Wednesday, February 20, 2019

ედიშერ ჭელიძე - იოანე პეტრიწის სწავლება პიროვნების განსწავლითი სრულყოფის შესახებ

იოანე პეტრიწის განსწავლულობა და მისი ნააზრევის საღვთისმეტყველო სიღრმე კარგად არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის სრულიად არაფერია ცნობილი, თუ სწავლების რა გზა განვლო მან, მაინც ეჭვგარეშეა, რომ ხსენებულ მოღვაწეს ხანგრძლივი და ზედმიწევნით საფუძვლიანი სკოლარული აღზრდა მიუღია. შესაბამისად, პეტრიწის მოსაზრებანი პიროვნების განსწავლითი სრულყოფის შესახებ, ვფიქრობთ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ძველად სწავლების პროცესი და პიროვნული სრულყოფა ერთ მთლიანობად აღიქმებოდა.

აღნიშნული საკითხის შესახებ იოანე პეტრიწის  ცნობილ კომენტარებში ხშირი მინიშნებანი გვაქვს, მაგრამ შედარებით სისტემური ანალიზი თავს იჩენს „ფსალმუნთა“ მისეული თარგმანისადმი წამძღვარებულ წინასიტყვაობაში. ხსენებულ შრომაში ერთგან პეტრიწი არაორაზროვნად მიანიშნებს თავის მოწინააღმდეგეებზე და, ბოლომდე სჯერა რა საკუთარი მოსაზრებებისა, აყალიბებს სწავლებას იმის შესახებ, თუ რა განსწავლულობის და რა სულიერი მომზადების პირებთან არის შესაძლებელი პაექრობა ჭეშმარიტების შესახებ. ქვემოთ ანალიტიკურად შევეხებით აღნიშნულ სწავლებას.

უმთავრესი თვისება, რაც მოპაექრეს უნდა ჰქონდეს, ესაა „კეთილმებჭეობა“. ჭეშმარიტების მაძიებელი და სრულყოფის მოწადინე პიროვნება უნდა იყოს „კეთილმებჭე“. ეს სიტყვა ტერმინოლოგიური შესატყვისი უნდა იყოს ბერძნული სიტყვისა εὐκρινης, რაც ნიშნავს კეთილად ანუ კარგად განმსჯელს, კარგად ანუ სამართლიანად, მართებულად შემფასებელს.

„კეთილმებჭეს“, პეტრიწის თქმით, უნდა შეეძლოს „გულისჴმისყოფის მიდმოსჯა“ ანუ ნაგულისხმევი აზრის განსჯა, გამოკვლევა („მიდმოსჯა“ იგივეა, რაც ბერძნული διακρίνω). ასეთი პირისგან იმედოვნებს პეტრიწი მართებული განაჩენის გამოტანას. აი, მისი სიტყვები:

„თუ ვინ კეთილმებჭემან იჴუედრნეს სიტყუანი ჩემნი, მიდმო-უსაჯოს გულისჴმისყოფასა; ვჰგონებ, რომელ არა დავიცილო კერძოჲ სამართლივმოქმედთაჲ“ (პეტრიწის, II, 219, 22-24).

ტერმინი „კერძოჲ“ აქ უნდა ნიშნავდეს „საზომს“, „შემფასებლობით კრიტერიუმს“, „განსჯის შედეგად გამოტანილ განაჩენს“, „მისაგებელს“. ამავე გააზრებით და იმავე „ბჭობის“ კონტექსტში პეტრიწი სხვაგანაც სარგებლობს აღნიშნული ტერმინით:

„სათანადო არს ჩუენდა, რაჲთა გავბჭოთცა და საბჭოსა შორის სულისა ჩუენისასა კერძოჲ და უღელი აღმქმნელისა ჩუენისა ღმრთისაჲ ვიპყრათ და ამის კერძოჲსად თანაშემწენი ჩუენნი გონებად სულთა ჩუენთა შევრაცხნეთ და თუალად გუამისა ჩუენისა“ (II, 207,18).

როგორც ვხედავთ, პეტრიწის ტერმინი „კერძოჲ“ გამოყენებული აქვს „უღლის“ სინონიმად. ამგვარი რამ ნიშანდობლივია პეტრიწისთვის, რომელიც ამა თუ იმ ახალი ტერმინის შინაარსობრივი ცხადყოფის მიზნით (ცხადია, მკითხველისათვის) ხშირად უწყვილებს მას იმავე შინაარსის მატარებელ ყველასათვის ცნობილ ტერმინს.

ტერმინი „უღელი“ ძველ ქართულში ნიშნავდა „სასწორს“ (იხ. ი. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ. 1973, გვ. 435). აი, ერთი ნიმუში: „განმართლდეს უღლითა“ (მიქ. 6.11; დამოწმებულია ი. აბულაძის მიერ; შდრ. ბერძნ. δικαιωθήσεται ἐνζυαῶς).

ამრიგად, „კერძოჲ“, როგორც „უღლის“ სინონიმი, უნდა ნიშნავდეს სასწორს, საწონს, შემფასებლობით კრიტერიუმს, საზომს, განჩინებას, მსჯავრს, აგრეთვე წილხვედრს, მისაგებელს. შესაბამისად, ბოლო ციტატა ახალ ქართულად, ვფიქრობთ ასე უნდა ითარგმნოს:

„საჭიროა ჩვენთვის, რომ განვსაჯოთ და ჩვენი სულის სამსჯავროში ხელთ გვქონდეს საზომი („კერძოჲ“) და სასწორი („უღელი“) ჩვენი შემქმნელი ღვთისა და ვინც ამ საზომისადმი („კერძოჲსად“) მიგვმართავს (შეგვეწევა), ჩვენს სულთა გონებად და ჩვენი სხეულის თვალად შევრაცხოთ“.

ეს „კერძოჲ და უღელი ღვთისა“, რაც ჩვენი სულის „საბჭოში“, ე.ი. სამსჯავროში ანუ „განმსჯელობით“ წიაღშია დადებული, პეტრიწის განმარტებით არის შორისმდებარეობითი (ანუ ენდიათეტური) სიტყვა, რასაც იგი უწოდებს „ვითარ ვინაჲმე საწონი საწონელთად და ვითარ ქვაჲ, რომლისა მიერ განურჩევენ სიკეთეთა ოქროსა“. ამ შინაგანი სიტყვის გზით გვაქვს ჩვენ „მებჭეობითი ძალი“ ჩვენს ბუნებაში (იხ, II, 267). აქედან ცხადია, რომ “კერძოჲ“ ნიშნავს სწორედ „შემფასებლობით კრიტერიუმს“, „საზომს“, „საწყაოს“, შესაბამისად: მიგებას, განაწილებას (შდრ. „კერძოჲ“ - ბერძნ. Μερος) ანდა მისაგებელს, განჩინებას, წილხვედრს.

ამრიგად, პეტრიწი გვაუწყებს, რომ თუ მის მოპაექრეთაგან „ვისმე მართლგანმსჯელს“ შეხვდება მისი სიტყვები (ვისაც ძალუძს ნაგულისხმევი აზრის შეფასება ანუ განსჯა), ასეთ შემთხვევაში იგი არ „დაიცილებს“ (ანუ არ აირიდებს, არ აიშორებს, არ შეაფერხებს) სამართალმოქმედთა „კერძოს“ ანუ მათ „სამსჯავროს“, მათ „სასწორს“, თუკი, განაგრძობს პეტრიწი (და ეს არსებითია), ხსენებულ სამსჯავროზე სიყვარულის მადლით იქნება იგი ხმობილი („სადა უფროჲს ხოლო მადლითა სიყუარულისაჲთა ვიწოდო მის მიერ“, II, 219,30), რადგან სხვა მდგომარეობა, კერძოდ, უსწავლელობა და მოშურნეობა მის მოპაექრეს ვერ გაამარჯვებინებს (პეტრიწი იყენებს ტერმინს „მოერეცოს“, რომლის მნიშვნელობა გაურკვეველია), თუნდაც „სასწავლოჲ“ იყოს იგი ანდა „სასწავლოჲს“ ანუ სწავლამიღებულის, სასწავლებელდამთავრებულის წოდებაც ნაღირსები ჰქონდეს („ხოლო თუ უსწავლელობათა და შურთა ზედადართვითა განმჴნობილ იყოს ანუ და რეცა თუ სასწავლოჲ, და თუ „სასწავლოდ“ იღირსებისღა წოდებად, აჰა და მოერეცოს, ვითარ ენითსა ჩუენსა ჩუეულ არს წოდებად“, II, 219-220).

სწორედ აღნიშნულის შემდეგ იწყებს პეტრიწი თავისი შეხედულების გადმოცემას პიროვნების განსწავლითი სრულყოფის შესახებ, ანუ იმის შესახებ, თუ რა სწავლებითი ეტაპები უნდა ჰქოდნეს განვლილი სრულყოფილ პიროვნებას, რომ მან „კეთილმებჭეობა“ ანუ მართებულად განსჯა შეძლოს.

პირველ რიგში იოანე პეტრიწი წარმოაჩენს სამეტყველო და სამწერლობო ენის მეცნიერული (გრამატიკული) ცოდნის აუცილებლობას. იგი აღნიშნავს:

„რომელმან ნაწილნი თქუმისანი, თუ რაჲ სახელი და რაჲ სიტყუაჲ... მოიგოს“ (II, 220,4).

შემდეგ, ასევე აუცილებელ პირობად არის მის მიერ მიჩნეული წერისა და მეტყველების ხელოვნების, სტილური დახვეწილობის ანუ, ზოგადად, რიტორიკული მეცნიერების ფლობა. პეტრიწი ხაზგასმით ამბობს:

„და ამათვე თანა, თუ ვითარ შემწყობაჲ და მორთვაჲ ენისაჲ და ნაღბი და სინანრე გარდაცემისაჲ შეცვალებისაებრ პირთაჲსა“ (II, 220, 5-7).

მოტანილი ციტატა, ვფიქრობთ, უაღრესად ზედმიწევნითი ლაკონურობით განსაზღვრავს სამეტყველო სტილის რაობას. აქ ჩვენ უთუოდ გვესმის თავად უდიდესი სტილისტის და სიტყვახელოვანის ხმა.

აღნიშნული ორი ასპექტი პეტრიწისათვის წარმოადგენს აზრის წვდომისა და და გამოთქმის ფორმას, მაგრამ ის, რაც გამოსათქმელია, რაც სულია ამ ფორმისა და რაც, ცხადია, არის სწორედ უარსებითესი, პეტრიწის მიერ ამგვარად განიმარტება:

„და ამათ ყოველთა სანთლად დღე ღმრთისმეტყუელებითთა ხედვისაჲ და მაუკვდავებელი ნათელი გონებისაჲ“.

თუ რა არის ეს „ნათელი“, „დღე ღმრთისმეტყუელებითთა ხედვისაჲ“ და „მაუკვდავებელი ნათელი“, თვით პეტრიწის მიერ სხვაგან არაერთგზის წარმოჩენილა: ქრისტესმიერი სარწმუნოება. იქვე, რამდენიმე წინადადების შემდეგ, როდესაც პეტრიწი უღირს მოპაექრეებზე მიგვითითებს, უცხადესად არის ნაუწყები მის მიერ:

„ხედვათა ჩემთა მაცხოვნებელ იტყჳს ჴმაჲ: „ნუ წინადაფენად“1.

„ხედვათა მაცხოვნებელი ჴმაჲ“ და „დღე ღმრთისმეტყუელებითთა ხედვისაჲ“, რა თქმა უნდა, ერთი და იგივეა. შესაბამისად, თუნდაც მოტანილი ადგილი კარგად ასაჩინოებს იმ სიყალბეს, რაც პეტრიწისადმი ნეოპლატონიკოსის იარლიყის მიკვრაში გამოიხატება.

ჭეშმარიტი სარწმუნოებით განათებული გრამატიკულ-რიტორიკული განათლება შინაარსობრივ სრულყოფას ანიჭებს გამოთქმის ფორმას.

განსწავლის შემდეგი ასპექტი, რაც ასევე მკვეთრადაა გამოყოფილი პეტრიწის მიერ, გულისხმობს სხვა ტომთა გამოცდილებას, მათ კულტურათა სხვადასხვაობას.

„...და დართე კუალად მრავალგამოცდილებაჲ ტომებთა შორისთა მსხუებათა“ (II, 220, 9-10).

აღნიშნულს მოსდევს და მისგან განუყოფლად წარმოჩნდება აუცილებელი შესწავლა სხვადასხვა მოძღვრებებისა და სარწმუნოებებისა:

„და განთჳსებულთა მეთნეობათა, რწმუნებათავე თანა“.

პეტრიწი გვასწავლის, რომ ცოდნის ამ ასპექტსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ამგვარ განსწავლულობას „არა მცირედი გულმეჴმეობაჲ მოაქუს თჳს შორის“. ეს მხარე გულისხმობს სწავლის მიღებას, მეცნიერებათა დაუფლებას. პეტრიწი იმოწმებს არისტოტელეს, რომ მსწავლელი პირი „სასწავლოთა უნდა ემხარკოს“ ანუ მეცნიერებათა დაუფლებას ემსახუროს. ტერმინით „სასწავლოჲ“ პეტრიწი საზოგადოდ გადმოსცემს ბერძნულ ტერმინებს μάθησις (იხ. ნემესიოსი 31.24-552 A; 31.26-552 A; 32.7.8.552 B; 90.44-661 B; 99.17-677 A; 161.27-780 A-B) და μάθημα (17.27-524 B; 100.5-677 B). საგულისხმოა, რომ  ერთ შემთხვევაში იგივე μάθημα პეტრიწის მიერ გადმოტანილი, როგორც „სწავლულებაჲ“ (იქვე, 17.16-524 B), რაც კიდევ უფრო გამოკვეთს ტერმინ „სასწავლოს“ შინაარსს (იხ. ამ ტერმინის ს. ყაუხჩიშვილისეული განმარტება, პეტრიწი, I, გვ. 293).

და ბოლოს, პეტრიწი გახაზავს პიროვნული გამოცდილების მნიშვნელობას, რაც წლების მანძილზე მიიღწევა და რისი შედეგიც არის „ცნობიერებაჲ“. პეტრიწი აღნიშნავს:

„ვთქვა ჭაბუკი ბრძნად, არამედ ცნობილად არღა, რამეთუ ცნობიერებაჲ გამოცდილებათაგან მიიღებს შეკრებასა“.

აქ ჩამოთვლილ ასპექტთა მქონე პირი, პეტრიწის სწავლებით, „კეთილმებჭეა“, მაგრამ თვით პეტრიწის მწუხარებას სწორედ ის გარემოება იწვევს, რომ მასთან მოპაექრენი სრულიად მოკლებულნი არიან განსწავლითი სრულყოფისა და კეთილმებჭეობის ზემორე ნიშნებს. ამიტომ, პეტრიწს ამგვარ პირებთან პაექრობა, სახარებისეული სწავლების თანახმად, სამოძღვრო სიწმინდეების ძაღლთა წინაშე დაფენად წარმოუჩნდება და შესაბამისად განეკრძალვის მათეულ „საბჭოს“.

„ვინაჲ თუ მე აწ ამათ ყოველთა მოუგებელთაგან ვისჯებოდი და რაჲვე ნაქმადი ტკვილთა ჩემთაჲ საბჭოდ მათ წინა-დაედებოდის, ვითავე ხედვათა ჩემთა მაცხოვნებელი იტყჳს ხმაჲ: „ნუ წინადაფენად“...

ამის შემდეგ პეტრიწი განაგრძობს პირველ პირში საუბარს, მაგრამ აშკარაა მის მიერ უწყებულის განზოგადებული მნიშვნელობა. შესაბამისად, ესეც განსწავლითი სრულყოფის ნიშნად გვესახება, კერძოდ, გამძლეობა და დათმენა სულიერი ტკვილებისა. პეტრიწი მიმართავს, ერთი მხრივ, მის მოწინააღმდეგეებს, მოძღვრებითად მასთან დაპირისპირებულთ („მათ ესე მეთნეთა“, ე.ი. „მათ ასე მოაზროვნეთ“, „მათ ასე მოფიქრალთ“), ხოლო მეორე მხრივ მის გულშემატკივრებს („ჩუენთა“), სულით მჭვრეტელთ („მეხედეთა სულითა“) და ქრისტესმიერი ჭეშმარიტების მოტრფიალეთ („ტრფიალთა ჩუენისა ამის დღისათა“) და აუწყებს მათ საკუთარი ახოვანების შესახებ:

„არამედ იუწყედ პირველ თჳთ მათ ესე მეთნეთა, და მერმე ჩუენთა და მეხედეთა სულითა და ტრფიალთა ჩუენისა ამის დღისათა: მე კაცი დავხუდი ლმობათა შორის ჩემთა და მამადი ტკივილთა შორის გონებისათა“ (II, 220.18-21).

ამ სიტყვათა შემდეგ პეტრიწი კვლავ გადაჭვრეტს მის მიერ განვლილ შემეცნებით გზას, მისვე მოუმედგრებლობას ჭეშმარიტების ძიების გზაზე და თვალნათლივ წარმოგვიჩენს ამგვარი ახოვანების უკეთილნაყოფიერეს გვირგვინს, „გონებითი ცისკრის მოხედვას“ მისდამი, რაც ყველა მსგავსი მოღვაწის სამოღვაწეო გზის საღვთო აღსრულებაა:

„და არა ვეც რული სარეცეთა მომდოვრებისა ჩემისათა, და არცა წამი სასუენთა სულისა ჩემისათა, ვიდრემდის არა მომხედნა მე გონებითმან ცისკარმან დღეთადმი, რომელთა ბნელი უმეცრებათაჲ არღ ენაცვალების“ (II, 220.21-24).

„გონებითი ცისკრის“ შესახებ სხვაგან გვაქვს დეტალური განხილვა (იხ. გაზეთი „თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია“, 1999 წ. №1). ამჯერად, აღვნიშნავთ, რომ ამგვარი ცისკრის „მოხედვა“ არის სწორედ პიროვნების განსწავლითი სრულყოფის საღვთო აღბეჭდილობა. ესაა მდგომარეობა, რომლის შემდეგაც პიროვნება, როგორც ჭეშმარიტი პედაგოგი, ერისათვის მსახურებას იწყებს. პეტრიწი გვაუწყებს:

„და აღვიშურვე ტომისათჳს გუართა ჩემთასა მე მიდმოობაჲ ენისაჲ გალექსებული და მესხუეჲ მდამბრიოთაგან“.

ამგვარი მოღვაწე დაგვისახავს გზას განღმრთობისაკენ საკუთარი თავის ანუ ჩვენში დამკვიდრებული „შორისმდებარეობითი სიტყვის“ (რასაც პეტრიწი უწოდებს „სულით სიტყვას“) შეცნობის გზით:

„თჳთ მის შორისმდებარეობითისა სიტყჳსაგან ვეძღუანნეთ მოქმედებათადმი გონებისა და ღმრთისათა, ვითარცა არსთა ცნობისაგან მოგზაურნი ზესთარსისადმი“ (II, 221.2-4).

ამ „მოგზაურობის“ წარმართვა აღსრულდება ბუნებითი „მეგზურის“, მაცხოვრის კვალს შედგომილი და ზემოწარმოდგენილი მოღვაწეობის შედეგად პიროვნულად სრულქმნილი პედაგოგის ანუ „ყრმათმყვანებლის“ მიერ, რომლის ერთ-ერთი ნიმუში, ვფიქრობთ, თავად იოანე პეტრიწია.
--------------------------------------------------------------

1 - მოტანილი ტექსტი სწორად არის გაგებული და გამართული ლ. გიგინეიშვილის მიერ (იხ. ლ. გიგინეიშვილი, იოანე პეტრიწის „განმარტების“ I თავის ერთი პასაჟის გაგებისათვის, წელიწდეული, გელათის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, ქუთ. 1998, გვ. 23).

ჟურნალი "ბურჯი ეროვნებისა". თბილისი, 1999, №1-2

No comments:

Post a Comment