VII მსოფლიო საეკლესიო კრების, წმ. იოანე დამასკელისა და წმ. თეოდორე სტუდიელის სწავლებათა მიხედვით
მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"
ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის
და პარალელური თარგმანების დართვით, აგრეთვე დამატებითი სქოლიოებით)
მოთავსებულია ხსენებული წიგნის 1128-1208 გვერდებზე
დოგმატი თაყვანისცემის არსისა და მის სახეთა შესახებ მთელი სისავსით განიმარტა მაშინ, როდესაც ხატმებრძოლობის ერესი აღიძრა. ამ მხრივ შეუძრავი სწავლებანი და რჯულდებანი გადმოსცა ყოვლადმსოფლიო მეშვიდე საეკლესიო კრებამ, რომლის მონაწილე ღმერთშემოსილმა მამებმა, პირველ რიგში, სწორედ ის ივალდებულეს, რომ ზედმიწევნით განესაზღვრათ ღვთისადმი თაყვანისცემისა და განღმრთობილი ქმნილებებისადმი თაყვანისცემის ჭეშმარიტი შინაარსი და ფორმა.
კერძოდ, ურყევად დადგინდა, რომ ღვთისადმი ჩვენს თაყვანისცემას გამოვხატავთ მსახურებითად ანუ აბსოლუტურად (ლატრევტიკულად), ხოლო ქმნილებებისადმი - პატივისცემითად ანუ შეფარდებითად (სქეტიკურად).
რა არსებითი და პრინციპული განსხვავებაა თაყვანისცემის ამ ორ სახეს შორის?
როგორც აღვნიშნავდით, რაჟამს უშუალოდ ღვთისადმი აღვავლენთ ჩვენს
თაყვანისცემას, სწორედ და მხოლოდ მას ვადიდებთ ყოვლითურთ მთელი სულით,
გულითა და გონებით, ხოლო როდესაც რომელიმე ქმნილებას ვუძღვნით თაყვანს,
ვადიდებთ მას როგორც საღვთო მადლის ღირსეულად შემწყნარებელ ჭურჭელს, რაც
ნიშნავს, რომ სინამდვილეში ანუ არსობრივად, ე.ი. პირდაპირი გაგებით თვით
მას (ქმნილებას) კი არ ვეთაყვანებით, არამედ - მასში (ქმნილებაში)
განცხდებულ ღვთიურობას.
ეს ნიშნავს, რომ როდესაც თავად უფალს მივაპყრობთ ჩვენს სულიერ ხედვას, უშუალოდ და მხოლოდ მას ვუძღვნით ჩვენს თაყვანისცემას და ეს თაყვანისცემა არის აბსოლუტური, ბუნებითი, მსახურებითი ანუ, გელათური ტერმინისებრ, "მკუთვნელობითი" (=ლატრევტიკული//ლატრევტული), ხოლო როდესაც ქმნილებისადმი გამოვხატავთ ჩვენს თაყვანისცემას, მხოლოდ და მხოლოდ პატივს მივაგებთ მას როგორც ღვთიურობის ღირსეულ ჭურჭელს,
საკუთრივ არსობრივ თაყვანისცემას კი ამჯერადაც ოდენ მისი განმაღმრთობელი
და საღვთო სიკეთეებით აღმავსებელი ერთარსება-სამებისადმი ზე-აღვამაღლებთ.
წმ. იოანე დამასკელი მიუთითებს:
"თაყვანისცემა გამოხატულებაა შევრდომილობისა და პატივისცემისა, რომლის გვარ-სახენი სხვადასხვა ვიცით. პირველი ესაა მსახურებითი, რასაც ვწირავთ მხოლოდ ბუნებითად თაყვანსაცემ ღმერთს. მეორეა ის, რაც, ბუნებითად თაყვანსაცემი ღვთის გამო, მის [ღვთის] მეგობართა და მსახურთა მიმართ შეიწირება, როგორც, მაგალითად, - ანგელოზის მიმართ, რომელსაც თაყვანი სცეს ისუ ნავესმა და დანიელმა. მესამეა - ღვთის ადგილთა მიმართ, როგორც ამბობს დავითი: "თაყვანი ვცეთ იმ ადგილს, სადაც დაადგა მან ფეხი" (ფს. 131,7), ან კიდევ - იმათ მიმართ, რაც კი ღვთისადმია განკუთვნილი (მაგალითად,
მთელი ისრაელი თაყვანს სცემდა კარავს და ახლაც კი, იერუსალიმის ტაძრის
ირგვლივ მდგომნი, კვლავ და კვლავ ყოველი მხრიდან მას ჭვრეტენ და თაყვანს
სცემენ). მეოთხეა - ღვთივდადგინებულ მთავართა მიმართ
(მაგალითად, იაკობმა თაყვანი სცა ესავს ვითარცა ღვთის მიერ უფროს ძმად
ჩენილს - და ფარაონს, ღვთის მიერ დადგინებულ მთავარს, იოსების ძმებმა კი -
იოსებს). მეხუთედ ვიცი, აგრეთვე ურთიერთის მიმართ შეწირული პატივისცემითი თაყვანისცემა, როგორც, მაგალითად, აბრაამისა - ემორის ძეების მიმართ".
ამრიგად, ნათლად ვხედავთ, რომ უპირველესია და სრულიად განსაკუთრებულია "მსახურებითი თაყვანისცემა", მიძღვნილი და შეწირული "მხოლოდ ბუნებითად თაყვანსაცემი ღმერთისადმი".
რაც შეეხება თაყვანისცემის დანარჩენ სახეებს, ყველა მათგანი განკუთვნილია ქმნილებებისადმი და, არსებითად, ერთი და იგივე პატივისცემითი თაყვანისცემაა, რისი ერთადერთი საფუძველიც კვლავ იგივე ბუნებითი ღმერთია, ვინაიდან მხოლოდ იმ ქმნილებებს ვცემთ თაყვანს, რომლებიც მოზიარენი არიან საღვთო მადლისა.
ის, რომ "ლატრეია" ანუ "აბსოლუტური მსახურება" და, შესაბამისად, მსახურებითი ("მკუთვნელობითი") ანუ აბსოლუტური თაყვანისცემა მხოლოდ ბუნებითი ღმერთისადმი აღევლინება, ურყევი საძირკველია საეკლესიო მოძღვრებისა, ვინაიდან საკმარისია ქმნილებას განვუკუთვნოთ ხსენებული "ლატრეია" (ლათ. "კულტუს", გელათ. "მკუთვნელობა"), ე.ი. თაყვანისცემითი მსახურება ანუ ბუნებითი და აბსოლუტური თაყვანისცემა, რომ უმალ კერპთაყვანისმცემლებად შევირაცხებით, ვიდრე ჭეშმარიტი ღვთისმსახურების აღმსრულებლებად. შესაბამისად, როგორც არაერთგზის აღგვინიშნავს, ქმნილებისადმი
მხოლოდ შეფარდებითი (სქეტიკური, რელატიური) ანუ მხოლოდ პატივისცემითი
თაყვანისცემა გვმართებს და არანაირად მსახურებითი.
თაყვანისცემათა ამგვარი თვისობრიობა (ე.ი. ერთი მხრივ, მსახურებითი ანუ აბსოლუტური თაყვანისცემა ღვთისა, მეორე მხრივ კი - პატივისცემითი ანუ შეფარდებითი თაყვანისცემა ქმნილებისა)
განსაკუთრებით გამოიკვეთა, როგორც აღვნიშნავდით ზემოთ, ხატმებრძოლთა
ერესის აღმოფხვრის ჟამს, როდესაც წმინდა მოძღვართა მიერ ზედმიწევნით
განისაზღვრა, ერთი მხრივ, ღვთისადმი თაყვანისცემის, მეორე მხრივ კი, ხატისადმი (და, შესაბამსიად, ზოგადად ყველა მადლშემოსილი ქმნილებისადმი) თაყვანისცემის ჭეშმარიტი რაობა.
მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დადგინდა:
"განვასაზღვრებთ ყოვლადი ზედმიწევნითობითა და გულმოდგინებით, რომ
მსგავსად პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის გამოსახულებისა, განთავსდეს
საკრძალველი და წმინდა ხატები - ფერწერული თუ მოზაიკური (სიტყვ.
"საღებავებისაგან ან კენჭებისგან [ქმნილნი]") ანთუ სხვა რამ შესაფერისი
ნივთისაგანნი - ღვთის წმინდა ეკლესიებში, სამღვდელო ჭერჭლებსა და
შესამოსლებზე, კედლებსა და დაფებზე, სახლებსა და გზებზე, როგორებიცაა ხატები
უფლისა და ღვთის, ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესი, ჩვენი უხრწნელი
დედოფლის, წმინდა ღვთისმშობლისა, პატიოსანი ანგელოზებისა და ყველა წმინდა
და ღირსი კაცისა, ვინაიდან რაოდენ მიწყივ სახილველნი იქნებიან
ისინი ხატებრივი გამოსახვის გზით, ეგზომვე მეტად აღიძვრიან მათი მხილველნი
პირველსახეთა გახსენებისა და მოწადინებისაკენ, ამათ კი [ხატებს, ე.ჭ.]
ამბორი და პატივისცემითი თაყვანისცემა უნდა განეკუთვნოს, ესე იგი - არა ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი მსახურება, რაც შეჰფერის მხოლოდ საღვთო ბუნებას,
არამედ - იმგვარი როგორიც [მიეგება] პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის
გამოსახულებას, წმინდა სახარებებს ანთუ დანარჩენ სამღვდელო
განკუთვნილობებს, და მათ პატივსაცემად გვმართებს გუნდრუკი ვაკმიოთ და
გავანათოთ ისინი, როგორც ეს ძველთა ჩვეულება იყო, ვინაიდან "ხატისადმი
პატივისცემა პირველსახისადმი წიაღმსვლელობს", და ხატის თაყვანისმცემელი თაყვანს სცემს მასზე გამოსახულის ჰიპოსტასს".
ხსენებული მსოფლიო კრების დადგენილებებზე დაყრდნობით ხატთაყვანისცემის
ჭეშმარიტი რაობა არაერთგზის ამომწურავად წარმოგვიდგინა VIII-IX სს-ის
უდიდესმა მოძღვარმა წმ. თეოდორე სტუდიელმა (759-826 წწ.). დავიმოწმებთ რამდენიმე წმინდა სწავლებას ხსნებული ღვთისმეტყველის შრომებიდან:
"როგორ შეიძლებაო" - ამბობ - "იმსახურებოდეს არა ხატი ქრისტესი, არამედ მასზე თაყვანცემული ქრისტე, მაშინ როცა ერთია თაყვანისცემა ორივესადმი?" ეს იმიტომ, რომ ქრისტეს მიმართ თაყვანისცემა, რა თქმა უნდა, მსახურებითია, ვინაიდან თაყვანს ვცემ რა მას, იმავდროულად თანა-თაყვანს ვცემ მამასა და სულიწმინდას, რაც არის ჩვენი სამობითი (ე.ი. სამებისადმი განკუთვნილი, ე.ჭ.) თაყვანისცემა და მსახურება, ხოლო ხატის მიმართ თუმცა თაყვანისცემა გვაქვს, ... მაგრამ - შეფარდებითი ანუ მსგავსებითი, რადგან თაყვანი ვეცი რა ხატს, ამით თაყვანისცემა განვუკუთვნე (და არა თანა-თაყვანისცემა) ქრისტეს, ჰიპოსტასურად გაუმიჯნავს (გაუმიჯნავს ხატისგან), თუმცა კი განყოფილს არსების ნიშნით. სწორედ ესაა შეფარდებითი და არა-მსახურებითი თაყვანისცემა, თუმცაღა თვით თაყვანისცემა ასეთად (თაყვანისცემად, ე.ჭ.) გაიაზრება და იწოდება, ერთი მხრივ, იქ (სამებაში, ე.ჭ.) როგორც სამობითი ანუ ბუნებითი, ხოლო, მეორე მხრივ, აქ (ხატთან დაკავშირებით, ე.ჭ.), პირიქით - როგორც შეფარდებითი ანუ ჰიპოსტასური, რასაც მსახურებითად თუ იტყოდი, წარმოაჩენდი ამით როგორც ძის, ასევე მამისა და სულის ხორცშესხმას, ეს კი დაუშვებელია. ასე რომ, თაყვანს ვცემ რა ქრისტეს ხატს, ამით ღმრთეებას როდი ვცემ თაყვანს,
როგორც მავანნი ამბობენ (ვინაიდან ღმრთეების თაყვანისცემა სამების
წამომჩენია, ხოლო სამებას არ მიუღია ხორცშესხმა, ნუ იყოფინ!) - არამედ რას?
თვით ქრისტეს შეფარდებითად (ე.ი. სქეტიკურად, შუალობითად
ანუ ხატის გზით, ხატის გავლით, ხატის შუამავლობით და არა უშუალოდ, ე.ჭ.),
ვინაიდან მხოლოდ ისაა ხორცშესხმული ღმერთი-სიტყვა, მაგრამ, მეორე მხრივ,
როდესაც თაყვანს ვცემ თვით ქრისტეს, ცხადია, თანა-თაყვანს ვცემ მამას და სულს. ამრიგად, ხატის მიმართ თაყვანისცემა ჯეროვნად უნდა გაიაზრებოდეს და ითქმოდეს როგორც შეფარდებითი, ხოლო თვით ქრისტეს მიმართ - როგორც მსახურებითი, ვინაიდან ქრისტესთან ერთად თანამოიაზრება და თანა-თაყვანცემულია მამაც და სულიც" (Ep. 428=Ep. 85, ათანასესადმი).
როგორც უმკაფიოესად არის განჩინებული, მსახურებითი ანუ ლატრევტიკული (იგივე "ღვთის-შესაფერისი", ძველ ქართულად "მკუთვნელობითი") თაყვანისცემა განკუთვნილია მხოლოდ ყოვლადწმინდა სამებისადმი და იმ შემთხვევაშიც, როდესაც უშუალოდ მაცხოვარს ვცემთ თაყვანს, ყოველთვის თანა-თაყვანს ვცემთ მამასა და სულს, რაც არის იგივე სამობითი (სამებისადმი განკუთვნილი) ანუ ბუნებითი თაყვანისცემა, ე.ი. თაყვანისცემა განკუთვნილი სამი ჰიპოსტასის ერთი ბუნებისადმი, ერთი ღმრთეებისადმი. მეორე მხრივ, ყველაფერი სხვა, რასაც კი თაყვანისცემა შეჰფერის, თაყვან-იცემა შეფარდებითად ანუ სქეტიკურად, ე.ი. ოდენ პატივისცემითად. თვით მაცხოვრის ხატის თაყვანისცემაც მხოლოდ და მხოლოდ შეფარდებითია ანუ სქეტიკურია.
დავიმოწმებთ წმ. თეოდორე სტუდიელის რამდენიმე სხვა სწავლებასაც:
"თაყვანისცემა უნდა განვუკუთვნოთ ქრისტეს ხატს არა როგორც ნივთს, არამედ როგორც თვით ქრისტეს, უკეთუ
პატივი ხატისა პირველსახემდე აღიწევა, რაჟამს გონებისეულ აღქმაში და
გაიმიჯნება ნივთი მასზე დასახული გამოხატულებისგან, და, როგორც ამბობ (წმ.
თეოდორე მიმართავს წერილის ადრესატს იოანე გრამატიკოსს), მსახურებითად
მიეგება თაყვანისცემა მაცხოვარ ქრისტეს როგორც ხორცშესხმის უწინარეს,
ასევე ხორცშესხმის შემდეგ, როგორც ხატის უწინარეს და, ასევე, ხატის მიერ [ე.ი. არა თვით ხატს, ე.ჭ.]. ვფიქრობ, საღად მოაზროვნეთაგან არავინ შეეწინააღმდეგება ამ მართებულ რჯულდებებს. ... მწყობრად გამოაჩინე, რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტე ხორცშესხმის შემდეგაც, ისევე როგორც ხორცშესხმამდე, სამსახურებელია [ე.ი. მსახურებითად ანუ აბსოლუტურად პატივდებულია, ბუნებით ღმერთად მსახურებულია, ე.ჭ.] და ამგვარადვეა თაყვანცემული. მაშასადამე, სამსახურებელია [ე.ი. მსახურებითად ანუ აბსოლუტურად თაყვანსაცემია, ე.ჭ.] ქრისტე აღიარებითად (ე.ი. საყოველთაო თანხმობით, ერთხმობითად), ჰოი საყვარელო, მაგრამ მისი საკრძალველი ხატი სამსახურებელი არ არის, ... ვინაიდან დაუკვირდი იმას, რომ ერთია ჩვენი, ქრისტიანთა, მსახურება, შეწირული მთელი ხილული და უხილავი ქმნილების მიერ მხოლოდ წმინდა და ერთარსი სამებისადმი, და არ შეიძლება, რომ "სამსახურებლად" ითქვას ქრისტეს საკრძალველი ხატი,
ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ორიდან ერთი უნდა ვიფიქროთ, - ან ის, რომ
მისეული [ხატისეული, ე.ჭ.] მსახურებითობა თანაშეერთვის სამებისადმი
მსახურებას, რაც შეუძლებელია, არ დაიშვება რა, რომ რაიმე შემატება შევიდეს
სამებაში (ვინაიდან ოთხება აღმოჩნდება იგი), ანდა, თუკი არ ხდება ეს
თანაშერთვა და თავისთავადაა იგი [ხატი] სამსახურებელი, ასეთ შემთხვევაში იმ
დოგმატს ვიღებთ, რომ ორი ყოფილა ჩვენეული მსახურება, მაგრამ მაშინ სხვა
რაღა ექნებოდათ ჩვენგან საძიებელი წარმართ ხატმებრძოლებს, თუ არა, აქედან
გამომდინარე, იმის წარმოჩენა, რომ ორმაგი გვქონია მსახურება (ვემსახურებით
რა თურმე, გარდა შემოქმედისა, ქმნილებას) და რომ უღვთოებაში არაფრით
ვყოფილვართ ნაკლებნი არიანელებზე. ამრიგად, თაყვანსაცემია ხატი ქრისტესი, მაგრამ, ჭეშმარიტების სიტყვის თანახმად, არ
უნდა განეკუთვნოს მსახურება მას, არამედ - მასზე თაყვანცემულ ქრისტეს,
ვინაიდან ორნი არიან ესენი: ხატი და პირველსახე და განსხვავებულობაა არა
ჰიპოსტასის მხრივ, არამედ არსების შესაბამისად" (Ep. 546=Ep. 212).
კიდევ:
„მარტივად რომ ვთქვათ, იმსახურება არა ხატი ქრისტესი, არამედ - მასზე თაყვანცემული ქრისტე, მას კი (ხატს, ე.ჭ.) თაყვანისცემა უნდა განეკუთვნოს ქრისტეს ჰიპოსტასის იგივეობის გამო,
მიუხედავად იმისა, რომ არსება ხატისა განსხვავებულია. ამგვარია,
მაშასადამე, ქრისტეს ხატის თაყვანისცემა, როგორც ეს ვიცი მე წმინდა მამათა
მოძღვრების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ხატის მოსპობით
არსებითად იპობა, აგრეთვე, ქრისტეს განგებულება და თუ ხატი არ იქნება
თაყვანცემული, მსგავსადვე მოისპობა ქრისტეს თაყვანისცემაც. სწორედ
ამიტომ, საღვთო მამაო (წმ. თეოდორე მიმართავს წერილის ადრესატს, თავის
სულიერ მოძღვარს პლატონს), შიშითა და კეთილკრძალულებით უნდა მივეახლებოდეთ
და თაყვანს ვცემდეთ ხატს, ვინაიდან ეს თაყვანისცემა ქრისტესადმი წიაღმსვლელობს.
ამასთან, უნდა გვწამდეს, რომ მადლი ღვთისა მოიწევა ხატზე და ჰგიეს იგი
წილმბოძებლად წმინდამყოფელობისა იმათდამი, რომლებიც რწმენით მიეახლებიან
მას, რამეთუ ისევე როგორც ცხოველმყოფელი ჯვრის გამოსახულებასთან
დაკავშირებით, ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ყველა წმინდანის ხატთან
დაკავშირებითაც, ყოველი წმინდამყოფელი ხატის თაყვანისცემა ამ
ხატთა პირველსახეების მესაშუალეობით ღმერთამდე აღიწევა და, ამიტომ, ჰგიეს
ერთი და მხოლო მსახურებითი თაყვანისცემა წმინდა და თანაარსი სამებისა,
რომლის გამოც არსებობს სხვადასხვა თაყვანისცემა სხვათა მიმართ და რომლისადმიც ხდება ერთობითი ზეაღსვლა ყოველგვარი თაყვანისცემისა" (Ep. 57, გაგზავნილი თავისი სულიერი მამის, წმ. პლატონ საკუდიელისადმი ხატთაყვანისცემის შესახებ).
კიდევ:
"გეკითხები, მაშ, საიდან მოგივიდა თავში იმის თქმა, რომ ქრისტეს ხატს არ ვცემთ თაყვანს შეფარდებითად (სქეტიკურად)? იცი კი, რა არის შეფარდებითობა? შეფარდებითობა მიმართებას გულისხმობს, ხოლო მიმართება - პირველსახეს და ანაბეჭდს, როგორც, მაგალითად, ქრისტეს და მის ხატს, რამეთუ ერთი შთამსჭვალულია მეორეში და არ განიყოფებიან ისინი არც ძალმოსილებით, არცთუ დიდებით. ...
როგორია, ამასთან, შენი მეორე განაცხადი? „იმსახურება ქრისტე თავის ხატში,
რის გამოც ხატიც სამსახურებელია". საიდან ან ვისგან განსწავლულხარ, ამას
რომ რჯულმდებლობ? მართლაც, წმინდანთაგან არავინ იტყოდა არასოდეს ამგვარს,
თუმცა - იმას კი, რომ თაყვანიცემა ქრისტე თავის ხატზე და რომ თაყვანსაცემია ხატი, ესე იგი პატივსაცემია ანუ საკრძალველია იგი, ვინაიდან ამ ორივეს ერთ და იმავე აზრამდე მიჰყავს გონება და ჯეროვნადაც, რადგან მსახურება, ისევე როგორც სარწმუნოება, განეკუთვნება მხოლოდ წმინდა სამებას, ყოველივე სხვა კი - სხვებს:
ღვთის დედას, ცხოველმყოფელ ჯვარს, წმინდანებს, ქრისტეს საკრძალველ ხატს და
ყველა სხვა წმინდამყოფელ ხატს, თანაც - იმდენად, რამდენადაც ზეაღემატებიან
პირველსახენი მათეულ აღბეჭდილობებს. ამიტომ, თუკი იმსახურება, როგორც
ამბობ, ქრისტე ხატზე, გამომდინარე იქიდან, რომ მსახურება განკუთვნილია
წმინდა სამებისადმი, თანამსახურებული უნდა იყოს ხატზე მამაც და სულიც,
აქედან კი რა დასკვნას ვიღებთ? რომ ხორცი შეუსხამს მამასაც და სულსაც.
მაგრამ ამაზე უფრო უღვთო რაღა იქნებოდა? ამასთან, ვინაიდან კიდევ იმასაც
ამბობ, რომ სამსახურებელია ქრისტეს ხატიც, შედეგად სხვა რაღა გამოდიხარ
შენ, თუ არა მეოთხებე (სამების ნაცვლად ოთხების
ამღიარებელი ანუ ტეტრადიტი, ე.ჭ.), აღმსარებელი მსახურებისა სამებასთან
ერთად ქრისტეს ხატისადმიც, თუმცა, რა თქმა უნდა, ამგვარი უწესობა არ
შეემთხვევა იმას, ვინც თაყვანს სცემს სამებასაც და, შემდეგ, ხატსაც, ვინაიდან ნათქვამია, რომ პატივი და თაყვანისცემა განივრცობა ვიდრე უბრალო ადამიანამდეც, თუმცა არა - სარწმუნოება და მსახურება, ვინაიდან ისევე როგორც გვწამს მხოლოდ მამისა, ძისა და სულიწმინდისა, ამგვარადვე ვმსახურებთ კიდეც [მხოლოდ მათ]" (Ep. 445).
კიდევ:
"მეუწყა მე შენი კეთილსათნო ძმის მიერ, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა
მღვდელთმთავარმა შენი სიყვარულის პატიოსანი პირისახის წინაშე გამკიცხა მე
როგორც თითქოსდა ქრისტეს ხატის გამაღმერთებელი და რომ თითქოს ეს [აზრი]
ყოფილიყოს ჩადებული ძმა ათანასესადმი გაგზავნილ ჩემს ეპისტოლეში1,
... ამ ბრალდების შესახებ ვიტყვი: "აღმერთებსო, - ამბობს, - ქრისტეს
ხატს". არსად არ არის ეს ჩემს ეპისტოლეში, ჰოი სამგზის სასურველო, არამედ
ის, რომ ქრისტეს ხატს არ უნდა ვმსახურებდეთ (ვინაიდან
კერპმსახურების მზრახველობაა ეს, რამეთუ მხოლოდ წმინდა სამებას უნდა
განვუკუთვნებდეთ მსახურებას) და რომ თავის ხატზე თაყვანცემული ქრისტე
იმსახურება მამასთან და სულთან ერთად, ხოლო ხატი ქრისტესი თაყვანსაცემია
შეფარდებითი თაყვანისცემით და თაყვანს ვცემთ რა მას [ხატს], თაყვანს ვცემთ
ქრისტეს, გაუმიჯნავს [ხატისგან] ჰიპოსტასურად, მაგრამ განსხავებულს არსების
ნიშნით, რაც არის კიდეც ჭეშმარიტი2, რადგან არქეტიპი ხატში ვლინდება და ერთი მათგანი მეორეშია მიუხედავად არსებისეული განსხვავებულობისა, როგორც ამბობს ყოვლადბრძენი დიონისე3. მაშ, როდესაც ასეთი შინაარსი აქვს ეპისტოლეს, როგორ შეიძლება, რომ გაკიცხოს იგი ამ მოშუღარმა4,
რომელიც თავის თავს წმინდანთა მოქიშპედ გამოაჩინებს? ანკი რა შეიძლება
ნებავდეს მას? ნუთუ იმის აღიარება, რომ ქრისტეს ხატის თაყვანისცემის ჟამს
სხვა ჰიპოსტასს ვცემთ ჩვენ თაყვანს? ვაი სიშლეგევ! ამით ხომ დანაწევრდებოდა
დაუნაწევრებელნი, თუმცა დაუშვებელია ეს, ვინაიდან არც ძალმოსილება განიპობა, არცთუ დიდება ნაწევრდება, როგორც ამბობს კვლავ დიდი ბასილი5. ამიტომაც, ხატის თაყვანისცემის ჟამს თაყვან-იცემა არა მსგავსების მიმღები ნივთი, არამედ - ქრისტე, რომლის მსგავსებაცაა [ხატი], როგორც ეს განიჭვრიტება, აგრეთვე, ჯვრის ანაბეჭდის შესახებ, რამეთუ ვინც ფიქრობს, რომ თაყვანისცემა ხდება ნივთისა, უგუნური ყრმაა6. ამრიგად, არც ის ნივთი თაყვან-იცემა, რომელზეც არის ხატი, არცთუ - სხვა ჰიპოსტასი, თუ არა ის, რომელიც არის გამოხატული, ვინაიდან თანაბრად უღვთოებითია გადაცთომა ორივე მხარეს. სწორედ ამიტომ, მაშასადამე, ჯვრის ანაბეჭდიც ჯვრად ითქმის და ქრისტეს ხატიც ქრისტედ ითქმის, არა საკუთრივად, არამედ - გადატანითი აზრით.
ამრიგად, თუკი იგი დაგვარწმუნებდა, რომ ჯვრის ანაბეჭდს არ ეწოდება ჯვარი,
დაგვარწმუნებდა, აგრეთვე, იმაშიც, რომ არც ქრისტეს ხატი იწოდება ქრისტედ,
და თუკი პირველ შემთხვევაში [ჯვრის] ანაბეჭდის თაყვანისმცემელნი არ არიან
თაყვანისმცემელნი ჯვრისა, მეორე შემთხვევაშიც, ქრისტეს ხატის
თაყვანისმცემელნი არ იქნებოდნენ თაყვანისმცემელნი ქრისტესი, მაგრამ, რა
თქმა უნდა, ჭეშმარიტია პირველი, რომ ჯვრად ითქმის და ამგვარადვე თაყვან-იცემა მისი [ჯვრის] საკუთრივი ანაბეჭდი, რის გამოც, მაშასადამე, ჭეშმარიტია მეორეც, რომ ქრისტედ ითქმის და თაყვან-იცემა მისი საკუთარი ხატი.
ამიტომ, ამაოდ ფუჭმეტყველებს ის, ვინც ამათ საწინააღმდეგოდ რაღაც უახლესს
მზრახველობს ან ამბობს" (Ep. 476=Ep. 161, ნიკიტა სპათარიოსისადმი7).
კიდევ:
"კითხვა8: როგორ გვმართებს ვუწოდოთ ქრისტეს ხატს და როგორაა საჭირო მისი თაყვანისცემა? პასუხი: ამ შეკითხვას აქვს ორმაგი პასუხი ანუ სახელწოდება, ვინაიდან ითქმის საკუთრივადაც [ე.ი. პირდაპირი გაგებითაც, ე.ჭ.] და არა-საკუთრივადაც [ე.ი. არაპირდაპირი გაგებითაც, პირობითადაც, გადატანითი მნიშნელობითაც, ე.ჭ.] ის, რაც მასზეა სახელდებული. მართლაც, ერთი მხრივ, საკუთრივად "ქრისტეს ხატად" ვამბობთ მის ხატს, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ამავე ხატს ვუწოდებთ "ქრისტეს", ვუწოდებთ არათუ საკუთრივად, არამედ გადატანითი მნიშვნელობით
[კატაქრესტულად], ისევე როგორც ეს ხდება, აგრეთვე, ცხოველმყოფელი ჯვრისა
და მისი გამოსახულების მიმართ. ამგვარივე ხედვა მიესადაგება აგრეთვე
თაყვანისცემასაც, ვინაიდან თაყვანისცემა [ხატისა] იმგვარივეა, როგორიც [თაყვანისცემა] ჯვრის გამოსახულებისა, რამეთუ შეფარდებითია იგი [ხატის და ჯვრის გამოსახულების თაყვანისცემა, ე.ჭ.], გულისხმობს რა იმათ, რომლებიც მიმართებითნი არიან, ესე იგი პირველსახესა და ხატს,
თანახმად დიდი ბასილის სიტყვისა, რადგან "ხატისადმი პატივისცემა
პირველსახისადმი წიაღმსვლელობს", არის რა ორივესადმი ერთი თაყვანისცემა,
რომელიც არც განკვეთადია, არცთუ გამიჯნვადი, არამედ ჰგიეს პირველსახისადმი არსობრივად, ხოლო ანაბეჭდისადმი შეფარდებითად, ისევე როგორც სახე არსისა იქ [ღმრთეებაში, ე.ჭ.] ბუნებითად მყოფობს, აქ კი [ქმნილებაში, ე.ჭ.] - თანაზიარებითად.
ამრიგად, როდესაც მავანი თაყვანს სცემს რომელიმე ხატს, იქნება ეს ხატი
ქრისტესი ან ღვთისმშობლისა ან წმინდანისა ან, უბრალოდ, მეფისა, მთავრისა
ანთუ რიგითი ადამიანისა, ამ ხატში იგი თაყვანს სცემს იმას, რომლის ხატიც არის ეს,
და ვინც ამგვარად სცემს თაყვანს, არ ცდება, არამედ მართლმადიდებლურად არის
დამყარებული და მართლგანსჯითად უკუმიაქცევს იმათ, რომლებიც ჭეშმარიტების
წინააღმდეგ ამა თუ იმ მხრიდან მოქიშპეობენ. მაგრამ ვინ არიან ესენი? ერთი
მხრივ, ისინი, რომლებიც უარყოფენ საკრძალველ ხატთა თაყვანისცემას, მეორე
მხრივ კი ისინი, რომლებიც [ხატთა] თაყვანისცემის ჟამს ამბობენ, რომ თვით
პირველსახეებს სცემენ თაყვანს ბუნებითად, თუმცა თანაბრად მგმობელობითნი
არიან ორივენი, კერძოდ, ერთნი - იმიტომ, რომ უარყოფენ ღვთის განგებულების
[=განკაცების, ე.ჭ.] საიდუმლოს, ხოლო მეორენი - იმიტომ, რომ აღმერთებენ ანუ
არსობრივს ხდიან [ხატებს], - პირველსახეთაგან ბუნებითად დიდად
განშორებულებს. ამრიგად, ჩვენი მსჯელობის დასკვნა ისაა, რომ თაყვანსაცემია ქრისტეს ხატი შეფარდებითად და არა მსახურებითად, ვინაიდან მსახურება
ბუნებითად განეკუთვნება თვით ქრისტეს, რამეთუ ერთია მსახურება წმინდა
სამებისა, და არ შეიძლება ვმსახურებდეთ თვით ღვთისმშობელსაც კი, ისევე
როგორც არც ცხოველმყოფელ ჯვარს. ამრიგად, არათუ მსახურება გვაქვს ქრისტეს ხატისადმი, არამედ - თაყვანისცემა, ზეაღიყვანება რა ყველა თაყვანისცემა მათეული პირველსახეების9
მესაშუალეობით წმინდა სამების ერთი და მხოლოდ მსახურებითი
თაყვანისცემისკენ, ხოლო ყველა სხვა [თაყვანისცემა] არათუ მსახურებითია,
არამედ - პატივისცემითი, შესაბამისად ქვემყოფ და ზეაღმატებულ პირთა10 განსხვავებულობისა" (Ep. 491=167, დიოგენე ასიკრიტისადმი11).
კიდევ:
"ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხატს იმგვარად ვცემთ თაყვანს, როგორც თვით ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, ხოლო სიტყვა "როგორც" ცხადყოფს მსგავსებას და არა უეჭველ იგივეობას12,
ვინაიდან, ეს რომ ასე არ იყოს, არათუ ქრისტეს ხატი იქნებოდა იგი, არამედ -
თვით ქრისტე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იგი არის ქრისტეს ხატი და თავის ხატზე თაყვანცემულია ქრისტე, რომელიც წარმოჩნდება როგორც სხვა სხვაზე. მართლაც, ოქროპირი ამბობს: "ვიხილე ანგელოზი ხატზე"13, და კიდევ - გრიგოლ ღვთისმეტყველიც: "იქ იყო ზედგადმომზირალი პოლემონი ხატზე"14. ასევე, ქრისტეც საკუთარ ხატზეა სახილველიც და თაყვანსაცემიც, მაგრამ, ამასთან, თუმცა კი [თაყვანსაცემია იგი] მსგავსებითად15, მაინც, მიუხედავად იმისა, რომ თავად იგი თაყვან-იცემა და თავად იგი იმსახურება, ამის გამო მისი ხატიც სამსახურებელი როდია.
მართლაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღარაფერი იქნებოდა განმასხვავებელი
ხატისა და პირველსახისა, მაშინ როცა, რა თქმა უნდა, პირველსახე და ხატი ორია არსების განსხვავებულობიდან გამომდინარე, თუმცა - არ არის ორი ჰიპოსტასისეული მსგავსების გამო. გარდა ამისა, თუკი მხოლოდ სამებაა მსახურებადი
(ე.ი. მსახურებითად თაყვანსაცემი, ე.ჭ.), როგორღა შეიძლება, რომ
იმსახურებოდეს ხატიც, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ოთხებად წარმოჩნდებოდა
სამება, მიიღებდა რა იგი შემატებას, რაც უღვთოებაა. მეორე მხრივ, თუკი
ქრისტეს ხატი განცალკევებითად იქმნებოდა მსახურებითობის განმკუთვნელი, ამით
ხომ ორ მსახურებას ექნებოდა ადგილი, რაც, არიანელთა მწვალებლობასთან
თანაშესწორებულად, ქმნილების-მსახურებისკენ მიგვმართავდა ჩვენ" (Ep.
551=217, თომაიდა ქალწულისადმი).
ამრიგად, უთვალსაჩინოესად დასტურდება, რომ ჩვენი თაყვანისცემა
ქმნილებისადმი (მათ შორის, ხატისადმი) მხოლოდ პატივისცემითია, მხოლოდ
შეფარდებითი, მხოლოდ სქეტიკურია, გადატანითია, გავლითია და არანაირად
აბსოლუტური, არანაირად ბუნებითი, არნაიარად მსახურებითი ანუ ლატრევტიკული.
ამიტომ:
(I) თაყვანისცემის იმ სახეს, რაც მიმართულია (როგორც ბუნებითად, ასევე გამოხატულებითად) თავად ერთარსება სამებისადმი, ეწოდება მსახურებითი ("მკუთვნელობითი", "ლატრევტიკული") ანუ ბუნებითი, იგივე აბსოლუტური (პირდაპირი, ყოვლადსრული) თაყვანისცემა.
(II) თაყვანისცემის იმ სახეს, რაც გამოხატულებითად ქმნილებისადმია მიმართული, ეწოდება პატივისცემითი ანუ შეფარდებითი (სქეტიკური, რელატიური, გადატანითი, არაპირდაპირი, ზომითი, შუალობითი) თაყვანისცემა;
"თაყვანისცემა" ბერძნულად გადმოიცემა ტერმინით "პროსკჳნესის" (ლათ. adoratio), ხოლო "მსახურება" (გელათური "მკუთვნელობა") - ტერმინით "ლატრეია" (ლათ. cultus, latria).
თანამედროვე ავტორთა შეფასებებში არაიშვიათად თავს იჩენს მძიმე ცნებითი
აღრევანი, რის მიზეზადაც თვით ეს ავტორები (ე.წ. მკვლევრები) სათანადო
საეკლესიო წყაროთა ვითომცდა ტერმინოლოგიურ მოუწესრიგებლობას ასახელებენ.
სწორედ ამგვარი აღრევითობიდან გამომდინარე, ბოლო ხანებში გავრცელებულ
მანერად იქცა (საკუთარი, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული მართლმადიდებლურობის
დასამტკიცებლად) იმაზე ხაზგასმა, რომ ქმნილებათა მიმართ აუცილებლად
გამოყენებული უნდა იყოს არა ტერმინი „თაყვანისცემა“ (ე.ი. არა
„პროსკჳნესის“), არამედ „პატივისცემა“, რომ თითქოსდა მცდარია გამოთქმა
„ხატთაყვანისცემა“ და ა.შ.
ეკლესიის მამათა შრომებში, რა თქმა უნდა, არაიშვიათად გვხვდება
სწავლებანი იმის შესახებ, რომ „თაყვანისცემა“ განეკუთვნება მხოლოდ ღმერთს
და რომ არ შეიძლება ვეთაყვანოთ ქმნილებებს, როგორც ეს აღნიშნულია თვით
წერილისეულ მცნებაშიც („არა თაყუანის-სცე მათ“, გამოსლ. 20.5), მაგრამ,
ამასთანავე, იმავე მამებთან, ცხადია, უაღრესად ხშირად დასტურდება ტერმინი
„თაყვანისცემა“ საკუთრივ ქმნილებათა მიმართ დადებით კონტექსტში.
რასთან გვაქვს საქმე, ნუთუ წმინდა სწავლება თავის თავს ეწინააღმდეგება?
საღვთისმეტყველო ტერმინთა რაობაზე სხვა დროსაც არაერთგზის გვქონია
მსჯელობა იმაზე მკვეთრი ხაზგასმით, რომ ამ მხრივ გამოვლენილი თანამედროვე
დაუდევრობანი ანდა თვითმიზნური (თვითრჯულობითი) გაკერპებულობანი დამღუპველი
შედეგების მომტანია. გადამწყვეტი მნიშვნელობისა კვლავაც იმის
გაცნობიერებაა, რომ საეკლესიო ტერმინთა მნიშვნელოვან ნაწილს
ახასიათებს შინაარსობრივი ორგვარობა კონეტქსტისდა მიხედვით. ამიტომ,
დაუშვებელია, რომ ყველა საეკლესიო ტერმინი ყველა შემთხვევაში (ყველა
კონტექსტში) აბსოლუტურად ერთი და იმავე მნიშვნელობის შემცველად წარმოვსახოთ
ჩვენს გონებაში.
ზემოთქმული ნიშნავს, რომ არსებობს ჯგუფი ტერმინებისა, რომლებიც ორგვარი შინაარსის (კერძოდ, ერთი მხრივ, პირდაპირი ანუ ბუნებითი შინაარსის და, მეორე მხრივ, არაპირდაპირი ანუ შეფარდებითი შინაარსის) მატარებლებად გვევლინებიან კონტექსტიდან გამომდინარე და ამ გააზრებათა ერთიმეორეში აღრევა უმძიმესი ერესის წყაროდ შეიძლება იქცეს. მაგალითისთვის, ავიღოთ ისეთი საყოველთაოდ ცნობილი ტერმინი, როგორიცაა "ღმერთი". ჩვენ ვაღიარებთ, რომ ერთი ბუნებითი ღმერთია ყოვლადწმინდა სამება და, ამ გაგებით, ტერმინი "ღმერთი" სავსებით გარკვეულია, ანუ ეს ტერმინი თავისი პირდაპირი, იგივე ბუნებითი (არსობრივი, აბსოლუტური, მსახურებითი) მნიშვნელობით საკუთრივ ბუნებითი ღმერთის აღმნიშვნელია. მაგრამ ეგევე "ღმერთი" დადებითი აზრით გამოიყენება შესაქმისადმიც. კერძოდ "ღმერთი" ეწოდება აგრეთვე, მადლით განღმრთობილ ქმნილებებს და ესაა, ცხადია, ხსენებული ტერმინის მხოლოდ პირობითი, სიმბოლური, არა-ასბოლუტური, არა-მსახურებითი, პატივისცემითი, შეფარდებითი ანუ სქეტიკური (რელატიური) მნიშვნელობა16 (შდრ. მაგალითად, წმ. არსენ იყალთოელის ცნობილი სიტყვები: "იესუ - ღმერთთა შორის, ბუნებით ღმერთი - მადლით ღმერთქმნულთა შორის", რუის-ურბნისის ძეგლისწერა, დიდი სჯულისკანონი; როგორც ვხედავთ, ციტირებულ ტექსტში ტერმინი "ღმერთი" გამოიყენება, ერთი მხრივ, ბუნებითი ანუ აბსოლუტური შინაარსით და აღნიშნავს განკაცებულ ღმერთს - იესოს, მეორე მხრივ კი - პირობითი ანუ შეფარდებითი [სქეტიკური] შინაარსით და აღნიშნავს "მადლით ღმერთქმნილ" ანუ განღმრთობილ ადამიანებს17).
ტერმინ "ღმერთის" მსგავსად ტერმინი "თაყვანისცემაც" ძირითადად ორგვარი გააზრებისაა.
კერძოდ, ტერმინი "თაყვანისცემა", ერთი მხრივ, გამოიყენება ბუნებითი, პირდაპირი ანუ აბსოლუტური, იგივე ღვთისმსახურებითი მნიშნელობით და ასეთ შემთხვევაში, ცხადია, მხოლოდ ბუნებითი ღმერთისადმი მსახურების აღმნიშვნელია, მაგრამ ხსენებული "თაყვანისცემა" შეფარდებითი, არა-აბსოლუტური, არა-მსახურებითი, ოდენ-პატივისცემითი ანუ სქეტიკური (რელატიური) გაგების შემცველიცაა და ამგვარი გააზრებით მხოლოდ და მხოლოდ ქმნილებას მიემართება.
ზემოთქმული ცხადყოფს, რომ ყველა იმ საეკლესიო წყაროში, სადაც ნაუწყებია და ნამცნებია, რომ თაყვანისცემა მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთისადმი უნდა იყოს განკუთვნილი, ყოველთვის იგულისხმება ტერმინ "თაყვანისცემის" ბუნებითი მნიშვნელობა ანუ საკუთრივ "ბუნებითი თაყვანისცემა", თუნდაც რომ დამაზუსტებელი სიტყვა "ბუნებითი" შესაბამის წყაროში არ ფიქსირდებოდეს (ისევე როგორც ტერმინ "ღმერთს" ძალიან ხშირად, ცხადია, არ ახლავს დაზუსტება "ბუნებითი", თუმცა სწორედ ბუნებითი ღმერთის აღმნიშვნელია იგი). ასეთ შემთხვევაში ტერმინი "თაყვანისცემა" უიგივდება ტერმინ "მსახურებას", ბერძნულ "ლატრეია"-ს, ლათინურ "კულტუს"-ს, იმავე გელათურ "მკუთვნელობას", ანუ ესაა იგივე "მსახურებითი (მკუთვნელობითი, ლატრევტიკული) ანუ აბსოლუტური თაყვანისცემა", რასაც ეწოდება, აგრეთვე, "მონებრივი თაყვანისცემა" და რაც მხოლოდ ბუნებითი ღმერთის მიმართ აღესრულება.
მეორე მხრივ, სადაც კი ღმერთშემოსილ მამათა შრომებში "თაყვანისცემა" დაკავშირებულია ქმნილებასთან, ყველგან იგულისხმება თაყვანისცემის ოდენ პატივისცემითი ანუ შეფარდებითი (სქეტიკური) გაგება და არანაირად მსახურებითი, არანაირად მკუთვნელობითი.
ტერმინი "თაყვანისცემა" ბუნებითი გაგებით ღვთისადმი მსახურებას
გულისხმობს, შეფარდებითი გაგებით კი - განღმრთობილი ქმნილებებისადმი
პატივისცემას.
მაშასადამე:
[I] ბუნებითად ანუ პირდაპირი გაგებით თაყვანისცემა მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს მიემართება ანუ ესაა იგივე ბუნებითი, პირდაპირი, აბსოლუტური თაყვანისცემა, გაიგივებული "რიტუალურ მსახურებასთან" ანუ "ლატრეიასთან" ("მკუთვნელობასთან"). ამ გაგებით (ე.ი. თავისი ბუნებითი მნიშვნელობით) "თაყვანისცემა", რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ღვთისადმია, ვინაიდან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გამოხატულებითად ქმნილებისადმი აღვავლენთ თაყვანისცემას, არსობრივად ანუ ბუნებითად (ქმნილებათა გავლით) კვლავაც ღმერთს ვეთაყვანებით, რაც ცხადს ხდის, რომ ერთი და მხოლოდ ბუნებითი ღმერთი ჩვენ მიერ თაყვან-იცემა თავისთავადაც (როგორც მარად-არსებული ერთარსება სამება, რომლის მეორე ჰიპოსტასი "ჟამსა თჳსსა" განკაცდა ჩვენი ცხონებისათვის) და ქმნილებათა მეშვეობითაც (როგორც ქმნილებებში დამკვიდრებული და მათგან გამოჩინებული).
ხაზს გავუსვამთ, რომ ხსენებული ბუნებითი ანუ აბსოლუტური, იგივე
მსახურებითი თაყვანისცემა, რაც მხოლოდ ღვთისადმია, სხვადასხვა სახელით
შეიძლება იწოდოს (კერძოდ როგორც: საკვირველებითი, მადლიერებითი, მსასოებლობითი, აღსარებითი და ა.შ.), თუმცა აღნიშნული თაყვანისცემა, უპირველესად, განისაზღვრება როგორც "მონებრივი", რითაც ხდება მკვეთრი ხაზგასმა იმაზე, რომ საქმე გვაქვს ბუნებითად ქმნილების ანუ ბუნებითად მონის მიერ ბუნებითად შემოქმედის ანუ ბუნებითად მეუფის აბსოლუტურ თაყვანისცემასთან. მართლაც, ბუნებითი თაყვანისცემის განმსაზღვრელი
სხვა ზემომითითებული სახელები შეიძლება განეკუთვნოს ქმნილებისადმი
თაყვანისცემასაც, ვინაიდან თაყვანს ვცემთ რა, მაგალითად, ყოვლადწმინდა
ღვთისმშობელს ან რომელიმე წმინდანს, მათდამი ჩვენი პატივისცემითი თაყვანისცემა არის, ცხადია, ამავე დროს, საკვირველებითი (გვიკვირს რა მათი მოღვაწეობითი ახოვანება), ისევე როგორც - მადლიერებითი (მადლიერნი ვართ რა იმ შეწევნისთვის, რასაც ისინი ჩვენდამი ავლენენ), მსასოებლობითი (ვსასოებთ რა მათეულ მფარველობასა და დამცველობას), აღსარებითი (ვაღიარებთ რა წმინდანთა წინაშეც ჩვენს უღირს ფიქრებსა და მოქმედებებს18), თუმცა ამგვარი (პატივისცემითი ანუ ქმნილებისადმი განკუთვნილი) თაყვანისცემა არანაირად არ შეიძლება იყოს მონებრივი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქმნილება მონაა მხოლოდ შემოქმედი ღმერთისა. ამიტომ, დაუშვებელია
მონებრივი თაყვანისცემა რომელიმე ქმნილებისა (თვით ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლისაც კი), ვინაიდან სწორედ ესაა კერპთაყვანისმცემლობა. ამრიგად, ღვთისადმი განკუთვნილი ჩვენი აბსოლუტური თაყვანისცემა აუცილებლად მონებრივია19.
[წმ. იოანე დამასკელი "ბუნებითი" ("აბსოლუტური") ანუ "მსახურებითი" (="მკუთვნელობითი", "ლატრევტიკული"), ე.ი. ოდენ-ღვთისთვის განკუთვნილი თაყვანისცემის შემდეგ ქვე-სახეებს გამოყოფს: "თაყვანისცემის პირველი სახე ესაა მსახურებითი, რასაც ვწირავთ მხოლოდ ბუნებითად თაყვანსაცემ ღმერთს და რაც სხვადასხვა გვარ-სახისაა: პირველი ესაა მონებრივი, ვინაიდან თაყვანს სცემენ მას ყოველნი ქმნილებანი, როგორც მონები - უფალს,
კერძოდ, ერთნი, როგორც კეთილმსახურნი, ნებსით ცოდნისმიერად ეთაყვანებიან
მას, ხოლო მეორენი, რომლებსაც შეუცვნიათ იგი, მაგრამ არ არიან მოსურნენი
[თაყვანისცემისა], იძულებით სცემენ მას თაყვანს, როგორც, მაგალითად,
ეშმაკები. მეორე გვარ-სახე ესაა საკვირველებითი და წადიერებითი, რომელთა კვალობაზეც თაყვანს ვცემთ ღმერთს მისი ბუნებითი დიდებულების გამო, ვინაიდან მხოლოდ იგია დიდებული, რომელსაც არათუ ვინმესგან აქვს დიდება, არამედ თავადაა მიზეზი ყოველგვარი დიდებისა და ყოველგვარი სიკეთისა, არის რა იგი "ნათელი
მიუწვდომელი", "სიტკბოება შეუმსგავსებელი", "მშვენიერება მიუთხრობელი",
„უფსკრული კეთილობისა", "სიბრძნე გამოუკვლეველი", "განუზომლად-ძლიერი
ძლიერება", რომელიც, თავისი თავისგან გამომდინარე, ერთადერთია ღირსი იმისა,
რომ გასაკვირი იყოს, თაყვან-იცემოდეს, იდიდებოდეს, ისურვებოდეს [ე.ი. მისდამი წადიერება და სურვილი ანუ ტრფიალება გვქონდეს, ე.ჭ.]. მესამე გვარ-სახეა მადლიერებითი
- იმ სიკეთეთა გამო, რაც ჩვენდამი იქმნა, ვინაიდან ყველა არსს მართებს
ჰმადლობდეს უფალს და უძღვნიდეს მას მარადიულ თაყვანისცემას, რადგან
ყოველივე არსებობს მისგან და შემტკიცებულია მასში, რომელიც უშურველად განუყოფს ყველას თავისეულ საბოძვართ თხოვნის გარეშეც და ჰნებავს, რომ ცხონდეს და მისი
კეთილობის წილმქონე იყოს ყველა, სულგრძელია რა ჩვენდამი, რაჟამს ვცოდავთ,
რამეთუ "ამოაბრწყინებს მზეს მართალთა და ცრუთა ზედა და აწვიმებს უკეთურთა
და კეთილთა ზედა" (მათ. 5.45), და რამეთუ ძე ღვთისა ჩვენს გამო ჩვენებრი
გახდა, გაგვხადა რა ჩვენ ზიარნი საღვთო ბუნებისა, რათა ვყოფილიყავით მისი
მსგავსნი, როგორც ამბობს იოანე ღვთისმეტყველი კათოლიკე ეპისტოლეში. მეოთხე გვარ-სახეა მსაჭიროებლობითი და ქველმოქმედებათა მიმართ მსასოებლობითი, რომელთა კვალობაზეც შემცნობნი ვხდებით იმისა, რომ მის გარეშე
არ ძალგვიძს რაიმე ვქმნათ ანთუ სიკეთე გვქონდეს და, ამის გამო, თაყვანს
ვცემთ მას ყოველი ჩვენგანი და ვითხოვთ მისგან, რის საჭიროებასაც განვიცდით
და რაც გვწადია, აგრეთვე იმას, რომ გამოგვიხსნას უკეთურებათაგან და
მიგვაახლოს სიკეთეებს. მეხუთე გვარ-სახეა სინანულისმიერი და აღსარებითი,
ვინაიდან რაჟამს შევცოდავთ, თაყვანისცემით შევუვრდებით ღმერთს და
ვევედრებით ცთომილებათა მიტევებას როგორც კეთილგონიერი მონები. ეს
გვარ-სახე სამნაწილედია, ვინაიდან ან სიყვარულის მიზეზით მწუხარებს ვინმე, ან იმის გამო, რომ შესაძლოა ვერ მიემთხვიოს იგი ღვთის ქველმოქმედებას ანთუ შიში აქვს სატანჯველისა. ამათგან პირველი გამომდინარეობს თვით ღვთისადმი წადიერებითი კეთილგანწყობისგან და ძეობრივი მოწლეობისგან ("მდგომარეობა", "ვითარება", "სულიერი განწყობილება"), მეორე - ანგარებითისგან, ხოლო მესამე - მონებრივისგან" (Kotter, III, p. 135-136).
[II] შეფარდებითად ანუ ზომითი პატივისცემით (სქეტიკურად, რელატიურად) თაყვანს ვცემთ განღმრთობილ ქმნილებებს როგორც საღვთო მადლის ღირსეულ ჭურჭელთ.
[წმ. იოანე დამასკელი "შეფარდებითი" ("სქეტიკური",
"რელატიური") ანუ "ზომითი" ("არა-აბსოლუტური", "არა-მსახურებითი",
"არა-მკუთვნელობითი", "არა-ლატრევტიკული"), ე.ი. ოდენ-ქმნილებისთვის განკუთვნილი თაყვანისცემის შვიდ ქვე-სახეს გამოყოფს.
მოვუსმინოთ:
„რაოდენნი იპოვებიან წერილში თაყვანისსაცემელნი და რაოდენგვარად ვუძღვნით თაყვანისცემას ქმნილებებს?
[ქმნილებათაგან] პირველად [თაყვან-იცემიან] ისინი, რომლებზეც განისვენებს ღმერთი - ის, ვინც არის მხოლო წმინდა და დავანებული წმინდანებში - წმინდა ღვთისმშობელსა და ყველა წმინდანში, ხოლო ესენი არიან, რომლებიც ძალისამებრ ემსგავსნენ ღმერთს, როგორც თავიანთი არჩევანის, ასევე ღვთის მათში შთამკვიდრებულობისა და თანაშემწევნელობის შედეგად. ისინი "ღმერთებადაც" ითქმიან ჭეშმარიტად, არა ბუნებით, არამედ ბოძებულობით,
როგორც, მაგალითად "ცეცხლად" ითქმის გავარვარებული რკინა, თუმცა არა
ბუნებით, არამედ ბოძებულობით და ცეცხლთან მზიარებლობით. ... ამრიგად, პირველი ესაა - არჩევანი, შემდეგ კი ყველას, ვინც ირჩევს სიკეთეს, ღმერთი თანაშეეწევა სიკეთეში. ... ამიტომ, ვინაიდან ჭეშმარიტად არიან ისინი "ღმერთები" - არა ბუნებით, არამედ როგორც ბუნებითი ღმერთის წილმქონენი, ამიტომ თაყვანსაცემნი არიან - არა ბუნებით, არამედ როგორც თავიანთ თავში იმის მქონენი, ვინც ბუნებითად თაყვანსაცემია, ისევე როგორც გავარვარებული რკინა ხელმიუკარებელია და დამწველი, თუმცა არა ბუნებით, არამედ ბუნებითად-დამწველთან [ცეცხლთან, ე.ჭ.] წილმქონეობით. ამრიგად, თაყვან-იცემიან ისინი როგორც განდიდებულნი ღვთის მიერ და
როგორც ღვთის მიერ, ერთი მხრივ საშიშქმნილნი მოქიშპეთათვის, მეორე მხრივ
კი, კეთილმოქმედნი იმათდამი, რწმენით რომ მიეახლებიან მათ - არა როგორც
ბუნებითად ღმერთებსა და ქველმოქმედებს, არამედ როგორც ღვთის მონებსა და
მსახურებს, რომლებმაც კეთილად იწილხვედრეს ღვთისადმი სიყვარულის
კადნიერება. ამრიგად, თაყვანს ვცემთ მათ, ვინაიდან მეფე საკუთარ
პატივისცემად განიკუთვნებს, როდესაც ხედავს იგი, რომ თაყვანს სცემენ მის
საყვარელ მონას - არა როგორც მეფეს, არამედ როგორც მორჩილ მსახურსა და
კეთილგონიერ მეგობარს. ამიტომ, რწმენით მიახლებულნი იღებენ კიდეც მათეულ
სათხოვარს ან მსახურის მიერ, რომელიც გამოითხოვს მეფისგან ამას, ანდა -
მეფის მიერ, რომელიც ისათნოებს იმ პატივისცემასა და რწმენას, რასაც მის მსახურთან მისული მთხოვნელი (სიტყვ. "მისი მსახურის მიერ მეძიებელი") [ავლენს], ვინაიდან მის
სახელზე ითხოვდა იგი. ამ სახით, მოციქულთა მიერ კურნებანი მიიღეს მათთან
მისულებმა. ამგვარადვე, კურნებანი აღმოაწყაროა მოციქულთა ჩრდილმა,
თავსახვევებმა და ოლარებმა (საქ. 5.15; 19.12). მაგრამ რომლებიც კი
ამბოხებითად და მოქიშპეობითად მოსურნეობენ იმას, რომ თაყვანი ეცეთ როგორც
ღმერთებს, არ იღებენ თაყვანს, არიან რა ღირსნი მარადიული ცეცხლისა. ამიტომ,
რომლებიც კი შეურაცხმყოფლად, ამპარტავნული გონებით უარყოფენ ღვთისმსახურთა
თაყვანისცემას, ღვთისადმი უკრძალველობის გამო ისჯებიან ვითარცა მზვაობარნი
და ამპარატავნნი. ამას სწამებენ ის ყრმები, ელისეს მიმართ რომ
შეურაცხმყოფლად გაჰყვიროდნენ და დათვების ლუკმა რომ გახდნენ (IV მეფ.
2.23). მეორე გვარ-სახეა, რაჟამს თაყვანს ვცემთ იმ ქმნილებებს, რომლებითაც
და რომლებშიც იმოქმედა ღმერთმა ჩვენი ცხონება - როგორც უწინარეს უფლის
მოსვლისა, ასევე მისი ხორციელი განგებულების (=განკაცების, ე.ჭ.) შემდეგ.
მაგალითად: სინაის მთა, ნაზარეთი, ბეთლემის ბაგა და გამოქვაბული, წმინდა
გოლგოთა, ჯვრის ძელი, სამსჭვალნი, ღრუბელი, ლერწამი, სამღვდელო და
მაცხოვნებელი ლახვარი, სამოსელი, კვართი, სინდონნი, სახვევნი, წმინდა
საფლავი - წყარო ჩვენეული აღდგომისა, აკლდამის ლოდი, წმინდა მთა სიონი,
კიდევ ზეთისხილის მთა, პრობატიკონი და გეთსიმანიის სანატრელი წალკოტი. ამათ
და ამგვართ ვეკრძალვი და თაყვანს ვცემ, ისევე როგორც - ღვთის ყველა წმინდა
ტაძარს და ყოველივე იმას, რის მიმართაც კი ითქმის სახელი ღვთისა, თუმცა - არა
მათი ბუნების გამო, არამედ იმიტომ, რომ ჭურჭელნი არიან ღვთის მოქმედებისა
და რომ მათ მიერ და მათში ისათნოვა ღმერთმა ჩვენეული ცხონების სრულქმნა, ვინაიდან ანგელოზებსაც, ადამიანსაც და, აგრეთე, საღვთო მოქმედებასთან წილმქონე ყველა იმ ნივთს, რაც კი ემსახურა ჩემს ცხონებას, ვეკრძალვი და თაყვანს ვცემ საღვთო მოქმედების გამო.
არ ვცემ თაყვანს იუდეველებს, ვინაიდან არ არიან ისინი წილმქონენი საღვთო
მოქმედებისა და არც ჩემი ცხონების მიზნით აცვეს მათ ჯვარს "დიდების უფალი" -
ღმერთი ჩემი, არამედ - უმალ შურითა და მძულვარებით აღძრულებმა ღვთისა და
კეთილისმოქმედის მიმართ. "უფალო, შევიყვარე - ამბობს დავითი -
კეთილმშვენობა შენი სახლისა და ადგილი შენი დიდების დაკარვებისა" (ფს.
25.8). კიდევ: "თაყვანი ეცით ადგილს, სადაც დაადგა მან ფეხი" (ფს. 131.7),
და: "[თაყვანი ეცით] მის წმინდა მთას“ (ფს. 98.9). წმინდა ღვთისმშობელია
სულიერქმნილი "წმინდა მთა" ღვთისა; მოციქულები არიან მოაზროვნე "მთები"
ღვთისა. "მთები ხტოდნენ როგორც ვერძები და ბორცვები - როგორც ცხვრების
კრავები" (ფს. 113.4). მესამე გვარ-სახეა, რაჟამს თაყვანს ვცემთ იმ ყოველივეს, რაც მიძღვნილია ღვთისადმი.
ვამბობ, მაგალითად, სამღვდელო სახარებებსა და დანარჩენ წიგნებს, ვინაიდან
"ისინი დაიწერა დასამოძღვრად ჩვენდა, რომლებზეც მოიწია საუკუნეთა
აღსასრული" (I კორ. 10.11). ამგვარივეა ფეშხუმი, ბარძიმი, საკმეველი,
სასანთლე და ტრაპეზი, ვინაიდან ცხადია, რომ საკრძალველია ეს ყოველივე.
მართლაც, დაუკვირდი, თუ როგორ აღხოცა ღმერთმა ბალტასარის მეფობა, როდესაც
მან ხალხის მოსახმარად დაუშვა სამღვდელო ჭურჭელნი (დან. 5.2-30). მეოთხე გვარ-სახეა, რაჟამს თაყვან-იცემა წინასწარმეტყველთა მიმართ ჩენილი ხატები (ვინაიდან ხატებრივი ხილვით იხილეს მათ ღმერთი) და სამერმისოთა ხატები,
როგორც, მაგალითად, "აარონის კვერთხი" (რიცხ. 17.23), რაც გამოხატავდა
ქალწულის საიდუმლოს, აგრეთვე, "ტაკუკი" (გამოსლ. 16.33; ებრ. 9.4). და
"ტრაპეზი" (გამოსლ. 25.23; ებრ. 9.2). იაკობმაც ხომ თაყვანი სცა "კვერთხის
წვერს", რაც იყო სახე მაცხოვრისა (შესაქ. 47.31; ებრ. 11.21). ამასთან,
[თაყვანსაცემია], აგრეთვე, გარდასულთა ხატნი მათ
გასახსენებლად. ესაა თვით კარავი, რომელიც იყო მთელი ქვეყნიერების ხატი,
ვინაიდან უთხრა მოსეს [უფალმა]: "იხილე ის სახე, რაც გამოგიჩნდა შენ მთაზე"
(გამოსლ. 25.40; ებრ. 8.5). ესენია ოქროს ქერუბიმები, გამოდნობით
შექმნილნი, და კიდევ - ქერუბიმები კრეტსაბმელზე, ქსოვით შექმნილნი.
ამგვარადვე ვცემთ თაყვანს ჯვრის პატიოსან სახეს, ისევე როგორც - ჩემი
ღმერთის და მისი ხორციელი მშობლის, აგრეთე მის მსახურთა სხეულებრივი
აღბეჭდილობის მსგავსებას. მეხუთე გვარ-სახეა, რაჟამს თაყვანს ვცემთ ერთიმეორეს როგორც ღვთის ნაწილის მქონეებს [ე.ი. ღვთის მადლის მოზიარეებს, ე.ჭ.] და ღვთის ხატისებრ შექმნილებს, დავუმდაბლდებით რა ურთიერთს და აღვასრულებს რა სიყვარულის სჯულს. მეექვსე გვარ-სახეა, რაჟამს თაყვანს ვცემთ მთავრობაში და უფლებამოსილებაში მყოფთ,
ვინაიდან "მიაგეთო", ამბობს, "ყველას კუთვნილი, ... პატივს - პატივი"
(რომ. 13.7), როგორც, მაგალითად, თაყვანი სცა იაკობმა ესავს ვითარცა უფროს
ძმას (შესაქ. 33.3) და - ფარაონს ვითარცა ღვთისგან დადგინებულ მთავარს (შესაქ. 47.7). მეშვიდე გვარ-სახეა, რაჟამს თაყვანს სცემენ მონები ბატონებსა და კეთილისმოქმედებს ანთუ მსაჭიროებელნი - იმათ, რომლებიც სჭირდებათ მათ,
ისევე როგორც თაყვანი სცა ამბრაამა ემორის ძეებს, როდესაც შეისყიდა მათგან
"მრჩობლი გამოქვაბული" (შესაქ. 23.7.12). და, მარტივად რომ ვთქვათ,
თაყვანისცემა ესაა გამოხატულება შიშისა, წადიერებისა და პატივისცემისა,
აგრეთვე შევრდომილობისა და მდაბლობისა, მაგრამ არ შეიძლება თაყვანი ვცეთ
რაიმეს როგორც ღმერთს, თუ არა - მხოლოდ ბუნებით ღმერთს, დანარჩენს კი
კუთვნილი უნდა მივაგოთ უფლის გამო" (Kotter, III, p. 137-141).
ამრიგად, ერთი მხრივ, სხვა სახისაა (კერძოდ, მსახურებითია, მონებრივია ანუ აბსოლუტურია) ჩვენი თაყვანისცემა უშუალოდ ბუნებითი ღმერთისადმი და, მეორე მხრივ, სხვა სახისაა (კერძოდ, პატივისცემითია, მოწლეობითია, სქეტიკურია, ე.ი. შეფარდებითია) ჩვენი თაყვანისცემა ღმრთივსულიერი ქმნილებებისადმი.
ამასთან, ზემორე რჯულდების მცდარმა გაგებამ არ უნდა მიგვიყვანოს მეორე
უმძიმეს გაუკუღმართებამდე, რომ თითქოს მართლმადიდებელი ეკლესია განღმრთობილ
ადამიანებს (ანთუ ანგელოზებს) აკისრებდეს რაღაც მექანიკური, ე.ი.
მხოლოდდამხოლოდ გამტარობითი, მხოლოდდამხოლოდ მესაშუალეობითი ფუნქციის
შემსრულებლობას. პირიქით, როგორც ზემოთაც აღვნიშნავდით და როგორც ეს
მკაფიოდაა განცხადებული წმ. იოანე დამასკელის ზემოდამოწმებულ სწავლებაში, ყველა განღმრთობილი პიროვნება, როგორც ჭეშმარიტად
თანამოზიარე საღვთო მადლისა და საღვთო ღირსეულობისა, თავადაც ჭეშმარიტად
ღირსეულია, ჭეშმარიტად მადლშემოსილია და, შესაბამისად, ჭეშმარიტად
თაყვანსაცემიც20, ვინაიდან ოდენ ღმრთივბოძებული მადლი კი არ განაღმრთობს მას, არამედ - ამ მადლის ნებაყოფლობითი შემწყნარებლობა და საღვთო ღირსებათა მომუშაკება-აღორძინებისთვის მარადდაუცხრომელი პიროვნული მოქმედებანი ანუ ნებსითი ღვწა პირადი ნების ღვთის ნებისადმი, ძალისამებრ, მთელი სისრულით დასამონებლად და საკუთარი თავის ღვთისსათნო ჭურჭლად შესამზადებლად, რაც არის სწორედ ჭეშმარიტი ასკეზისი, ჭეშმარიტი მოღვაწეობა, ჭეშმარიტი ბაძვა და მსგავსება ღვთისადმი (თვით ზეციური ანგელოზებიც განღმრთობის ესოდენ აღმატებულებაში ნებაყოფლობითი ძალისხმევით არიან დამკვიდრებულნი და არანაირად ძალადობრივად21,
ვინაიდან შეეძლოთ მათ დაცემა და ღვთისგან განდრეკა, თუმცა არათუ არ
შეეზრახნენ და არ გაუხდნენ თანაზიარნი დაცემის მოთავე უკეთურ ანგელოზს,
არამედ, პირიქით, როგორც გვასწავლის წმ. იოანე დამასკელი, კიდევ უფრო განმტკიცდნენ "ბოროტებისადმი აღუძვრელობაში"22 სწორედ თავიანთი გონითი არჩევანითა და ძალისხმევითი მოუმედგრებლობით). შესაბამისად, მტკიცებას არ საჭიროებს ის, რომ ჩვენთვის უაღრესად პატივსაცემია განღმრთობილ გონიერ ქმნილებათა უმყარესი
ნებელობითი აღმრჩეველობა ღვთისკენ სწრაფვისა და ამ სწრაფვაში მათი მხრიდან
გამოვლენილი ყოვლად-ახოვანი მღვიძარებითი დაუცხრომლობა.
ამრიგად, კვლავ ხაზს გავუსვამთ, განღმრთობილ პირთა ნებსითი არჩევანისა და დაუცხრომელი საღვთო გულმოდგინების მიმართ უდიდესზე უდიდესია ჩვენი პატივისცემა, ჩვენი მარად-კრძალვითი და მოწლეობითი თაყვანისცემა, თუმცა ხსენებული თაყვანისცემა, თავის ყველაზე აღმატებულ ხარისხშიც კი (ე.ი. თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლსადმიც კი) მხოლოდ
შეფარდებითია, მხოლოდ სქეტიკურია, მხოლოდ პატივისცემითია და არანაირად
ბუნებითი, არანაირად მსახურებითი, არანაირად ლატრევტიკული, არანაირად
მონებრივი.
მართლაც, თაყვანს ვცემთ რა თვით ყოვლადწმინდა მარადქალწულ დედას ღვთისას, უაღმატებულესსა და უგანღმრთობილესს ქმნილებათა შორის, უდიდესი პატივისცემით ვეთაყვანებით და ენით უთქმელი კრძალვით ვადიდებთ საკუთრივ მის უზესთაეს პიროვნულ უბიწოებას და სათნოებაშემოსილობას, რამაც ღვთისმშობლობის ღირსად გამოაჩინა იგი (სწორედ ამიტომ განუკუთვნა მას ღმერთშემოსილმა ანდრია კრიტელმა (+657 წ.) უგამორჩეულესი ეპითეტი, უწოდა რა "ღმერთი ღვთის შემდეგ"23, ხოლო წმინდა გრიგოლ პალამამ - "ზღურბლი ქმნილისა და უქმნელისა"24), თუმცა, ამისდა მიუხედავად, არც ამჯერად იფარგლება ჩვენეული თაყვანისცემა ოდენ მისი პიროვნული განღმრთობილობით,არამედ ყოვლადუბიწო დედის მიღმა მისგან კაცობრივად შობილი ბუნებითი ღმერთის მიმართ აღვამაღლებთ ჩვენს სადიდებელს მარადისი ზეამაღლებით, ვინაიდან ყოვლად უეჭველია, რომ თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელშიც ბუნებითად თაყვანსაცემი კვლავაც და მხოლოდ ისაა, ვინც არის მისი [მარიამის] განმაღმრთობელი - თავად ყოვლადჭეშმარიტი უფალი
როგორც ყოველგვარი ღირსებისა და სიკეთის ერთადერთი წყარო ყოველი
ქმნილებისთვის და, მათ შორის, საკუთრივ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისთვის25.
ამიტომაა წმინდანთა მიმართ (მათ შორის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ) თაყვანისცემა მხოლოდ პატივისცემითი ანუ მხოლოდ სქეტიკური (შეფარდებითი) და არანაირად - მსახურებითი, როგორც ამას რჯულდებითად განასაზღვრებს მეშვიდე მსოფლიო კრება (იხ. ზემოთ).
რაც შეეხება არაპიროვნულ სიწმინდეებს ანუ წმინდა ნივთებს,
კერძოდ ყოვლადპატიოსან საუფლო ჯვარს ან უფლის კვართს ანთუ უწმინდეს
ბარძიმს, ფეშხუმს, ღმერთმყოფელ მირონს, ნაკურთხ წყალს, წმინდა წერილს,
წმინდანთა ნაწილებს და მრავალს სხვას, ისინი უძვირფასესნი არიან ჩვენთვის,
როგორც მაცხოვრის ცხოველმყოფელი მადლით წმინდაქმნილი ბოძებულობანი,
რომლებთან თანაზიარებაც თვით საუფლო ცხოველმყოფელობასთან თანაზიარებაა,
დაულევნელად გვეწყაროება და შთაგვენერგება რა მათგან წმინდამყოფელი და
მაკურნებელი ძალი ღვთისა. ამიტომ, რაჟამს მადლიერებითა და კრძალვით თაყვანს ვცემთ მათ, მათი მეშვეობით თავად უფლის ცხოველმყოფელ სიდიადეს ვეთაყვანებით, რაც ნიშნავს, რომ ყოველი მათგანის თაყვანისცემა, - მათ შორის თვით მაცხოვნებელი ჯვარისაც კი, - მხოლოდ
და მხოლოდ შეფარდებითია, სქეტიკურია, წიაღვლითია, პატივისცემითია,
მოწლეობითია და არანაირად მსახურებითი, არანაირად ლატრევტიკული, არანაირად
აბსოლუტური, არანაირად ბუნებითი.
ზემოთქმული მკაფიოდ გვიჩვენებს, თუ რა გადაულახავი უფსკრული განყოფს ერთიმეორისგან წარმართულ კერპთაყვანისმცემლობას და საეკლესიო სიწმინდეთ-თაყვანისმცემლობას. მართლაც, კერპთაყვანისმცემლობას სწორედ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც პირდაპირი გაგებით ხდება ბუნებითი გაღმერთება ქმნილებისა და მათდამი [ბუნებითად გაღმერთებული ქმნილებებისადმი] ოდენ ღვთისთვის შესაფერისი მსახურებითი (ლატრევტიკული), მონებრივი ანუ ბუნებითი თაყვანისცემის შემწირველობა. ამგვარი უბილწესი მზორველობის საპირისპიროდ მართლმადიდებელი
ეკლესიის მიერ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთისადმი აღესრულება მსახურებითი ანუ
ბუნებითი (აბსოლუტური) თაყვანისცემა, ხოლო ქმნილება თაყვან-იცემა ოდენ
პატივისცემითად ანუ ოდენ შეფარდებითად (ოდენ სქეტიკურად).
როგორც აღვნიშნეთ, საკითხი თაყვანისცემის სახეთა
შესახებ ყველაზე უფრო ცხოვლად VII მსოფლიო საეკლესიო კრებაზე იქნა
განხილული იმჟამინდელი უმძმესი გაუკუღმართების, ხატმებრძოლობითი ანუ
იკონოკლასტური ერესის აღმოსაფხვრელად, რომლის მიმდევარნიც წმინდა ხატთა
თაყვანისცემას კერპთა თაყვანისცემად და რჯულისეული მცნების დარღვევად
წარმოსახავდნენ.
ხსენებულმა მსოფლიო კრებამ სრული რჯულდებითობით განასაზღვრა:
"და ჩვენ კი, - წერილისმიერად, გამოკვლევითად, სილოგისტურად და
მტკიცებულებითად გამომეძიებელნი და მამათა სწავლებებით განსწავლულნი, -
ამგვარად ვაღიარებდით კიდეც, ვაღიარებთ და ამღიარებელნი ვიქნებით და
შევუდგებით და ვუერთგულებთ და შევემყარებით აღმოკითხული ნაწერების აზრს, სათნო-ვიჩენთ რა ხატობრივ გამოსახულებებს, თანახმად ჩვენი წმინდა მამების ძველი გადმოცემებისა, და თაყვანს ვცემთ მათ შეფარდებითი წადიერებით,
როგორც ჩვენი ღვთის ქრისტეს, ჩვენი უხრწნელი დედოფლის წმინდა
ღვთისმშობლის, აგრეთვე წმინდა ანგელოზებისა და ყოველთა წმინდანთა სახელზე
შექმნილებს, უცხადესია რა, რომ ერთ მხოლო ღმერთს განვუკუთვნებთ ჩვენს მსახურებას და რწმენას". წმინდა
კრებამ თქვა: "მთელი სამღვდელო კრება ამგვარად რჯულმდებლობს"...
"ადრიანემ, უხუცესი რომის წმინდა პაპმა, და ტარასიმ, სამეფო
კონსტანტინოპოლის უნეტარესმა პატრიარქმა, ერთი იზრახეს და აღიარეს,
ეამბორნენ რა [მათი სახით ერთიმეორეს] სამართლიანობა და მშვიდობა"26.
აღნიშნული კრების უწმინდეს "საქმეებში" ღმერთშემოსილმა მამებმა მკაფიოდ
განმარტეს, რომ ღმრთივსულიერ ხატთა თაყვანისცემა ესაა თაყვანისცემა არა
ნივთისა და ნივთიერი რამ მონაცემისა (ფერისა, საღებავისა, გამომსახველობითი
ხერხებისა), არამედ - თაყვანისცემა მხოლოდ და მხოლოდ იმისა, ვინც ხატზეა გამოსახული (განკაცებული უფლისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ანგელოზებისა, წმინდანებისა). ამასთან, უაღრესად ხაზგასასმელია (და როგორც ზემოთ ვნახეთ, წმ. თეოდორე სტუდიელი თითქმის ყველა შემთხვევაში უაღრესად მკაფიოდ აღნიშნავს ამას), რომ ხატის გამოსახულება თავისი შინაარსით (თავისი პიროვნულობით) აბსოლუტურად ერთია
იმასთან, ვის გამოსახულებასაც იგი წარმოადგენს, ვინაიდან არ შეიძლება, რომ
მაცხოვარი პიროვნულად სხვა ღმერთი იყოს ცათა შინა და პიროვნულად სხვა
ღმერთი - ხატზე გამოსახული, ანთუ ყოვლადწმინდა მარიამი პიროვნულად სხვა
იყოს ცათა შინა და პიროვნულად სხვა - ხატზე გამოსახული და ამგვარადვე ყველა
დანარჩენი წმინდანი. შესაბამისად, წმინდა ბასილისებრ, "ხატისადმი პატივისცემა პირველსახისადმი წიაღმსვლელობს" ანუ იმ პირისადმი აღიწევა, ვინც ხატზეა გამოსახული და არანაირად ისე, თითქოს (კვლავ ხაზს გავუსვამთ) ხატზე გამოსახულთ (მაგალითად,
მაცხოვარს, დედას ღვთისას, ანგელოზებს, წმინდანებს) სხვად მივიჩნევდეთ და
პიროვნულად სხვა თაყვანისცემას განვუკუთვნებდეთ, ხოლო მათვე ცათა შინა მყოფთ (იმავე მაცხოვარს, დედას ღვთისას, ანგელოზებს, წმინდანებს) სხვად ვრაცხდეთ და პიროვნულად სხვა თაყვანისცემას მივაგებდეთ ანუ თაყვანისცემითად ვმიჯნავდეთ ერთიმეორისგან ხატზე გამოსახულ პიროვნებას და ამავე პიროვნებას ცათა შინა მყოფს. ამგვარი პიროვნული განყოფა გამოსახულებისა (ხატისა) და არქეტიპისა წმინდა კრების მიერ დაგმობილია და განწესებულია, რომ ხატზე სწორედ ის გამოისახება, ვისაც ხატის გარეშეც ვეთაყვანებით, რაც ნიშნავს, რომ, მაგალითად, თაყვანისცემა ხატზე გამოსახული უფლისა თაყვანისცემაა იმავე უფლისა ხატის გზით, ვინაიდან ჰიპოსტასურად ერთია ანუ იგივეობრივია ხატზე გამოსახული და ცათა შინა მყოფი. შესაბამისად, ნათელია, რომ ხატის შეურაცხყოფა თვით მასზე გამოსახულის შეურაცხყოფაა.
ხატის გზით ხატზე გამოსახულისადმი თაყვანისცემის აღვლენა უცხადესად ასაჩინოებს, რომ თავად ხატი როგორც თაყვანსაცემი სიწმინდე, მსგავსად სხვა საღვთო სიწმინდეებისა (ჯვრისა, კვართისა, ბარძმისა და ა.შ.), მხოლოდ შეფარდებითად ანუ სქეტიკურად თაყვან-იცემა და, რა თქმა უნდა, არანაირად მსახურებითად, არანაირად აბსოლუტურად, არანაირად ბუნებითად, ვინაიდან, კვლავ აღვნიშნავთ, ბუნებითი ანუ მსახურებითი, ე.ი. ყოვლადი თაყვანისცემა გულისხმობს თაყვანსაცემი არსის სრულ, მთლიან და აბსოლუტურ თაყვანისცემას, ხოლო ხატის თაყვანისცემისას მთლიანობითად და ყოვლითურთ როდი ვეთაყვანებით მას, არამედ თაყვანს
ვცემთ მხოლოდ და მხოლოდ გამოსახულებას ანუ იმას, ვინც მასზეა გამოსახული,
მაგრამ არანაირად არ ვცემთ თაყვანს თვით ხატის ბუნებას ანუ მის მასალას,
ფერს, საღებავს და სხვა ნივთიერ მონაცემებს.
სწორედ ამიტომაა ხატისადმი თაყვანისცემა მხოლოდ პატივისცემითი ანუ შეფარდებითი (სქეტიკური, რელატიური) და არანაირად ბუნებითი. მართლაც, ბუნებითი თაყვანისცემის შემთხვევაში, გარდა გამოსახულებისა, თვით ხატის "ბუნებაც" ანუ მისი მასალაც და საღებავიც, ე.ი. ხატის ნივთიერებაც თაყვანისცემის ობიექტად უნდა გვექცია, რაც უკვე კერპთაყვანისმცემლობა იქნებოდა და არა ხატთაყვანისმცემლობა. მეტიც, ხატის მასალის თაყვანისცემა კანონზომიერ შედეგად მოიტანდა ხსენებული მასალის (ხის, ქვის, რკინის და მისთ) ცალკე (ხატის გარეშე)
თაყვანისცემის აუცილებლობას; ამასთან, უეჭველად შეიქმნებოდა ვალდებულება,
რომ გამოსახულების გამქრქალების ან სრული გადასვლის შემთხვევაშიც კვლავ
გაგვეგრძელებინა იმ ნივთისადმი თაყვანისცემა, რაც ადრე წმინდა
გამოსახულებას აღიბეჭდავდა და სწორედ ამ აღბეჭდილობით იყო ხატი, თუმცა საეკლესიო რჯულდება გვიკრძალავს გამოსახულების არმქონე (გამოსახულება-გადასული) ნივთის თაყვანისცემას, ვინაიდან ხატი, როგორც აღვნიშნეთ, ესაა მხოლოდ და მხოლოდ წმინდა გამოხატულება, აღბეჭდილი ნივთზე, და არა თვით ნივთი.
ამიტომ, თუ ხატზე გამოსახულება გამქრალია, იგი უკვე აღარაა ხატი, და შესაბამისად, არც მისი თაყვანისცემა შეიძლება, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნებოდა უკვე არა გამოსახულების (და, გამოსახულების გავლით, თავად პირველსახის), არამედ უშუალოდ ნივთის თაყვანისცემა, რაც არის სწორედ კერპთაყვანისმცემლობა.
იგივე ითქმის ჯვრის წმინდა საგნის შესახებაც, რომელიც თაყვანსაცემია მანამ, სანამ ორ ძელს საკუთრივ ჯვრის სახე ანუ ჯვრად თანაშედგმულობა აქვს
და სწორედ იმ ნივთს გამოსახავს, რომელზეც მაცხოვარი ჯვარს ეცვა, მაგრამ თუ
მოხდება ის, რომ თანაშედგმული ძელები დაცალკევდება, ეს უკვე აღარ იქნება
ჯვარი და არც თაყვანისცემა განეწესება მას.
აი, შესაბამისი რჯულდება VII მსოფლიო კრების უწმინდესი აქტებიდან:
"არც ჩვენს შორის27 არიან ღმერთებად
თაყვანცემულნი წმინდანთა ხატოვნებანი, ხატნი და აღბეჭდილობანი, რამეთუ
ხატის ფიცარს რომ ვცემდე თაყვანს როგორც ღმერთს, უთუოდ თაყვანი უნდა მეცა
დანარჩენი ფიცრებისთვისაც, ვინაიდან ხატის ფიცარს რომ ვცემდე თაყვანს როგორც ღმერთს28, უთუოდ აღარ დავწვავდი ხატს, როდესაც მასზე მთლიანად წარიხოცებოდა გამოსახულება. და კიდევ, სანამ ჯვრის ორი ძელი თანაშედგმულია, თაყვანს ვცემ ტვიფარ-სახეს ქრისტეს გამო29, რომელიც მასზე ჯვარს ეცვა, მაგრამ როგორც კი ისინი განიყოფიან ერთიმეორისგან, ვაგდებ მათ და ვწვავ.
ან კიდევ, ისევე როგორც მეფის ბრძანების მიმღები და ბეჭდის ამბორმყოფელი
არათუ თიხის პატივისმცემელია ანთუ გრაგნილისა ან ტყვიისა, არამედ მეფისადმი
აქვს განკუთვნილი თაყვანისცემა და კრძალვა, ამგვარადვე ჩვენც, ქრისტიანთა
შვილები, ჯვრის ტვიფარ-სახის თაყვანისცემისას არათუ ძელის ბუნებას მივაგებთ
პატივს, არამედ ვჭვრეტთ რა მას ქრისტეს აღბეჭდილობად, ტვიფრად და
ხატოვნებად, მის მიერ მასზე ჯვარცმულს ვეამბორებით და თაყვანსაც ვცემთ" (მეშვიდე
მსოფლიო კრების IV საქმე: "ლეონტი კვიპრელის, ნეაპოლელი ეპისკოპოსის
მეხუთე სიტყვიდან ქრისტიანთა აპოლოგიის შესახებ იუდეველთა წინააღმდეგ და
წმინდანთა ხატების შესახებ").
მოვუსმინოთ, აგრეთე, წმ. იოანე დამასკელს, რომელიც, თავის მხრივ, ახდენს წმ. ათანასე ალექსანდრიელის ციტირებას აღნიშნულ საკითხზე:
"არათუ, ელინთაებრ, ღმერთებად ვეთაყვანებით ხატებს ჩვენ, მორწმუნენი, -
ნუ მოხდება ეს! - არამედ მხოლოდ ჩვენეული სიყვარულის მოთვისეობასა და
წადიერებას ვავლენთ ხატზე გამოსახული პიროვნებისადმი. აქედან გამომდინარე, ხშირად, მას შემდეგ, რაც წარიხოცება გამოსახულება, ვწვავთ ყოფილ ხატს როგორც გამოუსადეგარ ძელს" (PG. 94, col. 1365 D - 1368 A).
საყურადღებოა, აგრეთვე წმ. ნიკოდიმე მთაწმინდელის განმარტება:
"წმინდა ხატები თაყვან-იცემიან არა ნივთის გამო, არამედ იმ მსგავსების გამო, რაც მათ აქვთ მათზე გამოსახულთან. აქედან გამომდინარე, წინამდებარე კრების [=მეშვიდე მსოფლიო კრების, ე.ჭ.] მამებმა კერძო მსჯელობებში30 თქვეს, რომ დაშლილი ძელები, რომლებსაც აღარ აქვთ ჯვრის ტვიფარ-სახე, იწვებიან. ასევე, როდესაც ხატების ფერი და დასახულობა სრულიად წარხოცილია, წვავენ ფიცარს როგორც გამოუსადეგარ ძელს, თუმცა, ამასთან, ზოგიერთები მარხავენ მათ კეთილმოშიშების გამო. წმინდა ხატები არ საჭიროებენ წმინდა მირონით ცხებას ანდა განწმენდის ლოცვებს მღვდელთმთავრის მიერ, ვინაიდან ჩვენ წმინდა ხატებს თაყვანს ვცემთ არა იმიტომ, რომ ისინი მირონცხებულნი და ნაკურთხნი არიან, არამედ, პირიქით, საერთოდ არ გამოვიკითხავთ მირონის ან ლოცვის შესახებ
და თუკი ვიხილავთ სადმე წმინდა ხატს, მყისვე თაყვანს ვცემთ მას, ერთი
მხრივ, წმინდანის სახელის, მეორე მხრივ კი, იმ მსგავსების გამო, რაც მას
აქვს არქეტიპთან [=მასზე გამოსახულთან, ე.ჭ.]. ამ მიზეზით იყო, რომ კოპრონიმის დროს გამართული ხატმებრძოლთა კრება31, - წინამდებარე კრების [მეშვიდე მსოფლიო კრების, ე.ჭ.] მეექვსე
"საქმეში" [დაცული ციტატის მიხედვით], - კიცხავდა წმინდა ხატებს და
ამბობდა, რომ "არ არსებობდა სამღვდელო ლოცვაც კი ხატის სახელზე, რაც
შესაძლებელს გახდიდა მის განწმენდას [=კურთხევას, ე.ჭ.] და ყოფითობიდან სიწმინდეში მის გარდავლენას, არამედ რჩებოდა იგი ყოფითი და შეურაცხი, ისე როგორც დაშვრა მისთვის ხატმწერი"32,
ხოლო როდესაც წმინდა მეშვიდე კრებამ ეპიფანე დიაკონის მიერ გასცა მათ
პასუხი, არ უთქვამს, რომ არსებობდა ლოცვა ხატის მიმართ, არამედ ის თქვა,
რომ მსგავსად ბევრი სხვა სიწმინდისა, არც ხატები განიკუთვნებდნენ სამღვდელო ლოცვას, არამედ თვით სახელისგან გამომდინარე იყვნენ ისინი აღსავსენი მადლითა და სიწმინდით, ისევე როგორც ცხოველმყოფელი ჯვრის ტვიფარ-სახეც, რომელიც საკრძალველია და თაყვანსაცემი ჩვენს შორის, თუმცა ამგვარია იგი ყოველგვარი ლოცვის გარეშე, გვწამს რა, რომ განწმენდას გვანიჭებს მხოლოდ მისი ტვიფარ-სახე, ისევე როგორც - ჩვენს მიერ მისდამი აღსრულებული თაყვანისცემა ანთუ მისი ნიშანი ჩვენს შუბლზე, ან კიდევ ჰაერში თითით გამოსახული მისი ბეჭედი33 (დაუკვირდი, რომ ძველად ჯვრის გამოსახვა ხდებოდა არა სამი თითით, როგორც დღესაა, არამედ - ერთი თითით, როგორც ამას ამბობს ოქროპირი თავის ერთ ქადაგებაში34)".
ამრიგად, კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ არსებობს ორი სახის თაყვანისცემა:
(I) მსახურებითი თაყვანისცემა, იგივე მსახურება ანუ აბსოლუტური თაყვანისცემა, რაც აღესრულება მხოლოდ ღვთისადმი.
(II) შეფარდებითი თაყვანისცემა, რაც მიემართება მხოლოდ ქმნილებას, ამ შემთხვევაში ხატს.
ყოვლადწმინდა კრების აღნიშნული დოგმატური სწავლება ერთ-ერთ უმტკიცეს საღვთისმეტყველო წყაროდ განიკუთვნებს სახელგანთქმულ წმ. იოანე დამასკელს, რომელიც ხსენებული კრების დოგმატურ დანართში - კერძოდ, ზემოთ არაერთგზის დამოწმებულ "მართლმადიდებლობის სინოდიკონში" - სამგზის არის უდიდესი პატივით მოხსენიებული.
მკითხველს შევახსენებთ, რომ წმ. იოანე დამასკელმა სამი ქადაგება დაუთმო ხატთაყვანისცემის უმნიშვნელოვანეს საკითხს. მისი დოგმატური დასკვნა შემდეგია:
"თაყვანი სცეს ღვთის ანგელოზს ისო ნავესმა და დანიელმა, თუმცა არ ემსახურნენ მას, რამეთუ სხვა არის მსახურებითი თაყვანისცემა და სხვა - პატივისცემითად განკუთვნითი იმათდამი, რომლებიც რაღაც ღირსებით გამორჩეულნი არიან" (PG. 94, col. 1240 B).
იგივე მოძღვარი ტერმინ "თაყვანისცემის" აბსოლუტურ (ე.ი. "მსახურებასთან", "მკუთვნელობასთან" ანუ "ლატრეიასთან" გათანაბრებულ) მნიშვნელობას ასე წარმოაჩენს გამოსლ. 4.15.19 მუხლებზე დართულ განმარტებაში:
"ხედავ, როგორ ერთია მიზანდასახულობა, რათა არ მოხდეს მსახურება ქმნილებისადმი შემოქმედის ნაცვლად, არცთუ შეწირვა მისდამი [ქმნილებისადმი] მსახურებითი თაყვანისცემისა, არამედ - მხოლოდ დამბადებლისადმი. ამიტომ [უფალი] ყველგან "თაყვანისცემასთან" აკავშირებს მსახურებას" (PG. 94, col. 1292 B).
იგივე მოძღვარი:
"არ იყოს ქმნილება ღვთისებრ მსახურებითად თაყვანცემული" (PG. 94, col. 1244 C).
სწორედ "ბუნებითი თაყვანისცემის" გაგებით უარყოფს ხსენებული მოძღვარი ნივთის თაყვანისცემას და არა, ცხადია, კრძალვითი ანუ პატივისცემითი თაყვანისცემის მნიშვნელობით. ამიტომ აღნიშნავს ხაზგასმით:
"არ ვეთაყვანები ნივთს, მაგრამ ვეთაყვანები ნივთის შემოქმედს - ჩემთვის ნივთქმნილს, რომელმაც შეიწყნარა ნივთში მკვიდრობა და ნივთის მიერ აღასრულა ჩემი ცხონება. ... ხოლო დანარჩენ
ნივთს, ცხადია, ვეკრძალვი და მოშიშებით ვეპყრობი, აღსავსეს საღვთო
მოქმედებითა და მადლით, რომლის მიერაც აღსრულდა ჩემი ცხონება.
ანკი განა ნივთი არაა ჯვრის ძელი - სამგზისსანეტარო და სამგზისსანატრელი,
განა ნივთი არაა საკრძალველი და წმინდა მთა - თხემის ადგილი? განა ნივთი
არაა ცხოვრებისმბოძებელი და ცხოვრებაშემოსილი კლდე - წმინდა საფლავი, წყარო
ჩვენეული აღდგომისა? განა ნივთი არაა მელანი და სახარებათა ყოვლადწმინდა
წიგნი...?" (PG. 94, col. 1245 A-B).
კიდევ:
"საღვთო მადლი ეძლევა ნივთებს მათზე გამოსახულთა სახელის მიერ. ისევე როგორც თავისთავად ლიტონია მოლუსკი35
ანდა აბრეშუმი და, აგრეთვე, ამ ორივესგან მოქსოვილი სამოსელი, რასაც
თავისთავად არ აქვს არანაირი ღირსება, მაგრამ თუ მას მეფე შემოიცვამს, იმ
პატივისგან, რაც ნიშანდობლივია შემმოსველისთვის, შესამოსელსაც მიეცემა
ნაწილი, ამგვარადვე ზემოხსენებული ნივთებიც თავისთავად არათაყვანსაცემნი
არიან, მაგრამ თუ მათზე გამოსახული სავსეა მადლით, ამ მადლის წილმქონენი ხდებიან ისინიც [ხსენებული ნივთები] შესაბამისად სარწმუნოებისა" (PG. 94, col. 1264 B).
-----------------------------------------------------------------1 - იხ. ზემოთ პირველი ციტატა წმ. თეოდორეს ეპისტოლეებიდან.
2 - იგულისხმება, რომ ეს ყოველივე წერია ათანასესადმი
გაგზავნილ ზემოხსენებულ ეპისტოლეში, რის გამოც მას (თეოდორეს) კიცხავენ,
თუმცა თეოდორე კიდევ ერთხელ იმეორებს, თუ რა სწავლებებს შეიცავდა მისი
ეპისტოლე და, დასასრულს, ადასტურებს, რომ ეს სწავლებანი ჭეშმარიტია.
3 - იგულისხმება წმ. დიონისე არეოპაგელის სიტყვები: "სინათლის-სახელობით იგალობება კეთილობა, როგორც ხატში არქეტიპის წარმომჩენი" (საღვთო სახელთა შესახებ, IV.4).
4 - ზემოთ ნახსენებმა მღვდელთმთავარმა.
5 - შდრ. წმ. ბასილი დიდის სწავლება: "ითქმის "მეფე" და "მეფის ხატი", და არა "ორი მეფე", ვინაიდან არც ძალმოსილება განიპობა, არცთუ დიდება ნაწევრდება,
რამეთუ ისევე როგორც ერთია ჩვენი მპყრობელი მთავრობა და ერთია
უფლებრივობა, ამგვარადვე ერთია ჩვენგან [აღვლენილი] დიდებისმეტყველება და
არა მრავალი, შესაბამისად იმისა, რომ ხატისადმი პატივისცემა პირველსახისადმი წიაღმსვლელობს. ამიტომ ის, რაც არის აქ ბაძვითად ხატი, იქ არის ბუნებითად ძე" (De Spiritu Sancto, c. XVIII 45, PG. 32, col. 149 C).
6 - ე.ი. ჩვილისებრ გონებასუსტია.
7 - სპათარიოსი - სასახლის უფლებამოსილი პირი.
8 - ამ ეპისტოლეს ლათინურ თარგმანში აქვს ქვესათაური: "ქრისტეს უწმინდესი ხატის შესახებ და იმის შესახებ, რომ გვმართებს შეფარდებითად ვცემდეთ მას თაყვანს და არა მსახურებითად" (შდრ. De sanctissima imagine Christi, et quod adorari relative debeat, non lalria coli).
9 – "მათეული პირველსახეების" - ე.ი. ცალკეულ თაყვანისცემათა პირველსახეების
(იგულისხმება, რომ ყოველ ხატს ან ანაბეჭდს თავისი პირველსახე ანუ
პროტოტიპი მოეპოვება, როგორც, მაგალითად ღვთისმშობლის ხატის პირველსახეა
ანუ პროტოტიპია თვით ღვთისმშობელი, ამა თუ იმ წმინდანის ხატისა - თვით ის
წმინდანი, ვინც მოცემულ ხატზეა გამოსახული, ჯვრის ანაბეჭდისა - თვით ჯვარი,
ხოლო ვინაიდან ხატისადმი თაყვანისცემა პირველსახემდე ზეაღიწევა,
შესაბამისად, ღვთისმშობლის ხატის თაყვანისცემა ადის თვით ღვთისმშობლამდე
როგორც თავისი ხატის პირველსახემდე, სხვა წმინდანის ხატისა - თვით
წმინდანამდე როგორც, ასევე, თავისი ხატის პირველსახემდე, ჯვრის ნიშისა -
თვით ჯვრამდე როგორც თავის ნიშის პირველსახემდე, თუმცა ჩვენი თაყვანისცემა
არც აღნიშნულ პირველსახეებთან ჩერდება, არამედ ხსენებული პირველსახეების
გზით ანუ მათი გავლით, მესაშუალეობით თავად ყოვლადწმინდა სამების თაყვანისცემამდე მაღლდება, ვინაიდან სწორედ წმინდა სამებაა ერთადერთი, რომელიც უშუალოდ ანუ ბუნებითად ანუ მსახურებითად ანუ მონებრივად თაყვან-იცემა მთელი ქმნილების მიერ).
10 – "ქვემყოფ და ზეაღმატებულ პირთა" - ე.ი. განღმრთობილობის ქვედა და ზედა საფეხურზე მყოფ პიროვნებათა.
11 - ნიშნავს პირად მდივანს.
12 - სიტყ. "გარანტირებულობას", "უეჭველობას" [ე.ი. არა მის (ხატის) უეჭველ ქრისტეობას, არა მის იგივეობას ქრისტესთან].
13 - იხ. PG. 56, col. 407.
14 - იხ. PG. 37, col. 738 A.
15 - ე.ი. ქრისტე ხატზე თაყვან-იცემა იმ მსგავსებიდან გამომდინარე, რაც ხატის გამოსახულებას აქვს ქრისტეს ხორცშესხმულ პიროვნებასთან. ეს ნიშნავს, რომ თუ ხატზე გამოსახულს მსგავსება არ აქვს მაცხოვართან, ასეთი ხატის თაყვანისცემა ყოვლად დაუშვებელია.
16 - წმ. იოანე დამასკელი ხაზგასმით აღნიშნავს: "განღმრთობით ღმერთები არიან წმინდანებიც" (Kotter, III, p. 95, PG. 94, col. 1249 C).
17 - კარგად არის ცნობილი არსენის ამ წმინდა გამონათქვამის უკიდურესად მწვალბლური განმარტება, გამომდინარე ძველი ქართული ენის ელემენტარული და დანაშაულებრივი უვიცობიდან, რომ თითქოს "ბუნებითი ღმერთი"
ზემორე ტექსტში გულისხმობს დავით აღმაშენებელს და თითქოს არსენის მიერ
დავითი მიიჩნეოდეს ბუნებით ღმერთად. უფრო ადრე ანალოგიური სიბილწე
გამოითქვა თამარ დედოფალთან დაკავშირებითაც, რომ თითქოს ისიც ბუნებითი
ღმერთი იყო, კერძოდ - განკაცებული სულიწმინდა (ამ უკანასკნელი
ღვთისმეტყველების შესახებ იხ. დაწვრილებით ე. ჭელიძე, თამარის ე.წ. მეოთხე
ჰიპოსტასობის შესახებ, ჟურნ. "გული გონიერი", 2011 N2).
18 - შდრ. "ხოლო მან აღუარა მას
(წმინდა მაკარის) შეცოდებაჲ თჳსი და აღუთქუა, რაჲთა არღარა ცოდვიდეს და
არცა მღდელობდეს, არამედ რაჲთა იყოს იგი ერისა-კაცად" (შუა საუკუნეთა
ნოველების ძველი ქართული თარგმანები, მ. დვალის გამოც. II, თბ. 1974, გვ.
138).
19 - წმ. ფილოთეოს კოკკინოსი (1300-1379 წწ.) თავის სახელგანთქმულ "აღსარებაში"
მიუთითებს: "გულითადად შევიწყნარებ საკრძალველ ხატთა თაყვანისცემას,
კვლავაც თაყვანს ვცემ რა და ამბორს ვუყოფ ქრისტეს, ღვთის ძეს, როგორც კაცს
გარეშეწერილს [ე.ი. როგორც გარეშეწერილი კაცობრივი ბუნების მიმღებს, ე.ჭ.], მას - საღვთო ბუნების მიხედვით გარეშეუწერელს და გამოუთარგმანებელს - ხატში გარეშეწერილს შესაბამისად კაცებისა, რამეთუ ხატის მიერ ზე-ამყავს გონება პირველხატის განჭვრეტამდე და მას [პირველხატს, თავად უფალს, ე.ჭ.] ვუძღვნი სავალდებულო თაყვანისცემას და დამონებულობას, მაგრამ, ამასთან, პატივსა და სიყვარულს მივაგებ, თავის მხრივ, ამ ხატსაც მასზე გამოსახულის გამო, ვეამბორები რა მას [ხატს, ე.ჭ] და განვუკუთვნებ თაყვანისცემას, თუმცა არა მონებრივს, როგორც ღმერთს, არამედ - შეფარდებითს, მოწლეობითად სიყვარულისმიერს".
20 - თუმცა, როგორც მკაფიოდ აღვნიშნავდით, თაყვანსაცემია იგი ოდენ ქმნილებისთვის შესაფერისად, ე.ი. პატივისცემითად, მოწლეობითად ანუ სქეტიკურად (და არანაირად მსახურებითად ანუ არანაირად მკუთვნელობითად, არანაირად ლატრევტიკულად, არანაირად აბსოლუტურად, არანაირად მონებრივად).
21 - ასევე, წარწყმედილებიც ნებაყოფლობითი შეგნებული არჩევანით მიეცნენ უკეთურებას და არა მათი ნების გარეშე, არა ძალადობრივად.
22 - შდრ. წმ. იოანე დამასკელი, გარდამოცემა, დასახ. გამოც. გვ. 345.
23 - "ღმერთი ღვთის შემდეგ, სამების [შემდეგ] მეორეობის მქონე".
24 - იგულისხმება, რომ მან კაცობრივად შვა ქრისტე -
ქმნილი ადამიანური ბუნებით, ხოლო უქმნელი საღვთო ბუნებით. დავძენთ, რომ
ყოვლადწმინდა მარიამი მისდამი მიძღვნილ სახელგანთქმულ "დაუჯდომელში"
(აკათისტოში) იგალობება, აგრეთვე, როგორც "ზეციური კიბე, რომლის მიერაც ჩამოვიდა ღმერთი".
25 - ამიტომაა, რომ როდესაც თაყვანს ვცემთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს, ჩვენს თაყვანისცემას ხატიდან პირველსახემდე ანუ საკუთრივ ღვთისმშობლამდე ვამაღლებთ, ხოლო ღვთისმშობლისგან - განკაცებულ ღმერთამდე, უფალ იესო ქრისტემდე. ცხადია, ზედმიწევნით იგივე ითქმის სხვა წმინდათა ხატებთან დაკავშირებითაც. შდრ. "მცირე სჯულისკანონი": "პატივი ღვთისმშობლისა ხატისაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისა მიიწევის და უფროჲსად - მისგან განჴორციელებულისა მის უფლისა; ეგრეთვე - სხუათა წმიდათაჲ" (მცირე სჯულისკანონი, ე. გიუნაშვილის გამოც. თბ. 1972, გვ. 66).
26 - ესაა ადრიანეს და ტარასის რწმენითი ერთსულოვნების სიმბოლური გამოხატვა.
27 - ესაა პასუხი იუდეველთა ბრალდებაზე, თითქოს ქრისტიანები ქმნილებებს აღმერთებდნენ.
28 - ტექსტობრივი განმეორება („ხატის ფიცარს რომ
ვცემდე თაყვანს, როგორც ღმერთს ... ხატის ფიცარს რომ ვცემდე თაყვანს,
როგორც ღმერთს“) სახეზეა ორიგინალში.
29 - მეშვიდე მსოფლიო კრების აღნიშნული მითითება
გადამწყვეტი არგუმენტია გადაშთაფლულთა (სტაროვერთა) ცრუდოგმატის
აღმოსაფხვრელად და საღვთო მხილების სააშკარაოზე ამ საუკუნოდცთომილთა
გამოსაყვანად, რომლებიც ამტკიცებდნენ და ამტკიცებენ, თითქოს
მართლმადიდებელი ეკლესია მხოლოდ რვაბოლოკიდურიან ჯვარს რაცხდა სიწმინდედ,
ხოლო ოთხბოლოკიდურიან ჯვარს ანუ მხოლოდ ორი ძელის თანაშედგმულობას ვითომცდა
სასტიკად გმობდა.
30 - ძნელი სათქმელია, რას უწოდებს ნიკოდიმე
მთაწმინდელი "კერძო მსჯელობებს", ვინაიდან კარგად არის ცნობილი, რომ ლეონტი
ნიკოპოლელის უწყება ჯვრის დაშლილი ძელების და ფერგადასული ხატის ფიცრის
დაწვის საზოგადო წესის შესახებ VII მსოფლიო კრების მასალებში შეტანილ იქნა
არა როგორც გამოხატულება თავად ლეონტის პირადი აზრისა, არამედ როგორც საკრებო ხაზგასმა ამგვარი წესის მართებულობაზე (აღვნიშნავთ, რომ ლეონტის ხსენებული ნაშრომი სინოდალურ მასალებში შესულია სწორედ როგორც საკრებოდ მიღებული დოკუმენტი).
31 - იგულისხმება ხატმებრძოლთა ავაზაკური კრება, გამართული კონსტანტინე კოპრონიმის იმპერატორობის დროს, 754 წ-ს.
32 - ესაა მცირედით პერიფრაზული ციტირება ხატმებრძოლთა
იმ განჩინებისა, რაც სიტყვა-სიტყვით შემოგვინახა VII მსოფლიო კრებამ. თვით
მსოფლიო კრების აქტებში დაცული ციტატის ტექსტი ამგვარია: "ხოლო
ცრუდ-სახელდებულ ხატთა უკეთურებას (სიტყვ. "ბოროტ-სახელობას") არსებობა არ
აქვს არც ქრისტეს, არც მოციქულების და არც მამების გადმოცემიდან, არცთუ
მოეპოვება მას [ხატს] მისი განმწმენდი [=მაკურთხეველი] სამღვდელო ლოცვა,
რომ ამის შედეგად იგი [ხატი] ყოფითობიდან სიწმინდეში გადავიდეს, არამედ
რჩება იგი ყოფითი და შეურაცხი, ისე როგორც განასრულა იგი ხატმწერმა".
33 - წმ. ნიკოდიმე, ცხადია, ეყრდნობა
VII მსოფლიო კრების VI "საქმის" შესაბამის მონაკვეთს, რაც თავად
პირველწყაროში (VII მსოფლიო კრების აქტებში) ამგვარი სახისაა: "და ისმინონ
[ხატმებრძოლებმა] ჭეშმარიტი: ბევრი რამ ჩვენეულ სიწმინდეთაგან არ
განიკუთვნებს სამღვდელო ლოცვას, ვინაიდან თვით თავისი სახელისგან
გამომდინარე არის იგი აღსავსე სიწმინდითა და მადლით. ამის გამო, პატივს
მივაგებთ და ვეამბორებით მათ როგორც საკრძალველთ. ცხადია, თავად
ცხოველმყოფელი ჯვრის ტვიფარ-სახე, ლოცვის გარეშე ქმნილი, საკრძალველია
ჩვენს შორის და გვაკმაყოფილებს ამ ტვიფარ-სახისგან განწმენდის მიღება, ხოლო
ვსასოებთ იმას, რომ მისდამი ჩვენს მიერ აღსრულებული თაყვანისცემის, შუბლზე მისეული ნიშანდების და ჰაერში თითით
გამოსახული ბეჭდის მიერ განვდევნით ეშმაკებს. ასევე, ხატთან მიმართებითაც,
სახელის შინაარსიდან გამომდიანრე, პირველსახის პატივამდე აღვიყვანებით და
რაჟამს ვეამბორებით ამას [ხატს] და პატივისცემითად თაყვანს ვცემთ,
ვეზიარებით განწმენდას. ამასთან, ვინაიდან სხვადასხვა სამღვდელო ჭურჭელი
გვაქვს, ვეამბორებით და შევიტკბობთ მათ და ვსასოებთ რაღაც განწმენდილობის
მიღებას მათგან. ამიტომ, ან ჯვართან და სამღვდელო ჭურჭელთან დაკავშირებითაც
ის იყბედონ [ხატმებრძოლებმა], რომ იმგვარადვე ყოფითნი არიან ისინი და
შეურაცხნი, როგორც შემზადდნენ ხუროს, მხატვრის ან მქსოველის მიერ, ვინაიდან
არ მოეპოვებათ მათ მათი წმინდამყოფელი [=მაკურთხეველი] სამღვდელო ლოცვა,
ანდა საკრძალველი ხატებიც შეიწყნარონ როგორც სამღვდელონი, წმინდანი და
პატიოსანნი".
34 - იგულისხმება წმ. იოანე ოქროპირის
54-ე ჰომილია მათეს სახარებაზე, რომელშიც ვკითხულობთ: "როგორც გვირგვინს,
ისე უნდა მიმოვატარებდეთ ქრისტეს ჯვარს, ... ვინაიდან საჭიროა არა ის, რომ
მარტივად თითით აღვიბეჭდავდეთ მას, არამედ უპირველესად [აღვიბეჭდავდეთ] ფრიადი სარწმუნოებრივი წადიერებით, და ამგვარად გამოვისახავდეთ პირისახეზე მას" (PG. 52, col. 841). წმ. იოანე ოქროპირის ხსენებული სიტყვები, რომელთა შესახებაც წლების წინ საგანგებო მსჯელობა გვქონდა (იხ. ე. ჭელიძე, ეკლესია სძალი უფლისა, თბ. 1990), ადასტურებს იმ უეჭველ წყაროდმცოდნეობით (და ლიტურგიკულ) ფაქტს, რომ მსოფლიო კრებათა ეპოქის ჩათვლით (ე.ი. IX ს-მდე) მართლმადიდებელ ეკლესიაში ცნობილი იყო პირჯვრის გადაწერის მხოლოდ და მხოლოდ ის სახე, რაც ერთი თითით აღესრულებოდა და ეს ერთი თითი იყო ცერი. არანაირი სხვა სახე პირჯვრისწერისა - არც სამი თითით, არც ორი თითით, არც მთლიანი ხელის მტევნით - ბუნებაში არ არსებობდა. ამ ურყევ ჭეშმარიტებას, აურაცხელ პირდაპირ მონაცემთან ერთად, ადასტურებს ისიც, რომ ჯვარი გარდაისახებოდა არა მთელ სხეულზე, არამედ სხეულის მცირე ნაწილზე, ჩვეულებისამებრ, პირისახეზე, უფრო კონკრეტულად კი - შუბლზე, რაც, ცხადია, სწორედ ერთი თითით იქნებოდა შესაძლებელი (გარდა შუბლისა,
იშვიათ შემთხვევებში, კერძოდ დაავადებულობის დროს, ჯვრის გარდასახვა
ხდებოდა სხვა ნაწილებზეც: გულზე, თირკმელზე, თვალებზე და მისთ., თუმცა,
ხაზს გავუსვამთ, რომ უძირითადესი და უხშირესი, უკეთ - წესისამებრი, ეს იყო თითით ჯვრის გარდასახვა სწორედ პირისახეზე ანუ შუბლზე როგორც პირისახის მთავარ ნაწილზე, რაც, სხვათაშორის, შემონახულია ჯვრის გარდასახვის ქართულ სახელში "პირჯვრისწერა" - ე.ი. "პირზე" ანუ "პირისახეზე" ჯვრის გამოსახვა). აღნიშნულს უცხადესად გვიდასტურებს ადრეული ეპოქის აბსოლუტურად ყველა წერილობითი ძეგლი
(X-XI სს-ის ჩათვლით), რომელთა რაოდენობაც რამდენიმე ათეულს აჭარბებს.
მეშვიდე მსოფლიო კრების ზემოციტირებული განჩინებაც მკაფიოდ მოწმობს ჯვრის გარდასახვას საკუთრივ შუბლზე (იხ. ზემოთ). ეგევე განჩინება რჯულდებითად გვიდასტურებს იმასაც, რომ ჯვარი გარდაისახებოდა მხოლოდ ერთი თითით, ვინაიდან მითითებულია: "ჰაერში თითით
გამოსახული ბეჭდის მიერ განვდევნით ეშმაკებს" (სრულად იხ. ზემოთ).
ყურადღებამისაქცევია ისიც, რომ წმ. იოანე ოქროპირის ხსენებული ჰომილიის
ექვთიმე ათონელისეულ თარგმანში თითით პირისახეზე ჯვრის გარდასახვა
ნამცნებია არა მხოლოდ ტექსტის იმ ნაწილში, რაც წმ. იოანე ოქროპირის
ბერძნულ დედანსაც მოეპოვება, არამედ - ციტატის დამაბოლოებელ მონაკვეთშიც ორიგინალისგან დამოუკიდებლად ["და ესრეთ თითითაცა ესევითარითა გამოსახვითა გამოჰსახო სასწაული ჯუარისაჲ პირსა შენსა"]. აღნიშნული უტყუარი წყაროთმცოდნეობითი ფაქტი მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ექვთიმეს დროისთვისაც, ე.ი. XI ს-ის I ნახვერის ჩათვლით ჯვრის გარდასახვა წესისამებრ ხდებოდა საკუთრივ პირისახეზე (ანუ შუბლზე) მარტოოდენ ერთი თითით. რაც შეეხება იმას, რომ აღნიშნული "თითი" (რითაც ხდებოდა ჯვრის გარდასახვა) იყო სწორედ "ცერი" ანუ "დიდი თითი",
ესეც უეჭველი წყაროთმცოდნეობითი ზედმიწევნითობით საჩინოვდება
"კურთხევათა", კერძოდ კი "ნათლისღების წეს-განგების" უძველესი ტექსტიდან,
რომლის ქართული თარგმანი შემონახულია X ს-ის უძვირფასეს ნუსხაში - Sin.
12-ში. მასში, კერძოდ, ვკითხულობთ: "კარსა ეკლესიისასა აღმოსავალით ჯუარი
დასწეროს ცერითა მარჯუენითა დუმულით" (Sin. 12, 104v;
სხვათაშორის, სინაის მთაზე დაცული უძველესი ქართული ხელნაწერების
ფოტოპირები განთავსებულია ინტერნეტში და ყველა მსურველს თავად შეუძლია
იხილოს ზემორე ტექსტის ხელნაწერული გვერდი შემდეგ მისამართზე:
http://www.e-corpus.org/notices/112546/gallery/1411551).
35 - იგულისხმება მოლუსკი, რომლისგანაც მეწამული საღებავი მზადდება.
მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები" (ედიშერ ჭელიძე), თბილისი, 2016 წ.
No comments:
Post a Comment