ამ ძეგლს აკუთვნებენ წმ. იპოლიტე რომაელს. მურატორის ფრაგმენტი შეიცავს
ახალი აღთქმის წიგნთა ყველაზე ადრინდელ სიას. დოკუმენტი აღმოაჩინა და 1740
წ-ს გამოაქვეყნა ლ.ა. მურატორმა VIII ს-ის ხელნწერის მიხედვით (დაცულია
მილანის ბიბლიოთეკაში). ძეგლის ენა ლათინურია, თუმცა ენობრივად გაუმართავი
და ორთოგრაფიულად მცდარი. იმავე ტექსტის ოთხი ფრაგმენტი გამოვლინდა XI და
XII სს-ის ხელნაწერებში.
მურატორის ფრაგმენტს აკლია თავი და ბოლო, იწყება გაწყვეტილი ფრაზით
მარკოზის სახარების შესახებ და მთლიანობაში შეიცავს 85 ხაზს. მასში არა
მხოლოდ ჩამოთვლილია ახალი აღთქმის სხვადასხვა წიგნები, არამედ აგრეთვე
დასაბუთებულია მათი სამოციქულო წარმომავლობა და კანონიკურობა,
განსაკუთრებით წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახარებასთან დაკავშირებით.
სახარებათა შემდეგ მურატორის ფრაგმენტი ასახელებს ”მოციქულთა საქმეებს”,
წმ. პავლე მოციქულის 13 ეპისტოლეს, წმ. იოანეს და წმ. იუდას ეპისტოლეებს და
ორ აპოკალიფსს - იოანესას და პეტრესას. არ არის ხსენებული არც პავლეს
ეპისტოლე ებრაელთა მიმართ, არც იაკობისა და პეტრეს ეპისტოლეები. აქვე
ერეტიკულად არის შერაცხილი პავლეს აპოკრიფული ეპისტოლეები ლაოდიკიელთა და
ალექსანდრიელთა მიმართ (ისინი მიჩნეულია გნოსტიკოს მარკიონის ერესის
ამსახველ ძეგლებად). უცნაურია, რომ ხსენებულ ფრაგმენტში ახალი აღთქმის
წიგნთა შორის იხსენიება ”სიბრძნე სოლომონისა”, რომელიც, ძეგლის მიხედვით,
”დაუწერიათ სოლომონის მეგობრებს”. რაც შეეხება ”პეტრეს აპოკალიფსს”, მას
ახლავს შენიშვნა: ”თუმცა ჩვენს შორის ზოგიერთებს არ სურთ ეკლესიაში მისი
საჯაროდ წაკითხვა”. დოკუმენტი კერძო საკითხვად უშვებს ერმის ”მწყემსს”,
თუმცა არ აღიარებს მას ”ღმრთივსულიერად”, რადგან დაწერილია მოციქულთა
ეპოქის შემდეგ: ”რაც შეეხება ”მწყემსს”, იგი დაიწერა სულ ახლახანს, ჩვენს
დროს, ქალაქ რომში. ამიტომ შეიძლება მისი წაკითხვა, მაგრამ არანაირად -
საჯაროდ ეკლესიაში” (4).
დასასრულს, ავტორი ძეგლისა უარყოფს სხვადასხვა ერეტიკულ თხზულებას:
”(ნაწერები) არსინუსისა (რომელსაც ჰქვია, აგრეთვე, ვალენტინი), ან
მილტიადესი ჩვენს მეირ საერთოდ არ არის შეწყნარებული, ისევე როგორც იმათი,
რომლებმაც დაწერეს ფსალმუნთა ახალი წიგნი მხარდასაჭერად მარკიონისა,
აგრეთვე - ბასილიდესი და აზიელი კატაფრიგიელების მესაფუძვლისა” (4).
აღნიშნული ძეგლი დაწერილია II ს-ის მიწურულს, რომში, თუმცა მას ვერ მივიჩნევთ რომის ეკლესიის ოფიციალურ დოკუმენტად.
მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ ძეგლის თავდაპირველი ენა ბერძნული უნდა ყოფილიყო.
ბევრი მეცნიერი მიაკუთვნებს ხსენებულ ნაშრომს წმ. იპოლიტე რომაელს (ი.
ლაითფუტი, თ. რობინსონი, თ. ცანი და სხვა). თუ ეს ასეა, მაშინ საქმე უნდა
გვქონდეს წმ. იპოლიტეს ერთ-ერთ ადრეულ შრომასთან. ზოგჯერ ავტორად სხვა
პირებსაც ვარაუდობენ, კერძოდ: კლიმენტი ალექსანდრიელს, მელიტონ სარდელს და
წმ. პოლიკრატე ეფესელს.
ედიშერ ჭელიძე
”I-VII ს-ის ლათინი საეკლესიო მწერლები”, ნაწილი IV.
No comments:
Post a Comment