73
ჩვენი წინა საუბრის მსმენელს, რა თქმა უნდა, ახსოვს, რომ ჩვენ თანდათანობით შევუდექით საეკლესიო ლიტერატურის განხილვას ქრონოლოგიური წესით. წინა საუბარში წარმოვაჩენდით, კვლავ განვმარტავდით რაობას საეკლესიო ლიტერატურისას, იმისას თუ რას ნიშნავს პატრისტიკა-პატროლოგია, შეგვიძლია თუ არა დავეთანხმოთ იმას, რომ პატრისტიკა მთავრდება VII-VIII ს-ით და შემდგომ სხვა ეპოქა მოდის, თუ სხვა საკითხებს. დებულებას, დასკვნას წინა საუბრისას კვლავ გავიხსენებთ, რომ პატრისტიკა მარად დაუბოლოებელი სამოღვაწეო ასპარეზია ეკლესიის მამებისა ამ წუთისოფელში. ვიდრე მეორედ მოსვლამდე ეკლესიის მამათა მოღვაწეობა ყოველთვის სახეზე იქნება და ამ მოღვაწეობაში, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო კვლავაც მოიმატებს მნიშვნელობა საკუთრივ სამწერლობო კუთხით.
წერილობითი სახეობა მოძღვრების გადმოცემისა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია
და თუ სხვადასხვა თვალსაზრისით, სხვადასხვა კუთხით, რითაც ესა თუ ის
პიროვნება, ესა თუ ის მეცნიერი შესაძლოა ქრისტიანული მწერლობის ისტორიას
განიხილავდეს, ვინმემ იქნებ მართლაც რაღაც არგუმენტი მოუძებნოს ეპოქებად
დაყოფას ეკლესიის ისტორიაში და ქრისტიანული მწერლობის ისტორიაში, მაგრამ
ზოგადი გაგებით, როგორც ეს მიჩნეულია, ჭეშმარიტი ქრისტიანული ლიტერატურის
ისტორია ანუ მართლმადიდებლობა ყოველგვარ არსობრივ დაყოფას ეპოქებისას
გამორიცხავს, ისევე როგორც შეუძლებელია ჩვენ ვთქვათ, რომ რაღაც ეპოქამდე
არსებობდა ცნება ეკლესიის მამა, ანუ პატერი და შემდეგ თითქოს ეს გაგება
გაუქმდა. რადგან დღემდე საეკლესიო მოძღვარს ჩვენ მამას (პატერს) ვუწოდებთ,
შესაბამისად მისგან ნამოღვაწარი წერილობითი დამოძღვრა, წერილობითი
გადმოცემა მოძღვრებისა, რაც მემკვიდრეობად რჩება, მამის (პატერის)
მემკვიდრეობად შეირაცხება და შესაბამისად პატრისტიკის განუყოფელი ნაწილია.
ასე რომ მართლმადიდებლური თვალსაზრისი არის აბსოლუტურად გარკვეული, რომ
პატრისტიკა I საუკუნიდან დღემდე არსებობს, უფრო და უფრო და განივრცობა.
არათუ შეწყვეტილია მისი არსებობა VIII საუკუნიდან, არამედ კიდევ და კიდევ
განივრცობა, თუმცა ეს განვრცობა და მარად ცხოველი მოღვაწეობა არანაირად არ
ნიშნავს ორიგინალურობას, საკუთრივ სამოძღვრო სიახლეებს, არამედ ისტორია
მთელი საეკლესიო ლიტერატურისა, მთელი მართლმადიდებლური მწერლობისა, ესაა
განმარტებითი მოღვაწეობის ისტორია. საღვთო წერილის, ზოგადად საუფლო
გამოცხადებითი მოძღვრების მიმართ, განმარტებითი მოღვაწეობის აღსრულების
ისტორია არის საეკლესიო ლიტერატურის ისტორია. ეკლესიის მამა განმარტავს
იმას, რაც ნაუწყებია საღვთო წერილში, რაც უფალმა მოციქულებს დაუტოვა, რაც
ერთი უცვალებელი, მარად ცოცხალი, შეუმატაბელ-დაუკლებელი მაცხოვნებელი
მოძღვრებაა. აი ამ მოძღვრების ერთგულია, ამ მოძღვრების მხევალია მთელი
საეკლესიო მოღვაწეობა, ყველა მოძღვარი ეკლესიისა და ყველა მოძღვრისგან
მემკვიდრეობად ჩვენდამი დატოვებული ესა თუ ის წერილობითი განმარტება.
აქვე ავღნიშნავთ იმას, რომ საკუთრივ ტერმინი “პატროლოგია”, როგორც ერთ დროს ავღნიშნეთ კიდეც, გვიანდელია. ის პირველად XVII ს-ში შეიქმნა, თუმცა საფუძვლები ბერძნულ ენაში ამ ტერმინისა შემზადებული იყო “პატერ”-ისა და “ლოგია”-ს სახით, აგრეთვე “ლოგიაზე” დაბოლოებული კომპოზიტების არსებობის სახით (ფიზიოლოგია, თეოლოგია). მაგრამ ტერმინი “პატროლოგია” მაინც არ არსებობდა XVII საუკუნემდე და პირველ დამოწმებად ამ ტერმინისა მიიჩნევა ამ პერიოდის ერთ-ერთი თეოლოგის – იოანე გეჰარდის შრომა ამავე სახელწოდებით – “პატროლოგია”. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პატროლოგიური ტიპის თხზულებები მხოლოდ XVII საუკუნიდან იქმნებოდა. ჩვენს საუბარში სწორედ ამგვარი ხასიათის ლიტერატურას გვინდა შევეხოთ, რა თქმა უნდა, ძალიან ზოგადად, რადგან ყოველი ამგვარი ძეგლი რთულია განსახილველად, მითუმეტეს ზეპირ საუბარში მსმენელისათვის, და ამიტომ ყველაზე არსებითი რაცაა ამ მხრივ მხოლოდ იმას შევეხებით, მაგრამ ავღნიშნავთ, რომ ყველა ეს ჩვენეული ინფორმაცია გულისხმობს საკუთრივ პატროლოგიის ისტორიის წარმოჩენას, ანუ პატრისტიკის შემსწავლელი მეცნიერების – პატროლოგიის ისტორია როგორია საკუთრივ. არსებობს ისტორია, არსებობს ისტორიის შემსწავლელი დისციპლინა ისტორიოგრაფია, მაგრამ ისტორიოგრაფიას თავისი ისტორია აქვს ამავე დროს. ისევე როგორც არსებობს ლიტერატურა, რასაც შეისწავლის ლიტერატურადმცოდნეობა, მაგრამ ლიტერატურის მცოდნეობის შრომებსაც თავისი ისტორია აქვს.
საკუთრივ პატროლოგიური შრომების ისტორიას თუ ჩვენ წყაროდმცოდნეობითი კუთხით შევეხებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ცნობილი შრომა, ევსები კესარიელის “საეკლესიო ისტორია”. ევსები კესარიელი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვიხსენებია, იყო მოწაფე სახელგანთქმული მარტვილისა წმ. პამფილი კესარიელისა. თუმცა ევსებიმ ზოგ საკითხში ერთგულება მართლმადიდებლური მოძღვრებისადმი ვერ გამოიჩინა. ის ამა თუ იმ ავტორის მიერ არიანელად, ანდა ნახევარ არიანელად არის ცნობილი, მაგრამ მიუხედავად ამისა ეკლესიას მისი მოღვაწეობის ღირსეული მხარეები, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ დაუტოვებია. ერთ-ერთი ღირსეული ნამოღვაწარი ამ პიროვნებისა გახლავთ სწორედ მისგან დაწერილი შრომა “საეკლესიო ისტორია” (“ჰე ეკლესიასტიკე ისტორია”). ეს შრომა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი კუთხით არის შესწავლილი (სამწუხაროდ ის ქართულად დღემდე არ თარგმნილა და არ გამოქვეყნებულა, არადა ამის აუცილებლობა სრულიად თვალსაჩინოა), ჩვენი აზრით ჯერ კიდევ იმ ზომამდე დაფასებული არ არის, როგორც მას შეჰფერის. ეს შეუფასებლობა ღირსებისა, რაც ამ შრომას განეკუთვნება, თუნდაც იმ ფაქტით ხდება თვალსაჩინო, რომ I-IV ს-ის, ნიკეის კრების წინადროინდელი ეპოქის შესახებ უამრავი რამ უძვირფასესი მონაცემი ჩვენთვის დღეისათვის დაკარგული იქნებოდა რომ არა ეს შრომა. ამ შრომაში წარმოდგენილია მრავალი ავტორი და მრავალი ისეთი შრომა, რომლებსაც სხვა წყაროთი ჩვენამდე არ მოუღწევიათ, მათ შესახებ არაფერია ცნობილი, თუნდაც ცნობილ მოღვაწეებთან, ცნობილ საღვთისმეტყველო შრომებთან დაკავშირებით ამ თხზულების ინფორმაცია ასევე ფასდაუდებელია. ამიტომ ევსები კესარიელის “საეკლესიო ისტორია”, რომელიც ეკლესიის ისტორიასაც განიხილავს, მაგრამ უდიდეს ადგილს უთმობს საეკლესიო მამებს, როგორც წერილობითი მოღვაწეობის აღმსრულებლებს და მათ შრომებს. ზოგ შემთხვევაში ცალკეულ ციტატებსაც გვაწვდის ევსები და ეს ციტატები, როგორც ფრაგმენტები აღნიშნული შრომებისა, მართლაც უძვირფასესი რელიქვიაა. აი ამგვარი განხილვის წესით ევსები კესარიელის “საეკლესიო ისტორია” ერთ-ერთ უადრეს და დღეისათვის ჩვენთვის ცნობილი შრომებიდან მართლაც რიგით პირველ პატროლოგიურ თხზულებად წარმოგვიჩნდება.
ამ თხზულების მნიშვნელობა თუნდაც იმითაც განისაზღვრება, რომ მან (ამ შრომამ) სათავე დაუდო ზოგადად აღნიშნული ხასიათის, აღნიშნული ჟანრის ლიტერატურას. სწორედ ევსები კესარიელის “საეკლესიო ისტორიის” კვალობაზე იწერება იმავე საუკუნეში, მაგრამ მოგვიანებით (392 წელს) ბეთლემში, ცნობილი საეკლესიო ავტორისგან, წმ. იერონიმესგან, შრომა სათაურით “ბრწყინვალე კაცთა შესახებ” (ლათ. “დე ვირის ილუსტრიბუს”). მიჩნეულია, რომ ეს თხზულება ევსების შრომაზე მეტად თეოლოგიურია, რომ ამ შრომის მიზანდასახულობა, ცალკეულ მკვლევართა სავსებით საფუძვლიანი დაკვირვების მიხედვით, არის არა მხოლოდ საეკლესიო ლიტერატურის თუნდაც ზედაპირული ისტორიის გადმოცემა, არამედ უფრო მეტად საღვთისმეტყველო ლიტერატურის ისტორიისა. მართლაც ამ შრომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვთვლით, რომ ევსების თხზულებასთან ერთად პირველ რიგში წმ. იერონიმეს ეს შრომაც აუცილებლად სათარგმნელია ქართულად.
როდესაც ჩვენ ევსების შრომაზე ვამახვილებთ ყურადღებას, საეკლესიო ისტორიას ვაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ეს თხზულება ხდება ჟანრის დამფუძნებელი და გვიანდელ წყაროებში სწორედ ისაა ასახული. მაგრამ ვსარგებლობთ შემთხვევით და ევსების საეკლესიო ისტორიასთან ერთად უნდა დავასახელოთ აგრეთვე მისივე მეორე შრომაც, მრავალი კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც ეწოდება “ქრონიკონი” (ანდა ჟამთაღწერა). განსხვავებით საეკლესიო ისტორიისგან, სადაც ჩვეულებრივ ჩვენ თარიღები არ გვაქვს, ეს თხზულება (ქრონიკონი) თარიღობრივად ძალიან ავსებს იმ პირველ თხზულებას და ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მაგრამ, როგორც ვთქვით ეს შრომა, ევსების “ქრონიკონი”, რა თქმა უნდა, საკუთრივ პატროლოგიური თვალსაზრისით ნაკლებ მნიშვნელვანია, ვიდრე იმავე ევსების “საეკლესიო ისტორია”, თუმცა აუცილებლად ამ ორ უდიდეს ძეგლთან ერთად (ევსების “საეკლესიო ისტორია” და წმ. იერონიმეს “ბრწყინვალე კაცთა შესახებ”) ისიც უნდა იქნეს ხსენებული.
დავძენთ იმას, რომ ნეტარი იერონიმე, რა თქმა უნდა, უხვად სარგებლობს ევსები კესარიელის ორივე თხზულებით. ამას თუნდაც ის ფაქტი ცხადყოფს, რომ იერონიმეს შრომა, რაც შეიცავს 135 მონაკვეთს, ამ 135 ნაწილიდან პირველი 78 ნაწილი მთლიანად, თითქმის სიტყვა-სიტყვით იმეორებს და ეყრდნობა ევსების ხსენებულ შრომებს. იერონიმე ამ შრომებს ეყრდნობა იმ ზომამდე, რომ მათ შეცდომებსაც კი მექანიკურად იმეორებს. მაგრამ იერონიმეს შრომის ერთ-ერთ ღირსებად ჩვენ ის შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ყოველ მოღვაწესთან დაკავშირებული ნაწილი, რამდენადაც ეს იმ ეპოქაში და საკუთრივ იერონიმესგან არის შესაძლებელი, აღჭურვილია ბიბლიოგრაფიული მონაცემებით და შეფასებულია თვით ავტორის მოღვაწეობა და შრომები.
ეს ორი თხზულება, როგორც ავღნიშნეთ, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ამიტომაა, რომ გვიანდელი ავტორებიც ხშირად ეფუძნებიან მათ. დასავლეთში, ლათინურენოვან სამყაროში, ფაქტობრივად ნეტარი იერონიმეს ხსენებული თხზულება გახდა მთელი ტრადიციის შემქმნელი და ეს ტრადიცია იმდენად აღმოცენებულია იერონიმესგან, რომ სათაურიც გვიანდელ ავტორებთან, ანალოგიური ტიპის შრომებში, იერონიმესეულია.
შესაძლოა ეს არ იყოს ამ შემთხვევაში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მაგრამ რამდენიმე სიტყვით მივუთითებთ იმ ავტორებს, რომლებიც ანალოგიური ხასიათის შრომებს წერდნენ დასავლეთში ლათინურ ენაზე, იერონიმეს თხზულების კვალში მიდევნებით. ამ ავტორთაგან პირველ რიგში უნდა ვახსენოთ საკმაოდ ცნობილი მოღვაწე გენადი, მარსელის მღვდელი, რომელიც დაახლოებით 480 წელს აქვეყნებს იმავე სათაურით (“ბრწყინვალე კაცთა შესახებ”), ასე ვთქვათ, დამატებას თუ სრულყოფას ნეტარი იერონიმეს თხზულებისას, ფაქტობრივად მისი განგრძობაა ეს შრომა. გენადის, რომელიც ნახევარად პელაგიანელი იყო (ისევე როგორც დავუშვათ ევსები კესარიელზე ჩვენ ავღნიშნეთ, რომ ის ნახევრად არიანელი იყო), ამ თავის აღმსარებლობით თავისებურებებს ხშირად ამჟღავნებს, მაგრამ ობიექტური მონაცემები რაცაა მისი შრომისა, ეს ყოველივე დღემდე პირველ ხარისხოვან მნიშვნელობას უძველესი საეკლესიო ლიტერატურის ისტორიისთვის დღემდე ინარჩუნებს. გენადის შრომა იმდენადაა დამყარებული ნეტარი იერონიმეს თხზულებაზე, რომ ხელნაწერებში ისინი გამთლიანებულადაა წარმოდგენილი. უფრო ზუსტად ხელნაწერთა უდიდეს ნაწილში გენადის თხზულება ჩართულია ნეტარი იერონიმეს ზემოხსენებულ შრომაში, კონკრეტულად კი წარმოდგენილია როგორც მისი მეორე ნაწილი. ესეც ამ ორი ავტორის ნამოღვაწარის, თუნდაც ფორმალურ, განუყოფლობას ჩვენს წინაშე წარმოაჩენს.
აქვე უნდა ავღნიშნოთ შედარებით გვიანდელი, დაახლოებით 615-618 წლების, მოღვაწე ისიდორე სევილიელი, რომელიც წერს თავის, ასე ვთქვათ, კვლავ პატროლოგიურ შრომას (კვლავ იმავე სახელწოდებით – “ბრწყინვალე კაცთა შესახებ”). თუმცა დღეისათვის სავსებით ცხადადაა ნაჩვენები, რომ ეს შრომა ძალიან ნაკლები ღირებულებისაა წინარე ორ შრომასთან შედარებით და უფრო ლოკალური ღირებულება აქვს მას, კერძოდ ესპანური თეოლოგიისთვის აქვს გარკვეული მნიშვნელობა. მაგრამ როგორც ფაქტი ჩვენგან, რა თქმა უნდა, სახსენებელია.
ასევე, როგორც ფაქტი, შეგვიძლია ვახსენოთ ისიდორეს მოწაფის, იდელფოს ტოლედელის, რომელიც 667 წელს აღესრულა, შრომა იმავე სათაურით (“ბრწყინვალე კაცთა შესახებ”). ამ თხზულებასაც არანაირი სხვა რამ ღირებულება და ფასეულობა არა აქვს, თუ არა ლოკალური და ადგილობრივი. თუნდაც ის ფაქტი, რომ ავტორის მიზანდასახულობა იყო ტოლედოს წინარე ეპისკოპოსთა ღვაწლის წარმოჩენა და მათი განდიდება, ლოკალურ მნიშვნელობას ამ შრომისას ჩვენს წინაშე სრულიად ცალსახად აჩვენებს. ისიც, რომ დავუშვათ ბიოგრაფიებად არის წარმოდგენილი ამა თუ იმ მოღვაწისადმი მიძღვნილი განხილვები და თოთხმეტიდან მხოლოდ რვა ეხება საეკლესიო ავტორს, ესეც ცხადყოფს შრომის არა საკუთრივ პატროლოგიურ დანიშნულებას. ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ განხილვებიდან მხოლოდ ერთია არა ესპანელი ავტორი, ეს გახლავთ წმ. გრიგოლ დიდი, რომელიც ზემოთაც ჩვენ ვახსენეთ.
გაცილებით გვიანდელ ეპოქაში, XI ს-ში, ასევე მხოლოდ ფაქტის სახით ვახსენებთ, იწერება უფრო ვრცელი, უფრო გავრცობილი შრომა ზიგბერტ გემბლუქსელისა, რომელიც 1112 წელს აღესრულა. Aაი ამ მოღვაწის იმავე სახელწოდების შრომა – “ბრწყინვალე კაცთა შესახებ”, მოიცავს საეკლესიო მწერალთა და მათ ნამოღვაწართა შესახებ განხილვებს, ეს განხილვები კი იწყება წმ. იერონიმესა და გენადისგან, ე.ი. IV-V ს-ის შემდგომი ეპოქიდან.
უფრო გვიანდელი ლათინურენოვანი ავტორებიდან ჩვენ შეგვიძლია ისეთი მოღვაწეებიც ვახსენოთ, რომლებსაც უკვე სათაურიც აქვთ შეცვლილი. მაგალითად ონორე დოტიონი, რომელიც 1122 წელს მოკლე ხასიათის ე.წ. პატროლოგიურ შრომას წერს სახელწოდებით “ეკლესიის მნათობთა შესახებ” (“დე ლუმინარიბუს ეკლესიაი”).
ამავე XII ს-ის პირველ ნახევარში, დაახლოებით 1135 წელს ანონიმი პიროვნება მელქიდან აქვეყნებს აგრეთვე განსხვავებული სათაურის თხზულებას – “საეკლესიო ავტორთა შესახებ” (დე სკრიპტორიბუს ეკლესისტიკის), ანუ საეკლესიო სკრიპტორთა, საეკლესიო მწერალთა შესახებ. მიიჩნევა, რომ ამ თხზულებასაც გარკვეული პატროლოგიური ღირსება აქვს.
ამავე რიგში ჩვენ უნდა ვახსენოთ XV ს-ის ლათინურენოვანი მწერალი იოანე ტრითემიუსი, რომელიც 1494 წელს იმავე სათაურით, რა სათაურითაც ანონიმმა თავისი შრომა დაწერა, ე.ი. “საეკლესიო მწერალთა შესახებ”, აქვეყნებს თავის შრომას, სადაც ბიოგრაფიულ-ბიბლიოგრაფიული მონაცემები წარმოდგენილი გახლავთ 964 ავტორთან დაკავშირებით. ამგვარი მომცველობითი კუთხით ეს თხზულება, რა თქმა უნდა, გარკვეულ ყურადღებას იქცევს.
ეს ყველაფერი დავუშვათ ლათინურენოვანი მიმართულებით, რისი საფუძველიც, კვლავ ავღნიშნავთ გახლავთ ნეტარი იერონიმეს შრომა. მაგრამ იერონიმეს ეს თხზულება საყურადღებო გახლავთ აგრეთვე იმ კუთხით, რომ პატროლოგიურ ინტერესებს აღძრავდა არა მხოლოდ ლათნურენოვან სამყაროში და გვიანდელ ეპოქებში, არამედ ბერძნულშიც, ბერძნულენოვან სამყაროში და აღმოსავლურ რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ აქ ევსები კესარიელის შრომა ცნობილი იყო, მაინც, როგორც ავღნიშნეთ, იერონიმეს თავისი გამოკვეთილი თეოლოგიური ანუ საღვთისმეტყველო ორიენტირი ჰქონდა და ამიტომ იერონიმეს თხზულების ბერძნულმა თარგმანმა არანაკლები როლი შეასრულა აღმოსავლეთით, ვიდრე ამავე შრომამ დასავლეთით. ცნობილია, რომ იერონიმეს აღნიშნული თხზულება ითარგმნა ბერძნულად, რაც შეასრულა თვით იერონიმესგან მითითებულმა პიროვნებამ სოფრონიუსმა. იერონიმე თავის შრომაში “ბრწყინვალე კაცთა შესახებ” 134-ე თავში საგანგებოდ აღნიშნავს, რომ სოფრონიუსმა მისი რამდენიმე შრომა თარგმნა ბერძნულად. იგივე პიროვნება მიიჩნევა მისი (იერონიმეს) ამ პატროლოგიური თხზულების ბერძნულ ენაზე მთარგმნელად.
ვიდრე ამ კუთხით მსჯელობას განვაგრძობდეთ ჩვენ გვინდა ავღნიშნოთ, რომ საზოგადოდ ლათინურიდან ბერძნულზე თარგმნილი ძეგლები (თავის დროზე ერთ-ერთ საუბარში ჩვენ ამ საკითხს ვეხებოდით, როცა პატრისტიკის ენაზე და ენებზე გვქონდა მსჯელობა, რომ ყველაფერი, რაც კი ბერძნულად იწერებოდა აუცილებლად ითარგმნებოდა ლათინურად. მთელი ბერძნული საეკლესიო მემკვიდრეობა ლათინურად თარგმნილია უძველეს ეპოქაშივე) მინიმალური იყო, და ამ კუთხით ნეტარი იერონიმე მართლაც გამორჩეული პიროვნებაა და ეს შრომაც გამორჩეულია, რადგანაც იმ უაღრესად მცირერიცხოვან ძეგლებში შედის, რომლებიც ლათინურიდან ბერძნულად ითარგმნებოდა. ლათინურიდან ბერძნულად ინტენსიური თარგმნა არ ხდებოდა იმიტომ, რომ ეს განწყობილება გვიანდელ საუკუნეებამდე ცოცხალი იყო, რამდენადაც ახალი აღთქმა ბერძნულად დაიწერა და პატრისტიკა ბერძნულ ენაზე დაფუძნდა და საეკლესიო მოძღვრება ფაქტობრივად ამ ენაზე ჩამოყალიბდა და დადგინდა (დადგინდა გამოთქმითი ფორმით, ტერმინოლოგიურად, გამოხატულებითად, ხმოვანი სიტყვით). შესაბამისად რაიმე არსებითის ლათინურიდან ბერძნულზე თარგმნა მოულოდნელი იყო, მოულოდნელი იყო რამდენადაც ბერძნულად ყოველივე ღირებული გადმოცემული, დაფუძნებული და განმარტებული გახლდათ ეკლესიის მამათაგან. ამიტომ ლათინურენოვან საეკლესიო მწერლობას ბერძენთაგან ძალიან ნაკლები ყურადღება ეთმობოდა და თუ რაიმეს დაეთმობოდა ყურადღება, ის ძეგლი, ცხადია, უმნიშვნელოვანეს თხზულებად მიიჩნეოდა. აი ასეთ უმნიშვნელოვანეს თხზულებად წარმოჩნდება ნეტარი იერონიმეს შრომა “ბრწყინვალე კაცთა შესახებ”, რომლის თარგმანიც, როგორც უკვე გითხარით, ერთსულოვნად მიკუთვნებულია მისი მოწაფის სოფრონიუსისადმი, რომელსაც სხვა შრომებიც აქვს იერონიმესი ლათინურიდან ბერძნულად თარგმნილი. თუმცა მიიჩნევა, რომ ეს თარგმანი საკმაოდ გვიანდელია თვით იმ ორიგინალთან შედარებით, რომელიც 392 წელს დაიწერა.
ერთ-ერთი პირველ გამოყენება ამ თარგმანისა ბერძნულენოვანი ლიტერატურის ისტორიაში შესამჩნევია VI ს-ის შუა წლებისათვის (დაახლ. 550 წ), როდესაც იწერება ანონიმის თხზულება სათაურით “ონომატოლოგია”. შრომის თავდაპირველი ავტორი ევსუქი მილეტელია, მაგრამ ის რევიზია, ანუ რედაქცია, რაც ჩვენამდეა მოღწეული, ანონიმს უკავშირდება და ეს რედაქცია ანონიმურ რედაქციადაა ცნობილი. აი ამ შრომაშია (არა თავდაპირველ რედაქციაში, ე.ი. რევიზიამდელ, რედაქციამდელ ტექსტში, არამედ რედაქტირებულ ტექსტში) შესამჩნევი გამოყენება ნეტარი იერონიმეს ზემოხსენებული შრომისა. ასე რომ, ამ დროისათვის უეჭველად გავრცელებული უნდა ყოფილიყო ბერძნულად ნეტარი იერონიმეს ხსენებული შრომა.
უფრო გვიანდელი ძეგლებიდან ჩვენ პირველ რიგში უნდა ვახსენოთ სახელგანთქმული ფოტი პატრიარქი და მისი ცნობილი ძეგლი სახელწოდებით “ბიბლიოთეკა”, ანდა “მირიო ბიბლონი” (რაც ქართულად ათიათას წიგნედს ნიშნავს), რაც მას შეუდგენია 852 წლამდე, მისი ძმის – ტარასი კონსტანტინოპოლელის თხოვნით. ანუ ვიდრე თვით ფოტი გახდებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი, მანამდე ძმისგან მან შეიწყნარა თხოვნა იმის შესახებ, რომ რა ლიტერატურაც მის მიერ დამუშავდებოდა და იმ წრისგან, რომელსაც გარკვეული აკადემიური მიზანდასახულობანიც ქონდა და ამა თუ იმ უმნიშვნელოვანეს შრომას იმ წრის წარმომადგენლები ერთობლივად შეისწავლიდნენ და ანალიზს უკეთებდნენ, მცირე რეზიუმე წერილობითი წარმოედგინა. ეს იყო ტარასისგან თხოვნა ფოტისადმი, რომ სხვებიც გაცნობოდნენ მათ ამ შრომებს და წარმოდგენა ჰქონოდათ მათზე. ასე შედგა ეს სახელგანთქმული “მირიო ბიბლონი”, ანუ ათიათას წიგნედი, და დღესაც ჩვენთვის მრავალ ძეგლთან დაკავშირებით ეს თხზულება ფასდაუდებელი მნიშვნელობის მქონეა. მასში გამოყენებულია ზემოხსენებული ანონიმური რედაქცია ევსუქი მილეტელის ონომატოლოგისა, შესაბამისად ამ ძეგლის გავლით იერონიმეს “ბრწყინვალე კაცთა შესახებ” და დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, ის შრომები, რაც ფოტის შესწავლილი ქონდა.
ჩვენს მიერ არ არის ხაზგასმა მხოლოდ იმაზე, რომ იერონიმეს შრომამ რა კვალი დატოვა ბერძნულენოვან საეკლესიო ლიტერატურაში. ფოტის ეს თხზულება იერონიმეს შრომისგან დამოუკიდებლად ფლობს უაღრესად ხაზგასასმელ პატროლოგიურ ღირსებებს, თვისებებს და შეუცვლელი მნიშვნელობის შრომა გახლავთ. პირადად ჩვენ მრავალგზის დაგვჭირვებია ეს თხზულება, ფოტის ეს ენციკლოპედიური ხასიათის შრომა, რომელიც პირობითად იყოფა კოდექსებად და მთლიანობაში თუ ჩვენ ამ კოდექსებს შევაჯამებთ მივიღებთ 280 კოდექსს, ე.ი. იმდენივე ნაწილს რამდენი ძეგლიცაა მასში დამუშავებული. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ საეკლესიო ავტორები არ არის, არის ანტიკური ავტორებიც, არის შეფასება ამა თუ იმ შრომისა, ამა თუ იმ მოღვაწისა მოძღვრებითი ზედმიწევნითობისა და უცთომელობის კუთხით, სტილური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ტერმინოლოგიური მიღწევების კუთხით და სხვა. ამიტომ ეს შრომა დღემდე განსაკუთრებული ღირებულების ძეგლად წარმოგვიდგება.
ფოტის ამ თხზულებასთან ერთად ჩვენ აუცილებლად უნდა ვახსენოთ და ეს ზოგადად ბიზანტინისტიკაში სახელგანთქმული ტხზულებაა, ერთ-ერთი უადრესი ლექსიკონი, რომელიც ლექსიკოგრაფ სვიდა კონსტანტინოპოლელს უკავშირდება და შედგენილია დაახლოებით 1000 წელს. ყველა მკვლევარი, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად გახაზავს ამ ლექსიკონის განსაკუთრებულ ღირებულებას უადრესი პერიოდის საეკლესიო ლიტერატურის ისტორიის თვალსაზრისით. ესაა ბიზანტიური ერუდიციის მონუმენტი, გვირგვინი, რომელიც მისი ავტორიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანეს პატრისტიკულ მონაცემებს გვაწვდის ჩვენ.
შედარებით სრულყოფილი რომ იყოს ეს უაღრესად ელემენტარული და ზედაპირული განხილვა ე.წ. წინაპატროლოგიური ლიტერატურისა, ალბათ ფაქტის სახით ინფორმატიულად უნდა ვახსენოთ აგრეთვე სირიულ ენაზე არსებული კატალოგი, თუ კატალოგის ტიპის შრომა სათაურით “საეკლესიო ავტორთა ჩამონათვალი”, რაც შედგენილია 1317-18 წლებში საკმაოდ ცნობილი სირიელი საეკლესიო მოღვაწის, სამწუხაროდ ნესტორიანული აღმსარებელის, ებე დიესუს (ებე დიესუ ბარბერიკა) მიერ და ეს კატალოგი მიიჩნევა, რომ ღირებული დოკუმენტია ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიის შესწავლის მხრივ.
ამით ამოიწურება ფაქტორბივად უადრესი ეპოქა. გვიანდელ ხანაში, როდესაც უკვე საკუთრივ ფილოლოგიური მეთოდოლოგია კვლევისა სავსებით თვალსაჩინო ხდება, რამდენიმე შრომა იძენს მნიშვნელობას დღევანდელი გადასახედიდან. მაგალითად შეგვეძლო გვეხსენებინა კარდინალ ბელარმინის შრომა “საეკლესიო მწერალთა შესახებ” პირველი წიგნი, რაც 1613 წელს გამოქვეყნდა და საკუთრივ ეს ისტორია მიდის 1500 წლამდე.
გაცილებით მნიშვნელოვანია, ჩვენი აზრით, წლების მანძილე (1693-1712 წლებში) გამოიცემული თხზულება 16 ტომად, ცნობილი ტილმონისა, ფრანგი მკვლევრისა (ყოველშემთხვევაში ეს შრომა ფრანგულადაა), რომლის სათაურის თარგმნა ქართულად საკმაოდ რთულია და ის დაახლოებით ასე შეიძლება ითარგმნოს – “საეკლესიო ისტორიის შესახებ მემუარები, ემუარები, რომლებიც ემსახურება საეკლესიო ისტორიას პირველი საუკუნეებისას”. ამ შრომის მრავალი განხილვა, მრავალი შეფასება დღემდე ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას. ისევე როგორც მეორე ფრანგი ავტორისა – სეილიერისა, რომელმაც ასევე წლების მანძილზე კვლავაც პარიზში (პირველი შრომაც პარიზში გამოიცა) 1729-1763 წლებში გამოსცა 23 ტომად თხზულება, ანუ გამოკვლევა სათაურით “ზოგადი ისტორია წმინდა და საეკლესიო ავტორებისა”, სადაც კვლევა-ძიება ეკლესიის ავტორთა შესწავლისა გრძელდება 1250 წლამდე.
ჩვენ მომდევნო ეპოქას ამ შემთხვევაში არ შევეხებით, თუმცა ეს ეპოქაც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა უკვე საკუთრივ ტექსტების პუბლიკაცია ხდება. XVI-XVII ს-ში, ფილოლოგიური, ტექსტოლოგიური პრინციპეპი უკვე დადგენილია და ეს ყველაფერი ერთ მთლიან, უზამრმაზარ კომპენდიუმად და კორპუსად შეჯამდა ცნობილი ჟან-პილ მინის პუბლიკაციაში, რომელსაც “პატროლოგია გრეკა” ეწოდება ერთი მხრივ და მეორე მხრივ “პატროლოგია ლატინა”, რომელსაც სათაურშივე აწერია “კურსუს კომპელეტოს”, ანუ სრული კურსი. მასში წინარე გამოცემებია გადმობეჭდილი, ზოგჯერ გარკვეული შესწორებებით, იმ განხილვებით, რაც იმ გამოცემებს ახლდა. ეს განხილვები გახლავთ უმრავლეს შემთხვევაში უაღრესად ღრმა ფილოლოგიური კვლევა-ძიებანი, ძალიან საყურადღებონი, თუმცა დღეისათვის ხაზგასმულია, რომ ზოგ შემთხვევაში მინის გამოცემაში თავს იჩენს საკუთრივ ტიპოგრაფიულ-გამოცემითი შეცდომები და ამ მხრივ უადრესი გამოცემები ზოგჯერ უფრო შეურყვნელია, ვიდრე საკუთრივ მინისეული გამოცემა. თუმცა მინის გამოცემა, მიუხედავად იმისა, რომ ის შესრულდა XIX ს-ის 60-იან წლებში, დღემდე რჩება პირველხარისხოვან წყაროდ, რომელსაც ყოველწუთიერად მივმართავთ ყველა, რომლებსაც საეკლესიო მოძღვართა შროების შესწავლა-გაცნობა გვწადია. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სერია და სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი კორპუსი, ბიბლიოთეკა ეკლესიის მამებისა, საკუთრივ ბერძნული ტექსტებისა, გამოიცემოდა XIX-XX ს-ში, რომელთა შორის ყველაზე აღსანიშნავი ალბათ გახლავთ XX ს-ის 40-იან წლებში საფრანგეთში დაწყებული სერია სათაურით “ქრისტიანული წყაროები” (“სუხს სკრეტიენ”), რომელიც დღეისათვის თუ არ ვცდებით 500-მდე ტომს ითვლის. ესაა უმაღლეს დონეზე მომზადებული, უაღრესად მოწესრიგებული წესით ეკლესიის მამათა შრომების პუბლიკაცია, სადაც ერთ მხარეზეა ბერძნული, ორიგინალური ტექსტი, ყველა ხელმისაწვდომი ხელნაწერის საფუძველზე კრიტიკული აპარატით, მეორე მხარეს ფრანგული თარგმანი, სქოლიოში მრავალი უაღრესად საგულისხმო შენიშვნა, მითითება, შესწავლა და ბოლოს ჯერ საღვთო წერილის დამოწმებათა ციტაცია, შემდეგ უმრავლეს შემთხვევაში ლექსიკონი, ზოგჯერ წინ ძალიან ვრცელი გამოკვლევით. აი ასეთი ტიპის გახლავთ ეს სერია და ამ სერიის ყველა ტომი ჩვენთვის დღეისათვის ღვთის მადლით ხელმისაწვდომია. ეს ტომები ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში (თუმცა ყველა არა), აგრეთვე საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში და აგრეთვე სასულიერო აკადემიაში ღვთისმეტყველების კათედრაზე.
დღემდე დამუშავება მეცნიერული ტექსტებისა მიმდინარეობს და ეს ყველაფერი პატროლოგიის, პატრისტიკის შემადგენელი ნაწილია კვლავ იმ პატროლოგიური ძიების, პატროლოგიის, როგორც მეცნიერების, განშტოებანია და ერთ მთლიანობაში ესაა ერთი დიდი მეცნიერება, ერთი უზარმაზარი, უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მოღვაწეობა, რასაც არა მხოლოდ ძველი – ბერძენ-ლათინი ავტორები, არა მხოლოდ ევროპული კვლევა-ძიება, არა მხოლოდ რუსული პატროლოგიური ლიტერატურა, არამედ მნიშვნელოვანწილად ქართველ მკვლევართა მოღვაწეობაც ავსებს XIX-XX საუკუნეებისა.
73–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ
ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე
აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=KYxtPwKuJyU
ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე
კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები
No comments:
Post a Comment