Wednesday, December 19, 2018

ძველი ქართული ბიბლია


ძველი ქართული ბიბლიის წინამდებარე პუბლიკაცია ნაკლებად შეიძლება შეფასდეს ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიურ ნაშრომად. მოცემულ შემთხვევაში ჩვენი მიზანი ლიტურგიკულია და, შესაბამისად, სწავლებითიც, რასაც საფუძვლად უდევს სადღეისო საჭიროება: საეკლესიო მსახურებაში და მორწმუნეთა შორის დამკვიდრდეს შეძლებისდაგვარად გამართული ტრადიციული ტექსტი. ცნობილია, რომ „ტრადიციულ“ ბიბლიურ ტექსტად საქართველოს ეკლესია ცნობდა და ცნობს, „ძველი აღთქმის“ მხრივ („ფსალმუნთა“ გამოკლებით), იმ ადრეულ თარგმანს, რაც ოშკურ რედაქციად არის წოდებული და არსებითად ათონურ-იერუსალიმური ნუსხებით, ფრაგმენტულად კი პალიმფსესტური ხანმეტი ამონარიდებით, ლექციონარული საკითხავებითა და ბაქარისეული ბიბლიის ცალკეული მონაკვეთებით არის ჩვენამდე არასრულად მოღწეული, ხოლო „ახალი აღთქმის“ მხრივ, - წმ. ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილ „აპოკალიფსს“ და წმ. გიორგი ათონელის მიერ თარგმნილ-რედაქტირებულ სახარება-ოთხთავსა და სამოციქულოს („აპოკალიფსის“ გამოკლებით), რასაც „ძველი აღთქმიდან“ ემატება „ფსალმუნ-გალობათა“ გიორგისეული თარგმან-რედაქცია. 

საზოგადოდ, ბიბლიის ძველი ქართული თარგმან-რედაქციების ურთიერთშეჯერება და ამ შეჯერების საფუძველზე ერთი ტექსტის ჩამოყალიბება, - საკუთრივ „ძველი აღთქმის“ ფარგლებში, - უაღრესად რთულია, ვინაიდან ხსენებულ თარგმან-რედაქციებს ერთიმეორისგან მრავალი რამ ნიშან-თვისება განახვავებს, მათ შორის, ყველაზე გამოკვეთილად, მთარგმნელობითი პრინციპები. მაგალითად, ოშკური რედაქცია უდიდესწილად ამჯობინებს ბერძნული მიმღეობების პირიანი ფორმებით გადმოცემას, მაშინ როცა გელათურ რედაქციაში, ბერძნულისებრ, აქცენტირებულია (ზოგჯერ კი აბსოლუტიზებულია) სწორედ მიმღეობური კონსტრუქციები. ასეთ დროს არჩევანის გაკეთება, ჩეულებრივ, პუბლიკაციის მიზანდასახულობაზეა დამოკიდებული. 

შესაბამისად, როდესაც აღნიშნული მიზანდასახულობა გამოკვეთილად ლიტურგიკულ-სწავლებითია, შემდგენელ-გამომცემლის ვალდებულებაა ერთგული დარჩეს საუკუნოვანი ლიტურგიკული ტრადიციისა, რაც მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღვნიშნეთ, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს უპირატესობის მინიჭებას ოშკურ-ათონური რედაქციებისადმი. სამწუხაროდ, „ძველი აღთქმის“ ოშკური რედაქცია სრულად არ არის ჩვენამდე შემონახული, ამასთან, მოღწეულ ნაწილშიც არაიშვიათია (ზოგიერთი წიგნის ფარგლებში კი ძალიან ხშირია) გადამწერთა მიერ დაშვებული უზუსტობანი. აღნიშნული გარემოებანი აუცილებელს ხდის სხვა თარგმან-რედაქციათა არსობრივ გათვალისწინებას (ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელი ფილოლოგიური და საღვთისმეტყვეო კომენტარების დართვით1), რასაც ვახორციელებთ კიდეც2, თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესწილად ვინარჩუნებთ უძველეს ტექსტს3, ლექციონარებისა იქნება იგი, ხანმეტი ფრაგმენტებისა თუ ოშკურ-იერუსალიმური ხელნაწერებისა. რაც შეეხება „ახალ აღთქმას“, რა თქმა უნდა, ტრადიციისამებრ წარმოვადგენთ წმ. ექვთიმე4 და წმ. გიორგი5 მთაწმინდელების რედაქციას (წინაათონური6 და ეფრემისეულ7-გელათური8 რედაქციების სრული გათვალისწინებით9).

აღნიშნული ნაშრომი გვესახება მოკრძალებულ განგრძობად იმ დიდი საქმისა, რაც წმინდა წერილის ძველი ქართული თარგმან-რედაქციების ღვთივსულიერი საუნჯის მეცნიერულ შესწავლა-გამოცემას გულისხმობს და რაც, დაწყებული 1743 წლიდან დღემდე, მრავალი მოღვაწის, ქართველისა თუ არაქართველის, დაუცხრომელი რუდუნებითა და გონითი მღვიძარებით აღსრულებულა.

ცხადია, წინამდებარე პუბლიკაცია არ იქნება დაზღვეული ნაკლოვანებებისაგან, რის გამოც წინდაწინ გამოვხატავთ მადლიერებას ყველა იმ პირისადმი, ვინც საგულისხმო შენიშვნებს მოგვაწვდის10 (ედიშერ ჭელიძე, 2015).

--------------------------------------------------------------------
1 - პუბლიკაციის მიზანდასახულობიდან გამომდინარე, სქოლიოების უდიდესი ნაწილი შეიკვეცა, რაც, ვიმედოვნებთ, სრულად იქნება ასახული წინამდებარე ბიბლიის მომდევნო გამოცემაში. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ცალკე მზადდება ქართულენოვანი „ახალი აღთქმის“ სრული კომენტირებული გამოცემა.

2 - გამოცემაზე დართულ სქოლიოებში ვსარგებლობთ შემდეგი ძრითადი ლიტერებითა და შემოკლებებით: A - ბიბლიის წიგნთა შემცველი ნუსხა H 1207 (XVII ს.); B - ბიბლიის წიგნთა შემცველი ნუსხა A 455 (ბაქარის 1743 წ-ის გამოცემა ანუ ე.წ. „მოსკოვური ბიბლია“); C - ბიბლიის წიგნთა შემცველი ნუსხა A 179 (1669 წ.); D - ბიბლიის წიგნთა შემცველი ნუსხა H 885 (XVII ს.); G - გელათური ბიბლიის ორი ნუსხა (Q 1152 და A 1108, XII ს.); J - იერუსალიმის ბიბლია; K - ბიბლიის წიგნთა შემცველი ნუსხა K 28 (1681 წ.); O - ოშკის ბიბლია, Ath. 1; S – A 51 (საბას ანუ ე.წ. „მცხეთური ბიბლია“, XVII-XVIII სს.); A^ - A ნუსხის გადასწორებანი; Lect - ლექციონარი (ზოგადად); K - ლაგურკის (კალას) ლექციონარი; L - ლატალის ლექციონარი; Sn - სინური ლექციონარი; - პარიზის ლექციონარი. Xn - ხანმეტი ტექსტები; Preფს: - ფსალმუნთა წინაათონური რედაქცია. Gფს - ფსალმუნთა გიორგისეული რედაქცია. Eფს: - ფსალმუნთა ეფრემისეული რედაქცია. Spt - სეპტუაგინტა; LT - ძველი ლათინური ვერსია; MSR - ებრაეული ბიბლია; Trg - თარგუმები (ონკელოსის და პალესტინური თარგუმები მოსეს ხუთწიგნეულზე, იონათან ბენ უზიელის თარგუმი წინასწარმეტყველებზე და სხვ.); ლათ. - ლათინური ვულგატა; სლავ. - სლავური თარგმანი; რუს. - რუსული სინოდალური თარგმანი; სომხ. - ზოჰრაპიანის ბიბლია (ვენეციის 1805 წ-ის გამოცემა); Ethp. - ეთიოპური ბიბლია; Copt. - კოპტური ბიბლია (ბოჰაირული და საჰიდური დიალექტებით); Phil - ფილონ ალექსანდრიელის ტექსტობრივი მოწმობა; Syr. - სირიული ბიბლია; syh. - სირიული ჰეგზაპლები; Hex. - ბერძნული ჰეგზაპლური ფრაგმენტები; ინგლ. - სეპტუაგინტის ახალი ინგლისური თარგმანი (A New English Translation of the Septuagint, Oxford, 2007); Brooke - The Old Testament in Greek according to the Text of Codex Vaticanus, Edited by Alan E. Brooke, Norman McLean, and Henry St John Thackeray, Vols. I-VIII, Cambridge, 1906.1935.1940; Holmes - Vetus Testamentum Graecum cum Variis Lectionibus, Ed. R. Holmes, vols. I-V, Oxonii, 1837; Lagarde - Genesis Graecae..., ed. P. Lagarde, Lipsiae, 1868; Rahlfs - Septuaginta..., ed. A. Rahlfs, Stutgart, 1926, 1952; Sabatier - Bibliorum Sacrorum Latinae Versiones Antiquae, seu Vetus Italica..., Opera et Studio P. Sabatier, t. 1-2, Remis, 1743; Swete - The Old Testament in Greek. According to the Septuagint, Ed. by H. B. Swete, vol. I-III, 4th edition. (complete) Cambridge, 1909-1922; Wevers - Wevers და სხვები: Septuaginta, Vetus Testamentum Graecum, Auctoritate Academiae Scientiarum Gottingensis editum, Göttingen, 1931-2015...; Ziegler - ზემორე სერიაში: Sirach [Sapientia Iesu Filii Sirach], ed. J. Ziegler, 1965, 19802; Iob [Septuaginta: Vetus Testamentum Graecum / auctoritate Acad. Scientiarum Gottingensis editum, vol. XI.4, Iob, edidit Joseph Ziegler, Göttingen, 1982] etc.

3 - კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ აღნიშნულ მიზეზთა გამო წინამდებარე პუბლიკაციაში ასახული არ არის „მაკაბელთა წიგნები“ და „წიგნი ეზრა სუთიელი“.

4 - ექვთიმესეული რედაქცია „ახალ აღთქმასთან“ დაკავშირებით გულისხმობს, პირველ რიგში, იოანეს „გამოცხადებას“, მასთან ერთად კი მათესა და იოანეს სახარებებს (სრულად), პავლე მოციქულის ეპისტოლეებს (სრულად და გამოკრებილად, კერძოდ, სრულად - რომაელთა ეპისტოლეს და კორინთელთა I ეპისტოლეს VIII.3 მუხლის ჩათვლით, გამოკრებილად კი - თორმეტ ეპისტოლეს, ტიმოთესადმი პირველის და ტიტესადმი ეპისტოლეების გამოკლებით), აგრეთვე გამოკრებილ ფრაგმენტებს პეტრეს, იოანეს და იუდას კათოლიკეთაგან.

5 - გიორგისეული რედაქცია „ახალ აღთქმასთან“ დაკავშირებით გულისხმობს სახარება-ოთხთავსა და სამოციქულოს, „გამოცხადების“ გამოკლებით. აღვნიშნავთ, რომ ოთხთავის გიორგისეული რედაქციის ყველაზე უფრო მართებლ ტექსტობრივ დაცულობად ვიღებთ უშუალოდ მისი ავტოგრაფიდან გადაწერილ უძვირფასეს ვანის ოთხთავს (იხ. „სპეკალი მართლმადიდებლობისა“, თბ. 2007, გვ. 163-165).

6 - წინაათონური რედაქციები „ახალ აღთქმასთან“ დაკავშირებით გულისხმობს „ხანმეტ ოთხთავს“, IX-XI სს-ის უძვირფასეს ოთხთავებს ორი არსებითი რედაქციით [პირველი რედაქცია - ჯრუჭ-პარხლური, დაცული ოპიზის, ტბეთის, ჯრუჭის, პარხლის, ბერთის და სხვა ოთხთავებში; მეორე რედაქცია - ჰადიშური, დაცული უმთავრესად ჰადიშის ოთხთავში, აგრეთვე, ოთხთავის შემცველი XI ს-ის ნუსხის H 1240-ის ერთ მონაკვეთში (მარკ. 14.60-15.47); ორივე ეს რედაქცია სახეზეა „ხანმეტ ოთხთავშიც“], „ხანმეტ ლექციონარს“, „ჰაემეტ ლექციონარს“, IX-XI სს-ის ოთხ ლექციონარს (კალას ანუ ლაგურკის, ლატალის, პარიზის და სინაის), ლექციონარის რამდენიმე ფრაგმენტს და, განსაკუთრებით, მთელი „სამოციქულოს“ („გამოცხადების“ გამოკლებით) ორ სრულ (Ⴀ და Ⴁ) რედაქციას.

7 - ეფრემისეული რედაქცია „ახალ აღთქმასთან“ დაკავშირებით გულისხმობს მთელ სამოციქულოს, იოანეს „გამოცხადების“ გამოკლებით.

8 - გელათური რედაქცია „ახალ აღთქმასთან“ დაკავშირებით არსებითად გულისხმობს მარკოზის და ლუკას სახარებათა იოანე ჭიმჭიმელისეულ, ხოლო იოანეს სახარების ნიკოლოზ გულაბერისძისეულ თარგმანებს.

9 - ვინარჩუნებთ გიორგისეული რედაქციის ორთოგრაფიას (გარდა სათაურებისა).

10 - სხვადასხვა სახის (მათ შრის კომპიუტერული) ცთომილებების აღმოფხვრის საქმეში ღირსეული წვლილი შეიტანეს: ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, ენათმეცნიერების დოქტორმა დოდო ღლონტმა, ენათმეცნიერების დოქტორმა ნინო ხახიაშვილმა, ენათმეცნიერების დოქტორმა ეთერ შენგელიამ და თბილისისა სასულიერო აკადემია-სემინარიის თანამშრომლებმა ირაკლი ორჟონიამ და გიორგი ჯულაყიძემ. ტექსტობრივ სწორებათა მხრივ განსაკუთრებით შრომატევადი და ღვთის წინაშე დიდად საჩინო ღვაწლი მოიმუშაკა საეკლესიო-ლიტურგიკული წიგნების გამომცემელმა ათანასე ბეჭვაიამ.

No comments:

Post a Comment