Monday, April 22, 2019

იუსტინე მარტვილის ლიტურგიკული ღვთისმეტყველება

138–140
ნათლისღების შესახებ

კვლავ იუსტინე მარტვილის თეოლოგიის შესახებ განვაგრძობთ განხილვას. წინა საუბარში ჩვენ ფაქტობრივად შემოვიფარგლეთ ერთი თემატური საკითხით, რაც უკავშირდებოდა დასაბამიერ ცოდვას და განღმრთობას. საკმაოდ ვრცელი ციტატა დავიმოწმეთ წმ. იუსტინესგან და შევეცადეთ ამ ციტატის, სადაც დაუნჯებულია მისი სწავლება ხსენებულ საკითხებზე, კომენტირებას. ამჯერად კი შევეხებით იუსტინე მარტვილის ღვთისმეტყველების არანაკლებ და შეიძლება გარკვეული კუთხით კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხს, მნიშვნელოვანს თავისი წყაროთმცდობნეობითი ღირსებით, საკითხს ნათლობისა და ზიარების შესახებ. ფაქტობრივად ეს კვლავ განღმრთბის საკითხს უკავშირდება, ისევე როგორც დასაბამიერი ცოდვის საკითხსაც, რადგან სწორედ ნათლისღებით შეიმუსვრება პირველცოდვა და განღმრთობისკენ გზა ადამიანს კვლავ გაეხსნება სწორედ ამ უწმინდესი საიდუმლოს გზით, მაგრამ ამავე დროს ნათლისღება და ზიარება, როგორც შვიდი საეკლესიო საიდუმლოდან ორი, საკუთრივ ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებას უკავშირდება და ჩვენ შეგვეძლო ამ თემისთვის, ამ საკითხისთვის ასედაც გვეწოდებინა - წმ. იუსტინე მარტვილის ლიტურგიკული ღვთისმეტყველება.

იუსტინე მარტვილის ღვთისმეტყველება

135-137
წმ. იუსტინე მარტვილი ანტიკური ფილოსოფიის შესახებ (გაგრძელება).

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ბოლო საუბარში განვიხილავდით წმ. იუსტინე მარტვილის ღვთისმეტყველებას, კერძოდ შევჩერდით მის სწავლებაზე ანტიკური ფილოსოფიის, ანტიკური კულტურის შესახებ. წარმოვადგინეთ სათანადო ციტატები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გამოარჩევს იუსტინე მარტვილი ანტიკურობის ღირსეულ ნაწილს და ამ ღირსეული ნაწილის გამომთქმელთ დანარჩენი ნაწილისაგან, ბნელეთისაგან და როგორ განუკუთვნებს ღირსეულ მოღვაწეებს, წინაქრისტიან მოღვაწეებს, წინასწარ მბაძველებს და აჩრდილისებ მიმსგავსებულებს ქრისტიან მოღვაწეებთან, აღმატებულ ქებას და ეპითეტებს. კონკრეტულად სოკრატეზე გვქონდა მსჯელობა, რომელსაც რამდენიმეგზის ასახელებს იუსტინე მარტვილი და დიდ ღირსებას განუკუთვნებს მას. კვლავ შეგახსენებთ იმ ციტატას, რითაც ჩვენი წინა საუბარი დავაბოლოვეთ, როდესაც იუსტინე მარტვილი აღნიშნავდა, რომ “სოკრატემ უგვან დემონთა უკუგდება ასწავლა ხალხს და გონებრივი ძიების გზით შეუცნობელი ღვთის შეცნობისკენ წარმართა ისინი. ასე უთხრა მათ: ყოველთა მამისა და შემოქმედის პოვნა ადვილი არ არის, არცთუ პოვნილის ყველასათვის გაცხადებაა უსაფრთხო. ეს ქმნა ჩვენმა ქრისტემ თავისი ძალით, ხოლო სოკრატეს არავინ ერწმუნა და იგი ამ მოძღვრების გამო მოკვდა”. ფაქტობრივად ამ ციტატის განხილვით დავაბოლოვეთ ჩვენი წინა საუბარი, თუმცა ამ ციტატის მომდევნო ნაწილიც მხოლოდ ნაწილობრივ განვიხილეთ და აღვნიშნეთ, რომ ამ ბოლო ნაწილსაც ასევე სპეციალური შესწავლა სჭირდება და ამიტომ წინა საუბარში ჩვენ აღარ შევჩერდით ამ ბოლო ნაწილზე დაკონკრეტებით.