წმინდანის
ანგელოზთა დასში შერაცხვა და ზეციურ საკურთხეველთან მარადიული მსახურების
ღირსად მისი გახდომა აღძრავდა ინტერესს იმის შესახებაც, თუ რომელი მოღვაწე
კონკრეტულად რომელ ანგელოზურ დასში იმკვიდრებდა ადგილს. წმ. გრიგოლ
ხანცთელის ცხოვრებაში გრიგოლის აღსასრულის აღწერისას თქმულია, რომ იგი
"მონაზონთა ერისთავის" ანტონი დიდის დასში იქნა განწესებული ("ყოველთა მართალთა შორის დასსა მას მონაზონთა ერისთავისა მამისა ჩუენისა დიდისა ანტონისსა ნათელსა შინა დაუღამებელსა", თ. 84),
მაგრამ თუ რომელ ანგელოზურ დასში მკვიდრობდა თვით ანტონი დიდი, ანუ,
საზოგადოდ, სხვა ღირსეული ბერ-მონაზვნები, ამის შესახებ პირად თვალსაზრისს
ვხვდებით წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფესთან, ნიკიტა სტითატთან.
საზოგადოდ, როგორც ცნობილია, ანგელოზურ დასთა სახელდებანი თავს იჩენს
საღვთო წერილშიც და მრავალ საღვთისმეტყველო შრომაშიც. თუმცა ეს დასები
იერარქიულად მოწესრიგებული რიგით პირველად წარმოგვიდგინა და განგვიმარტა
წმ. დიონისე არეოპაგელმა თავის შრომაში "ციური იერარქიის შესახებ", მაგრამ,
კვლავ აღვნიშნავთ, ხსენებული მოძღვრის გარდა ანგელოზურ დასებზე უთითებენ
სხვა ავტორებიც. მაგალითად, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ქვემოდან ზემოთ აითვლის შვიდ მწყობრს:
"არსებობს "ანგელოზები", "მთავარანგელოზები", "საყდარნი", "უფლებანი", "მთავრობანი", "ხელმწიფებანი" (28-ე სიტყვა, PG.36.72 A-B).
ამ ჩამონათვალს წმ. გრიგოლი ურთავს სხვა სახელებსაც, რომლებიც შესაძლოა ზემომითითებული ანგელოზურ დასთა წოდებები. ტექსტი ასეთია:
"..."ბრწყინვალებანი" (Λαμπρότητας), "აღმასვლანი" (ἀναβάσεις), "გონისმიერი ძალები" (νοερὰς δύναμεις) ანუ "გონებანი" (ἤ νόας), "წმინდა და უზადო ბუნებანი"
(καθαρὰς φύσεις καὶ ἀκιβδήλους)" (იქვე; იხ. რ. როკის წინასიტყვაობა წმ.
დიონისეს "ციური იერარქიის" მისეული გამოცემისადმი, SC. t. 58 bis, p.
LVIII).
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველამდე ცოტა ხნით ადრე წმ. კირილე იერუსალიმელმა
ანგელოზთა დასების ზუსტად იგივე რაოდენობა წარმოგვიდგინა, რაც მოცემულია
წმ. დიონისე არეოპაგელთან, თუმცა სახეზეა მცირედი სხაობა იერარქიულ რიგში.
იერუსალიმის ეპისკოპოსი ასე აითვლის:
"ანგელოზნი, მთავარანგელოზნი, ძალნი, უფლებანი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, საყდარნი, ქერუბიმნი, სერაფიმნი" (23-ე კატეხიზმო, PG. 33, 1113 B; SC. t. 58, p. LIX).
წმ. იოანე ოქროპირი, თავის მხრივ, შემდეგ ზეაღმავალ რიგს გვთავაზობს:
"ანგელოზნი, მთავარანგელოზნი, ძალნი, საყდარნი, უფლებანი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, ქერუბიმნი, სერაფიმნი" (შესაქმის შესახებ ჰომილიები", 4, 5, PG. 53-54, 44; SC. LIX).
აპოკრიფული ძეგლი "მოციქულთა განწესებანი" ანგელოზური დასების ზემორე რაოდენობას უმატებს კიდევ ერთს: "მხედრობანი საუკუნონი" (στρατίων αἰωνίων). საგულისხმოა, რომ აღნიშნული ძეგლის მინისეულ გამოცემაში მითითებული ორი სიტყვა გამიჯნულია ანგელოზთა ორ დასად ("მხედრობანი", "საუკუნენი"). მთელი ტექსტი ასეთია:
“ანგელოზნი, მთავარანგელოზნი, საყდარნი, უფლებანი, მთავრობანი,
ხელმწიფებანი, ძალნი, მხედრობანი საუკუნონი (ან: მხედრობანი, საუკუნენი),
ქერუბიმნი, სერაფიმნი” (VIII, 12. 27; PG.I, 1101 A, SC. LIX).
იგივე აპოკრიფი შეიცავს სხვაგვარ რიგსაც (ზემოდან ქვემოთ):
"ქერუბიმნი, სერაფიმნი, საუკუნენი და მხედრობანი (αἰῶνάς τε καὶ στρατίας), ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, საყდარნი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი" (VIII, 12.8; PG. 1, 1093 B-1096 A; SC. 3. LX).
ამავე აპოკრიფის VII თავში თავს იჩენს კდიევ სხვაგვარი იერარქია:
"ანგელოზთა ცეცხლოვანი მხედრობა და გონისმიერი სულები:
სერაფიმნი, ქერუბიმნი, მთავარანგელოზნი, საყდარნი, უფლებანი, მთავრობანი,
ხელმწიფებანი და ძალნი..." (VII, 35.3; PG. 1, 1029 A; SC. LX).
ზეციურ ძალთა რიგები სხვადასხვაობს ზემოხსენებულ წმ. იოანე ოქროპირთანაც. გარდა ამ რიგისა, რაც უკვე წარმოვადგინეთ, მასთან გვხვდება კიდევ სხვაც, რომელშიც გამოტოვებულია "სერაფიმნი" და "ქერუბიმნი" ("ღვთის მიუწვდომლობის შესახებ", II, PG. 28, 714 B-C; SC. LX). ოქროპირთანვე დამოწმებულია ისეთი რიგიც, სადაც "სერაფიმნი" და "ქერუბიმნი" პირველ დასთა შორის არ არიან, ამასთან "ქერუბიმნი" "სერაფიმებზე" ზევით არიან განწესებულნი (იგივე შრომა, III, PG. 48, 723 D; SC. LX).
ყურადღებას იქცევს იმავე წმ. იოანე ოქროპირის ერთერთი ნათლისღებითი ქადაგება, რაც დანარჩენ შვიდთან ერთად 50-იან წლებში გახდა ცნობილი. მასში მოცემულია შემდეგი ზეაღმავალი რიგი:
"ანგელოზნი, მთავარანგელოზნი, საყდარნი, უფლებანი, მთავრობანი, ხელმწიფებანი... ყველა ეს სულიერნი ძალნი... ქერუბიმნი, სერაფიმნი" (Wenger-ის გამოც. იხ. SC. p. LX).
აქვე უნდა აღინიშნოს ქართველი იოანე ევნუქის (იგივე იოანე ლაზის) ხილვა, რაც წარმოდგენილია ”პეტრე იბერის ცხოვრების” ტექსტში. მოგვაქვს ციტატა:
"თავში მსვლელი ანგელოზები და პირველი დასები ციური მხედრობისა: ანგელოზნი, მთავარანგელოზნი, ხელმწიფებანი, უფლებანი, დიდებანი (δόξαι), წესნი (τάξεις) წმინდა
მოციქულებისა, წინასწარმეტყველებისა, მარტვილებისა და მართალთა,
ქერუბიმნი, სერაფიმნი, ხოლო ყველა მათგანის შემდეგ ჩვენი უფალის ჯვრის
თაყვანსაცემი და მაცხოვნებელი ნიშანი” (R. Raabe-ს გამოც., p.
42-44; SC. p. LVIII; საგულისხმოა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ტექსტი ზოგი
მკვლევრის მიერ მოიხმობოდა ”მძლავრ” არგუმენტად იმის დასამტკიცებლად, რომ
თითქოს სახეზეა არეოპაგიტული და იოანე ლაზისეული ანგელოლოგიის თანხვედრა
და, შესაბამისად, არეოპაგიტული შრომების ავტორად იოანეს მოწაფის, პეტრე
იბერის მიჩნევა საალბათო არ უნდა იყოს. ზემომოტანილი ციტატა, ვფიქრობთ,
ააშარავებს აღნიშნული დასკვნის სიყალბეს, რადგან იოანე ლაზის ციტატაში
დამოწმებული იერარქიული რიგის სრული დაცილება არეოპაგიტული რიგისგან არათუ
ამ რიგთა და მათ გადმოცემათა იდენტურობის, არამედ, პირიქით, მათ აბსოლუტურ
სხვადასხვაობას გვიდასტურებს).
ზეციური იერარქია ასეა წარმოდგენილი მიქაელ მოდრეკილის ”იადგარში”:
”უჴორცოთა კრებულსა, ზეცისა ერთა ბანაკსა გალობით შევასხმიდეთ ჩუენ, ქუეყანისა ნაშობნი: მიქაელს
და გაბრიელს წინაშე ღმრთისა მდგომელთა, ურიელს და სურიელს, რაფაელს და
რასთაელს, ანანაელს და აზარაელს, კასკაელს, მიზუდაელს, ზესთაელს და იოველს
და ყოველთავე მათ თანა ზეცისა განწყობილთა ოთხმეოცდაათცხრამეტთა მათ
დასთა... დიდებულნო ქერობინნო და სერაბინნო, ჴელმწიფებანო და მთავრობანო და
უფლებანო, საყდარნო ოთხხატედნო, ზეცისა ძალნო მითხოვეთ ღმრთისაგან შენდობაჲ” (მიქაელ მოდრეკილის იადგარი, თბ. 1978, 230-231).
ზეციურ ძალთა შესახებ უწყებას ვხვდებით, აგრეთვე, წმ. გერმანოზ კონსტანტინეპოლელის ავტორობით ცნობილ შრომაში ”თხრობაჲ სასწაულთათჳს... მთავარანგელოზისა მიქაელისთა”:
”ესე ოდენ თქუმულ არს წმიდათა მიერ, ვითარმედ ცხრაჲ დასი არს
უჴორცოთა წესთაჲ: ”სერაბინნი” და ”ქერაბინნი”, ”საყდარნი” და ”უფლებანი”,
”მთავრობანი” და ”ჴელმწიფებანი”, ”მთავარანგელოზნი” და ”ანგელოზნი”, და ”ანგელოზნი” ”ძალთა” თანა, ხოლო მეათე იგი დასი
ბოროტისა მის ნებისა მათისათჳს გარდამოცჳვეს ზეცით და ეშმაკ-იქმნეს და
ადგილსა მას ნაკლულევანებისა მათისასა აღასრულებს ღმერთი კაცთა მიერ
მართალთა, ვითარცა იტყჳს წმიდაჲ გრიგოლი ღმრთისმეტყუელი” (იხ. Н. Марр,
Описание, с. 180).
დამოწმებული ციტატები გვიჩვენებს, რომ წმ. დიონისე არეოპაგელის
თხზულებათა გამოჩენამდე (VI ს-ის დამდეგი) და ნაწილობრივ შემდეგაც
ანგელოზურ დასთა იერარქიული რიგი სხვადასხვაგვარად აითვლებოდა ეკლესიის
მამათა მიერ, უკეთ მათთვის იერარქიულ რიგს არ ენიჭებოდა დიდი მნიშვნელობა.
წმ. დიონისემ ამ მხრივ მოწესრიგებულობა შემოიტანა და ასეთი რიგი გადმოგვცა
(ზემოდან ქვემოთ):
სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი, უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი.
ამ რიგს მცირედი კორექცია გაუკეთა წმ. მაქსიმე აღმსარებელმა (თანამედროვე მკვლევართა აზრით, იოანე სკვითოპოლელმა), რომლის მიხედვითაც უზენაესია არა ”სერაფიმთა”, არამედ ”საყდართა” მწკრივი (საყდარნი, ქერუბიმნი, სერაფიმნი...).
მომდევნო და ბოლო ეტაპი ანგელოზური იერარქიის კომენტირების გზაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკავშირდება წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფის, XI ს-ის ცნობილი მოღვაწის ნიკიტა სტითატის
სახელს, რომელმაც სცადა კონკრეტულად განემარტა წმ. დიონისეს სწავლება იმის
შესახებ, რომ ამქვეყნიური საეკლესიო იერარქია გამოსახავს ზეციურს. ნიკიტამ
თავის შრომაში ”იერარქიის შესახებ” მოგვცა ანგელოზური და საეკლესიო იერარქიების შემდეგი შესიტყვება:
პირველი სამეული
საყდარნი პატრიარქები
ქერუბიმნი მიტროპოლიტები
სერაფიმნი მთავარეპისკოპოსები
ქერუბიმნი მიტროპოლიტები
სერაფიმნი მთავარეპისკოპოსები
მეორე სამეული
უფლებანი ეპისკოპოსები
ძალნი მღვდლები
ხელმწიფებანი დიაკვნები
ძალნი მღვდლები
ხელმწიფებანი დიაკვნები
მესამე სამეული
მთავრობანი ჰიპოდიაკვნები (კერძოდიაკვნები)
მთავარანგელოზნი მკითხველნი (მედავითნენი)
ანგელოზნი მონაზონები
მთავარანგელოზნი მკითხველნი (მედავითნენი)
ანგელოზნი მონაზონები
ნიკიტას
აზრით, ამგვარი შესატყვისობა გულისხმობს არა მხოლოდ მოცემული პარალელური
წყვილების თვისობრივ სამოღვაწეო თანხვედრას, არამედ იმასაც, რომ საეკლესიო
იერარქიის ამა თუ იმ საფეხურზე მყოფი პირი, თუკი იგი ღირსეულად აღასრულებს
თავის იერარქიულ დანიშნულებას, გარდაცვალების შემდეგ სწორედ იმ ანგელოზთა
ადგილას მიიღებს მარადიულ სამყოფელს, რომელთა დასსაც შეესაბამებოდა მისი
საეკლესიო პატივი.
კერძოდ, ღირსეული პატრიარქები, როგორც გვაუწყებს ნიკიტა, ”აღსრულების
შემდეგ ”საყდართა” ადგილებში განსვენებულან და იქნებიან კიდეც დიდებით
განსვენებულნი როგორც მათი (”საყდართა”) ადგილის გამომსახველნი საეკლესიო
იერარქიაში” (თ. 4,26).
ასევე, მიტროპოლიტებიც ”აღსრულების შემდეგ დიდი დიდებით განსვენებულან და იქნებიან განსვნებულნი ”ქერუბიმთა” ადგილებში (ἐν τόποις τῶν χερουβίμ) როგორც მათი ადგილის შემამკობელნი ჩვენეულ იერარქიაში” (4,28).
მთავარეპისკოპოსებიც ”აღსრულების შემდეგ ”სერაფიმთა” ადგილებში მოისვენებენ წილხვედრითად (μετὰ πότμον) როგორც მათი ადგილის აღმასრულებელნი ჩვენეულ იერარქიაში და მსგავსი მხურვალებით ქვემდგომთა აღმგზნებნი” (4,30).
ეპისკოპოსებიც ”აღსრულების შემდეგ ”უფლებათა” ადგილებში (ἐν τόποις τῶν κυριοτήτων) განისვენებენ როგორც მათი ადგილის აღმასრულებელნი ჩვენეულ იერარქიაში” (4,43).
მღვდლებიც ”აღსრულების შემდეგ ზენა ”ძალთა” ადგილებში (ἐν τόποις τῶν ἄνω δυνάμεων) განისვნებენ როგორც მათი ადგილის გამომსახველნი ჩვენეულ იერარქიაში” (4,45).
დიაკონებიც ”აღსრულების შემდეგ ”ხელმწიფებათა” ადგილებში განისვნებენ როგორც მათი ადგილის გამომსახველნი ჩვენეულ იერარქიაში” (4,47).
ჰიპოდიაკონებიც ”აღსრულების შემდეგ ”მთავრობათა” ადგილებში განისვნებენ როგორც მათი ადგილის შემამკობნი ამ ქვედა იერარქიაში” (4,50).
მედავითნეებიც ”აღსრულების შემდეგ ”მთავარანგელოზთა” სიხარულის
ადგილებში განისვენებენ დიდებით როგორც შემდგომთათვის სარგებლობის
წილმბოძებელნი და ”მთავარანგელოზთა” ადგილის შემამკობნი საეკლესიო
იერარქიაში” (4,52).
მონაზონებიც ”წმინდა ”ანგელოზთა” ყოველგვარი სიამის (θυμηδίας) ადგილებში
განისვენებენ სიხარულით როგორც სხვათათვის სარგებლობის წილმბოძებელნი და,
ამასთან, ”ანგელოზთა” ადგილის შემამკობნი ჩვენეულ იერარქიაში” (4,54).
ზემოციტირებულ განმარტებებს ნიკიტა შემდეგი სიტყვებით აბოლოებს:
”აი, ეს არის ციურ გონებათა და ამქვეყნიურ ანგელოზთა სამი
სამობითი მწყობრი, ამგვარ ღვთისსახოვან თვისებათა მქონე, რომლისაც არის ის
საღვთო გალობა, რასაც გალობს კიდეც იგი მარადის: ალილუია, ალილუია,
ალილუია” (4,55).
ასე ჯამდება, ერთი მხრივ, ანგელოზური იერარქიის შესახებ საეკლესიო
მამათა სწავლებანი და, მეორე მხრივ, საკუთრივ ნიკიტა სტითატის თვალსაზრისი
საეკლესიო იერარქიასთან ზენა იერარქიის თანაფარდობის თაობაზე, რაც სხვა
მოძღვართა შრომებში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არ გამოვლენილა და,
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ხსენებული მოღვაწის პირადი მოსაზრებაა.
ედიშერ ჭელიძე
166-ე სქოლიო წმინდა გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაზე.
"საეკლესიო ბიბლიოთეკის" I ტომი,
"საეკლესიო ბიბლიოთეკის" I ტომი,
გამომცემლობა "ახალი ივირონი"
2008 წ. თბილისი
2008 წ. თბილისი
No comments:
Post a Comment