგის მიერ კერძო არაგუსა და დადგის ბორცუსა ზედა კლდისასა, ზემო კერძო, ახლოს წყაროსა მას, რომელი-იგი აღმოადინეს ცრემლთა წმიდისა ნინოჲსთა, და მუნით აღმაღლდის ზეცად" (შატბ. კრებ., გვ. 348).

ასე გვაუწყებს "მოქცევაჲს" შატბერდული რედაქცია1. საგულისხმოა, რომ იმავე "მოქცევაჲს" ჭელიშური რედაქცია ურთავს ერთ უაღრესად საყურადღებო ცნობას, რაც ზემორე ტექსტიდან აშკარად საგრძნობია:

"და იგი თავადი, რომელი არს ჯუარი ქრისტეს ღმრთისაჲ"2.

[86]ამიტომაა, რომ დანარჩენი ორი ჯვრისგან განსხვავებით, "ცეცხლის ჯვრის" ზეცად ამაღლების ადგილას აღმართულ ჯვარს, შატბერდული რედაქციის მიხედვით, ეწოდა "სასწაულთაგან ზეცისათა ჩუენებული პატიოსანი ჯუარი მცხეთისაჲ"3.

ეს სიტყვები ცხადყოფს, რომ "ჯუარი ცეცხლისაჲ", რაც სვეტიცხოველის თავზე გამოცხადდა, ზოგადად ჯვრის ნიში კი არ იყო, არამედ საკუთრივ გოლგოთის ჯვარი, მოგვიანებით (351 წ-ს) იერუსალიმშიც ჩენილი იმავე 7 მაისს.

ზემოაღწერილი სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ცეცხლოვანი ჯვრიდან გამოკრთომილი ვარსკვლავების კვალზე მიყოლით დადგინდა, რომ ერთი მათგანი თხოთის მთასთან უჩინარდებოდა, მეორე კი - სოფელ ბოდისთან. წმინდა ნინოს ბრძანებით ერთი ჯვარი აღმართეს თხოთის მთაზე, მეორე - უჯარმაში, ხოლო დაბა ბოდისის მცხოვრებთ წმინდანმა აღუთქვა, რომ თვით მივიდოდა მათთან.

სასწაულებრივი ხისგან გამოკვეთილი მესამე და მთავარი ჯვარი, რომელიც ზედმიწევნით იმგვარი იყო, როგორიც ზემოხსენებული ცეცხლოვანი ჯვარი (იგივე გოლგოთის ჯვარი) და რომელშიც ნაწილად არის ყოვლადწმინდა ჯვარი ვაზისა, დააბრძანეს იმ მთაზე, სადაც წმინდა ნინო მკვიდრობდა, და უდიდესი შიშით და კრძალვით აღმართეს იქ, "ცეცხლის ჯვრის" ანუ იგივე "გოლგოთის ჯვრის" ზეცად ამაღლების ადგილას4 კვირა დღეს (შდრ. შატბერდული: "და ვითარცა განთენა, უთხრა [87]მირეან მეფემან მღდელთა მათ ჩუენებაჲ იგი ანგელოზისაჲ და სიტყუაჲ-ცა იგი, რომელ ჰრქუა. და ბორცჳცა იგი, რომელი უჩუენა. ვითარცა ესმა ჩუენებაჲ იგი და ადგილი-ცა იგი იხილეს, სათნო უჩნდა ყოველსა ერსა ბორცჳ იგი, და სიხარულითა და გალობითა დიდითა ყოველთა ერთბამად აღიღეს ჯუარი იგი და აღჰმართეს ბორცუსა მას ზედა მძლჱ ნიში ჯუარისაჲ მცხეთასა მახლობელად, მართლ წინაშე აღმოსავალით, დღესა კჳრიაკესა, აღვსებისა ზატიკის ზატიკისა. და ვითარცა აღემართა ნიში ჯუარისაჲ ქუეყანასა მას ქართლისასა, მეყსეულად მას ჟამსა დაეცნეს ყოველნი კერპნი, რომელნი იყვნენ საზღვართა ქართლისათა, და შეიმუსრნეს, და საკერპონი დაირღუეს. ვითარცა იხილეს ესე საკჳრველი საქმჱ და სასწაული, რომელი ქმნა ძლევისმყოფელმან მან ნიშმან ჯუარისამან კერპთა ზედა, უფროჲს განუკჳრდებოდა საქმჱ ესე და ადიდებდეს ღმერთსა და სიხარულით თაყუანის-სცემდეს პატიოსანსა ჯუარსა" (შატბ. კრებ. გვ. 351). სწორედ ესაა ყოვლადდიდებული მცხეთის ჯვარი, რომელსაც, როგორც აღვნიშნეთ, "მოქცევაჲ ქართლისაჲ" ასე უწოდებს: "სასწაულთაგან ზეცისათა ჩუენებული პატიოსანი ჯუარი მცხეთისაჲ".

როდესაც აღიმართა მცხეთის ჯვარი, მყისვე დაეცა და განადგურდა წარმართული კერპები. დაწესდა დღესასწაულიც: "დააწესეს დღესასწაული ძლევითშემოსილისა ჯუარისაჲ აღვსებისა ზატიკის-ზატიკისა, დღესა კჳრიაკესა, ყოველმან ქართლმან ვიდრე დღენდელად დღედმდე და ვიდრე უკუნისამდე" (შატბერდული რედაქცია, ძქალძ, I, გვ. 154; შდრ. იოანე-ზოსიმეს კალენდარი: "კჳრიაკესა მესამესა ზატიკთა... მცხეთისა ჯუარისაჲ", კ. კეკელიძე, ეტიუდები, V, გვ. 279; "ქართლის ცხოვრება": "და დღესა კჳრიაკესა აღვსებისა ზატიკსა ყო მირიან მეფემან და ყოველმან მცხეთამან, შეწირეს შესაწირავი იგი; დღე განაწესეს ჯუარისა მსახურებად აღვსებისა ზატიკი ყოველმან ქართლმან მოდღენდელად დღედმდე", დასახ. გამოც. გვ. 122).

რამდენიმე დღის მერე, სულთმოფენობის (ანუ ძველი ქართულით: [88]"მარტვილიის") დღესასწაულის შემდგომ, ოთხშაბათ დღეს აღსრულდა ჯვრის ხელმეორედ გამოცხადება, ამჯერად უკვე მთაზე აღმართული მცხეთის ჯვრის თავზე. "მოქცევაჲ ქართლისაჲს" შატბერდული რედაქცია ასე აღგვიწერს ამ უდიდეს სასწაულს:

"და იყო რაოდენისამე ჟამისა შემდგომად, მარტჳლიისა უკუანა, იხილეს სასწაული დიდი და საშინელი დღესა ოთხშაბათსა: აჰა ესერა სუეტი ნათლისაჲ სახედ ჯუარისა დგა ზედა ჯუარსა მას და ათორმეტნი ანგელოზნი დაგჳრგჳნებულ იყვნეს გარემოჲს მისა. ეგრევე სახედ ათორმეტნი ვარსკულავნი დაგჳრგჳნებულ იყვნეს, ხოლო ბორცჳ იგი ჯუარისაჲ ერთსახედ კუმოდა სულნელებად" (შატბ. კრებ., გვ. 354)5.

ცოტა ხნის შემდეგ კვლავ აღსრულდება ჯვრის სასწაული:

"და მერმე კუალად იხილეს სხუაჲ სასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ: ვითარცა ცეცხლი, დგა, და ვითარცა ალი, ეგზებოდა ზედა თავსა ჯუარისასა სამგზის მზისა უბრწყინვალესი, და ვითარცა საჴუმილსა რაჲ ნაბერწყალი აღვალნ ძლიერად, ეგრე სახედ იყო: აღვიდოდეს ანგელოზნი და გარდამოვიდოდეს ზედა პატიოსანსა ჯუარსა, ხოლო ბორცჳ იგი ჯუარისაჲ იხარებდა ძლიერად და ყოველი ქუეყანაჲ იძრვოდა, და მთათა და ბორცუთა და ღელეთა არმური სულნელებისაჲ აღვიდოდა ცამდე, და კლდენი შეიმუსრვოდეს და სულნელებაჲ დიდძალი მიეფინებოდა ყოველსა ქუეყანსა. და ესე არა ზედამოჲთ იყო და არცა თანაწარსლვით, არამედ მყუვარ ჟამ. და ჴმანი დიდნი ისმოდეს. და ყოველი იგი ერი ჰხედვიდა მას და ესმოდა ოხრაჲ იგი გალობისაჲ; შეშინდეს და დაუკჳრდა ფრიად, შიშით და ძრწოლით თაყუანისსცემდეს პატიოსანსა ჯუარსა და სიხარულითა დიდითა ადიდებდეს ღმერთსა" (შატბ. კრებ. 351-352).6

ჯვრის სასწაული კვლავაც გრძელდებოდა ("და შემდგომად ამისა სხუანი მრავალნი სასწაულნი და ნიშნი იქმნებოდეს ზედა პატიოსანსა ჯუარსა ზეცით-გარდამო"), მაგრამ რადგან ყველაზე ზეაღმატებული გამოცხადება ოთხშაბათ დღეს მოხდა, ეს დღე დაამკვიდრა საქართველოს ეკლესიამ მცხეთაში ჯვრის სასწაულებრივი გამოჩინების დღესასწაულად.

[89]აღნიშნული დღესასწაული საგანგებოდაა აღნიშნული X საუკუნის I ნახევრის საგალობელთა კრებულში ანუ იადგარში (Sin. 1), სადაც ვკითხულობთ:

"შემდგომად მარტუილიასა ოთხშაფათსა ქართლს ჯუარისაჲ".

ამასვე გვაუწყებს X საუკუნის კიდევ ერთი ხელნაწერი Sin. 14:

"დღესა ოთხშაბათსა, შედეგად მარტუილიასა, ჯუარისა მცხეთისაჲ".

აღნიშნული ცნობა შენიშვნის სახით აქვს დართული X საუკუნის II ნახევრის ხელნაწერს Sin. 64:

"შემდგომად მარტჳლიისა ოთხშაბათსა ქართლს ჯუარისაჲ".

ამავე დღესასწაულზე უთითებს იოანე-ზოსიმეც: "დღესა ოთხშაფათსა შემდგომად მარტჳლიისა მცხეთისა ჯუარისაჲ".

საგულისხმოა, რომ ამ დღესასწაულისათვის საგანგებო საგალობელი დაწერილი არ ყოფილა. სამივე ზემოდამოწმებული ხელნაწერი მიუთითებს, რომ ამ დღეს იკითხებოდა ის საგალობლები, რომლებიც წარმოითქმებოდა იერუსალიმში 7 მაისს გამოჩენილი ჯვრის სასწაულთან დაკავშირებით, რაც მთელ საქრისტიანოში აღინიშნება. ამიტომაა, რომ აღნიშნული ხელნაწერები მცხეთის ჯვრის დღესასწაულთან დაკავშირებით შენიშნავენ:

"მაისსა ჰპოვნე", ე.ი. საგალობლები 7 მაისის დღესასწაულზე ნახეო.

ამ ფაქტით, კვლავ დასტურდება ის, რაც ზემოთ აღვნიშნეთ:

მცხეთაში ჯვრის გამოჩინების სასწაული მიიჩნეოდა თვით გოლგოთის ჯვრის გამოცხადებად, რაც, გარდა მცხეთისა, სასწაულებრივად მოევლინა იერუსალიმსაც 351 წ-ის 7 მაისს. ეს ორი გამოცხადება იგივეობრივია, ერთი მთლიანობაა, რაც უმჭიდროესად აკავშირებს ერთმანეთთან იერუსალიმს და მცხეთას და გასაგებს ხდის, თუ რატომ ეწოდა იმ მთას, რომელზეც მცხეთის ჯვარი აღიმართა, გოლგოთის მთა. კ. კეკელიძის გამოკვლევა მცხეთის, როგორც "მეორე იერუსალიმის" შესახებ, ამ სასწაულით სრულყოფას იძენს და ნათელი ხდება, რომ საქართველოს ეკლესიისთვის მცხეთის ჯვარი მაცხოვრის ანუ იერუსალიმის ჯვრად განიჭვრიტება, ხოლო მცხეთის გოლგოთა, სადაც ჯვარი აღიმართა, სულიერად იერუსალიმის გოლგოთის იგივეობრივად წარმოჩნდება.

მცხეთის ჯვრის იგივეობა გოლგოთის ჯვართან ცხადყოფს, რომ ეს ორი სიწმინდე არსობრივად ერთი და იგივეა და მათი სულიერი რაობაც იდენტურია. შესაბამისად, საკუთრივ მცხეთის ჯვარზე სრულად ვრცელდება ის შეფასება, რაც საეკლესიო ტრადიციაში გოლგოთის ჯვართან დაკავშირებით არის განჭვრეტილი. წმ. ანდრია იერუსალიმელის მიერ ცხადყოფილია, რომ გოლგოთის ჯვარი აღიმართა "ყოველი სოფლის" ანუ მთელი ქვეყნიერების შუაგულში, გოლგოთის თხემზე, რომ მთელი სოფელი შემოეცვა, შემოეზომა ("გარეშეეზომა") მას და მთელი სოფლისადმი განევრცო თავისი დამფარველი ძალა. მოგვაქვს ციტატა:

"ხოლო რამეთუ შორის ქუეყანისა და საშუალსა ადგილსა ყოვლისა სოფლისასა არს ადგილი თხემისაჲ, ნუმცა ვინ არს იჭუნეულ, რამეთუ [90]ჯერ-იყო, ვითარცა ველისა დიდისაჲ, გარეშეზომაჲ ყოვლისა სოფლისაჲ და მართლ საშუალსა ქუეყანისასა აღმართებაჲ ცხოველსმყოფელისა ძელისაჲ, რაჲთა ვითარცა სხუაჲ მზე სიმართლისაჲ, ზეცით აღმობრწყინვებული, შეამკობდეს საშუალსა ცისასა და შორის ყოვლისა სოფლისა დანერგული და სამყაროდ ქუეყანისა განრთხმული ძელი ჯუარისაჲ, რომელი-იგი ნათლისსახითა მცხინვარებითა მისწუთების კიდეთა ქუეყანისათა" (ძველი მეტაფრასული კრებულები, ნ. გოგუაძის გამ. თბ. 1986, გვ. 320).

აღნიშნული გარემოება უეჭვოდ გვიდასტურებს, რომ მცხეთის ჯვრის პოსტამენტის წაწრწერაში, სადაც ნაუწყებია ხსენებული ჯვრის აღმართვა "მცველად ყოვლისა [...]ლისა", ბოლო, დაზიანებული სიტყვა უნდა იყოს არა "ნათესავისა", "შთამომავლობისა", "მომავალისა" თუ "ქართლისა", როგორც ეს სხვადასხვა დროს ამათუიმ მკვლევრის მიერ გამოთქმულა, არამედ - "სოფლისა". ხსენებული წარწერა სწორედ იმაზე ხაზგასმაა, რომ ზეცით ჩინებული მცხეთის ჯვარი როგორც იგივეობრივი გოლგოთის ჯვრისა, აღიმართა მცხეთის გოლგოთის მთაზე ანუ სულიერად იმავე ქვეყნიერების შუაგულში "მცველად ყოვლისა სოფლისა" (შდრ. "იოანე ზედაზნელის ცხოვრება": "წიაღ-ვლო მდინარე არაგვი, მიიწია იგი წინაშე მომცემელსა ცხორებისასა ჯუარსა, რომელსა ფრთეთა ქუეშე მისთა დაუფარავს ყოველი ყოვლისაგან შემთხუევისა ბოროტისა", ძქალძ, I, გვ. 201).

ამრიგად, რადგან მცხეთის ჯვარი სულიერად იგივე გოლგოთის ჯვარია, შესაბამისად, მისი აღმართვაც ისევე ერთგზისია, როგორც იერუსალიმის ჯვრისა. ამიტომ, ვფიქრობთ, დაუშვებელია მცხეთაში ჯვრის აღმართვის განმეორება, რადგან ეს იგივეა, რომ ჩვენ გავიმეოროთ მაცხოვრის ჯვარცმის ჯვრის აღმართვა იერუსალიმში. ასე რომ, ჩვენ უნდა ვდღესასწაულობდეთ არა ჯვრის ხელახლა აღმართვას, არამედ - წმინდა ნინოს ჟამს აღდგომიდან მესამე კვირადღეს ერთგზის აღმართული "სასწაულთაგან ზეცისათა ჩუენებული პატიოსანი ჯვრის" უდიადეს და განუმეორებელ მოვლენას და ამ მოვლენასთან განუყრელად დაკავშირებულ მეორე სასწაულს, იმავე მცხეთის ჯვრის ზეცით გამოჩინებას მარტვილიის შემდგომ ოთხშაბათს.

ყოველივე ზემოთქმული, ვფიქრობთ, ურყევად გვიდასტურებს, რომ ერთი და მხოლოდ ზეცით-ჩინებული მცხეთის ჯვარიც, მსგავსად ერთი და მხოლოდ ზეგარდამო-ნაქსოვი უფლის კვართისა, კათოლიკე ანუ საყოველთაო სიწმინდეა, და მცხეთაში მისი მწირობა მარადის მადლის მიმფენია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსადმი.

ამრიგად, აღნიშნული ორი მხოლოობითი მსოფლიო სიწმინდის თანამღვდელმოქმედება ქართლის მიწაზე ღვთივგანგებითად ცხადმყოფელია იმისა, რომ ქართლშიც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადგილას ხილული სოფლისა, ერთი მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ჰგიეს და მაცხოვნებლობს უკუნისამდე ჟამთა.

-----------------------------------------------------------------

შენიშვნები

1 - თითქმის იგივე ტექსტია "მოქცევაჲს" სინურ რედაქციაში: "აჰა ჩამოვიდეს ჯუარი ცეცხლისაჲ დაგჳრგჳნებული ვარსკულავითა და დაადგრის ზედა ეკლესიათა (?!) ვიდრე განთიადმდე. და რიჟურაჟუს ოდენ, გამოვიდეს მისგან ორი ვარსკულავი და წარვიდეს ერთი აღმოსავალით, და ერთი დასავალით. და იგი თავადი ეგრევე ნელიად ადგებინ ჲმიერ კერძო არგუსა (!) და დაადგრის ბორცუსა ზედა ეკლესიისასა, ზემო კერძო, ახლოს წყაროსა მას, რომელი აღმოადინეს ცრემლთა წმიდისა ნინოჲსთა, და მუნით აღმაღლის ზეცად". შდრ. "ქართლის ცხოვრება": "აჰა, ჩამოვიდის ჯუარი ცეცხლისა ზეცით და მისა გარემოს, მსგავსად გჳრგჳნისა ვარსკულავისათა, და დაადგრის ეკლესიასა ზედა ვიდრე განთიადმდე. და რიჟურაჟუ ოდენ გამოვიდიან მისგან ორნი ვარსკულავნი: ერთი წარვიდის აღმოსავალით და ერთი დასავალით: და იგი თავადი ეგრეთ ბრწყინვალედ, ნელიად-ნელიად, განვიდის მიერ კერძო არაგუსა, და დაადგის ბორცუსა მას ზედა კლდისასა, ზემო-კერძო ახლოს წყაროსა მას, რომელი აღმოაცენეს ცრ/ემლთა წმიდისა ნინოსთა, და მუნით აღიმაღლის ზეცად" (დასახ. გამოც. გვ. 120).

2 - შდრ. სრული ციტატა: "და იხ[ი]ლეს ყოველმან სიმრავლემ[ა]ნ ქალაქისამან ყოველთა ღამეთა მიმწუხრი, აჰა ჩამოვიდის ზეცით ჯუარი ცეცხლისა[ჲ] გჳრგჳნოსანი ვარსკულავითა და ზედა დაადგ[რ]ის ეკლესიასა ვიდრე განთიადამდე. და რიჟურაჟს ოდენ გამოვიდის მისგან ორი ვარსკულავი; და წარვიდის ერთი აღმოს[ა][ვა]ლით და ერთი დასავალით. და იგი თავადი, რომელ არს ჯუარი ქრისტეს ღმრთისა[ჲ], ეგრ[ე]თვე ნელიად ადგებინ, და წარვიდის იმიერ კერძო არაგუსა, და დაადგრის ბორცუსა ზედა კლდისასა, ზემო კერძო, ახლოს წყაროსა მას, რომელი აღმოაცინეს ცრემლთა წმიდისა ნინოჲსთა და ეგრ[ე]თღა ამაღლდის ზეცად" (ძქალძ, I, გვ. 148). საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნულ სასწაულთან დაკავშირებით, ჭელიშური რედაქციის მიხედვით, წმ. ნინო ასე მიმართავს მეფეს: "გიხაროდენ და მხიარ[უ]ლ იყ[ა]ვ, რამეთუ ჯუარი იგი, რომელსა ზედა თჳთ ნეფსით თჳსით ჴელნი განიპყრნა, აწ იგი მოგივლინა შენ მჴსნელად შენდა ყოველთაგან საბრჴეთა მტ[ე]რისათა" (იქვე).

3 - შდრ. "ხოლო ესე სასწაულთაგან ზეცისათა ჩუენებული პატიოსანი ჯუარი მცხეთისაჲ აღვიპყართ ჴელითა კაცობრივითა" (ძქალძ, I, გვ. 151).

4 - შატბერდული: "ხოლო ესე სასწაულთაგან ზეცისათა ჩუენებული პატიოსანი ჯუარი მცხეთისა აღვიპყართ ჴელითა კაცობრივითა და მივედით ბორცუსა მას ქუეშე, წყაროსა მას ზედა და ვათიეთ ღამჱ და ვილოცევდით ღმრთისა მიმართ... და ხვალის დღე აღვედით კლდესა მას ზედა. და მივიდა ნეტარი ნინო და დავარდა ქვათა მათ ზედა ბორცჳსათა, და ტიროდა იგი და მეფჱ და ყოველნი მთავარნი და ყოველი იგი სიმრავლჱ ერისაჲ, მამათაჲ და დედათაჲ, და [იყო] ყრმათა ჩჩჳლთა ჟივილი, ვიდრემდის მთანიცა ჴმა-სცემდეს. და დასდვა ჴელი წმიდამან ნინო ერთსა ქვასა და მრქუა მე: "მოვედ, შენდა ჯერ-არს, დასწერე ჯუარი ქვასა ამას". და მე ვყავ ეგრეთ. და მუნ აღჰმართეს ჯუარი იგი დიდებული მეფეთა. და მოდრკა მეფჱ მუჴლთა თჳსთა ზედა და ყოველნი მთავარნი, და ყოველი სიმრავლჱ ერისაჲ და თაყუანის-სცეს ძლევითშემოსილსა ჯუარსა" (ძქალძ, I, გვ. 151); ჭელიშური: "ხოლო ესე სასწაულითა ზეცისაჲთა გამოჩინებ[უ]ლი პატიოს[ა]ნი ჯუარი მაცხოვრისა[ჲ] აღვიპყ[ა]რით ჴელითა კაცობრივითა. და განვიდა მეფე და ყოველნი მთ[ა]ვ[ა]რნი მისნი და ყოველი ერი ქართლისა[ჲ] დედებითურთ და ყრმებით. და მოვედით ბორცუსა მას ქუეშე, წყაროსა ზედა, და ვათიეთ ღამე და ვილ[ო]ც[ე]თ ღმრთისა მიმართ... ხვალისა დღესა აღვედით ზედა კლდესა მას, და მოვიდა წმიდაჲცა იგი ზედა ბორც[უ]სა მას და დავ[ა]რდა ქვათა მათ ზედა, ტიროდა მწარედ და მეფენი და მთ[ა]ვ[ა]რნი და ყოველი სიმრ[ა]ვლე ერისა დედებითურთ და ყრმებით ჩჳლთა[ჲ]თა. ტირ[ი]ლი და ჟრინვაჲ მიიწეოდა ცამდე, ვიდრემდის მთანიცა ჴმობდეს მათ თანავე. და იყო შიში დიდი ყოვლისა სულისა[ჲ]. და შეძრწუნებულნი ადიდებდეს ღმრთეებასა ქრისტესსა და ჯუარსა მისსა პატიოსანსა. დასდვა ჴელი ერთსა ქვასა ნეტარმან ნინო და ჰრქუა მთ[ა]ვ[ა]რეპისკოპოსსა: "მოვედ, შენდა ჯერ-არს, რაჲთა დასწერო ჯუარი ქვასა ამას". და ადგილსა მას აღმართეს ჯუარი იგი დიდებული. ხოლო წმიდაჲ იგი და მეფ[ე]ნი და მთ[ა]ვ[ა]რნი და ყოველი იგი სიმრავლე ერთა ურიცხუთა დადრკეს და თაყუანი-სცეს ჯუარსა წმიდასა" (ძქალძ, I, გვ. 151); სინური: "ხოლო ესე სასწაულითა ზეცისაჲთა ჩინებული პატიოსანი ჯუარი მცხეთისაჲ აღვიპყართ ჴელითა კაცობრივითა. და მივედით ბორცუსა მას ქუეშე, წყაროსა მას ზედა, და ვათიეთ ღამჱ და ვილოცეთ ღმრთისა მიმართ... და ხვალისა დღე აღვედით ზედა კლდესა მას. და მოვიდა ნეტარი იგი ბორცუსა მას და დავარდა ქვათა ზედა და ტიროდა იგი და მეფენი და მთავარნი და ყოვლისა ერისა სიმრავლჱ მამათაჲ და დედათაჲ და წულილისა ყრმისა ტირილი და ზრინვაჲ მიჲწეოდა ცადმდე, ვიდრემდის მთანიცა ჴმობდეს მათ თანა. და დასდვა ჴელი ერთსა ქვასა ნეტარმან ნინო და მრქუა: "მოვედ, შენდა ჯერ-არს, დასწერე ჯუარი ქვასა ამას". და ვყავ ეგრე. და მუნ აღმართა ჯუარი იგი დიდებით ნეტარმან ნინო და მეფეთა. და დადრკა ყოველი იგი სიმრავლჱ ერთა ურიცხუთაჲ და თაყუანის-სცეს ჯუარსა".

5 - ქართლის ცხოვრება: "და იყო რაოდენისამე დღისა შემდგომად, მარტჳლისა უკანას, იხილეს სასწაული დიდად საშინელი, დღესა ოთხშაბათსა: აჰა ესერა, სუეტი ნათლისა, სახედ ჯუარისა, დგა ჯუარსა მას ზედა, და თორმეტნი ვარსკულავნი, სახედ გჳრგჳნისა, გარემოს მისსა, ხოლო ბორცჳ იგი კუმოდა სახედ სულნელად. და ხედვიდეს სასწაულსა ამას ყოველნი, და მრავალნი უღმრთოთაგანნი მოიქცეს და ნათელ-იღეს მას დღესა შინა. ხოლო ქრისტიანენი უფროს მორწმუნე იქმნებოდეს და ადიდებდეს ღმერთსა" (იქვე, გვ. 122). სხვა რედაქციებს აკლია.

6 - ქართლის ცხოვრება: "მერმე კუალად იხილეს სხუა სასწაული ჯუარისა, ვითარ-ცა რა ცეცხლი დგა თავსა ზედა მისსა, შჳდწილად მზისა უბრწყინვალესი, ზედა დაადგრა მას და, ვითარ-ცა საჴუმილისა ნაბერწყალნი აღვლენ, ეგრე სახედ ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა. ხოლო ბორცჳ იგი იძვროდა ძლიერად და, ვითარ-ცა სასწაული იგი დასცხრებოდა, ეგრე-ცა ძრვა იგი დასცხრებოდა. ვითარცა იხილეს სასწაული იგი, დაუკჳრდა ყოველთა, და უფროსად და უმეტესად ადიდებდეს ღმერთსა" (იქვე, გვ. 122). სხვა რედაქციებს აკლია.

ჟურნალი "გული გონიერი", №1 (4), 2012 წ.
კავებში ჩასმული ([]) ნუმერაციით მითითებულია ჟურნალის გვერდები

No comments:

Post a Comment