სახარებათა ყველაზე ძველი პროლოგები დაწერილია ანტიმარკიონიტი ავტორის
მიერ 160-180 წწ., როგორც ამას ასაბუთებენ დ. დე ბრიუინი და ა. ჰარნაკი. ეს
პროლოგები, როგორც ჩანს, შექმნილია რომში ბერძნულ ენაზე, შემდეგ კი
თარგმნილია ლათინურად აფრიკაში III ს-ის მიწურულს სახარებათა ახალი
ლათინური თარგმანისათვის. სამწუხაროდ, მათეს სახარების პროლოგი დაკარგულია.
ბერძნულად მოღწეულია მხოლოდ ლუკას სახარების შესავალი, ხოლო მარკოზის და
იოანეს (ლუკას პროლოგთან ერთად) შემონახულია ლათინურად. რ. ჰარდის
დასაბუთებით, აღნიშნული პროლოგები ცალ-ცალკე არსებობდა. როგორც ჩანს, ჯერ
გაერთიანდა მარკოზისა და ლუკას სახარებათა პროლოგები, შემდეგ კი მათ
დაუკავშირდა უფრო გვიანდელი პროლოგი იოანეს სახარებისა. მიიჩნევა, რომ,
დღევანდელი სახით, მარკოზის თავის პროლოგი ჩამოყალიბდა II ს-ის მიწურულს,
ხოლო ლუკასი - III ს-ში ან IV ს-ის დამდეგს. რაც შეეხება იოანეს თავის
ჩვენამდე მოღწეულ პროლოგს, იგი V-VI სს-ის ძეგლად არის ჩათვლილი.
2. სახარებათა მონარქიანული პროლოგები
არსებობს სახარებათა ვრცელი შესავლები, რომლებსაც მონარქიანული
პროლოგები ეწოდებათ. მათ, ჩვეულებრივ III ს-ის I ნახევარს აკუთვნებენ. პ.
კორსენის აზრით, ისინი დაიწერა რომში, ”მურატორის ფრაგმენტის” დაწერიდან
დაახლ. 30 წლის შემდეგ, მონარქიანელთა წრეში. მიუხედავად იმისა, რომ ამ
აპოლოგიებში გამოყენებულია ბერძნული წყაროები, ისინი ლათინურ ენაზეა
დაწერილი. სხვა მკვლევართა აზრით ეს პროლოგები შეიქმნა IV ს-ის მიწურულს
ან V ს-ის დამდეგს პრისკილიანისტი ავტორის მიერ.
3. პავლეს ეპისტოლეთა პროლოგები
სხვა ავტორი ჰყავს პავლეს ეპისტოლეთა მოკლე შესავლებს, თუმცა დ. დე
ბრიუინის აზრით პასტორალური ეპისტოლეების პროლოგები დაწერილია იმავე
რომაელი ავტორის მიერ, ვინც სახარებათა ანტიმარკიონიტული წინასიტყვაობები
შეადგინა. იმავე მკვლევარის აზრით, პავლეს სხვა ეპისტოლეთა ლათინურენოვანი
შესავლების ავტორი უნდა იყოს ან გნოსტიკოსი მარკიონი, ან მისი
მიდევართაგანი ვინმე.
ედიშერ ჭელიძე
”I-VII ს-ის ლათინი საეკლესიო მწერლები”, ნაწილი IV.
No comments:
Post a Comment