მინუციუს ფელიქსი არის დღეისათვის ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ლათინი
აპოლოგეტი, რომლის მოღვაწეობის ეპოქა ზუსტად ჯერაც არ დადგენილა.
გარკვეულია, რომ მინუციუსის აპოლოგეტურ შრომას და ცნობილი ლათინი ავტორის,
ტერტუალიანეს თხზულებას სათაურით ”აპოლოგეტიკონი” (”აპოლოგეტიკუმ”) დიდი
ნათესაობა აქვთ, თუმცა პირველადობა რომელს უნდა მიეკუთვნოს, კვლავაც ძნელად
გადასაწყვეტია. ნეტარი იერონიმე ქრონოლოგიურ უპირატესობას ტერტულიანეს
ზემორე ნაშრომს აკუთვნებს (ეს ნაშრომი დაწერილია დაახლოებით 197 წელს),
თუმცა, მკვლევართა აზრით, მრავალი არგუმენტია საპირისპირო
შეხედულებისათვის, რაც უფრო მიღებულად ითვლება. აღნიშნულის საფუძველზე
მინუციუსის მოღვაწეობა II ს-ის II ნახევრით უნდა განვსაზღვროთ.
ხსენებული ავტორისგან ჩვენამდე მოღწეულია ერთადერთი თხზულება
”ოქტავიუსი”. იგი აგვიწერს სამი მეგობრის დისკუსიას ქალაქ რომში. ესენია:
იურისტი მარკუს მინუციუს ფელიქსი (ავტორი ნაშრომისა), ქრისტიანი ოქტავიუსი
და წარმართი ცეცილიუსი. დისკუსიის საბაბი გახდება ცეცილიუსის საქციელი,
რომელიც სერაპისის ქანდაკებას შორიდან კოცნას გაუგზავნის. ოქტავიუსსა და
ცეცილიუსს შორის გაიმართება პაექრობა იმის შესახებ, თუ რომელია ჭეშმარიტი,
წარმართობა თუ ქრისტიანობა. ცეცილიუსის სიტყვის შემდეგ ქრისტიანობის
ჭეშმარიტებას იცავს ოქტავიუსი, რომლის მსჯელობაც იმდენად დასაბუთებული და
შთამბეჭდავი აღმოჩნდება, რომ თვით ცეცილიუსი (და არა ოქტავიუსი) უარყოფს
არბიტრის (არბიტრად თვით მინუციუსია) მსჯავრს. ნაწარმოებში ვკითხულობთ:
”ცეცილიუსმა წამოიყვირა: ”მე სულით და გულით ვულოცავ ოქტავიუსს და საკუთარ
თავსაც, არ დაველოდები განაჩენს. ჩვენ გავიმარჯვეთ. მეც უკანონოდ ვითვისებ
ამ გამარჯვებას. ოქტავიუსმა მძლია მე, მე კი -ჩემს შეცდომებს” (თავი 40).
აღნიშნული ძეგლი მოღწეულია ერთადერთი ხელნაწერით (”კოდექს პარიზინუს”
1661), რომელიც IX ს-ს ეკუთვნის. მართალია ეს ხელნაწერი შეიცავს უფრო
გვიანდელი ავტორის, არნობიუსის თხზულებას ”წარმართთა წინააღმდეგ”, რომლის
VIII წიგნადაც არის წარმოდგენილი მინუციუსის შრომა, მაგრამ აქ რომ
ტიტულატურის ცთომილებასთან გვაქვს საქმე და რომ ”ოქტავიუსად” სახელდებული
წიგნი სწორედ მინუციუს ფელიქსისაა, ამას გვიდასტურებენ ლაქტანციუსი და
ნეტარი იერონიმე. პირველი მათგანი გვაუწყებს: ”ჩვენი მოძღვრების დამცველთა
შორის, რომლებსაც კი მე ვიცნობ, მინუციუს ფელიქსს სრულიად განსაკუთრებული
ადგილი უჭირავს. მისი შრომა, სათაურით ”ოქტავიუსი”, გვიჩვენებს, თუ რა
ბრწყინვალე მხედარი ჭეშმარიტებისა შეიძლებოდა გამხდარიყო იგი, მთლად რომ
მიეძღვნა თავისი თავი ამგვარი სწავლებებისათვის”. მეორე მხრივ, იერონიმე,
რომელიც ხშირად უთითებს მინუციუსზე, ერთგან აღნიშნავს: ”მინუციუს ფელიქსმა,
რომის რჩეულმა ადვოკატმა, დაწერა დიალოგი, სადაც იგი გადმოგვცემს
დისკუსიას ქრისტიანსა და წარმართს შორის, სათაურით ”ოქტავიუსი.”
ედიშერ ჭელიძე
I-VII საუკუნეების ლათინი საეკლესიო მწერლები, ნაწილი I I I
No comments:
Post a Comment