Monday, April 1, 2019

ედიშერ ჭელიძე - "გარდამოცემის" გამოცემასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ




როგორც იცით მცირე ხნის წინ გამოიცა წმ. იოანე დამასკელის გარდამოცემის ახალქართული თარგმანი, პარალელური სამი ტექსტით (ბერძნული, რუსული და ინგლისური). აღნიშნული გამოცემის ფინანსური მხარე, მავანთათვის ზედაპირული და გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძელზე, გახდა პირადად ავტორის მიმართ ბრალდებების მიზეზი. ჩვენ (გვერდის ადმინისტრაცია) განმარტება ვთხოვეთ ბატონ ედიშერ ჭელიძეს, ქვემოთ გთავაზობთ მის პასუხს:


"ხსენებული წიგნი, რაც მოიცავს B5 ფორმატის 864 გვერდს, 2018 წ-ს დაფინანსდა განათლების სამინისტროს მიერ 35000 ლარად, რომლის 22100 ლარი გამოიყო სამეცნიერო მუშაობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის, ხოლო დანარჩენი 12900 გადაერიცხა სტამბას. ორივე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება თანხა 20 პროცენტიანი დაქვითვის გარეშე.

მას შემდეგ, რაც გადარიცხვისას მოხდა როგორც სასტამბო, ასევე სამეცნიერო მუშაობისთვის განკუთვნილი თანხების 20-პროცენტიანი დაქვითვა, საკუთრივ სამეცნიერო მუშაობასთან დაკავშირებით (ე. ი. სტამბური ხარჯების გარეშე) გამოყოფილი 22100 ლარიდან საბანკო გადმორიცხვით ჩაირიცხა მხოლოდ 17680 ლარი (დაიქვითა 4420 ლარი ანუ 20 პროცენტი), არცერთი თეთრით მეტი (ამ თანხის შემოწმება შეუძლია ნებისმიერ პირს, ვინაიდან აღნიშნული გადარიცხვის შესახებ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს ბანკშიც [სადაც ჩარიცხვა მოხდა, თუ არ ვცდებით, 2018 წ-ის დეკემბრის დასაწყისში], და სასულიერო აკადემიაშიც). ასე რომ, თქმა იმისა, თითქოს ედიშერ ჭელიძემ ხსენებული წიგნის გამოცემაში აიღო 35000 ლარი, არის, უბრალოდ,  სულიერი იდიოტიზმი.

რაც შეეხება ხსენებულ 17680 ლარს, ვინაიდან იგი მოიცავდა, ერთი მხრივ, თარგმანის, მეორე მხრივ კომენტირების, მესამე მხრივ კი დაკაბადონების სტანდარტულ ფასებთან შედარებით მინიმალურ ღირებულებას, პროექტისთვის საჭირო თანხის დასაბუთების ნაწილში აბსოლუტური დეტალიზებით და სკრუპულოზულობით  წარმოვადგინეთ ის ოფიციალური დოკუმენატაცია, რაც მკაფიოდ აჩვენებს ზემომითითებული სამუშაოებისთვის განკუთვნილი ანაზღაურების ვითარებას (მთელი ეს დასაბუთებითი ნაწილი თან ერთვის პროექტს, რისი ნახვაც და დაწვრილებითი გაცნობაც შესაძლებელია აბსლუტურად ყველა პირისთვის, რომლებსაც ეს მასალა შეგვიძლია სრულად გადავუგზავნოთ ელექტრონული ფოსტითაც).

საზოგადოდ, ჩვეულებრივი კარგი თარგმანი ქართულ პრაქტიკაშიც (ევროპული სტანდარტი სამ-ოთხჯერ ძვირია), ვთქვათ რუსული ენიდან (ანუ შედარებით ადვილი მასალა) მერყეობს 15-30 ლარს შორის. რაც შეეხება, ერთი მხრივ, ძველი ბერძნულიდან ურთულესი საღვთისმეტყველო ტექსტის თარგმნას, მეორე მხრივ, მისთვის სამ სვეტად პარალელური თარგმანების დართვას, მესამე მხრივ კი აღნიშნული ოთხი ტექსტის პარალელურ ანუ თანხვდენილ საღვთისმეტყველო დამუშავებას, რაც ყველაზე მძიმე და თვით თარგმნაზეც კი ბევრად უფრო შრომატევადი საქმეა (ვგულისხმობთ, კერძოდ,  მნიშვნელოვანი განმარტებების, ტერმინების, დებულებების თავ-თავისი დანიშნულების მქონე სხვადასხვა ფონტით წარმოდგენას ოთხივე ტექსტში ერთდროულად, ერთსა და იმავე ადგილას, რაც მკითხველს შეუძლია ვიზუალურად მაინც ნახოს და თვითვე განსაზღვროს შესრულებული სამუშაოს კატორღული სიმძიმე), - დიახ, მთელი ეს საქმე, მრავალ სხვა ნიუანსთან ერთად, ერთი გვერდის ფარგლებში  შეფასდა 26 ლარად ანუ 10 დოლარად. აღარაფერს ვამბობთ, ზოგადად, ამ ტიპის წიგნის დაკაბადონების უკიდურეს სირთულეზე თუნდაც ფონტების ნაირგვარობის კუთხით, რომელთაგან თითქმის ყველა სპეციალურად ამ წიგნისთვის შეიქმნა.

ეს ყველაფერი, გარდა უშუალოდ ჩვენგან შესრულებული სამეცნიერო მუშაობისა, შევიდა ზემოხსენებულ 17680 ლარში.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ ხსენებული წიგნი მზადდებოდა ოცდაორი წლის მანძილზე (1997-2019), რომლის პირველი ვარიანტი 90-იან წლებში დაიბეჭდა, შემდეგ კი ინტენსიურად ხდებოდა ჩვენი მხრიდან მისი ტერმინოლოგიურ-სქოლიური დახვეწა-კომენტირება სხვა თარგმანებთან პარალელში, ვინიადან ესაა წიგნი (ვგულისხმობთ წმ. იოანე დამასკელის შრომას), რომელმაც ისევე უნდა გაასხივოსნოს დღევანდელი საქართველო, როგორც გაასხივოსნა მან ჩვენი ქვეყანა X-XII სს-ში. ხსენებული უდიდესი წიგნი აუცილებლად უნდა გამოიცეს (და გამოიცემა კიდეც) გაცილებით დიდი ტირაჟით, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა წიაღიდან სრულიად აღიხოცოს დასაბამიერი გველის ნაშიერთა, თანამედროვე ბნელმეტყველ ერეტიკოსთა ბოგინი.

დავუბრუნდეთ ზემოხსენებულ ოცდაორ წელს, რომლის განმავლობაშიც, უმძიმესი სამუშაოს შესრულების პროცესში, საუთრივ ამ წიგნის გამოსაცემად მომზადებისთვის გადაუდებლად საჭირო არაერთი ფულადი ვალდებულება ავიღეთ სხვადასხვა (სასულიერო თუ საერო) წყაროდან, რომ მოგვცემოდა ელემენტარული შესაძლებლობა შესაბამისი სამუშაოს შესრულებისა. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე სამეცნიერო შრომის ხარჯს გულისხმობდა (რისი კონკრეტული დოკუმენტური დადასტურებანიც შეგვიძლია გავაცნოთ უკლებლივ ყველა პირს, ვინაიდან ყოველთვის ყველაფერს აუცილებლად დოკუმენტურად ვაფორმებთ და, ცხადია, უკლებლივ ყველა ეს დოკუმენტი ხელთ გვაქვს).

ამრიგად, მცირედი გადავაჭარბებით ვიტყვით, რომ პირადად ჩვენ ზემოხსენებული ოცდაორწლიანი სამუშაოსთვის ანაზღაურებად მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ 3500 (სამიათასხუთასი) ლარი (სრული სიზუსტისთვის, რამდენიმე ათეული ლარით ნაკლები) ანუ ნორმალური ქვეყნის მოქალაქის ერთი თვის ხელფასიც არა (აღვნიშნავთ, რომ ხსენებული წიგნისთვის არ მიგვიღია არანაირი პრემია ან რაიმე სახის წახალისება არც საპატრიარქროს, არც რომელიმე სხვა დაწესებულების მხრიდან).

ახლა, რაც შეეხება ზემოხსენებული სულიერი იდიოტიზმის მეორე გამოვლინებას წიგნის რეალიზებასთან დაკავშირებით. ეს საკითხი აბსოლუტური იურიდიული გამართულობით არის შესრულებული, რისი მიზანდასახულობაც გახლავთ ერთადერთი:

შევძლოთ მომდევნო ნაშრომის (ზემორე ნაშრომისებრ განსაკუთრებით მნიშვნელოვანის) გამოქვეყნება, რაც უმცირესი ტირაჟის ფარგლებში (ვგულისხმობთ 350 ცალს) დაახლოებით 4000 ლარის ღირებულებისა იქნება და რის შესახებაც წინასწარ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია უკლებლივ ყველა პირს, ვისაც კი "მთარგმნელობითი ჯგუფის" წევრად მოვიაზრებთ (სულ ცამეტი ადამიანი). აღნიშნულ საკითხზე ამგვარი დეტალური განმარტება შეგვიძლია მივაწოდოთ ნებისმიერ სხვა პირსაც, მოშურნე იქნება იგი თუ მოკეთე (ხაზს გავუსვამთ, რომ აბსოლუტურად არცერთი წიგნი, არცერთი ეგზემპლარი არ გაგვიყიდია "30 თუ 35 ლარად", როგორც მავანნი კეთროვნებენ).

ამასთან, შემდეგში ანალოგიური განმარტებების თავიდან ასაცილებლად, აქვე აღვნიშნავთ სრულიად მკაფიოდ და არაორაზროვნად, რომ, გარდა ზემომითითებულისა, უახლოეს პერიოდში გამოსაცემად ვამზადებთ სამ დიდტანიან ნაშრომს. მათგან პირველი, რომლის მომზადებასაც ათეულ წელზე მეტი მივუძღვენით და რომლის სათაურიცაა: "გზა მსოფლიო კრებათა დოგმატური ღვთისმეტყველებისკენ", არსებითად უკვე დასრულებულია (მოიცავს B5 ფორმატის 900-მდე გვერდს) და შედგება ამა თუ იმ დოგმატურ საკითხთან დაკავშირებული თემატური ციტატებისგან (ეს პუბლიკაცია აუცილებლად სამაგიდო წიგნი გახდება უკლებლივ ყველა მართლმადიდებელი მორწმუნისათვის); მეორე წიგნი გულისხმობს "კურთხევათა" სამტომეულს (1500 გვერდი), რაც აბსოლუტურად უნიკალური მეცნიერულ-ლიტურგიკული კომენტირებული პუბლიკაცია იქნება ხსენებული უდიდესი ძეგლისა (აღნიშნული სამტომეულიც არსებითად დასრულებულია, რისი განხორცილებაც შესაძლებელი გახდა თანამედროვე საქართველოს ერთადერთი საერო მეცენატის, ბ-ნ ალექსი შოშიაშვილის სრულიად განსაკუთრებული ღვაწლით). რაც შეეხება მესამე ნაშრომს, ესაა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელგანთქმული ჰეორტოლოგიური თექვსმეტსიტყვედის ახალი კომენტირებული თარგმანი (ექვთიმე ათონელისა და ეფრემ მცირის თარგმანთა შემდეგ), რომლის გამოსაცემად მომზადებაშიც დიდად შეგვეწევა წმინდა სამების ტაძრის სულიერი მუშაკი მღვდელმონაზონი ნიკოლოზი.

აქვე ვსარგებლობთ შემთხვევეით და საგანგებო მადლიერებას გამოვხატავთ საკუთრივ განათლების სამინისტროსადმი, რომლისგანაც ესოდენ წრფელი დახმარება მივიღეთ ზემოხსენებული წიგნის ("გარდამოცემის") გამოსაქვეყნებლად (სხვა შემთხვევაში ეს წიგნი კვლავაც გამოუცემელი იქნებოდა) და რომლის განსაკუთრებული იმედიც გვაქვს ჩვენს ამჟამინდელ მუშაობაში.

საზოგადოდ აღვნიშნავთ, რომ არათუ ოდესმე დაგვიმალავს ჩვენი მუშაობის გეგმები და დამხმარე პირთა ღვაწლი (ნუ იყოფინ!) ანთუ შესაბამისი ხარჯები, არამედ ყოველივე ამის დეტალურ აღნიშნვას ჩვენს აუცილებელ მოვალეობად ვთვლიდით და ვთვლით (იხ. მაგ. ჩვენ მიერ გამოცემული "მრავალენოვანი ბიბლიის" შესავალი, სადაც დაწვრილებით გვაქვს აღწერილი უკლებლივ ყველა პირის ღვაწლი, პრემიერიდან დაწყებული უშუალო გამომცემელ-მეცენატით დასრულებული).

რაც შეეხება ჩვენგან მომზადებული წიგნებისთვის აუცილებელ ხარჯებს, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე წლის წინ (დახმარების იმედით) შევადგინეთ შესაბამისი დოკუმენტი, სადაც დაწვრილებით გვქონდა მითითებული თითოეული ჩვენგან მომზადებული (ან მოსამზადებელი) წიგნის სავარაუდო ფორმატი, მოცულობა, ტირაჟი და ხარჯები (მინიმალური რაოდენობისთვის). ეს დოკუმენტი დღესაც განთავსებულია ინტერნეტში და, რა თქმა უნდა, ყველა გაცნობილია მას.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ თავის დროზე ჩვენ გამოვედით კონკრეტული ინიციატივით (და ამ ინიციატივას, რა თქმა უნდა, დღემდე ვინარჩუნებთ), რომ თბილისის სასულიერო აკადემიას ყოველწლიურად გადარიცხვოდა დაახლოებით 50000 (ორმოცდაათიათასი) ლარი საღვთისმეტყველო-მთარგმნელობითი საქმიანობის აქტივაციისა და უკვე მომზადებული საღვთისმეტყველო წიგნების გამოცემისთვის, რაც ყველა დროისთვის და დღევანდელობისთვისაც ყველაზე დიდ საღვთო და ეროვნულ საქმედ მიგვაჩნია და გვწამს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ ორგზის წერილობით მივმართეთ მის უწმინდესობასაც (ჩვენი წერილობითი მიმართვები ინახება საპატრიარქოში, რომელთა დედნებიც ჩვენ გვაქვს), ხოლო ამჯერად საგანგებოდ მივმართავთ აბსოლუტურად ყველა კეთილგონიერ მკითხველს:

გამოიჩინეთ გულისხმიერება ზემოხსენებული ყველაზე დიდი სულიერი და ეროვნული საქმის აღორძინებისა და წარმატებული განხორციელებისთვის.

არ ვიცით, იქნება თუ არა მკითხველისთვის საინტერესო, თორემ აქვე წარმოვადგენდით აბსოლუტურად დეტალურ ინფორმაციას ჩვენგან გამოცემული სხვა წიგნების (კერძოდ,  სრული "ბიბლიის", კომენტირებული "ახალი აღთქმის", "საეკლესიო დოგმატიკისა და ერესების", "ფსალმუნთა" და ა. შ. ) ხარჯებთან, დამხმარე პირებთან,  დამფინანსებლებთან დაკავშირებით.

დასასრულს, საგანგებოდ შევჩერდებით ზემოხსენებულ "მრავალენოვან ბიბლიაზე", რომლის მხოლოდ პირველი ტომი ("შესაქმე") გვაქვს გამოცემული. ესაა ყველაზე რთული და ზომა-მოცულობით უზარმაზარი წიგნი, რომლის მეორე და შემდგომი ტომები გამოცემას ელის, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

შესაბამისად, კვლავაც გავკადნიერდებით და მოვუწოდებთ საქართველოს ეკლესიის ყველა ღირსეულ შვილს, თავისი წვლილი შეიტანოს ამ ჭეშმარიტად საშვილიშვილო საქმის განხორციელებაში.

დიდი მადლობა.

31.03.2019

იხ. პდფ ფაილი: https://ru.scribd.com/document/403953846/Garamocemis-Gamo


ე. ჭელიძის კიდევ ერთი დამაზუსტებელი განმარტება:

"როგორც აღვნიშნე, წიგნის გარკვეული ნაწილი გადმოგვეცა მე და "მთარგმნელობითი ჯგუფის" წევრებს. ყველამ ერთად აბსოლუტურად ერთსულოვანი შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ მოგვეხდინა ჩვენ-ჩვენი ნაწილის სარეალიზაციოდ დადება შემდეგი უმნიშვნელოვანესი ნაშრომის პუბლიკაციისთვის (ეს ნაშრომი მალე დაიბეჭდება).. პირადად მე ჩემი კუთვნილი 50 ცალიდან არ დავიტოვე ერთი ეგზემპლარიც კი, ოღონდ ხსენებული ახალი ნაშორმის გამოსაქვეყნებლად გარკვეული თანხა შეგროვებულიყო (როდესაც ჩემი მომზადებული "გარდამოცემა" მჭირდება, კომპიუტერულ ვერსიას ვიყენებ). რაც შეეხება იმას, გვქონდა თუ არა ჩვენთვის გადმოცემული წიგნადი რაოდენობის სარეალიზაციოდ დადების უფლება, ეს საკითხი წინასწარ, რათქმაუნდა, აბსოლუტურად ზედმიწევნით შევისწავლეთ ყველა იურისტთან ერთად და უკლებლივ ყველამ დაგვიდასტურა ამის სრული კანონიერება, ვინაიდან ხსენებული წიგნების ჩვენზე გადმოცემა, შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, მოხდა ამ წიგნთა განკარგვის უფლებამოსილებით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვეძლო ნებისმიერი სახით მათი გამოყენება. დავძენ, რომ უკლებლივ ყველა ეგზემპლარზე შედგენილია კონკრეტული დოკუმენტი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ამ დოკუმენტაციის ნახვა, საერთოდ კი, მინდა გავიგო, თუ რა დაუძლეველი ჟინი ამოძრავებს მავანსა და მავანს, როდესაც ჩემი (პირდაპირ ვიტყვი) სისხლის დანთხევითა და ღამეების თენებით მომზადებული წიგნის რამდენიმე ათეული ეგზემპლარის რეალიზაცია-არრეალიზაციის საკითხს ესოდენ უგლიმად და ლირწად გამოეძიებს. თავად მოამზადონ თავიანთი წიგნები და როგორც უნდა განკარგონ, რითაც არასოდეს დავინტერესდები, ისევე როგორც ოდნავადაც არ დავინტერესდები (და ვფიქრობ არც არავინ დაინტერესდება ოდესმე) საერთოდ მათი რაიმე პუბლიკაციითა თუ ზოგადად მათი არსებობით".






No comments:

Post a Comment