როგორც ცნობილია, წმ. მარკოზ ეფესელმა ფლორენციის კრებაზე წარმოთქვა
თავისი სახელგანთქმული ორი სიტყვა ე.წ. ”განსაწმენდელის” წინააღმდეგ. ამ
სიტყვათა რუსული თარგმანები შესულია არქიმანდრიტ ამბროსის მონოგრაფიაში:
Святой Марк Ефесский и Флоренцийская Уния, Jordanville 1963, с. 58-73;
116-150. აღნიშნული მონოგრაფია, საზოგადოდ, მოიცავს ეფესოს მიტროპოლიტის
თითქმის ყველა იმ შრომის თარგმანს, რაც ფლორენციის უნიას უკავშირდება.
ამრიგად, არქიმანდრიტ ამბროსის წიგნის სახით საქმე გვაქვს ძვირფასი წყაროდმცოდნეობითი მასალის ნაკრებთან, რაც მრავალათასიანი მკითხველისათვის დღესდღეობით თითქმის ერთადერთი გზაა წმ. მარკოზის საღვთისმეტყველო სწავლებათა გასაცნობად. ეს გარემოება უაღრესად ზრდის წიგნის ავტორის როგორც მთარგმნელის პასუხისმგებლობას, რადგან, კვლავ აღვნიშნავთ, მისი თარგმანები ორიგინალის (ბერძნული ტექსტის) ტოლფასად წარმოჩნდება მრავალრიცხოვანი მრევლისთვის.
ამრიგად, არქიმანდრიტ ამბროსის წიგნის სახით საქმე გვაქვს ძვირფასი წყაროდმცოდნეობითი მასალის ნაკრებთან, რაც მრავალათასიანი მკითხველისათვის დღესდღეობით თითქმის ერთადერთი გზაა წმ. მარკოზის საღვთისმეტყველო სწავლებათა გასაცნობად. ეს გარემოება უაღრესად ზრდის წიგნის ავტორის როგორც მთარგმნელის პასუხისმგებლობას, რადგან, კვლავ აღვნიშნავთ, მისი თარგმანები ორიგინალის (ბერძნული ტექსტის) ტოლფასად წარმოჩნდება მრავალრიცხოვანი მრევლისთვის.
სამწუხაროდ, არქიმანდრიტ ამბროსის თარგმანებში გვხვდება საკმაოდ
ბუნდოვანი, შინაარსობრივად გაურკვეველი ადგილები. ერთ-ერთ ასეთ ადგილზე
მიგვანიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი გამრეკელმა (ამჟამად ეპისკოპოსმა
იოანემ). აღნიშნული ადგილი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან იგი ეხება საუკუნო
სატანჯველისთვის განკუთვნილ სულებს. არქიმანდრიტის თარგმანში ვკითხულობთ:
"Но мы приняли, что и душам, содержимым в аду и уже преданным вечным мукам, самым ли делом и опытом или в не допускающем надежды ожидании таковых,
возможно пособить и оказать некую малую помощ [совершаемыя литургии и
молитвы и милостыни], хотя и не в том смысле, чтобы совершенно
разрешить их от мучения или дать надежду на конечное освобождение” (с.
59).როგორც ცნობილია, წმ. მარკოზი თავის პირველ სიტყვაში მუხლობრივად მიჰყვება ლათინთა მიერ წერილობით წარმოდგენილ დოკუმენტს, რისი თარგმანიც ასევე მოიპოვება არქიმანდრიტ ამბროსის წიგნში (გვ. 50-57). ლათინთა დოკუმენტს თარგმანში შემდეგი სათაური აქვს: Главы Латинян к Грекам об очистительном огне, данныя в письменном виде их представителям.
რაც შეეხება წმ. მარკოზის ზემომოტანილ სიტყვებს, იგი პასუხობს ლათინთა მიერ წარმოდგენილი ტექსტის შემდეგ ადგილს:
"Души же тех, которые отходят (из этой жизни) в смертном Грехе или же только с прародительским грехом, немедленно сходят в ад, в прочем подвергаются мучениям не в одинаковой степени" (с. 5О).
უაღრესად საგულისხმოა, რომ ლათინთა აღნიშნული სიტყვების შემცველ მონაკვეთს მოსდევს წინადადება, სადაც კათოლიკეები პირდაპირ მიმართავენ წმ. მარკოზს:
”... вы говорите‚ что Восточная Церков не имеет такого рода учения" (с. 50).
ვითარება, რომ ცხადია იყოს, ძალიან მოკლედ აღვნიშნავთ, თუ რას ეხება კამათი:
ლათინთა მტკიცებით, საიქიოში, გარდა მარადიული ჯოჯოხეთისა და სასუფეველისა, არსებობს ე.წ. განსაწმენდელი ანუ დროებითი სატანჯველი, სადაც ხვდებიან ნაკლებ ცოდვილი სულები, რომლებიც ამ დროებითი სატანჯველის გზით განიწმინდებიან თავიანთი მცირე ცოდვებისაგან. განსაწმენდელში მოხვედრილ სულებს, ამბობენ ისინი, ტანჯვას უმსუბუქებს მათთვის აღსრულებული ლოცვები, ლიტურგიები, ქველმოქმედებანი.
რაც შეეხება მართლმადიდებლურ სწავლებას, იგი წმ. მარკოზის მიერ ასეა გამოთქმული:
“ის სულები, რომლებიც სარწმუნოებით და სიყვარულით გაშორდნენ სააქაოს, ამასთან რაღაც ლაქებიც გაიყოლეს (ან – მცირენი და სრულიად მოუნანიებელნი ანდა – უფრო დიდნი, რაც მოინანიეს, მაგრამ ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ სინანულის ნაყოფი), ესენი განიწმინდებიან ამგვარ ცოდვებთან მიმართებით არა განმწმენდი ცეცხლისა და ერთ რომელიღაც ადგილას განსაზღვრული სატანჯველების მეირ (რადგან ეს, როგორც ვთქვით, არავისგან გადმოცემულა), არამედ ზოგნი განიწმინდებიან თვით სხეულიდან გამოსვლისას მხოლოდ და მხოლოდ შიშის მიერ, როგორც აშკარად განაჩინებს ამას, აგრეთვე, წმინდა გრიგოლ დიალოგოსი, ზოგნი კი – სხეულიდან გამოსვლის შემდეგაც ან ჯერ კიდევ ამ დედამიწისეულ ადგილას მყოფნი, ვიდრე მიეახლებოდნენ ისინი ღვთის თაყვანისცემას და ღირსნი გახდებოდნენ ნეტარი ხვედრისა, ანდა, თუკი უფრო დიდი იყო ცოდვები და დროს უფრო მეტს მოითხოვდა, ასეთნიც ჯოჯოხეთში არიან პყრობილნი, მაგრამ სრულიადაც არა – როგორც ცეცხლში და სატანჯველში, არამედ – როგორც სატუსაღოში და საპყრობილეში ჩაკეტილნი. ვამბობთ, რომ ამათ ყველას შეეწევა მათთვის აღსრულებული ლოცვები და ლიტურგიები, თანმხვედრია რა ამ [ქმედებებთან] საღვთო სიკეთე და კაცთმოყვარეობა, რაც ამგვარ ცოდვათა ერთ ნაწილს, ადამიანური უძლურების გამო რომ ჩადენილა, მყისვე უგულებელყოფს და მიუტევებს, როგორც ამბობს დიდი დიონისე თავის განხილვაში სიწმინდით დაძინებულთა საიდუმლოს შესახებ, ხოლო ცოდვათა მეორე ნაწილს, შესაძლოა, რაღაც დროის შემდეგ მართალ სასწორთა მიერ დაარღვევს და მიუტევებს, და ამათაც – სრულად, ანდა შეუმსუბუქებს [მდგომარეობას] ამ ცოდვების ჩამდენთ იმ უკანასკნელ განკითხვამდე. ასე რომ, ამათთან დაკავშირებით ვერ ვხედავთ ვერავითარ საჭიროებას სხვა სატანჯველისა და ცეცხლისმიერი განწმენდისა, თუკი ზოგს შიში განწმენდს, ზოგს – სინდისის ქენჯნა (რაც ჭამს მას ყოველგვარ ცეცხლზე უფრო მწარედ), ზოგს კი – მხოლოდ და მხოლოდ საღვთო დიდებისგან განდგომა და გაურკვევლობა მომავლისა, კერძოდ: მიაღწევენ თუ არა მას (დიდებას, ე.ჭ.) ოდესმე” (P.O.t. 15, 40-41).
აღნიშნული მსჯელობა ეხება მცირედცოდვილ სულებს რომლებიც ღვთის გულმოწყალებითა და, აგრეთვე, მათთვის აღვლენილი ლოცვებისა და ლიტურგიების გზით ან მთლიანად თავისუფლდებიან ცოდვებისგან ან კიდევ უმსუბუქდებათ მდგომარეობა საბოლოო განკითხვამდე. ამგვარი გამოხსნადი სულები, ცოდვათა სიმძმის მიხედვით, წმ. მარკოზის მიერ ორ უმთავრეს ნაწილად განიყოფება: პირველი ნაწილი – განიწმინდება თვით სიკვდილის ჟამს შიშის შედეგად, მეორე ნაწილი კი – სიკვდილის შემდეგ. ეს მეორე ნაწილი, თავის მხრივ, სულთა ორ კატეგორიას გულისხმობს: პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან ისინი, რომლებიც განიწმინდებიან ჯერაც დედამიწაზე მყოფნი ვიდრე ღვთის წინაშე წარდგომამდე, ხოლო მეორე კატეგორიას შეადგენენ ის სულები, რომლებიც ჯოჯოხეთში ჩადიან. ესენიც (ე.ი. ჯოჯოხეთში ჩასული ის სულები, რომლებიც გამოხსნას ექვემდებარებიან) ასევე ორი სახისაა: ერთნი გარკვეული დროის შემდეგ განიწმინდებიან და შენდობილნი იქნებიან მთლიანად, მეორენი კი (უფრო მეტად ცოდვილნი) მხოლოდ მდგომარეობის შემსუბუქებას მიიღებენ ვიდრე საბოლოო განკითხვამდე.
ყველა აქ აღნიშნული კატეგორია, როგორც ვთქვით, მხოლოდ იმ სულებს გულისხმობს, რომლებიც თუმცა რაღაც ცოდვებით წავიდნენ ამქვეყნიდან, მაგრამ წარწყმედისა და მარადიული სატანჯველის ღირსნი არ არიან. შესაბამისად, ზემომითითებული განაწილებით, ეს სულებიც განიწმინდებიან და ცხონდებიან, ხოლო თვით ამ განწმენდას კი, მართლმადიდებლური სწავლებით, მოქმედებს არა განმწმენდი ცეცხლი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღვთის გულმოწყალება (რაც “თანმხვედრია” მიცვალებულთათვის აღვლენილ ლოცვებთან და ლიტურგიებთან) და კიდევ ის სამი მიზეზი, ზემოთ რომ აღინიშნა (შიში, სინდისის ქენჯნა და საღვთო დიდებისგან განვრდომა).
ეს – რაც შეეხება გამოხსნად სულებს.
მაგრამ ვინ არიან ისინი, რომლებიც არ იქნებიან გამოხსნილნი და რომლებიც მარადიულ ცეცხლში დაიმკვიდრებენ ადგილს?
ზემოთ ჩვენ დავიმოწმეთ ციტატა კათოლიკეთა დოკუმენტიდან, სადაც გამოუხსნელ სულებს განეკუთვნებათ, ერთი მხრივ, ისინი, რომლებიც მომაკვდინებელი პირადი ცოდვით წავიდნენ ამქვეყნიდან, მეორე მხრივ კი ისინი, რომლებიც მხოლოდ პირველქმნილი ცოდვით აღესრულნენ.
კათოლიკეთა ამ განჩინებას წმ. მარკოზმა უპასუხა სწორედ იმ სიტყვებით, რომელთა რუსული თარგმანიც ჩვენი წერილის დასაწყისში დავიმოწმეთ. აღვნიშნავდით, რომ ეს თარგმანი ბუნდოვანია. კერძოდ, გაურკვევლობას იწვევს დამოწმებული ციტატის შემდეგი ადგილი: “или в не допускающем надежды ожидании таковых”.
აღნიშნულ ადგილს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან, როგორც ვთქვით, სწორედ აქ სცემს წმ. მარკოზი პასუხს კათოლიკეთა ზემორე დოგმატს და, შესაბამისად, აქ ვლინდება, ეთანხმება თუ არა იგი ლათინებს იმის აღიარებაში, რომ მარადიულ ჯოჯოხეთს დაიმკვიდრებენ არა მხოლოდ მომაკვდინებელი პიროვნული ცოდვით აღსრულებულნი, არამედ – ისინიც, რომლებიც, პიროვნულად სრულიად უმანკონი, ოდენ ადამისეული პირველცოდვით გარდაიცვალნენ. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ კათოლიკეებმა მათი ეს დოგმატი საგანგებოდ შეიტანეს თვით ფლორენციის უნიაში. მოგვაქვს უნიის შესაბამისი ადგილის რუსული თარგმანი:
(затем мы определяем)‚ что души тех, которые умирают в смертном грехе или только с первородным грехом, немедленно спускаются в ад, чтобы страдать там (დასახ. წიგნი, გვ. 306).
ეს სიტყვები ჩართულია იმ კათოლიკურ დოგმატთა შორის (ფილიოკვე, განსაწმენდელი, რომის პაპის უპირატესობა), რომლებსაც სრულიად უარყოფს მართლმადიდებლობა. შესაბამისად, ზემომოტანილი ციტატის ასეთი კატეგორიული ფორმით მოთავსება ზემორე კათოლიკურ დოგმატთა შორის უეჭველს ხდის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ისინი (კათოლიკეები) ცდილობდნენ მართლმადიდებელთა თანხმობის მოპოვებას.
მაგრამ დავუბრუნდეთ წმ. მარკოზ ეფესელის პასუხს. რუსული თარგმანის ბუნდოვანებამ აუცილებელი გახადა ბერძნული ორიგინალის მოძიება, რაც გაგვიადვილა თვით არქიმანდრიტ ამბროსის ამომწურავმა მითითებამ კონკრეტულ გამოცემაზე, საიდანაც მას თარგმანი შეუსრულებია. ამბროსის წიგნში კერძოდ, ვკითხულობთ: “Mgr. L. Petit опубликовал тектс Миланской рукописи Ambrosian. 653, fol 47-54, в 15- м томе "Patrologia Orientalis" стр. 39-60, с издания которого мы и делаем наш перевод сего трактата св. Марка Ефесскаго" (с. 58).
მითითებული ბერძნული ტექსტის მოპოვებამ და გაცნობამ ცხადი გახადა, რომ ჩვენთვის საყურადღებო ადგილი არქიმანდრიტ ამბროსის მიერ სრულიად მცდარადაა თარგმნილი. განსაკუთრებით თვალში საცემია, რომ რუსული თარგმანის უარყოფითი ნაწილაკი не (не допускающем) საერთოდ არაა ორიგინალში. ამასთან, რუსულისგან განსხვავებით, ბერძნული ტექსტი უაღრესად ნათელია და ერთაზროვანი. მოგვაქვს სიტყვა-სიტყვითი თარგმანი:
“... ხოლო შეგვიწყნარებია, რომ ისინიც კი, რომლებიც ჯოჯოხეთში არიან პყრობილნი და უკვე გადაცემულნი საუკუნო სატანჯველთ, - ან საქმით და გამოცდილებით, ანდა მყარი მოსალოდნელობითა და მოლოდინით, - ისინიც შემწეობას ნახულობენ და იღებენ მცირე რამ სარგებელს [ეკლესიაში აღსრულებული ლოცვებისგან, ლიტურგიებისგან, და ქველმოქმედებისაგან], თუმცა არა იმგვარად, რომ სრულიად აღწევდნენ თავის სასჯელს ანდა საერთოდ ჰქონდეთ რაიმე იმედი თავის დაღწევისა” (col. 40).
ამრიგად, რუსული თარგმანის წინადადება: “или в не допускающем надежды ожидании таковых”, როგორც ვნახეთ, ორიგინალში სულ სხვაგვარადაა: “...ანდა მყარი მოსალოდნელობითა და მოლოდინით” (εἴτε ἔλπίδι βεβαίᾳ καὶ προσδοκίᾳ). კერძოდ ბერძნულში საერთოდ არაა სიტყვები: "в не допускающем". ამასთან, ორიგინალის ἔλπις თარგმნილია, როგორც надежда, რაც მოცემულ კონტექსტში, ასევე, მცდარია. მართალია, ბერძნული ἔλπις ნიშნავს надежда-ს, მაგრამ იგი ნიშნავს, აგრეთვე, ცუდის მოლოდინსაც (ожидание чего либо дурного‚ опасение, იხ. ნებისმიერი ლექსიკონი). სწორედ ეს უარყოფითი შინაარსი აქვს ხსენებულ ბერძნულ სიტყვას ზემორე ტექსტში. რადგან წმ. მარკოზი გვესაუბრება ჯოჯოხეთში დატყვევებულ იმ სულებზე, რომლებიც გამოუხსნელნი არიან და, შესაბამისად, გარკვეული აზრით – უკვე მიცემულნიც საუკუნო სატანჯველს, კერძოდ – მიცემულნი ან საქმით და გამოცდილებით (იგულისხმება ნაწილობრივი ტანჯვა, რაც ამჟამადვე აქვთ უკეთურთ) ანდა უეჭველი სამომავლო მოლოდინით (იგულისხმება, რომ ზემოხსენებული უკეთურნი მეორედ მოსვლისა და განკითხვის შემდეგ სრულ სატანჯველს მიიღებენ, ამასთან მათი ეს სამომავლო ხვედრი ამთავითვე უეჭველია და უცვლელი). მცდარია, აგრეთვე, რუსული ციტატის ბოლო სიტყვები канечное освобождение. საქმე ისაა, რომ ბერძნული ὅλως (მთლიანად, საერთოდ) არის ზმნიზედა და, შესაბამისად, უკავშირდება არა არსებით სახელს ἀπαλλαγή (თავის დაღწევა, განთავისუფლება), არამედ – ინფინიტივს ἔχειν (ქონა). ასე რომ, დამაბოლოებელი წინადადება მხოლოდ შემდეგნაირად ითარგმნება: “...ანდა საერთოდ ჰქონდეთ იმედი თავის დაღწევისა”.
როგორც ვხედავთ, ზემორე პასუხში წმ. მარკოზი სრულიად არ ახსენებს იმ სულებს, რომლებსაც გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ადამისეული პირველცოდვა ჰქონდათ, პიროვნულად კი ყოვლითურთ უმანკონი იყვნენ. დიდი ეფესელი მოძღვარი, კათოლიკეთა კატეგორიული მტკიცებისგან განსხვავებით, ამგვარ სულთა ხვედრზე აბსოლუტურად არავითარ განჩინებას არ იძლევა.
არქიმანდრიტ ამბროსის თარგმანში ცთომილებანი სხვა ადგილებშიც გვხვდება. ამჯერად შემოვიფარგლებით ტექსტის მხოლოდ იმ ძალიან მცირე მონაკვეთით, სადაც წმ. მარკოზი მსჯელობს მცირეცოდვილ სულთა შესახებ, რომლებიც გამოხსნადნი არიან და წარსაწყმედელს არ მიეცემიან. ამ უმნიშვნელოვანესი ადგილის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი ზემოთ წარმოვადგინეთ. რაც შეეხება რუსულ თარგმანს, მასში სახეზეა სერიოზული შეცდომები. მაგალითად:
1. როგორც აღვნიშნეთ, წმ. მარკოზის სწავლებით, ის მცირეცოდვილი სულები, რომლებიც გარკვეული დროით ჯოჯოხეთში ხვდებიან, იქ განიწმინდებიან, თუმცა არა ცეცხლისა და სატანჯველის მიერ, არამედ – ღვთის გულმოწყალების გზით. ამასთან, ეს სულები შემწეობას იღებენ მათთვის აღსრულებული ლოცვების, ლიტურგიებისა და ქველმოქმედებების შედეგად. რუსულ თარგმანში ვკითხულობთ:
"Они содержатся в аду‚ но не для того, чтобы навсегда находиться‚ в огне и мучении, а - как бы в тюрьме и заключении под стражу" (с. 60).
ტექსტში დისონანსი შეაქვს სიტყვას навсегда, რადგან ზემორე თარგმანიდან მხოლოდ ის დასკვნა გამოდის, რომ ხსენებული სულები სამარადისოდ კი არ არიან ცეცხლში და ტანჯვაში, არამედ – დროებით, მაგრამ ამგვარი აზრი არის სწორედ ის კათოლიკური განჩინება, რასაც ებრძოდა წმ. მარკოზი, მართლაც, კათოლიკეთა მტკიცებით, განსაწმენდელი სწორედ დროებითი ცეცხლისა და ტანჯვის ადგილია, ხოლო მასში მოხვედრილი სულები სამარადისოდ კი არ რჩებიან იქ, არამედ დროებითი ცეცხლისა და ტანჯვის გზით განიწმინდებიან და ცხონდებიან, მაშინ როცა მართლმადიდებლური სწავლება ჯოჯოხეთში მყოფ იმ სულებს, რომლებიც გამოხსნას ექვემდებარებიან, არ განუწესებს არც სამარადისო, არც არანაირ დროებით ცეცხლსა და განმწმენდ ტანჯვას, რადგან წმ. მარკოზი, როგორც ზემოთ ვნახეთ, ჯოჯოხეთიდან მათ გამოხსნას მხოლოდ ღვთის გულმოწყალების საქმედ თვლის (რასთანაც “თანმხვედრია” ამგვარ სულთათვის აღსრულებული საეკლესიო მსახურებანი).
ბერძნულ ტექსტში навсегда -ს შესატყვისია ზმნიზედა πάντως, რაც არანაირი გაგებით არ ნიშნავს навсегда –ს. იგი მტკიცებით კონტექსტში ქართულად შეიძლება გადმოიცეს ზმნიზედებით: ყოვლითურთ, ყოვლად, სავსებით, სრულიად, საერთოდ, უთუოდ, ხოლო უარყოფის შემთხვევაში კი, სიტყვებით: არანაირად, არანაირი აზრით, სრულიად არ.
ორიგინალის შესაბამის ადგილას აღნიშნულ ზმნიზედას გამორიცხვის შინაარსი აქვს (რუსულში უნდა ყოფილიყო вовсе, ლათინურშია მართებული certe) და სათანადო წინადადება როგორც ზემოთაც ვნახეთ, ასე უნდა ითარგმნოს:
“ასეთნი ჯოჯოხეთში არიან პყრობილნი, მაგრამ სრულიადაც არა – როგორც ცეცხლში და სატანჯველშიუ, არამედ – როგორც სატუსაღოში და საპყრობილეში ჩაკეტილნი”.
2. როგორც აღვნიშნეთ, წმ. მარკოზი ასახელებს სამ მიზეზს, რაც მცირედცოდვილ სულთა განწმენდას მოქმედებს. ესენია: შიში, სინდისის ქენჯნა და საღვთო დიდებისგან განვრდომა (გაგდებულობა). მესამე მიზეზთან დაკავშირებით რუსულ თარგმანში ვკითხულობთ:
"а иных очищает самый только ужасъ перед Божественной славой" (გვ. 60).
თარგმანისეული ужасъ სრულიად მცდარია. შესაბამის ბერძნულ ტექსტში გვაქვს ტერმინი ἔκπτωσις (იგი მომდინარეობს ზმნიდან ἐκπίπτω, რაც რუსულად ნიშნავს: быть выброшенным, быть иагнанным, лишиться чего-либо). მისი ზედმიწევნით შესატყვისია რუსული отпадение, ძველი ქართული “განვრდომა” ან “გამოვრდომა” (შდრ. ლათ. ...). ასე რომ, თარგმანში უნდა გვქონოდა არა ужасъ перед Божественной славой (არც ეს перед არის ბერძნულში), არამედ отпадение от Божественной славы. რაც შეეხება თვით ужасъ-ს, იგი რუსულ ტექსტში უნდა გაჩენილიყო იქიდან, რომ მთარგმნელს ბერძნული ἔκπτωσις მცდარად დაუკავშირებია ზმნასთან ἐκπτοέω, რაც სწორედ შეშინებას, თავზარის დაცემას ნიშნავს (აქედანაა არსებითი სახელი ἐκπτόησις).
3. როდესაც წმ. მარკოზი საუბრობს “საღვთო დიდებისგან განვრდომაზე”, იგი ამგვარ მდგომარეობას აკავშირებს იმ გაურკვევლობასთან, რაც განვრდომილ სულებს აქვთ საკუთარ მომავალთან, საკუთარ სამომავლო ხვედრთან დაკავშირებით. ამიტომაა, რომ წმ. მარკოზი აღნიშნულ მდგომარეობას ორსავე მომენტზე ხაზგასმით წარმოგვიდგენს:
“...ზოგს კი [განწმენდს] მხოლოდ და მხოლოდ საღვთო დიდებისგან განვრდომა და გაურკვევლობა მომავლისა...”.
ბოლო ფრაზას (“გაურკვევლობა მომავლისა”) ბერძნულში მოსდევს წინადადება, რაც სწორედ გაურკვევლობაში მყოფ სულთა ვითარებას გადმოგვცემს. რუსულ თარგმანში ვკითხულობთ:
"...и неизвестность будущаго, каково оно будет" (с. 60).
თავი დავანებოთ იმას, რომ неизвестность არ არის მთლად ზუსტი შესატყვისი ბერძნული ტერმინისა ἀδηλία (ბუნდოვანება, გაურკვევლობა, შდრ. ლათ. ...). მთავარი ისაა, რომ რუსული ტექსტი каково оно будет საერთოდ არ არის ორიგინალში. მის ნაცვლად გვაქვს სიტყვები: εἴ ποτε αὐτῆς ἐπιτεύξονται (p. 41).
როგორც ვხედავთ, ბერძნულში არის მდედრობითი ნაცვალსახელი αὐτή, რაც გულისხმობს წინა (მთავარი) წინადადების მდედრობითი სქესის სიტყვას δόξα (დიდება) და არა საშუალო სქესის სიტყვას τὸ μέλλον (მომავალი), მაშინ როცა რუსული ტექსტის оно უკავშირდება არა წინა წინადადების слава-ს, არამედ будушее-ს, რითაც მთლიანად იცვლება ორიგინალის შინაარსი. ამასთან, რუსულში საერთოდ არაა თარგმნილი ἐπιτεύξονται (მიაღწევენ, მიეახლებიან).
ამრიგად, ბერძნული ტექსტი, დიამეტრულად განსხვავდება რუსულისგან და მთლიანობაში, როგორც ზემოთ ვნახეთ, სიტყვა-სიტყვით შემდეგნაირად ითარგმნება:
“ზოგს კი [განწმენდს] მხოლოდ და მხოლოდ საღვთო დიდებისგან განვრდომა და გაურკვევლობა მომავლისა, კერძოდ: მიაღწევენ თუ არა მას (დიდებას, ე.ჭ.) ოდესმე” (შდრ. ბოლო ნაწილის ლათ. თარგ.: ... et futuri obscuritas, num unquam ea sint potituri, s. 41).
* * *
აქ წარმოდგენილი რამდენიმე შემთხვევაც კი, რაც ბერძნული ტექსტის მხოლოდ
ერთ მცირე მონაკვეთს უკავშირდება, ვფიქრობთ, თვალსაჩინოდ გვიჩვენებს, რომ
არქიმანდრიტ ამბროსის თარგმანები, მიუხედავად მათი უეჭველი ღირსებისა და
მნიშვნელობისა, მკითხველისგან აუცილებელ სიფრთხილეს მოითხოვს.
-----------------------------------------------------------------------
* აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა გაზეთში: "საეკლესიო სიწმინდენი", 2000, №1, გვ. 6-7.
ედიშერ ჭელიძემ
”მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი
საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში”. თბილისი, 2004 წ.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში”. თბილისი, 2004 წ.
No comments:
Post a Comment