87-88
ბიოგრაფიული ცნობები
ჩვენი წინა საუბრები ეთმობოდა ქრისტიანული ლიტერატურის უადრეს ძეგლს
(დღევანდელო წყაროების მიხედვით) სახელწოდებით “დიდაქე”. შეძლებისდაგვარად
შევეხეთ ამ უმნიშვნელოვანესი ნაშრომის უმთავრეს ასპექტებს და ვფიქრობთ
შეგვიძლია, რომ ქრონოლოგიურად უფრო გვიანდელ ეპოქაზე გადავიდეთ,
მომდევნოზე, როდესაც უკვე ჩვენთვის ცნობილია არა მხოლოდ ნაშრომები, არამედ
ამ ნაშრომთა ავტორებიც. ამჯერად მხედველობაში გვყავს I ს-ის II ნახევრის და
საერთოდ საეკლესიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი წმინდა
კლიმენტი რომაელი.
კლიმენტის ავტორიტეტულობას, ამ მოღვაწის განსაკუთრებულობას განაპირობებს
რამდენიმე გარემოება. პირველ რიგში ის, რომ კლიმენტი გახლდათ ისტორიულად
ნამდვილად მოციქულთა მოწაფე, დამოწაფებული მოციქულებს, განსაკუთრებით
წმინდა პეტრე მოციქულს, რომლის თანამოსაგრეც იყო იგი, რაჟამს პეტრე
ანტიოქიაში მახარებლობდა და მოციქულობდა ღვთის სიტყვას. მასზე ჩვენ უფრო
დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ, ამჯერად მხოლოდ ფაქტს ავღნიშნავთ, რომ
პეტრესადმი დამოწაფება, პეტრეს მოწაფეობა კლიმენტი რომაელს, ეკლესიის
მამას, კვლავ ავღნიშნავთ, განსაკუთრებულობას სძენს. ეს განსაკუთრებულობა,
პეტრესადმი მისი მოწაფეობა, აღნიშნული მოღვაწის შრომებშიც უეჭველად
თვალსაჩინოა. გარდა ამისა, ასევე უდიდესი ღირსება კლიმენტი რომაელისა
გახლავთ ის, რომ კლიმენტი იმ უადრეს და უწმინდეს წინამძღვართა შორის
იგულისხმება, რომლებმაც ეკლესიური მოძღვრება საღვთო წერილზე დაყრდნობით
განგვიმარტეს, გადმოგვცეს და რომლებიც ამ საეკლესიო მოძღვრების, როგორც
უწმინდესი გადმოცემის, სათავეში დგანან.
კლიმენტი გახლავთ რომის მესამე ეპისკოპოსი. ეს ის ეპოქაა, რა თქმა უნდა, როდესაც უწმინდესი მადლმოსილებითაა რომის ეკლესია გამსჭვალული და ამ მადლმოსილების ერთ-ერთი დამამკვიდრებელი რომის ეპარქიაში, საზოგადოდ მთელს ქრისტიანობაში სწორედ კლიმენტი რომაელი გახლავთ. ასე რომ, მისი მწყემსმთავრული პატივი, მისი პაპობა რომის, თავდაპირველად უწმინდესი, ეკლესიისა ამ მოღვაწის განსაკუთრებულობას ასევე ჩვენს წინაშე თვალნათლივ წარმოაჩენს.
კლიმენტის
უკავშირდება სათნო გადმოცემა მარტვილური აღსასრულის შესახებ. ამ
მარტვილობის ამსახველი ძეგლი, მართალია გვიან არის დაწერილი, მაგრამ როგორც
მრავალ სხვა მარტვილოლოგიურ შრომასთან დაკავშირებით, ამ ძეგლთან
დაკავშირებითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასში ასახულია გვიანდელი ჩანაწერის
სახით ის თავდაპირველი ზეპირი უწყება, რაც I საუკუნიდან მომდინარეობს, უფრო
ზუსტად II ს-ის დამდეგიდან, 101 წლიდან მომდინარეობს, როდესაც მიიჩნევა,
რომ კლიმენტიმ თავისი პაპობა დაასრულა და აღესრულა ის. აი ამ ჟამიდან
მომდინარეობს წმინდა გადმოცემა მისი მარტვილური აღსასრულის შესახებ, რაც
მოგვიანებით წერილობით იქნა წარმოდგენილი.
ყველა აღნიშნულ მომენტს
გვერდით უდგას და კიდევ უფრო ღრმა შინაარსს სძენს ის გარემოება, რომ წმინდა
კლიმენტი შედის აგრეთვე იმ უადრეს ავტორთა შორის, რომელთა შრომებიც ღვთის
მადლით ჩვენამდე მოღწეულა. მართალია კლიმენტი, როგორც უაღრესად
ავტორიტეტული მოღვაწე, ხშირად იმგვარი შრომების ავტორადაც არის
წარმოდგენილი, რომლებიც მას ან არ დაუწერია ანდა მისგან დაწერილი შემდგომ
გაყალბებულა, ე.წ. ფსევდო კლიმენტინური ლიტერატურის შემადგენელი ნაწილების
ავტორად ის გვევლინება, მაგრამ ესეც მისი ავტორიტეტულობის დადასტურებაა,
რადგანაც სწორედ ამ უსაჩინოესი მოღვაწის სახელს იტაცებდნენ ხშირად
გვიანდელი გაუკუღმართებული პირები, რომ მათი არაჭეშმარიტი სწავლება
კლიმენტის, ამ ერთ-ერთი უავტორიტეტულესი და უწმინდესი მოღვაწის სახელით
გაევრცელებინათ. ამის საფუძველზეა შექმნილი, კვლავ ავღნიშნავთ, საკმაოდ
მრავალრიცხოვანი ფსევდო კლიმენტინური ლიტერაურა.
ამრიგად, მრავალია
იმგვარი ნიშანი, რაც კლიმენტი რომაელის პიროვნებას ჭეშმარიტად
განსაკუთრებულს ხდის ჩვენი სულიერი თვალის წინაშე და ამიტომაა, რომ
საეკლესიო ისტორიაში მისი ღვაწლი ყველა ნიშნით, იქნება ეს მწყემსმთავრული
ღვაწლი, მოწაფეობითი ღვაწლი, სამოციქულ-მახარებლური ღვაწლი მისი,
მარტვილური ღვაწლი, თუ მოძღვრული ღვაწლი, რაც მის წერილობით შრომებში
გამოვლინდა. ყველა ეს ნიშანი კლიმენტი რომაელს ჩვენს წინაშე წარმოაჩენს,
როგორც დედა ეკლესიის, მაცხოვნებელი მოძღვრების სათავეში მდგომს და
მარადიულად მომნიჭებელს ჩვენთვის იმ ცხოველმყოფელი სიბრძნისა, რაც უშუალოდ
მას მოცქიულთაგან და კონკრეტულად პეტრე მოციქულისგან გადაეცა. იყო თუ არა
კლიმენტი თვითმხილველი მაცხოვრისა, ჩვენ ამ საკითხზე დაბეჯითებით თქმა
არაფრისა შეგვიძლია. საზოგადოდ იმ ეპოქის მიხედვით, როდესაც კლიმენტი
მოღვაწეობდა, ქრონოლოგიურად მას, რა თქმა უნდა, შეეძლო თვითმხილველი
ყოფილიყო მაცხოვრისა. ვიცით, რომ ოდნავ გვიანდელი ეპოქის მოღვაწე,
შედარებით მცირედით მისი უმცროსი თანამედროვე წმინდა ეგნატი ანტიოქიელი იყო
მხილველი მაცხოვრისა და ამ ნიშნით, რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება ის, რომ
კლიმენტისაც ეხილა უფალი საკუთარი თვალით. მაგრამ ის რაც ნამდვილად ვიცით,
ეს გახლავთ მისი მოციქულებისადმი მოწაფეობა.
ყველა ეს ნიშანი,
ჩვენს მიერ ჩამოთვლილი, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე განხილვას მოითხოვს,
ცალ-ცალკეა მნიშვნელვანი, მრავალ მომენტს თავის თავში გულისხმობს. ცხადია,
ყველა მათგანზე ჩვენ ვერ შევჩერდებით, არსებითი ჩვენთვის არის, რა თქმა
უნდა, კლიმენტი რომაელი, როგორც ერთი უდიდესი საეკლესიო ავტორი, საეკლესიო
მწერალი. მაგრამ ვიდრე ამ საკითხზე გადავიდოდეთ, რამდენიმე სიტყვით მაინც
მისი მოღვაწეობის შესახებ უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა.
კლიმენტის
მოღვაწეობის ქრონოლოგია დღეისათვის საკმაოდაა განსაზღვრული. კარგად არის
ცნობილი, რომ ერთ-ერთი უადრესი ცნობა კლიმენტის შესახებ დაცული გახლავთ II
ს-ის მიწურულის უდიდეს საეკლესიო მოღვაწესთან წმინდა ირინეოს ლიონელთან,
რომლის ცნობილ შრომაში “მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა”, რასაც ზოგჯერ
ეწოდება “ერესების წინააღმდეგ”, III წიგნის III თავის III ქვეთავში, სადაც
მოცემულია რომის ეპისკოპოსთა უძველესი სია, ამ სიაში კლიმენტი რიგით
მესამეა. კლიმენტის შესახებ ცნობებს გვაწვდის ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსი
ევსები კესარიელი, რომელსაც ჩვენ ხშირად დავიმოწმებთ, რადგან მისი შრომა
“საეკლესიო ისტორიის შესახებ” ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძვირფასი წყაროა
ჩვენთვის უადრესი ეპოქის საეკელსიო ისტორიის და საეკლესიო ლიტერატურის
ისტორიის შესასწავლად. სწორედ ამ შრომაში ევსები კესარიელი კლიმენტის
კვლავაც ირინეოსის მსგავსად მესამე ეპისკოპოსად გვისახელებს რომისა.
ევსები, განსხვავებით ირინეოსისგან, კლიმენტის ეპისკოპოსობის ანუ კლიმენტის
პაპობის დაწყებას ათარიღებს დომიციანუსის იმპერატორობის მე-12 წლით.
რამდენადაც ცნობილია, რომ დომიციანუსი იმპერატორობდა 81-96 წლებში,
შესაბამისად მე-12 წელი მისი იმპერატორობისა იქნებოდა 92 წელი ჩვენი
წელთაღრიცხვით და აქედან უნდა ავითვალოთ კლიმენტის პაპობა. იგივე ევსები
ჩვენ მისი პაპობის დასასრულზეც გვაუწყებს, როდესაც გვამცნობს, რომ ეს
პაპობა კლიმენტისა გაგრძელდა ტრაიანეს იმპერატორობის მე-3 წლის ჩათვლით.
ტრაიანე ცნობილია, რომ იმპერატორობდა 98-117 წლებში ჩვენი წელთააღრიცხვით
და მისი იმპერატორობის მე-3 წელი იქნებოდა 101 წელი. ამრიგად სავსებით
მყარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლიმენტი ეპისკოპოსობდა ანუ პაპობდა 92-101
წლებში. კლიმენტის შესახებ შედარებით უფრო დაზუსტებული ცნობა, ფრაგმენტულად
მაგრამ მაინც, ჩვენამდე შემონახული გახლავთ წმინდა ეგნატი ანტიოქიელის,
რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ერთ-ერთ ეპისტოლეში. კერძოდ ეს გახლავთ მისი
ეპისტოლე “მარიამის მიმართ” (ყველა მისი და მათ შორის ეს ეპისტოლეც
ქართულად თარგმნილი გახლავთ წმინდა გიორგი მთაწმინდელის მიერ), სადაც
კლიმენტი წარმოდგენილია, როგორც ანენკლეტუსის შემდეგ მომდევნო პაპი რომისა.
ანენკლეტუსი, ანდა ლათინურად ანაკლეტუსი, გახლდათ მეორე პაპი რომისა.
პირველი გახლდათ ლინუსი ანდა ლინოსი (ორივე მათგანი სხვათაშორის წმინდანი
გახლავთ), და მათ შემდგომ, ანუ ანენკლეტუსის შემდგომ არის წარმოდგენილი
ეგნატი ანტიოქიელის ხსენებულ ეპისტოლეში კლიმენტი რომაელი. ეგნატი ასევე
მას უწოდებს მოციქულთა თავების – პეტრესა და პავლეს მოწაფეს.
ერთ-ერთი
ცნობა კლიმენტი რომაელის შესახებ ეკუთვნის აგრეთვე II-III ს-ის ცნობილ
ლათინ ღვთისმეტყველს ტერტულიანეს, რომელიც იმასაც გვაუწყებს, რომ კლიმენტის
პაპად კურთხევა მიუღია უშუალოდ პეტრე მოცქიულისგან. ეს ცნობა, თავისთავად
რთულად განსამარტავი გახლავთ, გარკვეულ პრობლემას ქმნის, რამდენადაც
მოცქიულები 60-იანი წლების დასაწყისში აღესრულენ და მათ შორის ამ
შემთხვევაში ვგულისხმობთ პეტრე მოცქიულს, რა თქმა უნდა, თუ ამ დროს, ე.ი.
აღსრულებამდე აკურთხა მან კლიმენტი რომის პაპად, მაშინ კლიმენტის პაპობა
სწორედ I ს-ის 60-იანი წლებიდან უნდა დაწყებულიყო. მაგრამ, როგორც
ავღნიშნეთ, ევსები კესარიელის ზედმიწევნითი უწყებით კლიმენტის პაპობა
იწყება 92 წელს. ამ სირთულესთან დაკავშირებით ყველაზე უფრო საგულისხმო
გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი ანტიერეტიკოსი მოძღვრის ეპიფანე კვიპრელის
შეხედულება თუ ახსნა აღნიშნული ფაქტისა, რომელიც უპირველეს ყოვლისა
ადასტურებს ჯერ ტერტულიანეს ცნობას იმასთან დაკავშირებით, რომ კლიმენტიმ
პაპობა უშუალოდ პეტრეს კურთხევით მიიღო, მაგრამ იქვე დასძენს, რომ
კურთხევის მიღების თანადროულად კლიმენტის პაპობა არ დაუწყია, იმიტომ, რომ
კლიმენტიმ ანგარიში გაუწია გარკვეულ გარემოებას. შესაძლოა მის პაპობას
უთანხმოება მოჰყოლოდა, რადგან დაპირისპირებული ძალები არსებობდნენ და
ამიტომ მან გადადგა ამგვარი ღვთივ სათნო ნაბიჯი, რომ პაპობა განუწესა ლინუს
რომაელს, რომელიც პირველ პაპად არის ცნობილი. შემდგომ როგორც უკვე ვთქვით
ანენკლეტუსმა განაგრძო პაპობითი ღვაწლი, ეპისკოპალური ღვაწლი ლინუსისა და
ამის შემდგომ კლიმენტიმ განჭვრიტა რა, რომ ვითარება უკვე შესაძლებლობას
ქმნის იმ კურთხევის აღსრულებისას, რაც მან თავის დროზე პეტრე მოცქიულისგან
მიიღო, და 92 წლიდან იგი შეუდგება ეპისკოპოსური მოღვაწეობის და
ვალდებულების აღსრულებას.
რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ რა
ვიცით კლიმენტი რომაელის ცხოვრების შესახებ, გარდა იმისა, რაც უკვე
ავღნიშნეთ მის მარტვილობასთან დაკავშირებით, ამ მხრივ ალბათ ყველაზე
ადრეული ცნობა დაცულია ორიგენესთან, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შრომის
“სქოლიოები იოანეს სახარების ტექსტზე”, რასაც შემდგომში ეყრდნობა ევსები
კესარიელი, მიხედვით კლიმენტი რომაელი ჩვენს წინაშე წარმოჩნდება როგორც
გაიგივებული იმ კლიმენტისთან, რომელსაც თვით პავლე მოციქული იხსენიებს და
იხსენიებს ქებით “ფილიპელთა მიმართ ვეპისტოლეში”, კერძოდ IV თავის III
მუხლში. ე.ი. ორიგენე თვლის, რომ პავლე მოციქულისგან მოხსენიებული კლიმენტი
არის იგივე კლიმენტი რომაელი და ამ ცნობას იზიარებს, როგორც ავღნიშნეთ,
ევსები კესარიელი მოგვიანებით IV ს-ში. მხოლოდ ეს მხარე თავისთავად
მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ კიდევ მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ თუ ამ ორი
კლიმენტის იგივეობა ისტორიულია, მაშინ კლიმენტი რომაელი ამ ცნობითაც (ე.ი.
ორიგენესა და ევსები კესარიელის ამგვარი ცნობითაც) კვლავაც მოციქულთა
თანამოღვაწე, მათ დამოწაფებული და მათ ღვაწლს შედგომილ პირად წარმოჩნდება
ჩვენს წინაშე. სხვა რამ კონკრეტული აღწერილობა კლიმენტი რომაელის
ცხოვრებისა, როგორც ავღნიშნეთ, ჩვენ არ გვაქვს. არის ზოგი წყარო, რომელიც
კლიმენტის თითქოს საიმპერიო კარიდან წარმომავლობას გვისაბუთერბს ჩვენ,
თუმცა ამგვარი რამ აბსოლუტურად დასაბუთებული დღეისათვის, შეგვიძლია ვთქვათ,
რომ არ არის. კერძოდ გამოთქმულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ კლიმენტი
რომაელი ასევე შეიძლება უიგივდებოდეს II ს-ის I ნახევრის ერთ-ერთი
საეკლესიო ავტორის ჰერმესის შრომაში (სათაურით “მწყემსი”) ნახსენებ
კლიმენტის. კერძოდ ამ შრომის (ეს ძეგლი, რომელიც თავისთავად ძალიან
საყურადღებოა, გარკვეულ ხილვებს შეიცავს) მეორე ხილვაში, სადაც წარმოჩნდება
ვინმე ხანდაზმული მანდილოსანი და შემდეგ გაირკვევა, რომ იგი ეკლესიას
განასახიერებს, აი ეს მანდილოსანი ურჩევს ჰერმესს, წიგნის ავტორს, რომ მისი
წიგნიდან ერთი ეგზემპლარი გადასცეს კლიმენტის, ხოლო მეორე კი ჩვენთვის
სხვა წყაროებით უცნობ პიროვნებას გრაფტეს. ამგვარად ხსენებული კლიმენტი,
როგორც უაღრესად ავტორიტეტული პირი, რომელსაც ხილვის ამსახველი ტექსტი უნდა
ებოძოს, მკვლევართა აზრით შეიძლება გაიგივდეს კლიმენტი რომაელთან.
ჩვენ
ზემოთ ავღნიშნეთ, რომ ეგნატი ანტიოქიელი მარიამის მიმართ ეპისტოლეში
გვაუწყებს კლიმენტის შესახებ. იგივე ეგნატი ამავე მოღვაწეს ეხება
ტრალისელთა მიმართ გაგზავნილ ეპისტოლეში, ხოლო ფილადელფიელთა მიმართ
წერილში იგივე ეგნატი კლიმენტის ჩვენს წინაშე წარმოაჩენს ძველი და ახალი
აღთქმის იმ უდიდეს მოღვაწეთა შორის, რომლებმაც ცელიბატურად (ე.ი.
უქორწინებლად) და წმინდად განვლეს ცხოვრება და რომლებმაც ქალწულება
დაიამრხეს სიკვდილის ბოლომდე.
აი ესაა ფაქტობრივად ყველა ის ცნობა,
რაც ჩვენ კლიმენტი რომაელის ცხოვრებასთან დაკავშირებით ამჯერად შეგვიძლია
ისტორიული მნიშვნელობით მოვიხმოთ. მაგრამ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ
კლიმენტის პიროვნება უფრო მეტად წარმოჩნდება ჩვენს წინაშე იმ ძეგლებში,
რომლებიც აპოკრიფულნი არიან, მაგრამ ცალკეულ მონაკვეთებში ჭეშმარიტების
მარცვალს შეიცავენ. ჭეშმარიტების მარცვლის შემცველობა ფსევდო კლიმენტინურ
ლიტეატურაში კარგა ხანია დადასტურებულია და ამ ფაქტის უეჭველი მტკიცებულება
გახლავთ ისიც, რომ ერთ-ერთი ნაწილი ფსევდო კლიმენტინური ლიტერატურისა,
სწორედ ის ნაწილი, რაც, ცხადია, ჭეშმარიტების შემცველია და ჯერ კიდევ
გაუკუღმართებული არ უნდა ყოფილიყო, წმინდა ექვთიმე ათონელმა ქართულად
თარგმნა და ჩვენამდე მოღწეულია, რაც, სხვათაშორის, აუცილებელ გამოცემას
იმსახურებს. აი ამ აპოკრიფულ ნაწილში ჩვენ გვხვდება უაღრესად საყურადღებო
თხრობა პირველ პირში წარმოდგენილი კლიმენტის მიერ საკუთარი ცხოვრების
შესახებ, თუ რა ცხოვრების გზა განვლო მან და როგორ მოღვაწეობდა იმ
ეპოქამდე, იმ პერიოდამდე, ვიდრე იგი პეტრე მოციქულს დაემოწაფებოდა. თხრობა
კერძოდ ამგვარი გახლავთ: კლიმენტი თავის თავს წარმოგვიდგენს ჭეშმარიტების
მაძიებელ პიროვნებად, რომელიც ცდილობს, რომ უპირველეს ყოვლისა, ადამიანის
სულის უკვდავება დაადასტუროს (ჩვენ ამ შემთხვევაში კლიმენტის ცხოვრებასთან
დაკავშირებით მხოლოდ ორიოდე სიტყვით შევეხებით ამ აპოკრიფულ თხრობას და
მოდმევნო საუბარში მას უფრო ვრცლად გადმოვცემთ. ამჯერად რომ უფრო
გამთლიანებული სახით წარმოუდგეს მსმენელს კლიმენტის პიროვნება აღნიშნულ
თხრობას მხოლოდ შემჭიდროებულად, ყველაზე უფრო მთავარი მონაცემებით
წარმოვაჩენთ). ამგვარი ჭეშმარიტების მაძიებელი პიროვნება გადაწყვეტს, რომ
წავიდეს ეგვიპტეში, სადაც მას გაუგია, რომ ქურუმებს შეუძლიათ სულთა
გამოძახება. შემდეგ ის ამ აზრს შეიცვლის, იმიტომ, რომ ჯერ ერთ-ერთი სათნო
პიროვნება ამ აზრისგან განარიდებს მას და აუხსნის, რომ მოგვები უკეთური
ძალის მსახურნი არიან, მაგრამ შემდგომ მის ყურს მისწვდება ამბავი იმის
შესახებ, რომ იუდეაში გამოჩნდა უცხო რამ კაცი ჭეშმარიტების მქადაგებელი (ამ
ამბის მიხედვით, რა თქმა უნდა, განკაცებული ღმერთი კაცად აღიქმებოდა
მხილველთაგან). ამიტომ კლიმენტი გადაწყვეტს იუდეაში წასვლას. ის მართლაც
გაემგზავრება, ღვთის განგებით ხომალდი ქალაქ ალექსანდრიაში მივა, იქ
დავანდება, სადაც კლიმენტი გაეცნობა ბარნაბა მოციქულს, რომლის კვალობაზეც
ის მოახერხებს, რომ წარუდგეს პეტრე მოცქიულს და მასთან ერთად შეუდგება იმ
მისიონერულ ღვაწლს, რაც პეტრეს განზრახული ჰქონდა ანტიოქიის რეგიონში
აღსასრულებლად. და ამ ღვაწლში მის გვერდით, როგორც უკვე ავღნიშნეთ,
განუყოფლად არის კლიმენტი რომაელი. ბოლოს ის მარტვილურად აღესრულება,
როგორც უკვე ვთქვით, თუმცა ზოგიერთი ავტორი მიუთითებს ცალკეულ წყაროებზე,
სადაც ვითომცდა უფრო კლიმენტის ბუნებრივი სიკვდილით აღსასრული დაინახება.
კერძოდ აქ მხედველობაში მიიღება ნეტარი იერონიმე. როდესაც ეს უკანასკნელი
რომის საყდარზე კლიმენტის მემკვიდრეებს ჩამოთვლის და მიუთითებს ზოგიერთი
მათგანის მოწამეობის შესახებ, არ ახსენებს კლიმენტის მარტვილობას. ასევე
მკვეთრად კლიმენტის მარტვილობაზე ხაზგასმა არც ევსები კესარიელთან არ
გვხვდება. ევსებისთან არის გამოყენებული ასეთი ფრაზა, ბერძნულად რომ
ვთქვათ, “ანალიუეტონ ბიონ”, რაც ახალქართულად იქნება “დახსნის ცხოვრებას”.
“ანალიუსის”, საიდანაც, სხვათაშორის, მომდინარეობს სიტყვა “ანალიზი”,
ნიშნავს დახსნას, დარღვევას, დაშლას, დანაწილებას. მაგრამ ცხოვრებასთან
დაკავშირებით იგულისხმება, რომ ის ამთავრებს ცხოვრებას ანუ დახსნის
ცხოვრებას. ამ ფრაზაში შეიძლება ჩაიდოს აგრეთვე ბუნებრივი სიკვდილის
შინაარსიც, როდესაც ადამიანის ხორციელი ბუნება სტიქიონებად დაიშლება,
დაირღვევა. თუმცა ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს გამონათქვამი აუცილებლად ბუნებრივ
სიკვდილზე მიუთითებს, იმიტომ, რომ იგივე გამონათქვამი გარკვეული აზრით, რა
თქმა უნდა, მარტვილურად აღსრულებული პიროვნების შესახებაც შეიძლება
ითქვას, რადგანაც ამგვარმა პიროვნებამაც, რომელსაც მარტვილური ხვედრი ერგო
წილად, რა თქმა უნდა, თავისი ცხოვრება დახსნა ანუ მისი ხორციელი ბუნება
მოკვდინების შემდეგ ასევე სტიქიონებად, ცხადია, დაიშალა. ამრიგად, ჩვენ
ვუერთგულებთ რა იმ გადმოცემას, იმ სათნო სწავლებას, რაც წერილობით
ძეგლშიცაა წარმოდგენილი, რომ კლიმენტი მარტვილურად აღესრულა. სხვათაშორის
ძალიან სახეობრივადაა ეს მარტვილობა აღწერილი და თუ შემდგომში ჩვენ
შესაძლებლობა გვექნა ცალკეულ ადგილებს ამ მარტვილობიდან გავაცნობთ კიდეც
მსმენელებს. მაგრამ ამჯერად მხოლოდ ფაქტს ვაქცევთ ყურადღებას, რომ სხვა
უადრეს მოღვაწეთა მსგავსად, რომლებიც კანონიზებული წმინდანები არიან,
კლიმენტიც მარტვილური ხვედრის დამთმენი უნდა იყოს. ამაზე ჩვენ მიგვანიშნებს
ის ფაქტი, რომ IV საუკუნემდე, როცა მოწამეობრივი ჟამი იყო ეკლესიაში და
როცა აურაცხელი წმინდანი სწორედ მარტვილურად აღესრულა და ეს ყო ერთ-ერთი
უმთავრესი ფაქტორი მათი წმინდანად კანონიზებისა, ამ მარტვილურ დასს შორის
არ ჩართვა კლიმენტისა და მისგან გამოთიშვა, დღეისათვის როცა წყაროების
უმეტესობა მის მარტვილობაზე გვაუწყებს, რა თქმა უნდა, ნაკლებ
დამაჯერებელია.
დავძენთ, რომ მას როგორც მოწამეს მართლმადიდებელი
ეკლესია იხსენიებს 25 ნოემბერს და შეიძლებოდა აღგვენიშნა ისიც, რომ
კათოლიკურ ეკლესიაშიც, რა თქმა უნდა, დარჩენილია კლიმენტის ხსენება, თუმცა
იქ ხსენების დღედ ჩვენ, რატომღაც, 22 ნოემბერი გვხვდება.
ამჯერად
ამით შემოვიფარგლებით კლიმენტი რომაელთან დაკავშირებით და შემდგომ საუბარში
შევეცდებით უფრო ვრცლად მიმოვიხილოთ აპოკრიფულ თხრობაზე დაყრდნობით მისი,
ასე ვთქვათ, ბიოგრაფია, სულიერი ბიოგრაფიაც და შემდგომ მისი შრომები.
87–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ
ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე
აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=vhmheEJtU_k
ბიოგრაფიული ცნობები აპოკრიფული წყაროების მიხედვით
ჩვენს წინა საუბარში დავიწყეთ განხილვა, შეფასება და ყველაზე უფრო
უმთავრესი წყაროების წარმოდგენა კლიმენტი რომაელის მოღვწაეობასთან
დაკავშირებით.
ამჯერად ყურადღებას მივაქცევთ აპოკრიფულ ნაშრომებში გაცილებით უფრო ვრცლად დაცულ აღწერილობას კლიმენტი რომაელის ცხოვრებისას და რამდენადაც ეს აღწერილობა თავისთავად არაფერს შეიცავს რწმენისა და დოგმატის საწინააღმდეგოს, იმ ტრაცისიის საწინააღმდეგოს, რაც კლიმენტი რომაელთან არის დაკავშირებული სხვა წყაროების მიხედვით, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია, რომ აპოკრიფულ თხრობათა აღნიშნული მონაკვეთი ჭეშმარიტების შემცველად მივიჩნიოთ. ეს თხრობა საკუთრივ კლიმენტისგანაა პირველ პირში წარმოდგენილი და იგი მრავალი კუთხით გახლავთ საყურადღებო, თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, როდესაც კლიმენტი თავის თავს უაღრესად ღრმა სულიერი შეჭირვებით წარმოგვიდგენს ჩვენ, რაჟამს ეს პიროვნება პირველად დაფიქრდება ამქვეყნიური წარმავლობისა და სიკვიდილის შესახებ. კლიმენტი გვაუწყებს, რომ როდეასც მის გონებაში აღმოცენდა აზრი ამქვეყნიდან გაქრობის, მოსპობის შესახებ ანუ სიკვდილის შესახებ, ძალაუნებურად გაკრთა მეორე აზრიც – რა ხდება სიკვიდილის შემდეგ? ამ კითხვას კლიმენტი ვერ სცემს პასუხს, იმიტომ, რომ ორი აზრი თანაშეეჭიდება მის გონებაში. ერთი აზრის მიხედვით, რომელიც მის გონებას უფრო პესიმიზმისკენ მიმართავს, არ არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, რაც მას დიდად სამწუხაროდ უჩანს. მაგრამ ამავე აზრს მაშინვე განდევნის მის გონებაში მეორე აზრი, რომლის მიხედვითაც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება. კლიმენტი სასიცოცხლო აუცილებლობად თვლის გარკვევას იმისას გრძელდება თუ არა სიკვდილის შემდგომ სიცოცხლე, რადგანაც, როგორც თვითონვე სავსებით ხაზგასმით გვაუწყებს, ამაზე იქნება დამოკიდებული მისი ამქვეყნიური ცხოვრების სახეც. თუკი სიკვდილის შემდეგ ცხოვრება გრძელდება, იქნებ სიკვდილის შემდგომი ანუ საიქიო ცხოვრებისთვის მზადება ამქვეყნიურმა ცხოვრებამ უნდა განაპირობოს. რა წესითაც, რა ღირსებითაც განვლით ამქვეყნიურ წუთისოფელს, იქნებ ამის შესაბამისად უნდა მოგვეცეს საზღაური საიქიო ცხოვრებაში. ამიტომ თუკი დარწმუნებულნი ვართ სულის საიქიო არსებობაში, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებაც საიქიოსკენ მზერამიპყრობილებმა, საიქიოსკენ მიზანმიმართულებმა უნდა წარვმართოთ. მაგრამ რაწამს ამ აზრისკენ გადაიხრება კლიმენტი, რომ საიქიო ცხოვრება არსებობს და შესაბამისად მისი ამქვეყნიური ცხოვრებაც ღვთიური ცნებით უნდა წარიმართოს, რომ ღირსეული არსებობა დაიმკვიდროს მან შემდგომ, რაწამს აი ეს აზრი იმძლავრებს კლიმენტის გონებაში, მყისვე მეორე აზრიც თანაარსებულად გამოვლინდება, რომ შეუძლებელია დაშლილი ბუნება ადამიანისა კვლავ სიცოცხლეს განაგრძობდეს რაიმე სახით შემდეგში. წუხილი, რაც კლიმენტის თან სდევს, განსაკუთრებით ცხოვრების დასრულებას უკავშირდება, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე აღარ არსებობს. რამდენადაც ეს მას აწუხებს, ამ წუხილიდან გამოსავალს ე.წ. ფორმალისტური ლოგიკით იპოვის ის, როდესაც თავისი თავის წინაშე ამგვარად განსჯის: თუკი სამწუხაროა ის ამბავი, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არ გრძელდება, მოდი ამ წუხილს, ჯერ კიდევ რომ ცოცხალი ვარ, ნუ მივეცემი, შემდგომი ჟამისთვის გადავდებ, როდესაც ამქვეყნად აღარ ვიქნები. და თუ ამქვეყნად არ ყოფნის ჟამს სიცოცხლე არ გრძელდება და არაფერს შევიგრძნობ, მაშინ იმ წუხილსაც ვეღარ შევიგრძნობ და შესაბამისად წუხილი საერთოდ გაქრება ჩემგან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ფორმალური პასუხი მას ვერ დააკმაყოფილებს, რადგან იქნებ არსებობს საიქიო შემდგომი ცხოვრება. მხოლოდ ამის დადასტურება კი არ სწადია კლიმენტის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამის დადასტურება სწადია, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი, რაც აიძულებს მას დაასაბუთოს საკუთარი თავის წინაშე, ჭეშმარიტად გამოკვეთოს არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ამის შესაბამისად შეეცდება ის ამქვეყნიური ცხოვრების მოწყობასაც. რა თქმა უნდა, თუ არ არსებობს სიკვდილის შემდგომ კვლავ განგრძობა არსებობისა, მაშინ როგორც ჩანს ნიუანსურად წარმოჩნდება კლიმენტისეულ სიტყვებში, აღარ სჯის მას, რომ თავი შეიკავოს ამქვეყნიურ სიამტკბილობათაგან. მაგრამ თუკი არსებობს განგრძობა სიცოცხლისა და თუ ამ განგრძობას, იმქვეყნიურ მყოფობას სახეს აძლევს ამქვეყნიური არსებობის წესი, შესაბამისად თუკი ამქვეყნად ღირსეულად არ ვიღვაწებთ, - ამბობს კლიმენტი, და საიქიო არსებობაში აღმოვჩნდები, იქნებ მძიმე ხვედრი დამედოს ვალად. ამგვარ ორჭოფობაში, ამგვარ შეჭირვებაში მყოფი კლიმენტი გადაწყვეტს როგორმე საკუთარი თავის წინაშე ან ერთი დაამტკიცოს, რომ სული მოკვდავია, ანდა ის, რომ სული უკვდავია. იგი გაიგებს, რომ ევიპტეში არსებობენ იმგვარი ადამიანები, გრძნეულნი, მოგვები, მაგიურ ხელოვნებას მიდევნებულნი, რომლებსაც თითქოსდა ძალუძთ საიქიოდან სულის გამოხმობა. კლიმენტი მაშინვე გადაწყვეტს ეგვიპტეში წავიდეს და იქ საკუთარი თვალით თუ არა საკუთარი გრძნობით დარწმუნდეს სულის უკვდავებაში. მას უბრალოდ ინფორმაცია არ აჯერებს, რომ დავუშვათ მოგვმა უთხრას და სიტყვიერად დაარწმუნოს, რომ სული უკვდავია, სანამ თვით არ ვიხილავ, სანამ თვით არ შევიგრძნობ არ დავრწმუნდები, - ამბობს ის. კარგად არის ცნობილი, რომ ეგვიპტეში მართლაც ოდიდგანვე არსებობდნენ ეს მაგიურ-ეშმაკმსახურებას მიდევნებული ადამიანები, რომლებიც აღასრულებდნენ ე.წ. ნეკრომანტიას ანუ მკვდარზე მკითხაობას (ბერძნულად “ნეკროს” ნიშნავს მკვდარს, ხოლო “მანტეია” მკითხაობას), რაც სულის გამოძახებას ნიშნავდა საიქიოდან. ეკლესია ამ ქმედების ჭეშმარიტებას, რა თქმა უნდა, არ აღიარებს, რამდენადაც სულზე მეუფება უკეთურ ძალას არა აქვს და თვით ისეთ მოვლენაშიც კი სამოელის სულის გამოძახება რომ არის აღწერილი ძველ აღთქმაში, მრავალი დიდი მოძღვარი აქაც ნამდვილ და ჭეშმარიტ მოსვლას სამოელის სულისას დედამიწაზე არ აღიარებს, თუნდაც წმინდა გრიგოლ ნოსელი, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური შრომა აქვს დაწერილი. ჩვენ ამჟამად ამ საკითხს არ ვეხებით, უბრალოდ ეს გაკვრით ავღნიშნეთ, მივუთითებდით მხოლოდ იმას, რომ ეგვიპტე მართლაც ძველთაგანვე იყო ცნობილი მაგიური ხელოვნების კერად და ამიტომ არაა გასაკვირი კლიმენტის არჩევანი, რომ სწორედ აქეთკენ გაემართოს ის. მაგრამ მოხდება ისე, რომ მის ქალაქში, რომში, იგი შეხვდება ვინმე ღირსეულ პიროვნებას, რომელიც გაუცნობიერებს მას, რომ მაგია ეს უკეთურ ძალთა ნამოქმედარია, მათ ქმედებას დაქვემდებარებულ ადამიანთა საქმეა და უკეთურ ძალებთან კავშირს ნიშნავს. ამიტომ კლიმენტი დააყოვნებს ეგვიპტეში წასვლას, თუმცა მან რომ დაადასტუროს სული უკვდავია თუ მოკვდავი, ეს დანიშნულება და ეს პრობლემა თავისი თავისგან არ მოუხსნია, მაგრამ ეგვიპტეში წასვლას კი გადადებს.
ჩვენ ძნელია დღეს განვსაზღვროთ ვინ იყო ის პიროვნება, ვინც კლიმენტის განზრახვა შეაცვლევინა. მასში ჩვენ ვერ ვიგულისხმებთ ქრისტიანს, იმიტომ, რომ ამავე აღწერილობით კლიმენტი ქრისტიანდება და ქრისტიანულ მოძღვრებას გაეცნობა და ქრისტიანს შეხვდება მოგვიანებით. ამის გამო ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანში უნდა იგულისხმებოდეს ძველი აღთქმის მოღვაწე, რომელსაც ჯერ კიდევ არ სმენია ახალი აღთქმის შესახებ. ძველი აღთქმის რჯულითაც მოგვობა, რა თქმა უდნა, აკრძალულია და ეშმაკეულ საქმედაა მიჩნეული, ღვთის საქმედ ის არ ითვლება. ამიტომ ეს პიროვნება თავისთავად ძალიან საინტერესოა, რომელიც, კვლავ ხაზს გავუსვამთ, იყო ვინმე ძველი აღთქმის მართალთაგანი, მართალთა მსგავსი.
ამის შემდგომ მცირედი ჟამი გავა და კლიმენტის ყურს მიწვდება ამბავი იმის შესახებ, რომ იუდეაში გამოჩნდა ვინმე მოღვაწე, რომელიც ჭეშმაირტებას ქადაგებს, უცხო რამ კაცი. რა თქმა უნდა, კაცად აღიქმება მაცხოვარი მხილველთაგან, ადამიანთაგან და იმ მომენტში როდესაც იგი პირველად იხილეს, ნაკლებად იცოდა ვინმემ და ნაკლებად ხედავდა ვინმე, მის მოწაფეთა შორისაც კი, რომ იგი იყო ღმერთი განკაცებული. ეს თანდათანობით გაცნობიერდება კაცობრიობის წინაშე, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს მოღვაწე არაჩვეულებრივია და ადამიანისთვის არაბუნებრივ და მიუწვდომელ ქმედებებს და სასწაულებს აღასრულებს, ეს ყველასთვის თვალსაჩინო ხდება. სწორედ ამგვარი ამბავი მისწვდება კლიმენტის სმენას და ამიტომ ის გადაწყვეტს, რომ დაუყონებლივ წავიდეს იუდეაში, თავისი თვალით იხილოს ახალმოვლენილი მქადაგებელი ჭეშმარიტებისა და აღმოივსოს თავისი გული ამ მისთვის ჯერ კიდევ უცხო სიბრძნით. კლიმენტი გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, სისრულეში მოიყვანოს თავისი ჩანაფიქრი. ის ხომალდში ჩაჯდება და დაემგზავრება ხომალდს. მაგრამ მოხდება ისე, რომ ღამით ამოვარდება ქარიშხალი და ხომალდი მიადგება ქალაქ ალექსანდრიის ნავთსაყუდელს და კლიმენტი გადმოვა ნაპირზე. ღვთის განგებით მოხდება ისე, რომ ქალაქ ალექსანდრიაში ამ დროს მქადაგებლობას ეწევა მაცხოვარს შედგომილი მისი მოწაფე ბარნაბა მოციქული.
საზოგადოდ ქალაქი ალექსანდრია (შეიძლებოდა ამის აღნიშვნა) გახლდათ ყველაზე უფრო ფილოსოფიზირებული (ასეთი ტერმინი შეგვიძლია მოვიხმოთ) ქალაქი მაშინდელ მსოფლიოს ოიკუმენაში. ერთ-ერთი შედარებით გვიანდელი წყაროს მიხედვით, კერძოდ ეს გახლავთ წმინდა გრიგოლ საკვირველთმოქმედის ცხოვრება (გრიგოლი III ს-ის მოღვაწეა. მისი ცხოვრების ამსახველი შრომა დაწერა წმინდა გრიგოლ ნოსელმა IV ს-ში), III ს-ში ქალაქ ალექსანდრიის თვით რიგითი მცხოვრებლებიც კი იმდენად გამსჭვალულნი იყვნენ ფილოსოფიური და ღვთისმეტყველური იდეებითა სწავლებებით და ტერმინოლოგიური ძიებებით, რომ ამ ძეგლის მიხედვით როდესაც მემწვანილეს შეეკითხებოდი თუ რა ღირს მწვანილი, ის გიპასუხებდა, რომ ღმერთი არსებით ერთია და პირით სამი. და თუ შეეკითხებოდი სხვა ვაჭარს თუ რა ღირდა მისი საქონელი, ის გიპასუხებდა, რომ ხატი სხვა არის და ბუნება სხვა არის (დაახლოებით ამგვარი მონაცემია ამ ძეგლში წარმოდგენილი). ამგვარად ფილსოფოური გახლდათ ეს ქალაქი.
ასეთ ქალაქში შედის კლიმენტი და როგორც ჩანს ეს ქალაქი მაშინაც ამგვარი იყო, იმიტომ, რომ ის ნაწილი აღნიშნული თხრობისა, რაც ბარნაბა მოციქულის ქადაგებას უკავშირდება და რასაც შემთხვევით დაესწრება კლიმენტი, აღნიშნული ქალაქის ამგვარ განწყობილებას გვიმჟღავნებს ჩვენ. ბარნაბა მოციქული ქადაგებს მგზნებარედ, მარტივი სიტყვით, მაგრამ მის გარშემო შემოკრებილნი აღსავსენი არიან ფილოსოფიური იდეებით, წინასწარ განწყობილნი არიან პაექრობისთვის, მათ მარტივი და გრძნობადი გადმოცემა ჭეშმარიეტებისა, რა თქმა უნდა, არანაირად არ მიიღეს, სასმენელნი მათნი დახშულნი არიან ამგვარი სიტყვისთვის. ერთადერთი აღმოჩნდება მხოლოდ კლიმენტი, რომელიც შეიწყნარებს ბარნაბა მოცქიულის მარტივად ნამცნებ ჭეშმარიტებას, განიმსჭვალება ამ ჭეშმაირტებით და როდესაც გარშემო დამსწრე საზოგადოება თითქოსდა ფილოსოფიურ შეკითხვებს უსვამენ ბარნაბას და სინამდვილეში მიზნად ისახავენ მის სასაცილოდ აგდებას, მისთვის დაცინვას, კლიმენტი შეიჭრება ბრბოში, გვერდით დაუდგება ბარნაბას, მგზნებარედ მიმართავს გარშემოჯარულ უგუნურთ, ფაქტობრივად დამოძღვრავს კიდეც მათ, რომ მართებდათ ჭეშმარიტების სიტყვა იმავე უბრალოებით მიეღოთ, როგორც ეს ბარნაბასგან წარმოითქვა, მათ კი გული დაუხშეს ჭეშმარიტების სიტყვას და იმავე უგუნურებაში დარჩნენ, რაშიც მანმადე იყვნენ. ხოლო ბარნაბა, როგორც ჭეშმარიტების მსახური და ქადაგი, კლიმენტისთვის იმდენად ძვირფასი აღმოჩნდება, რომ დაუყონებლივ შეემოყვსება მას (ჩვენ გვინდა, რომ ეს ძველი ქართული სიტყვა აღდგეს სიტყვათხმარებაში) ანუ სიყვარულით დაუკავშირდება, დაუმეგობრდება მას და ბარნაბაც სიყვარულის სანაცვლოდ აღუთქვამს კლიმენტის, რომ თუკი იგი იუდეაში ჩავიდოდა შეახვედრებდა პეტრე მოცქიულს.
ჩვენ უფრო დეტალურად ამ თხრობას ვერ გავყვებით, იმიტომ, რომ საკმაოდ ვრცელია ეს თხრობა, ავღნიშნავთ მხოლოდ, რომ კლიმენტი შემდგომში მართლაც ჩადის იუდეაში, ის მიდის იმ ადგილას, სადაც მოციქულები მკვიდრობენ. ბარნაბა მოციქული მას შეიყვანს მოციქულთა სამყოფელში, წარუდგნეს პეტრე მოცქიულს და აქედან ედება სათავე კლიმენტის მოწაფეობას პეტრე მოციქულისადმი. ეს ის წამია, როდესაც პეტრეს უკვე გადაწყვეტილი აქვს სამისიონერო ღვაწლის დაწყება ანტიოქიის რეგიონში. მას სჭირდება ვინმე თანამოსაგრე, ერთგული თანამოღვაწე, აგრეთვე ისეთი თანამოღვაწე არა მხოლოდ მქადაგებლობაში და ღვაწლში, არამედ აგრეთვე იმგვარი პიროვნება, რომელიც მის ამ მოღვაწეობას წერილობითაც შემოუნახავს შთამომავლობას. ამგვარი ღირსებების მქონედ განჭვრეტს იგი კლიმენტის და შესთავაზებს მას, რომ გაუწიოს თანამოსაგრეობა მისიონერულ ღვაწლში. კლიმენტი, რა თქმა უნდა, სიხარულით მიიღებს პეტრესეულ შემოთავაზებას და მეორე დღიდან ისინი მიდიან სამოღვაწეოდ, რაც ამ აპოკრიფულ წყაროებში ასევეა შემონახული ცალკეულ წიგნებად, კერძოდ 20 წიგნად, რომელსაც “პეტრეს კერიგმები” ეწოდება. ბერძნული სიტყვა “კერიგმა” ქართულად გახლავთ იგივე რაც ქადაგება, პეტრეს კერიგმები არის იგივე პეტრეს ქადაგებები. მაგრამ ამ შემთხვევაში “კერიგმები” თარგმანში ჩვეულებრივ რჩება, იმიტომ, რომ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ეს “კერიგმა” პირდაპირი გაგებით ქადაგებას არ ნიშნავს. ფაქტობრივად ეს აპოკრიფული შრომა იმავე კლიმენტი რომაელს უკავშირდება, რომ მან დაწერა იგი და რაც პეტრე მოციქულის მისონერული ღვაწლის ამსახველია ანტიოქიის რეგიონში, სინადმვილეში არის მართლაც არა ქადაგებები ანუ ჰომილიები, არამედ სიუჟეტის მქონე ცალკეული თხრობანი, რომლებშიც ასევეა ჩართული ქადაგებანი. მაგრამ ქადაგებათა გარდა ასევე მცირე მონაკვეთებია აღწერილობითნი, სხვადასხვა რეგიონების მოხილვისას პეტრესა და საკუთრივ კლიმენტის (ამ შემთხვევაში პირველ პირში) სამოღვაწეო სახე იქ დეტალურად არის გადმოცემული.
ამგვარი განგრძობა ექნება კლიმენტი რომაელისგან ჭეშმარიტების ძიებას, ასე დაემოწაფება ის პეტრეს და პეტრესთან ერთად ყველა სხვა მოციქულს და ამგვარი წესით გახდება იგი მათი ყველაზე უფრო ღირსეული მემკვიდრე. შემდგომ აღწერილია ერთ-ერთ ნაწილში აპოკრიფული ლიტერატურისა, თუ როგორ დადგება ჟამი პეტრე მოცქიულის აღსასრულისა და კვლავაც როგორ გამოარჩევს იგი კლიმენტის, რომ სწორედ მან განაგრძოს მისი (ე.ი. პეტრეს) მღვდელთმთავრული მოღვაწეობა. მღვდელთმთავრულ მოღვაწეობაში ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ პეტრე მოგეხსენებათ გახლავთ რომის ეკლესიის საფუძველდამდები, პირველეპისკოპოსად მრავალი წყაროს მიხედვით სწორედ პეტრე მოციქული მიიჩნევა და აქ ამ წყაროში სწორედ აქ გაკრთება აზრი იმის შესახებ, რომ რომის პაპად სწორედ პეტრე მოციქული დაადგენს და აკურთხებს კლიმენტის. მისგან იღებს კლიმენტი ხელდასხმას, თუმცა უწევს ძალიან დიდ წინააღმდეგობას, რადგან მას აკრთობს და აშინებს ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მაგრამ აქ საყურადღებოა სხვათაშორის, რომ პეტრე მოციქული ირიბი მეტყველების წესით, პირუკუ მეტყველების წესით დააჯერებს კლიმენტის, რომ ეს ღვაწლი მან უნდა იტვირთოს. ირიბი მეტყველება და ანტი მეტყველება ამ შემთხვევაში ის გახლავთ, რომ კლიმენტის ასეთი სიტყვებით მიმართავს იგი, რომ თუ შენ არ გნებავს პაპობა, მაშ მომიძებნე სხვა ვინმე, გამოძებნე სხვა ვინმე, რომელიც შენებრ თანამოსაგრე ყოფილიყო ჩემი, შენებრ თანმხლები ყოფილიყო ჩემი იმ დიდ და რთულ ღვაწლში, შენსავით შემკული სათნოებებით და შენსავით აუცილებელი და საჭირო, როგორც მღვდელთმთავარი, როგორც მწყემსი რომის ქრისტიანებისთვის. სხვათაშორის იქვე მოცემულია ძლიან მკაცრი გაფრთხილება. პეტრე აფრთხილებს კლიმენტის, რომ თუ იგი ღირსეულად არ ატარებს ამ პატივს, მას ვერ უშველის პეტრესადმი მოწაფეობა და იგი უფრო მეტად დაისჯება, ვიდრე სხვანი, რომ სასჯელი, ცხადია, არც მას აცდება. სწორედ ეს აშინებს, რა თქმა უნდა, კლიმენტის, მაგრამ პეტრე მოციქულის სიტყვათაგან დაჯერებული შეუდგება ამ ღვაწლს, შეუდგება ღვაწლს რომის პაპობისას. ამ წყაროში კონკრეტულად არ არის საუბარი იმაზე პეტრემ ამ კურთხევის აღსრულება მაშინვე დაავალა კლიმენტის თუ პეტრემვე განუჩინა მას ამ კურთხევის გადავადება, რომ სხვებს მიეღოთ ჯერ რომის პაპობა და შემდგომ ეტვირთა იგივე პაპობა კლიმენტის. ამ წყაროში აშკარად დაფიქსირებული მხოლოდ ის გახლავთ, რასაც ჩვენ წინა საუბარში ვამბობდით, რომ კლიმენტის კურთხევა რომის პაპად უშუალოდ პეტრე მოციქულისგან მოხდა. შემდეგ აღესრულება პეტრე მოციქული და კლიმენტი გვაუწყებს, რომ ამ მოვლენის შესახებ, აგრეთვე იმ ყოველივეს შესახებ რაც მე წერილობით აღვწერე, ვაუწყე იაკობს – იერუსალიმის ეპისკოპოსს და თან გავუგზავნე ეს აღწერილობაც 20 წიგნად, როგორც შემცველი უდიდესი და უღრმესი საუნჯისა, საუფლო სწავლებისა პეტრესგან ქადაგებულისა.
ეს ვრცელი და უზარმაზარი აღწერილობანი, რაც როგორც უკვე ავღნიშნეთ “პეტრეს კერიგმების” სახელს ატარებს და რომლის დამწერადაც და, შეიძლება ასეც ითქვას, რომლის ჩამწერადაც კლიმენტი რომაელი ივარაუდება, ზოგ შემთხვევაში მართლაც საყურადღებო სწავლებას შეიცავს, მაგრამ მთლიანობაში (ამას ჩვენ მოგვიანებითაც ავღნიშნავთ) მისი საღვთო წერილად მიჩნევა ყოვლად შეუძლებელია, რადგან მრავალი რამ გაუკეთურებული აზრი ამ შრომაში უეჭველად თავს იჩენს. ერთი რამ კი ჩვენ დღეისათვის დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველაღწერილობა ამ შრომისა მართლაც კლიმენტის ეკუთვნის, კლიმენტი რომაელმა აღწერა პეტრე მოციქულის მოღვაწეობა ანტიოქიაში, მაგრამ ისევე როგორც მისგანვე დაწერილი “მოციქულთა განწესებანი” 8 წიგნად, რაზეც ჩვენ “დიდაქესთან” დაკავშირებით ვრცლად ვისაუბრეთ, თავდაპირველად უწმინდესი გვიანდელ საუკუნეებში გაირყვნა გადამწერთაგან, ეჭვი არ არის, რომ ამგვარივე ხვედრი ირგუნა “პეტრეს კერიგმებმაც” გვიანდელ გადამწერთაგან. ბევრი რამ მასში გაუკუღმართდა და ამიტომაა, რომ ეს აღწერილობანი შეწყნარებულ აპოკრიფად ეკლესიას არ მიაჩნია. თუმცა ეკლესია არასოდეს უარყოფდა მასში ცალკეული ჭეშმარიტი მონაკვეთების არსებობას, რომლებიც, ცხადია, კლიმენტი რომაელის კალამს ეკუთვნის. თუმცა ეს უკვე სამწერლობო მოღვაწეობას ეხება. ჩვენ ამჯერად მხოლოდ ფაქტს ავღნიშნავდით საკუთრივ პეტრე მოციქულთან დაკავშირებით და კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ პეტრე მოციქულის აღსრულებამ კლიმენტი რომაელის პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გამოკვეთა, რომ მან იტვირთა მისი მემკვიდრეობა. თუმცა როგორც ავღნიშნეთ ეს მემკვიდრეობა რომის პაპობისა კლიმენტიმ ორი სხვა რომის პაპის შემდგომ განახორციელა საქმით. კერძოდ ლინუსისა და ანენკლეტუსის შემდგომ, მაგრამ ამას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, დროით გადავადებას არაფერი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ ისიც კი შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სწორედ პეტრესგან განჩინებით და უფლისმიერი განგებულებით იმჟამს განხორციელდა კლიმენტის პაპობა, როცა ეს განსაკუთრებით აუცილებელი იყო. ამაზე კლიმენტი რომაელის შემოქმედებასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ, მაგრამ აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვით ეს გადავადება პაპობის აღსრულებისა ღვთის განგებით უნდა მომხდარიყო. იმიტომ, რომ განსაკუთრებით რთული პერიოდი რომის ეკლესიას I ს-ში სწორედ ამ ეპოქაში დაუდგა. საკუთრივ რომის ეკლესიას არა, მაგრამ საქრისტიანოს, კერძოდ კორინთოს ეკლესიას და რომ არა იმ პერიოდში კლიმენტი რომაელი, ეს უდიდესი და უსაჩინოესი მოძღვარი, შეიძლებოდა, რომ კორინთოს ეკლესიის არეულობა ძალიან მძიმედ დაბოლოებულიყო.
ამჯერად ამაზე შევწყვეტთ კლიმენტი რომაელთან დაკავშირებულ ჩვენს მსჯლობას და შემდგომ საუბარში უფრო დეტალურად შევეხებით უკვე კლიმენტი რომაელის წერილობით მემკვიდრეობას.

88–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ
ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე
აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=rm0gvbof0Eo
ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე
კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები
No comments:
Post a Comment