Saturday, February 9, 2019

წმიდა იოანე ოქროპირი - ამაღლების შესახებ

[24]სამი უჩვეულო სასწაული, ჟამიერების დასაბამიდან უცნობი და ჩვენს ბუნებაზე აღმატებული, თანაშეიწნა და ჰგიეს დაურღვევლად და შეურყევლად, რადგან სამკეცი თოკი ადვილად არ გაწყდება. ესენია: უქორწინებელი დედის მშობიარობა, სამდღიანი ვნებისგან აღდგომა და ხორცის ცათა მიმართ ამაღლება.

უწყოდა ჟამიერებამ ბერწნი, რომლებმაც შვეს, მაგრამ - არა ქორწინებისეული კავშირის გარეშე; უწყოდა მან მკვდრები, რომლებიც გაცოცხლდნენ, მაგრამ - არა დაუსრულებელ სიცოცხლეში; უწყოდა მან წინასწარმეტყველი, რომელიც ამაღლდა, მაგრამ - თითქოსდა ცაში. სიტყვა „თითქოსდა“ აღნიშნავს ჭეშმარიტებისგან განსხვავებულს, რადგან ელიამ ადგილს ადგილი შეუნაცვლა, მაცხოვარი კი იქ ავიდა, საიდანაც ჩამოვიდა და ამას შეჰყურებდა მრავალი კაცი და ქალი, ვიდრე არ მოუძლურდა სიმაღლეს შეკერტებული მზერა. ანგელოზებიც თანაემოწმებოდნენ ამ სანახაობას და მეორედ მოსვლასაც მაუწყებლობდნენ, რადგან თქმულია:

„და აჰა, ორი კაცი წარმოუდგათ მათ თეთრ სამოსელში, რომლებმაც ასე უთხრეს: კაცნო გალილეველნო, რად დგახართ ცას შემყურენი? ეს იესო, ცად ამაღლებული თქვენგან, იმგვარადვე მოვა, რა სახითაც ნახეთ იგი ცისკენ მავალი“ (საქმე 1. 10-11).

ჰოი, რაოდენი იღვაწა მან, სახიერმა, უკეთურ მონათა გამო! ჩამოვიდა ცათაგან; ავიდა ცათაკენ; კვლავ მოვა ცათაგან. მაგრამ მოვა როგორ? არათუ სხვა ჰიჰოსტასში გადასული, არამედ - ხორცის სახეში, ადამიანურ დასახულობაში; არათუ, ცხადია, მდაბალთა მოქმედი, როგორც პირველად, არათუ ნავში მძინარე, არათუ დაღლილობისგან წყურვილით პყრობილი ჭასთან, არათუ ვირის ჩოჩორზე მჯდარი, არამედ ღრუბლის სახოვან ეტლზე დაბრძანებული1, არა მებადურთა მხმობელი, არამედ ანგელოზთაგან დაფარული, არა მსაჯულის დალიჭთან2 მდგარი, არამედ - კიდით კიდემდე მსოფლიოს განმსჯელი თვითვე და მებადურებისთვისაც კი მსაჯულის უფლებამოსილების მიმნიჭებელი, როგორც გვასწავლის თავადაც, რაჟამს ეუბნება მოწაფეებს:

„როდესაც დაჯდება ადამიანის ძე თავისი დიდების ტახტზე, დასხდებით თქვენც თორმეტ ტახტზე და განსჯით ისრაელის თორმეტ ტომს“ (მათე 19.26).

იუდეველებს კი ასე მიმართავს:

„თუ მე ბელზებულის მიერ განვაგდებ ეშმაკებს, თქვენი შვილები ვის მიერ განაგდებენ? ამის გამო ისინი თქვენი მსაჯულები იქნებიან“ (მათე 12.27).

თვით მოწაფეებიც იუდეველთაგან იყვნენ, მაგრამ ისინი იუდეველებისას არ იზრახავდნენ, არამედ თავის მონათესავე უფლისმკვლელებზე უფრო ქრისტეს ვნებებს და წყლულებს მიაგებდნენ პატივს.

დიდი საკვირველებაა, უჩვეულო სასამართლოა ეს სახილველი: მებადური განსჯის, ფარისეველი კი განისჯება. კარვის მკეთებელი3 სიტყვახსნილად მჯდომარეა, მღვდელთმთავარი კი კვნესით იღებს სასჯელს.

რად ურტყეს მეუფეს სახეში, თავზე რად სცეს მას მუშტი, ბოლოს - რად მოკლეს მემკვიდრე სავენახის გარეთ? რად დაატყვევეს მათ პეტრე, რად დააწყლულეს პავლე? უცნაურმა მღვდელთმთავარმა ანანიამ ხომ ისიც უბრძანა მის მსახურთ, პირში ერტყათ პავლესთვის, იმ პირში, რომელიც იყო პირი მაღლისა, პირი ჭეშმარიტებისა, აჟღერება სიცოცხლისა, - უძლიერესი ყველა საყვირზე, უმწყობრესი ყველა ჰარმონიაზე, ორღანო ქრისტესი, [25]სალამური სულისა, - რადგან რაც სულს ესათნოებოდა, ის იქადაგა პავლემ თავისი ენით. ვფიქრობ, დავითი პავლეს პირით ამბობს: „ენა ჩემი - კალამი სწრაფმწერი მწიგნობრისა“ (ფს. 44.2). როგორ განჭვრიტა პავლემ წინასწარ ის სასჯელი, რაც ანანიას მოელოდა? „ღმერთი განიზრახავს შენს ცემას, შეთეთრებულო კედელო“ (საქ. 23.3). „შეთეთრებული კედელი“ ესაა გალამაზრებული საფლავი, გარედან მყრალი, შიგნიდან მკვდარი.

ამგვარად, რადგან გველოდება ნასაქმევთა გამო სიტყვის მიგება და მსოფლიო სასამართლო, სადაც მოგვეთხოვვბა ყოველივე ის, რაც იგავთა მიერ გაგვიცხადა უფალმა (თუ როგორ მოვიხმარეთ ტალანტები, თუ რატომ უარვყავით საიდუმლო ქორწილი, როგორ ვატარეთ საქორწინე ლამპარი, როგორ აღვაორძინეთ თესლი, როგორი ნაყოფი შევძინეთ სავენახეს და სხვა), ამიტომ ტალანტად ვაქციოთ ცხოვრება, შევცვალოთ ის, რაც ამცხოვრებისეულია; ნუ ვივაჭრებთ ვერცხლით, ნუ მოვიხვეჭთ ოქროს, ნუ ვიქნებით სულთამხუთავი მევალეები, რადგან ამას ყოველივეს განეკრძალვის თვით მსაჯულიც, არამედ ვზრდიდეთ ღარიბებს, გვიყვარდეს უცხონი, ღვთისადმი ვხმობდეთ და აღვასრულებდეთ ყოველივე იმას, რასაც ძალუძს დააცხროს მსაჯულის რისხვა. ისწავლე უცხოთმოყვარეობის სარგებელი, მზერა მიაპყარ აბრაამს, აწონ-დაწონე ნინეველთა ვედრების სიკეთე, განჭვრიტე ის საუნჯე მოწყალებისა, ტაბითას რომ ჰქონდა, რომელიც უსულოდ იყო დადებული საწოლზე და საფლავში ჩამარხვა ელოდა, მაგრამ ქვრივები გარს შემოერტყნენ პეტრეს, უჩვენებდნენ, გარდაცვლილისგან რაც ბოძებული ჰქონდათ და, ასე, ჯოჯოხეთიდან ამოიტაცეს მკვდარი (საქ. 9.39 და შემდეგ).

ამრიგად, თუ მკვდარი სხეული ქვრივთა ცრემლებმა გააცოცხლეს (ცხადია, რომ იგი კვლავ მოკვდებოდა), როგორ გგონია, სიკეთეთა ნაცვალგების ჟამს რაოდენს მიანიჭებს მსაჯული მათ, რომლებმაც უშურველი მარჯვენით იღვაწეს გლახაკთა დაპურება და არ უგულებელყვეს ღარიბთაგან დასტური?4

დიახ, მაშინ იქნება წარუწყმედელი საბოძვარი, რაჟამს აღარ დადგება სიკვდილი შუაში, არამედ მარადიულად განივრცობა სიცოცხლე, რადგან თქმულია: „საყვირს დასცემს და ქრისტეში აღდგებიან მკვდრები, უხრწნელნი“ (I კორ. 15.52) და უცვლელნი, მეუფის მსგავსად, და როგორც მიიღო იგი ღრუბელმა, ასევე ჩვენც, პავლეს თქმისებრ, „ღრუბლებში ავიტაცებით“ (I ითეს. 4.16) და როგორც აღვიდა იგი საყვირის ხმაში და ხმიანობაში, ამავე სახით ჩვენც ძილის მსგავსად განვიშორებთ სიკვდილის ღრუბელს მთავარანგელოზური საყვირის მიერ და ცხოვრების წინამძღვარს თანაშევერთვით, „და ასე, როგორც თქმულია, მარადის უფალთან ვიქნებით“ (იქვე), ყველანი, რომლებიც უფლისას ვიზრახავთ და ვიცავთ მის მცნებებს. მოხდეს ისე, რომ ყველა ჩვენგანი ეღირსოს იმ ნეტარ ცხოერებას: „კარგია, მონავ კეთილო და სანდოო, მცირეზე სანდო იყავი, მრავალზე დაგადგენ შენ. შედი უფლის სიხარულში“ (მათ. 25.21), რომლისაც არის დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
-----------------------------------------------------------------
შენიშვნები

1 - სიტყვ. „ღრუბლისსახოვანი ჩოჩორით ტარებული.“

2 - „დალიჭი“ - ძვ. ქართ. სამსჯავრო, სასამართლო.

3 - ე.ი. უბრალო ხელოსანი.

4 - ე.ი. უმნიშვნელოდ არ ჩათვალეს ის, რომ ღარიბები დაადასტურებდნენ მათ ქველმოქმედებას.

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ
„სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004 წ.
კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები

No comments:

Post a Comment