Monday, April 22, 2019

იუსტინე მარტვილის ლიტურგიკული ღვთისმეტყველება

138–140
ნათლისღების შესახებ

კვლავ იუსტინე მარტვილის თეოლოგიის შესახებ განვაგრძობთ განხილვას. წინა საუბარში ჩვენ ფაქტობრივად შემოვიფარგლეთ ერთი თემატური საკითხით, რაც უკავშირდებოდა დასაბამიერ ცოდვას და განღმრთობას. საკმაოდ ვრცელი ციტატა დავიმოწმეთ წმ. იუსტინესგან და შევეცადეთ ამ ციტატის, სადაც დაუნჯებულია მისი სწავლება ხსენებულ საკითხებზე, კომენტირებას. ამჯერად კი შევეხებით იუსტინე მარტვილის ღვთისმეტყველების არანაკლებ და შეიძლება გარკვეული კუთხით კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხს, მნიშვნელოვანს თავისი წყაროთმცდობნეობითი ღირსებით, საკითხს ნათლობისა და ზიარების შესახებ. ფაქტობრივად ეს კვლავ განღმრთბის საკითხს უკავშირდება, ისევე როგორც დასაბამიერი ცოდვის საკითხსაც, რადგან სწორედ ნათლისღებით შეიმუსვრება პირველცოდვა და განღმრთობისკენ გზა ადამიანს კვლავ გაეხსნება სწორედ ამ უწმინდესი საიდუმლოს გზით, მაგრამ ამავე დროს ნათლისღება და ზიარება, როგორც შვიდი საეკლესიო საიდუმლოდან ორი, საკუთრივ ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებას უკავშირდება და ჩვენ შეგვეძლო ამ თემისთვის, ამ საკითხისთვის ასედაც გვეწოდებინა - წმ. იუსტინე მარტვილის ლიტურგიკული ღვთისმეტყველება.

იუსტინე მარტვილის ღვთისმეტყველება

135-137
წმ. იუსტინე მარტვილი ანტიკური ფილოსოფიის შესახებ (გაგრძელება).

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ბოლო საუბარში განვიხილავდით წმ. იუსტინე მარტვილის ღვთისმეტყველებას, კერძოდ შევჩერდით მის სწავლებაზე ანტიკური ფილოსოფიის, ანტიკური კულტურის შესახებ. წარმოვადგინეთ სათანადო ციტატები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გამოარჩევს იუსტინე მარტვილი ანტიკურობის ღირსეულ ნაწილს და ამ ღირსეული ნაწილის გამომთქმელთ დანარჩენი ნაწილისაგან, ბნელეთისაგან და როგორ განუკუთვნებს ღირსეულ მოღვაწეებს, წინაქრისტიან მოღვაწეებს, წინასწარ მბაძველებს და აჩრდილისებ მიმსგავსებულებს ქრისტიან მოღვაწეებთან, აღმატებულ ქებას და ეპითეტებს. კონკრეტულად სოკრატეზე გვქონდა მსჯელობა, რომელსაც რამდენიმეგზის ასახელებს იუსტინე მარტვილი და დიდ ღირსებას განუკუთვნებს მას. კვლავ შეგახსენებთ იმ ციტატას, რითაც ჩვენი წინა საუბარი დავაბოლოვეთ, როდესაც იუსტინე მარტვილი აღნიშნავდა, რომ “სოკრატემ უგვან დემონთა უკუგდება ასწავლა ხალხს და გონებრივი ძიების გზით შეუცნობელი ღვთის შეცნობისკენ წარმართა ისინი. ასე უთხრა მათ: ყოველთა მამისა და შემოქმედის პოვნა ადვილი არ არის, არცთუ პოვნილის ყველასათვის გაცხადებაა უსაფრთხო. ეს ქმნა ჩვენმა ქრისტემ თავისი ძალით, ხოლო სოკრატეს არავინ ერწმუნა და იგი ამ მოძღვრების გამო მოკვდა”. ფაქტობრივად ამ ციტატის განხილვით დავაბოლოვეთ ჩვენი წინა საუბარი, თუმცა ამ ციტატის მომდევნო ნაწილიც მხოლოდ ნაწილობრივ განვიხილეთ და აღვნიშნეთ, რომ ამ ბოლო ნაწილსაც ასევე სპეციალური შესწავლა სჭირდება და ამიტომ წინა საუბარში ჩვენ აღარ შევჩერდით ამ ბოლო ნაწილზე დაკონკრეტებით.

იუსტინე მარტვილი ანტიკური ფილოსოფიის შესახებ

133–134
წმ. იუსტინე მარტვილის მოძღვრება ღვთისა და ღვთიური ჭეშმარიტების მარცვალთა ანტიკურ ფილოსოფიაში გამოვლენის შესახებ

ჩვენი წინა საუბრები ეთმობოდა II ს-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოღვაწეს, სახელგანთქმულ ღვთისმეტყველს - წმ. იუსტინე მარტვილს. მიმოვიხილეთ მისი მოღწეული, დაკარგული, ფსევდო შრომები და ამჯერად ყურადღებას მივაპყრობთ მოღწეული შრომების საფუძველზე აღნიშნული მოღვაწის ღვთისმეტყველებას, საღვთისმეტყვე-ლო ნააზრევს. თუმცა, როდესაც წმ. იუსტინეს საღვთისმეტყველო ნააზრევზე ვსაუბრობთ, უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ ჩვენ არ მოგვეპოვება ავტორის ხელიდან გამოსული ისეთი შრომა, სადაც სრულად იქნებოდა გადმოცემული მისი ქრისტიანული მოძღვრება, გამომდინარე იქიდან რომ ასეთი სახის შრომები ჩვენამდე არ მოღწეულა. ასეთი თხზულებები ჩვენ უკვე განვიხილეთ, სადაც გადმოცემული იყო მოძღვრება ღვთის განგებულების შესახებ, სულის შესახებ, აღდგომის შესახებ, უარყოფა ყველა წვალებისა და მარკიონის წინააღმდეგ. აი ეს შრომები, რომლებიც დაკარგულია, ჩვენთვის სწორედ ამ მიზანდასახულობით იქნებოდა უაღრესად სასარგებლო, რომ შეჯამებულად და მთლიანობაში იუსტინე მარტვილის მოძღვრება სისტემური წესით შეგვესწავლა და გადმოგვეცა კიდეც.

იუსტინე მარტვილის ნაშრომთა მიმოხილვა

130–132
იუსტინეს დიდი და მცირე აპოლოგია

უშუალოდ წინა საუბარი მოგეხსენებათ ეხებოდა წმ. იუსტინე მარტვილს, II ს-ის ამ ერთ-ერთ უდიდეს ღვთისმეტყველს. განვიხილავდით მისი ცხოვრების პირველ ნაწილს, როდესაც იგი, გამოკვეთილად ანთებული ჭეშმარიტების ძიების წყურვილით, სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლას მიმოივლიდა, სტოიკოსებიდან დაწყებული პლატონელთა ჩათვლით, და ბოლოს ღვთის განგებითაც და საკუთარი ძალისხმევითაც ქრისტიანულ მოძღვრებას მიეახლა, როდესაც ერთ-ერთი მოხუცებული ბერისგან ჭეშმარიტება შეიტყო მან. აქ დასრულდა ჩვენი წინა საუბარი, როდესაც ჩვენ მოვიტანეთ კიდეც მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ ჰპოვა რა ქრისტიანული მოძღვრება, იუსტინე მარტვილმა მას უწოდა ჭეშმარიტი და სასარგებლო ფილოსოფია (ეს სიტყვებიც ტრიფონისადმი დიალოგის VIII თავში აქვს თქმული იუსტინეს).

არისტონ პელაიელი (II ს.), წმიდა იუსტინე მარტვილი (II ს.)

129
არისტონ პელაიელი და მისი აპოლოგეტური შრომა “იასონისა და პაპისკონის პაექრობა ქრისტეს შესახებ”

ჩვენი წინა განხილვა ეძღვნებოდა არისტიდეს, ერთ-ერთი უადრესი ქრისტიანი აპოლოგეტის შრომას, რომლის განხილვაც გადაჯაჭვულია მეორე, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი, საეკლესიო ძეგლის “ბალავარიანის” ისტორიაზე. ამიტომ იყო, რომ არისტიდეს აპოლოგიასთან დაკავშირებით ამ უკანასკნელსაც (ბალავარიანსაც) მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ. ამჯერად კი კვლავ ვუბრუნდებით ქრონოლოგიურ ხაზს და არისტიდეს შემდეგ შევეხებით შედარებით უფრო გვიანდელი დროის მოღვაწეს, ასევე აპოლოგეტს, რომელიც რამდენჯერმე უკვე ვახსენეთ წინარე საუბრებში, არისტონ პელაიელს. რა თქმა უნდა, არისტონ პელაიელი გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვანი აპოლოგეტი მოღვაწე გახლავთ, მაგრამ რამდენადაც ამ პიროვნებასაც გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი საეკლესიო აპოლოგეტიკის ჩამოყალიბების დიდ საქმეში, ვფიქრობთ ორიოდე სიტყვით მასაც გარკვეული ყურადღება უნდა დავუთმოთ.

Sunday, April 21, 2019

სიბრძნე ბალავარისი

125–128
“ბალავარიანი” – ქართული თარგმანის წარმომავლობის შესახებ. ვრცელი და მოკლე რედაქციები

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ ერთ-ერთი უადრესი აპოლოგეტის, არისტიდეს, აპოლოგიას და აგრეთვე წამოვჭერით ის საკითხიც, რაც აღნიშნულ აპოლოგიას ორგანულად უკავშირდება, ეს გახლავთ, როგორც უკვე შეფასებაც მივეცით, შუა საუკუნეების საეკლესიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული ძეგლი “ბალავარიანი” ანდა “სიბრძნე ბალავარისა”. ჩვენ ვალდებულად ვთვლით ჩვენს თავს, რომ ამ ძეგლის შესახებ დაწვრილებითი საუბარი გვქონდეს, რამდენადაც ეს თხზულება უაღრესად მჭიდროდ უკავშირდება ძველ ქართულ საეკლესიო ლიტერატურასაც.

Friday, April 19, 2019

არისტიდე ათენელი ფილოსოფოსი (II ს.)

123–124
ძირითადი აპოლოგეტური მონაცემები

ჩვენს წინა საუბარში უკვე შევეხეთ და ფაქტობრივად დავიწყეთ განხილვა იმ ეპოქისა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია საეკლესიო ლიტერატურის ისტორიაში და აპოლოგეტიკის სახელით არის ცნობილი. რამდენიმე უარსებითეს მომენტს, რამაც განაპირობა აპოლოგეტიკის აღმოცენება, აპოლოგეტური სამწერლობო ჟანრის და ზოგადად აპოლოგეტური მოღვაწეობის ასეთი მკვეთრი გამოვლინება სწორედ II საუკუნეში, აი ამის მიზეზებს ჩვენ ნაწილობრივ წინა საუბარში შევეხეთ და ამჯერად უკვე კონკრეტულ ძეგლებზე, კონკრეტულ მოღვაწეებზე განვაგრძობთ ჩვენს საუბარს.

Thursday, April 18, 2019

აპოლოგეტური ეპოქა (II ს.)

122
აპოლოგეტური მოღვაწეობის დაფუძნება ქრისტიანულ ეკლესიაში

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან ძეგლს, როგორიც იყო ერმის თხზულება “მწყემსი” და ფაქტობრივად უკვე ქრონოლოგიურად გადანაცვლებული ვართ II საუკუნეზე. შესავალ ნაწილში, როდესაც ზოგადი მიმოხილვა გვქონდა ქრისტიანული ლიტერატურის ცალკეული ეტაპებისა და ეპოქებისა, მაშინ აღვნიშნავდით, რომ პირობითად პირველი პერიოდის შემდეგ ქრისტიანული მწერლობისა, რასაც სამოციქულო ეპოქა ეწოდება, გამოიყოფა ასევე პირობითად აპოლოგეტური ეპოქა, აპოლოგეტთა მოღვაწეობის ხანა, რაც არსებითად II საუკუნეს გულისხმობს.

Wednesday, April 17, 2019

ერმის თხზულება "მწყემსი"

121


ჩვენ ვთვლით, რომ წინა საუბარში არსებითად დავასრულეთ არეოპაგეტიკის შესახებ შესავლის სახით მსჯელობა. უამრავი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია ამ ერთ-ერთ ყველაზე უფრო ფუძემდებულურ საღვთისმეტყველო კრებულთან და კორპუსთან დაკავშირებული. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ამ ძეგლთა კრებულს, არეოპაგეტულ შრომებს, უფრო გვიანდელ ავტორებთან დაკავშირებით პარალელის სახით მოვუხმოთ მათ, ამჯერად კი ვფიქრობთ საკმარისია ის რაოდენობა საუბრებისა, რაც მათ მივუძღვენით და განვაგრძობთ ქრონოლოგიურ განხილვას საეკლესიო ლიტერატურისას.

Tuesday, April 16, 2019

წმიდა დიონისე არეოპაგელი - “დადებითი” და “უარყოფითი” ღვთისმეტყველება

119-120


“დადებითი” და “უარყოფითი” ღვთისმეტყველება

ჩვენს წინა საუბარში შევჩერდით დადებითი და უარყოფითი ღვთისმეტყველების რაობის განმარტებაზე. აღვნიშნავდით, რომ საღვთისმეტყველო წვდომა ჭეშმარიტებისა, რამდენადაც ამას კაცობრივი ბუნება დაიტევს, ყველაზე გამოკვეთილად არეოპაგეტულ სწავლებაში და საზოგადოდ მთელს ქრისტიანულ მოძღვრებაში არსებითად ღვთისმეტყველების ამ ორი სახეობით არის გამოხატული. რომელთაგან ყველანაირი გაგებით პირველს, წინმდგომობითაც (ე.ი. ამით იწყება საღვთისმეტყველო წვდომა), უწინარესობითაც, ეწოდება თანამედროვე ტერმინოლოგიით “დადებითი”, ძველ ქართულად “წართქმითი” ღვთისმეტყველება. ესაა იგივე, რასაც გამოხატავს ბერძნული ტერმინი “კატაფატიკური”, “კატაფაზისი” (დადებითობა, მტკიცებითობა) ანუ რასაც ლათინურად “პოზიტიური” ღვთისმეტყველება ეწოდება.

Monday, April 15, 2019

წმიდა დიონისე არეოპაგელის შრომა “საღმრთოთა სახელთათვის”

118


იერარქიულობა საღმრთო სახელებს შორის წმ. დიონისე არეოპაგელის შრომის “საღმრთოთა სახელთათვის” მიხედვით

ჩვენს წინა საუბრებში იერარქიულობის შესახებ წმინდა დიონისე არეოპაგელის მოძღვრება სხვადასხვა კუთხით წარმოვაჩინეთ. უშუალოდ წინა საუბარში ვეხებოდით საკუთრივ იერარქიული საფეხურების არსებობის წესის საფუძვლებს. განვიხილავდით იმ სულიერ საღვთო თვისებებს, რითაც ჭეშმარიტად განპირობებულია ჯერ საკუთრივ მათი მყოფობა და შემდგომ ზემორეებთან და ქვემორეებთან ამა თუ იმ ხარისხის ურთიერთდამოკიდებულება.

Wednesday, April 10, 2019

წმიდა დიონისე არეოპაგელი - "ანგელოზთა იერარქიის შესახებ"

113-117


არეოპაგიტულ შრომათა შესახებ; ტერმინ “იერარქიის” განმარტება

არეოპაგეტიკასთან დაკავშირებული წინა საუბრები მთლიანობაში დაეთმო, არსებითად, ფილოლოგიურ-ისტორიულ საკითხებს და როგორც თავშივე აღვნიშნეთ ამგვარ საკითხთა შეძლებისდაგვარი დამუშავება უთუოდ წინა ნაწილი უნდა ყოფილიყო საკუთრივ არეოპაგეტიკის ღვთისმეტყველების შესახებ საუბრებისა.

რამდენადაც მეტ-ნაკლებად ის საკითხები, რაც ავტორობის პრობლემას, ზოგადად ისტორიას უკავშირდება არეოპაგეტიკისა, თარგმანებს და ა.შ., რამდენადაც ყველა ეს საკითხი მეტ-ნაკლებად ჩვენ მიმოვიხილეთ (რა თქმა უნდა, კვლავაც აურაცხელია განსახილველი, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე სპეციალისტური კვლევაა, ხოლო ასეთი ზოგადი საუბარი ვფიქრობთ ნამდვილად აკმაყოფილებს იმ ზღვარს, იმ კონდიციას, რა მდგომარეობამდეც უკვე ჩვენ მივედით), შესაბამისად ამჯერად ჩვენ შევუდგებით, რაც შეიძლება კომფაქტურად, მაგრამ ყველაზე არსებითის გამოკვეთილად აღნიშვნით, შევეხოთ საკუთრივ არეოპაგეტულ ღვთისმეტყველებას.

პეტრე იბერის შესახებ

109-112


არის თუ არა პეტრე იბერი არეოპაგიტულ შრომათა ავტორი?

ჩვენს წინა საუბარში ნაწილობრივ უკვე მოვნიშნეთ ის სასაუბრო თემა, რასაც ამჯერად შევეხებით. ჩვენ ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, თუ რა თეორიები, რა თვალსაზრისები გამოითქვა არეოპაგიტული შრომების სავარაუდო ავტორის შესახებ. ვარაუდები მართლაც მრავალი იყო, როგორც აღვნიშნავდით, მაგრამ საქართველოში და (შეგვიძლია ეს განვაზოგადოთ) მაშინდელ საბჭოთა კავშირში ასე ვთქვათ მყარი ნიადაგი მხოლოდ ერთმა მათგანმა ჰპოვა. აქ იგულისხმება პეტრე იბერის, დღეისათვის უკვე ყველასთვის ცნობილი პიროვნების, როგორც არეოპაგიტულ წიგნთა ავტორის შესახებ შალვა ნუცუბიძის და შემდგომში ერნესტ ჰონიგმანის თვალსაზრისი.

Tuesday, April 9, 2019

წმიდა დიონისე არეოპაგელი და მისი თხზულებანი

105-108


ზოგადი მიმოხილვა; არეოპაგიტული შრომები

ჩვენი წინა საუბრები ეხებოდა იმ ეპოქას, რაც I ს-ის მიწურულსა და II ს-ის დამდეგს გულისხმობს, გარდამავალ ეპოქას უშუალოდ მოციქულთა მოწაფეების მოღვაწეობიდან საკუთრივ საეკლესიო მოღვაწეობამდე. ამ ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი განძი, რაც ღვთის მადლით ჩვენამდე შემონახულა, გახლავთ იმ შრომების ერთობლიობა, რომლებსაც არეოპაგეტული თხზულებები ეწოდება. ამ საუბრით ჩვენ სწორედ აღნიშნული თხზულებების შესახებ ვიწყებთ განხილვას. წინასწარ ძნელია განსაზღვრა რამდენი გადაცემა დასჭირდება შედარებით სრულყოფილი სახით ხსენებულ ნაშრომებზე საუბარს, მაგრამ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად არ შემოვიზღუდოთ, სათქმელი ასე თუ ისე ცხადად ჩამოვაყალიბოთ, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს ჭეშმარიტად უმნიშვნელვანესი მნიშველობის ძეგლებთან.

Monday, April 8, 2019

ეპისტოლე დიოგნეტესადმი

104


თხზულების განხილვა

ჩვენი წინა საუბრები ეხებოდა წმინდა ეგნატი ანტიოქიელის ეპისტოლეებს. ამჯერად კი განვიხილავთ დაახლოებით ამავე ეპოქისა და ამავე პერიოდის უაღრესად მნიშვნელოვან ადრექრისტიანულ ძეგლს, რომლის ავტორიც სამწუხაროდ ჯერჯერობით დადგენილი კვლავაც არ არის, რის გამოც ანონიმურ თხზულებად არის მიჩნეული ჯერ კიდევ ეს ძეგლი და რომლის სახელწოდებაც არის “ეპისტოლე დიოგნეტესადმი”.

თხზულება ჩვენამდე მხოლოდ ერთი ხელნაწერით იყო მოღწეული. სამწუხაროდ ეს ხელნაწერიც აღარ არსებობს, რადგან ხანძრის შედეგად განადგურდა იგი, მაგრამ საბედნიეროდ სანამ დაიწვებოდა მანამდე ეს ხელნაწერი შესწავლილ იქნა და ორგზის გამოქვეყნდა კიდეც და ამ სახით შემოგვენახა. თუმცა თვით ის ხელნაწერი, კვლავ აღვნიშნავთ, დღეს უკვე აღარ არსებობს.

Friday, April 5, 2019

წმიდა ეგნატი ანტიოქიელი (I-II ს.)

97-98,100-104


ზოგადი მიმოხილვა

წმინდა კლიმენტი რომაელის შესახებ ჩვენი განხილვები იმ რამდენიმე საუბრით, რაც უკვე წარმოდგენილი იყო, ვფიქრობთ, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, განსახილველი კვლავაც ბევრი გახლავთ, მრავალია მასალა საკუთრივ კანონიკური, ნამდვილად ავთენტური თხზულებების მხრივაც და იმ აპოკრიფული შრომების კვალობაზეც, რომლებიც რიცხობრივი თვალსაზრისით კიდევ უფრო ბევრია.

Tuesday, April 2, 2019

“მოციქულთა განწესებანი” საეკლესიო მწერლობაში

95-96


ჩვენი წინა საუბარი ეხებოდა წმინდა კლიმენტი რომაელის ავტორობით მოღწეულ ძეგლს სახელწოდებით “მოციქულთა განწესებანი”. ამ ძეგლის ზოგადი ისტორია ჩვენ ადრეც განვიხილეთ, როდესაც “დიდაქეზე” ვსაუბრობდით, წინა საუბარიც ამ საკითხს დავუთმეთ, ამჯერად კი შევეხებით ცალკეულ კონკრეტულ ცნობას, კონკრეტულ უწყებას აღნიშნულ თხზულებასთან დაკავშირებით.

ისტორიული ნიშნით “მოციქულთა განწესებანი”, რამდენადაც ჩვენ ეს დღეისათვის შეგვიძლია განვსაჯოთ, პირველად როგორც ჩანს დამოწმებული გვაქვს (ეს ალბათ უადრესი დამოწმებაა) II ს-ის დამდეგის ერთ-ერთ უდიდეს მოძღვართან და მარტვილთან წმინდა ეგნატი ანტიოქიელთან, რომლის ეპისტოლეებზეც, სხვათაშორის, ჩვენ დეტალურად ვიმსჯელებთ წმინდა კლიმენტი რომაელის მოღვაწეობის განხილვის შემდეგ. ეგნატი ანტიოქიელის ერთ-ერთ ეპისტოლეში, კერძოდ ეპისტოლეში “ტრალისელთა მიმართ” ჩვენ ვკითხულობთ: “რიდი გქონდეთ თქვენი ეპისკოპოსისაც, ვითარცა ქრისტესი, როგორც ეს თქვენთვის განაწესეს მოციქულებმა”.

Monday, April 1, 2019

ედიშერ ჭელიძე - "გარდამოცემის" გამოცემასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ




როგორც იცით მცირე ხნის წინ გამოიცა წმ. იოანე დამასკელის გარდამოცემის ახალქართული თარგმანი, პარალელური სამი ტექსტით (ბერძნული, რუსული და ინგლისური). აღნიშნული გამოცემის ფინანსური მხარე, მავანთათვის ზედაპირული და გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძელზე, გახდა პირადად ავტორის მიმართ ბრალდებების მიზეზი. ჩვენ (გვერდის ადმინისტრაცია) განმარტება ვთხოვეთ ბატონ ედიშერ ჭელიძეს, ქვემოთ გთავაზობთ მის პასუხს:


"ხსენებული წიგნი, რაც მოიცავს B5 ფორმატის 864 გვერდს, 2018 წ-ს დაფინანსდა განათლების სამინისტროს მიერ 35000 ლარად, რომლის 22100 ლარი გამოიყო სამეცნიერო მუშაობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის, ხოლო დანარჩენი 12900 გადაერიცხა სტამბას. ორივე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება თანხა 20 პროცენტიანი დაქვითვის გარეშე.

მას შემდეგ, რაც გადარიცხვისას მოხდა როგორც სასტამბო, ასევე სამეცნიერო მუშაობისთვის განკუთვნილი თანხების 20-პროცენტიანი დაქვითვა, საკუთრივ სამეცნიერო მუშაობასთან დაკავშირებით (ე. ი. სტამბური ხარჯების გარეშე) გამოყოფილი 22100 ლარიდან საბანკო გადმორიცხვით ჩაირიცხა მხოლოდ 17680 ლარი (დაიქვითა 4420 ლარი ანუ 20 პროცენტი), არცერთი თეთრით მეტი (ამ თანხის შემოწმება შეუძლია ნებისმიერ პირს, ვინაიდან აღნიშნული გადარიცხვის შესახებ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს ბანკშიც [სადაც ჩარიცხვა მოხდა, თუ არ ვცდებით, 2018 წ-ის დეკემბრის დასაწყისში], და სასულიერო აკადემიაშიც). ასე რომ, თქმა იმისა, თითქოს ედიშერ ჭელიძემ ხსენებული წიგნის გამოცემაში აიღო 35000 ლარი, არის, უბრალოდ,  სულიერი იდიოტიზმი.