Thursday, January 31, 2019

ედიშერ ჭელიძე - აპოკრიფულ წიგნთა ექვთიმე ათონელისეული ინდექსი

XI ს-ის დამდეგს ეკლესიის დიდ მამას ექვთიმე ათონელს გიორგი ჭყონდიდელისათვის (მეორე წყაროთი თეოდორე საბაწმინდელისათვის) გაუგზავნია წერილი, რომელშიც ათონელი მოძღვარი ეხება საეკლესიო ცხოვრებასთან, ღვთისმსახურებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებს. აღნიშნული წერილი განსაკუთრებით ფასეულია ქრისტიანული მწერლობის ისტორიისათვის, რამდენადაც მისი პირველი ნაწილი შეიცავს ეკლესიის მიერ შეუწყნარებელ წიგნთა ინდექსს.

ექვთიმეს ინდექსმა ჩვენამდე მოაღწია მოკლე და ვრცელი რედაქციების სახით. მოკლე რედაქცია დაცულია ორ უძელეს ნუსხაში: Ath. 79 (XI ს.)1, A-737 (XIII ს.)2. ვრცელი რედაქცია შემოგვინახა XVII ს-ის ხელნაწერმა A-4503.

ინდექსში დასახელებულია შემდეგი აპოკრიფულ-მწვალებლური თხზულებები: (1) ორიგენეს "მრავალი წიგნი", (2) ევსები პამფილის "წიგნი", (3) ანტიოქიის მოქცევა, (4) თომას სახარება, (5) წიგნი "აბუკუროვა", (6) პავლეს მიერ ცათა მოხილვა, (7) ადამის ცხოვრება, (8) სიყრმე უფლისა, (9) მათესა და ანდრიას "საქმენი", (10) გიორგის წამება, (11) კვირიკეს წამება. თითოეულ დასახელებას ახლავს მცირე კომენტარი.

რამდენადაც ინდექსის მოკლე რედაქცია უძველესი ნუსხებითაა წარმოდგენილი, ცხადია, ტექსტის დადგენისას უპირატესობა მას ენიჭება, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ფაქტობრივი მონაცემების თვალსაზრისით აღნიშნულ ორ რედაქციას შორის სხვაობა არ არის.

წმიდა ისიდორე პელუზიელი - რჩეული ეპისტოლეები

[80]წმ. ისიდორე პელუზიელი (IV-V სს.) ავტორია დაახლოებით 2000 ეპისტოლისა, რომელთა უდიდესი ნაწილი უაღრესად მნიშვნელოვანია საეკლესიო მოძღვრებისა და ეკლესიური მოღვაწეობის უკეთ გაცნობიერებისათვის. ქვემოთ წარმოვადგენთ ეპისტოლეთა ერთი ნაწილის თარგმანს, რაც შესრულდა ორიგინალის უახლესი მეცნიერული გამოცემიდან: Isidore de Péluse, Letters, t. I, ed. par P. Éuieux, Sources Chrétuennes. t. 422, Paris, 1997. ყოველი წერილის ბოლოს ფრჩხილებში გვერდები მითითებულია ამ გამოცემიდან.

წმიდა კირილე ალექსანდრიელი – სწავლებანი პირველქმნილი ადამიანის შესახებ

"ა. განა არ ვამბობ, რომ ამქვეყნად ადამიანი შეიქმნა ხატად ღვთისა?

ბ. როგორ არა!

ა. ჩვენში საღვთო ხატის შთამხატველი და ბეჭდის გვარად შთამტვიფრველი ზექვეყნიური მშვენიერბისა განა სულიწმინდა არ არის?

ბ. მაგრამ, ამბობენ, არა როგორც ღმერთიო, არამედ როგორც საღვთო მადლის მსახურიო.

ა. მაშ, თვით ის კი არ უნდა შთაინიშნებოდეს ჩვენში, არამედ მისმიერი მადლი.

ბ. როგორც ჩანს.

ა. მაშინ აუცილებელი იქნებოდა, რომ ადამიანი წოდებულიყო "ხატად მადლისა" და არა იმდენად "ხატად ღვთისა". დაუკვირდი მსჯელობას, რადგან, ვფიქრობთ, ბრძნულია და მარტივი იგი:

დასაბამში (ἐν ἀρχῇ) დაიბადა ცოცხალი არსება (τὸ ζῷον), რომელიც შექმნა ღმერთმა და, თანახმად წერილისა, პატივიც მიაგო თავისი ხელითქმნილობით. ამასთან, როგორც კი არსებობაში იქნა იგი შემოყვანილი, დაიხატა კიდეც ღვთისადმი, შთაებერა რა სული ცხოვრებისა, მაგრამ გაყიდა რა მან თავისი განწმენდილობა (τὸν ἁγιασμόν) უკეთურებისადმი გადაცდომის შედეგად, კვლავ იქნა ზეაყვანებული დასაბამიერი და უხუცესი მშვენიერებისადმი (εἰς τὸ ἐν ἀρχαῖς καὶ πρεσβύτατον αὖθις ἀνεκομίζετο κάλλος), რაჟამს ქრისტემ განაახლა (καινουργοῦντος, ლათ. restaurante. ფრ. renouvela) იგი, დაძველებული, ღვთიურ და გონისეულ სახედ და არათუ სხვა რამ გვარად, არამედ - დასაბამიერად, რადგან შთაჰბერა მან მოციქულებს და უთხრა მათ: "მიიღეთ სული წმინდა". ან კი განა ვინმე, თუკი იგი ქრისტეშია, არ არის ახალი შესაქმე"

Wednesday, January 30, 2019

ედიშერ ჭელიძე - გრიგოლ ნოსელის თხზულების "პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს" გამოძახილი ძველ ქართულ მწერლობაში

ნოსელის ნაწერების თარგმნა, რასაც სათავე დაედო VI-VII სს-ში, გიორგი მთაწმიდლის მიერ დასრულდა XI ს. 60-იან წლებში. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ქრისტეშობის საკითხავის ეფრემ მცირისეულ თარგმანს, გრიგოლ ნოსელის შრომების ქართული კორპუსის ჩამოყალიბების ზედა ზღვრად შეგვიძლია XI ს. 60-იანი წლები დავდოთ.

„პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“, რომელიც XI ს. 50-იან წწ.-ში ქართულად თარგმნა გიორგი მთაწმინდელმა, წარმოადგენს შესაქმის დასაწყისი მუხლების განმარტებას. ამ თხზულებამ კარგა ხანია მიიპყრო გვიანანტიკური და ადრებიზანტიური აზროვნების მკვლევართა ყურადღება. გრიგოლ ნოსელი სამყაროს დაბადების ბიბლიურ სურათს ფილოსოფიური ალეგორიზმის პრინციპებით აღიქვამს, შესაქმის შესახებ ადრექრისტიანულ მოძღვრებას გარეგნულ სიმარტივეს აცლის და ღრმა აზრით მსჭვალავს მას. ნისის ეპისკოპოსის მიზანია სიმარტივეში დაფარული მომენტების გამჟღავნება, ბუნდოვან თხრობაში მწყობრი ფილოსოფიური სისტემის ამოცნობა, რის გამოც დიდი კაპადოკიელი მოაზროვნე ანტიკური ფილოსოფიის მდიდარ მემკვიდრეობას ქრისტიანობის წიაღში აქცევს, ცდილობს სწორედ ანტიკური ფილოსოფიის საშუალებით გამოთქვას ბიბლიური შესაქმის არსი.

Tuesday, January 29, 2019

აპოკრიფული ძეგლი "იაკობის პირველსახარება"

შობა მარიამისა
იაკობის აპოკალიფსი

თორმეტი ტომის შესახებ უწყებიდან:

I.1. იყო იოაკიმი ფრიად მდიდარი და სწირავდა უფალს ორმაგ ძღვენს, თანაც გულში ამბობდა: "ის, რაც მე შევმატე, მთელი ერისათვის იყოს, ხოლო ძღვენი ცოდვათმიტევებისა უფალი ღმერთისათვის, რათა მიწყალოს"1.

2. მოახლოვდა უფლის დიდი დღე და შეწირეს ისრაელის ძეებმა შესაწირავი. იოაკიმს წინ გადაუდგა რუბენი და უთხრა: "არა გაქვს ნება პირველმა სწირო შენი ძღვენი, რადგანაც არ შეგიქმნია ნაშიერი ისრაელთა შორის"2.

3. დიდად დამწუხრდა იოაკიმი. მოიარა მან თავისი ერის თორმეტი ტომი. გულში ამბობდა: "მოვიხილავ ისრაელის თორმეტსავე ტომს3, ნუთუ მხოლოდ მე არ მრჩება ნაშიერი ისრაელთა შორის"? გამოიკითხა იოაკიმმა და ნახა, რომ ყველა მართალ კაცს ისრაელთა შორის მემკვიდრე ჰყავდა. გაიხსენა მან მამამთავარი აბრაამი, რომელსაც უფალმა ღმერთმა სიცოცხლის მიწურულს უბოძა ძე ისააკი.

Monday, January 28, 2019

პირველი ანათემატიზმა და მისი განმარტება

ანათემა

[28]თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია ემმანუელი და, ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან ხორციელად შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა!

წმ. კირილეს განმარტება:

ნიკიელთა ქალაქში თავის დროს შეკრებილმა ნეტარმა მამებმა, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მართალი და უყვედრელი სარწმუნოების განსაზღვრება, თქვეს რწმენა ერთი ღმერთისა, ყოვლისმპყრობელი მამისა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედისა; და ერთი უფლის, იესო ქრისტესი, მისი ძისა; და სულიწმინდისა. თქვეს მათ, რომ სწორედ ის სიტყვა, ღვთისგან ჩენილი, რომლის მიერაც შეიქმნა ყოველივე, რომელიც არის სინათლე სინათლისგან და ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისგან, - თვით იგი განსხეულდა, განკაცდა, ევნო და აღდგა, რადგან ბუნებით ღმერთად მყოფმა მამის მხოლოშობილმა სიტყვამ ითვისა აბრაამის თესლი, როგორც ამბობს ნეტარი პავლე, და იგი ჩვენს მსგავსად თანაეზიარა სისხლსა და ხორცს, როდესაც იშვა წმინდა ქალწულისგან ხორციელად და გახდა ჩვენებრ ადამიანი, არ დაცილებია რა ღმერთად ყოფნას (ნუ მოხდება ეს!), არამედ არის იგივე, რაც იყო, ღმრთეების ბუნებაში და დიდებაში დამკვიდრებული.

Sunday, January 27, 2019

წმიდა კირილე ალექსანდრიელი - თორმეტი ანათემა

[26]1 . თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია ემმანუელი და, ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან ხორციელად შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა!

2. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ მამაღმერთის სიტყვა ჰიპოსტასურად შეუერთდა ხორცს, რომ ერთია ქრისტე თავისი ხორცითურთ და რომ თვითვეა, ცხადია, ღმერთიც და ამასთან ადამიანიც, ანათემა!

3. თუ ვინმე ერთ ქრისტეში განყოფს ჰიპოსტასებს შეერთების შემდეგ და შეაკავშირებს მათ მხოლოდ ღირსებისმიერი ან თვითუფლებრივი ან ძალმოსილებითი თანაშეკავშირებით და არა, უმალ, ბუნებითი შეერთების შესაბამისი თანაშერთვით, ანათემა!

4. თუ ვინმე სახარებისეული და სამოციქულო ნაწერების სიტყვებს ანდა ქრისტეს შესახებ წმინდანთა გამონათქვამებს ან კიდევ თვით მის მიერვე თავის თავზე თქმულთ ორი პირისადმი ანუ ჰიპოსტასისადმი განყოფს და ერთ ნაწილს განუკუთვნებს მას როგორც ადამიანს, მამაღმერთის სიტყვისგან განცალკეცებით მოაზრებულს, მეორე ნაწილს კი, როგორც ღვთის შესაფერისს, მხოლოდ მამაღმერთის სიტყვას, ანათემა!

5. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ ღმერთშემოსილი ადამიანია ქრისტე და არა, უმალ, ჭეშმარიტად ღმერთი და ერთი და ბუნებითი ძე, როგორც ხორცქმნილი სიტყვა, და ჩვენს მსგავსად სისხლთან და ხორცთან ზიარებული, ანათემა!

წმიდა კირილე ალექსანდრიელი - სააღდგომო ჰომილია

[43]ალექსანდრიის ეკლესიაში წმ. დიონისე დიდის დროიდან (248-265 წწ.) დამკვიდრებული იყო ჩვეულება, რომლის თანახმადაც ალექსანდრიის ეპისკოპოსი ყოველ წელს, წინასააღდგომო მარხვის დაწყებისას, სადღესასწაულო ეპისტოლეს გზავნიდა მთელ თავის ეპარქიაში. აღნიშნულ ეპისტოლეს ჰომილიის სახე ჰქონდა.

ჩვენამდე მოღწეულია ამ სახის ჰომილიები, რიცხვით ოცდაათი, რომელთა ავტორია ეკლესიის უდიდესი მოძღვარი წმ. კირილე ალექსანდრიელი (412-444 წწ.). ქვემოთ წარმოვადგენთ მისი 21-ე სააღდგომო ჰომილიის თარგმანს (ორიგინალი გამოქვეყნებულია შემდეგ გამოცემაში. Patrologia Graeca, t.77, col. 849-857.).

Saturday, January 26, 2019

წმიდა კირილე ალექსანდრიელი - ბზობის წმინდა დღესასწაულის შესახებ

[33]სამეუფო შემოსვლას ვდღესასწაულობთ დღეს, მორწმუნენო. ამიტომ, ღვთისმშვენად შევეგებოთ მეუფეს. ჟამია ამიერიდან! ნუ დავიძინებთ, ღვთისკენ ავამაღლოთ გონება, ნუ ჩავაქრობთ სულს, მხიარულებით ავანთოთ ჩვენი ლამპრები, შევიცვალოთ სულის პერანგი (ქიტონი), ავიღოთ ბაიები ვით ძლევაშემოსილებმა, და ხალხთან ერთად იმას ვხმობდეთ, რასაც ხალხი ხმობს, ბავშვებთან ერთად კი ბავშვებივით ქება აღმოვთქვათ:

„ოსანნა, კურთხეულია, ვინც მოდის უფლის სახელით“ (მათე 21.9).

აჰა, მოვიდა; აჰა, გამოჩნდა; აჰა, შემოდგა მეუფე. კვლავ იერუსალიმში შედის იგი, კვლავ ჯვარი განემზადება, კვლავ ირღვევა ადამის ხელწერილი, კვლავ იხსნება სამოთხე, კვლავ სახლდება მასში ავაზაკი, კვლავ მემწყობრეობს ეკლესია, კვლავ ქვრივდება უკეთური სინაგოგა, კვლავ შეირცხვინებიან ეშმაკები, კვლავ ბორგნეულობენ იუდეველები, კვლავ გამოიხსნებიან მორწმუნენი. ყოველივე მოზიარეობს დღესასწაულთან, ყოველივე ქებას ასხამს მეუფეს. ცანი ხარობენ, მთები მხიარულობენ.

Thursday, January 24, 2019

წმიდა კირილე ალექსანდრიელი - ეპისტოლე იოანე ანტიოქელისადმი („ეფესოს სიმბოლო“)

[87]აღნიშნული ეპისტოლე, რიგით 39-ე, რასაც მესამე საყოველთაო ეპისტოლე ეწოდება და რაც ცნობილია „ეფესოს სიმბოლოს“ სახელით (Symbolum Ephesinum, 'Εφεσινόν σύμβολον), წმ. კირილემ 433 წლის გაზაფხულზე გაუგზავნა იოანე ანტიოქიელს იმ დიდი სიხარულის გამო, რაც გამოიწვია ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეკლესიათა შორის აღმოცენებული უთანხმოების აღმოფხვრამ. საგულისხმოა, რომ ქალკედონის IV მსოფლიო კრებამ საკრებო სანქცია მისცა ამ ეპისტოლეს და, კერძოდ, მასში დაცული აღსარებითი სიმბოლოს ჭეშმარიტებას. აღნიშნული ეპისტოლე ყველა ეპოქისათვის რჩება უდიდეს მოწოდებად მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი ერთიანობისა და განუყოფლობისკენ (ბერძნული ორიგინალისათვის იხ. PG. t. 77, col. 173-181).

ჩემს უფალს, საყვარელ ძმას და თანამწირველს, იოანეს, კირილე უფლის მიერ მოგიკითხავ!

„განიხარონ ცათა და იმხიარულოს მიწამ“ (ფს. 95.11), რადგან დარღვეულია „შუაკედელი ზღუდისა“ (ეფეს. 2.11), დამცხრალია საწუხარი და აღმოფხვრილია ორაზროვნების ყოველი სახე, მას შემდეგ, რაც მშვიდობა მიანიჭა თავის ეკლესიებს ყველა ჩვენგანის მაცხოვარმა ქრისტემ და რაც ამისკენ გვიწოდეს ჩვენ უკეთილმსახურესმა და უღვთისმოყვარესმა მეფეებმაც, გახდნენ რა ისინი წინაპრული კეთილმსახურების რჩეული მბაძველნი როგორც უცთომლად და შეურყევლად დამცვვლნი საკუთარ სულებში მართალი სარწმუნოებისა და გამორჩეულად მზრუნველნი წმინდა ეკლესიებზე, რათა უკუნისამდე ჰპოვონ მათ ხმაგანსმენილი დიდება და უკეთილსახელოვნესად გამოაჩინონ მათი მეფობა, რომლებსაც თვით ქრისტე, ძალთა უფალი, განუყოფს სიკეთეებს მდიდარი ხელით და, ერთი მხრივ, აძლევს მათ მოქიშპეთა მპყრობელობას, მეორე მხრივ კი ძლევას მიჰმადლებს.

Wednesday, January 23, 2019

წმიდა დიონისე არეოპაგელი - საღვთო სახელთა შესახებ

თანახუცეს(2) ტიმოთეს დიონისე ხუცესი საღვთო სახელთა შესახებ1

 

თავი I


[რა არის სიტყვის მიზანი და რა არის საღვთო სახელთა შესახებ გადმოცემა]2

[5]1. ახლა კი, ჰოი ნეტარო, “საღვთისმეტყველო განწესებათა”3(3) შემდეგ, როგორც საწვდომია, საღვთო სახელთა ახსნაზე გადავიდეთ. ხოლო ახლაც წინასწარგანსაზღვრული იყოს ჩვენთვის [წმინდა] ნასიტყვაობათა4 რჯულდება: შევეკრძალოთ5 ღვთის შესახებ თქმულთა ჭეშმარიტებას “არა ადამიანური სიბრძნის სარწმუნო სიტყვე[6]ბის მიერ”(4), არამედ ღვთისმეტყველთა სულითაღძრული ძალის “გაცხადებით” (შდრ. I კორ. 2,4), რომლის გზითაც უთქმელთ და უცოდნელთ უთქმელად და უცოდნელად შევერთვებით ჩვენეული აზრისმიერი და გონისმიერი6 ძალისა და მოქმედების ერთობისამებრ.

ამიტომ, არანაირად არ გაიბედება არც თქმა, არც რაიმეს გააზრება ზეარსი და ფარული ღმრთეების შესახებ(5) იმათ გარდა, რაც წმინდა ნასიტყვაობათაგან ღვთისსახოვნად თქმულა ჩვენდამი, რადგან სიტყვაზე, გონებაზე და არსებაზე უზემოეს ამ ზეარსულობას7(6) [ეთვისება] უცოდნელობა8. თვით მას უნდა განეკუთვნოს ზეარსი მეცნიერება(7), [ჩვენ კი] იმ ზომით ავიხედოთ აღმართისაკენ, რა ზომითაც გასცემს თავის თავს ღმერთმოთავეობით9 ნასიტყვაობათა სხივი(8) და უზენაეს ელვარებათა მიმართ საღვთოთადმი მრთელცნობიერებით10(9) და სიწმინდით შემოვიზღუდოთ; რადგან, - თუ[7]კი გვმართებს რაიმეთი ვერწმუნოთ ყოვლადბრძენ და უჭეშმარიტეს ღვთისმეტყველებას(10), - თითოეული გონების შესაფერისად ცხადდებიან და განიჭვრიტებიან საღმრთონი(11), როდესაც ღმერთმოთავეობითი სიკეთე მაცხოვნებელი სამართლიანობით(12) ღვთივღირსეულად განზღუდავს განზომილებაში მყოფთაგან [თავის] განუზომელობას(13), როგორც [მათთვის] ვერდასატევს.

წმიდა დიონისე არეოპაგელი - ციური იერარქიის შესახებ

მღვდელი დიონისე თანამღვდელ ტიმოთეს

ციური იერარქიის შესახებ

  I


1. “ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი სრულყოფილი ძღვენი გადმოდის ზემოდან, ნათელთა მამისგან” (იაკ. 1,17). მამა აღძრავს და აჩენს ნათელს, რომელიც კეთილი საბოძვარის სახით გვენიჭება. ნათლის ყოველი გამოსვლა, როგორც შემაერთებელი, ზეამზიდველი ძალა, აგვალივლივებს და მიგვაქცევს შემომკრებელი მამის ერთობისაკენ, ღმერთმყოფელი სიმარტივისაკენ, რადგანაც, თანახმად წმიდა სიტყვისა, “მისგან და მისთვის არის ყოველივე” (რომ. XI, 36).

2. მოვუხმობ იესუს, - მამისეულ ნათელს. იესუ არის “ჭეშმარიტი ნათელი, რომელიც ანათლებს ამქვეყნად მომავალ ყოველ კაცს” (იოან. I, 9), მის მიერ ვმაღლდებით მამისაკენ, თავდაპრველი ნათლისაკენ. იესუს ხსენებით, შეძლებისდაგვარად, მზერა მივაპყროთ მამათაგან გადმოცემულ უსამღვდელოეს სიტყვათა ზეამზიდველ ელვარებას, სადაც სახისმეტყველებით ვლინდება ციურ გონებათა იერარქია. როგორც ძალგვიძს, განვჭვრიტოთ იგი და არამიწიერი, შეუმკრთალი გონების თვალით შევიწყნაროთ მამისეული ღმერთმთავრობის ნათლისცემა, - თვით დასაბამი ნათლისა და ზედასაბამი, რომელიც იგავურად და სახეობრივად გვიცხადებს ანგელოზთა უნეტარეს იერარქიას და ამ გზით მამის მარტივი ბრწყინვალებისაკენ ზეაგვასწრაფებს. თვით ბრწყინვალების ერთიან წიაღს არასოდეს არაფერი აკლდება. სიკეთის ღირსებისამებრ, იგი მრავლდება, წინ მიიწევს და ვისთვისაც წინდაწინ ზრუნავს, მათ ეზავება, რომ შეიერთოს ისინი და აამაღლოს. ასეთ დროსაც ნათლის წიაღი მტკიცდება და ურყევად მკვიდრობს თავის შეუძრავ იგივეობაში, თანაც ყოველ ზემჭვრეტელს, ძალისაებრ, ზეაიზიდავს და სიმარტივის მიმნიჭებელი ერთობით შეაერთებს. შეუძლებელია, სხვაგვარად გამოგვიბრწყინდეს ღმერთმთავრობის ზეამზიდველი შარავანდედი, თუ არა წმიდა ფარდების ფერადოვნებაში დაფარული, სადაც, მამისეული წინაგანგებით, ჩვენი ბუნების შესაფერისად გარდაიქმნება იგი.

Tuesday, January 22, 2019

წმიდა გრიგოლ პალამა

საღვთო სულის გაცხადებისა და მისი დაყოფის შესახებ, რაც აღსრულდა სულთმოფენობის ჟამს. აქვე სინანულის შესახებაც
[55]მცირედით უწინარეს, სარწმუნოების დიდი თვალებით ვიხილეთ ამაღლებული ქრისტე და არაფრით დავკლებივართ იმათ ნეტარებას, რომლებიც ღირსნი გახდნენ საკუთარი თვალით ეხილათ იგი. უფალი ამბობს: „ნეტარნი არიან, რომლებსაც არ უხილავს და ირწმუნეს“ (იოანე 15.29). ამგვარნი არიან ისინი, რომლებმაც სმენის გზით ირწმუნეს გულსავსედ და რწმენის გზით იხილეს იგი.

ამრიგად, ახლახანს ვიხილეთ ქრისტე, მიწიდან სხეულით ამაღლებული, აწ კი მოწაფეებზე მისგან ვლენილი წმინდა სულის გზით იმას ვჭვრეტთ, სადამდე მიწევნილა ამაღლებული ქრისტე, რაგვარ ღირსებამდე აუყვანია ჩვენი ბუნება, მან რომ ითვისა. ჭეშმარიტად, იქ ავიდა, საიდანაც გადმოვიდა მისგან გზავნილი სული, ხოლო თუ საიდან გადმოვიდა სული, ამას გვიცხადებს ის, ვინც იოელ წინასწარმეტყველის პირით ამბობს: „გადმოვღვრი ჩემი სულიდან ყველა ხორცზე“ (იოელ. 2.28). და მისდამი ამბობს დავითი: „გამოავლენ შენს სულს და შეიქმნებიან, და განაახლებ მიწის პირს“ (ფს. 103.30).

წმიდა გრიგოლ პალამა - აღსარება მართლმადიდებლური სარწმუნოებისა

[135]ერთი ღმერთი ყოველთა უწინარეს, ყოველთა ზედა, ყოველთა შინა, ყოველთა უზესთაეს. რომელსაც თაყვანსვცემთ და ვერწმუნებით მამაში, ძეში და სულიწმიდაში; ერთება სამებაში და სამება ერთებაში შეურეველად შეერთებული და განუყოფლად განყოფილი, ერთება თვით და სამება ყოვლისშემძლე, მამა დაუსაბამო, მაგრამ დაუსაბამო არა მარტოდენ როგორც უჟამო, არამედ, როგორც ყოვლითურთ უმიზეზო, ერთადერთი მიზეზი, ძირი და წყარო ძეში და სულიწმიდაში ხილული ღმრთეებისა, ერთადერთი წინადაუსაბამო მიზეზი ქმნილებებისა, არა ერთადერთი დამბადებელი, არამედ ერთადერთი მამა ერთი ძისა და გამომავლინებელი ერთი სულიწმიდისა, უმეტესი ძისა და სულისა, - უმეტესი, მარტოდენ, როგორც მიზეზი, სხვა მხრივ კი ყოვლითურთ მათი თანასწორი ღირსებით; მისი ერთი ძე – დაუსაბამო, როგორც უჟამო, არათუ საკუთრივ დაუსაბამო, რადგანაც დასაბამად, ძირად და წყაროდ აქვს მას მამა და მხოლოდ მამისაგან გამოვიდა იგი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა უსხეულოდ, უცვლელად, უვნებლად, შობითად, განუყოფლად; ღმერთი ღმერთისაგან; არათუ სხვა არის, როგორც ღმერთი და სხვა – როგორც ძე, არამედ მარადის არის იგი და მარადის არის ძე და ერთადერთი ძე, რომელიც მარადის ღმერთთან თანამყოფია შეურევლად.

წმინდა გრიგოლ პალამა - წმინდა მთის ტომოსი[1]

მემყუდროეთა[2] შესახებ


(იმათ წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი გამოუცდელობისა და წმინდანებისადმი ურჩობის გამო უგულებელყოფენ  სულიწმინდის  საიდუმლო მოქმედებებს, გამოუთქმელად რომ იმოქმედებიან სულით მცხოვრებთა შორის და საქმეთაგან რომ ცხადდებიან, თუმცა კი სიტყვებით ვერ წარმოვაჩენთ მათ)

ამჟამად გავრცელებული, საზოგადოდ ყველასათვის ცნობილი და თავისუფლად ქადაგებული დოგმატები საიდუმლონი იყო მოსეს რჯულისა, სულიწმინდით წინასწარგანცხადებულნი მარტოოდენ წიასწარმეტყველთათვის. ის სიკეთენი, წმინდანებისადმი რომ არის აღთქმულნი სამერმისო საუკუნეში, - საიდუმლონია სახარებისებრ მოღვაწეობისა, რაც გადაეცათ და წინასწარ გაეცხადათ მათ, რომლებიც ღირსნი გახდნენ სულისმიერი მჭვრეტელობისა, თუმცა კი მათაც ზომიერად, თითქოს წინდის სახით.

ისევე, როგორც ვინმე იმჟამინდელი იუდეველთაგანი, თუკი უმადლოდ მოისმენდა იგი წინასწარმეტყველთა ნათქვამს, - რომ სიტყვა და სული თანამარადიულია და საუკუნეთა უწინარესი, - ალბათ, ყურებსაც კი დაიხშობდა, რადგან ჩათვლიდა, რომ ისმენდა იგი კეთილმსხურების მიერ აკრძალულ და კეთილმსახურთაგან აღიარებული სწავლების საწინააღმდეგო გამონათქვამებს, საწინააღმდეგოს, კერძოდ, ამ სწავლებისა: ,,უფალი, ღმერთი შენი, უფალი ერთი არს’’ (მარკ. XII 19), - ჩანს, ამჯერადაც იგივე შეემთხვევა მას, ვინც უკრძალველად ისმენს სულიწმინდის საიდუმლოებებს, შეცნობილთ მარტოოდენ სათნოების გზით განწმენდილთათვის. თუმცა, როგორც მაშინდელ წინასწარმეტყველებათა ახდომამ ცხადთან თანახმიერად წარმოაჩინა იმჟამინდელი საიდუმლონი და აწ გვწამს მამა, ძე და წმინდა სული, ღმრთეება სამგვამოვანი, ერთი მარტივი ბუნება, შეუდგენელი, შეუქმნელი, უხილავი, მოუაზრებელი, - მსგავსადვე, რაჟამს თავის დროზე გამოცხადდება სამერმისო საუკუნე, - გამოუთქმელი ცხადჩენისებრ ერთი ღმერთისა სამ სრულ გვამოვნებაში - ყველასათვის ნათელი გახდება, რომ  თანახმიერია ცხად [საქმეებთან][3] ამჟამინდელი საიდუმლონიც.

Monday, January 21, 2019

წმიდა გრიგოლ ნოსელი - სიტყვა სულიწმინდის შესახებ ანუ სულთმოფენობისათვის

[52]ყოველი დღესასწაულის შინაარსს უფრო ცისკროვანს ხდის თვით დავით წინასწარმეტყველი, რომელიც მარადჟამს, საჭიროების მიხედვით, შეაწყობს თავის მრავალშეწყობილ ქნარს.

დაე, ამავე წინასწარმეტყველმა გაგვიცისკროვნოს სულთმოფენობის ეს დიადი დღესასწაულიც, სიბრძნის სიმებზე სულიწმინდის თითით აგვიჟღეროს საგალობელი და ამ ღვთიური მელოდიით აღმოთქვას, რაც დღევანდელ მადლს ეთვისება:

„მოდით, ვილხენდეთ უფლის მიერ“ (შდრ. ფს. 94. 1).

უპირველესად, გვმართებს ვიცოდეთ, რა არის ეს მადლი, რომ შემდეგ მის შინაარსს ჯეროვნად შევუწყოთ წინასწარმეტყველების ხმა.

ამიტომ, ნება მომეცით, ყოველივე ამის შესახებ თანამიმდევრული რამ წესით, ძალისამებრ, ცხადად გაუწყოთ სათქმელი:

ღვთის შემეცნების გზას ასცდა დასაბამში კაცობრიობა. ადამიანებმა მიატოვეს ქმნილების მეუფე. ერთნი ქვეყნიერების სტიქიონებს დაემონენ შეცდომით, მეორენი დემონთა ბუნებას ეთაყვანენ, უმრავლესობას კი ღმერთად ესათნოვა კერპების ხელითქმნილი გამოსახულებაც კი, რის გამოც ბომონები, ტაძრები, იდუმალქმედებანი, მსხვერპლშეწირვები, სერტყები, სავანეები და სხვა ამგვარნი განუკუთვნეს ამ ცრუ ღმერთებს, რომ ემსახურათ მათთვის.

წმიდა გრიგოლ ნოსელი - ცხოვრება მოსესი, ანუ სათნოებისეული სრულქმნილების შესახებ

I ნაწილი

ისევე, როგორც მარულას მოყვარულები, გამარჯვების წყურვილით ავსილნი, დაუცხრომლად დაჰკიჟინებენ მათგან რჩეულ მოასპარეზეებს (რომლებიც, თავის მხრივ, არანაკლებ ეშურებიან სისწრაფეს), ზემოდან თვალს ადევნებენ ცხენთა რბოლას და, როგორც თვლიან, აგულიანებენ კიდეც მათ უმკვირცხლესი წინსწრაფვისაკენ, თვითვე ცხენებთან ერთად იჩოქებენ, მათრახის ნაცვლად კი ქნევაქნევით აშვერენ ხელებს და თუმცა მსგავსი შეძახილებითა და მიმორხევებით გამარჯვებას არაფერს ჰმატებენ, მოასპარეზეებისადმი კეთილგანწყობასა და მწველ სიყვარულს ცხადად წარმოაჩენენ, - ვფიქრობ, ასევე ვიქცევი მეც, მეგობართა და ძმათა შორის უპატიოსნესო, როდესაც სათნოების სარბიელზე საღვთო რბოლაში შენს ღირსეულ ასპარეზობას აქედან ვეხმიანები და ღვთივჩენილი საზღაურისაკენ მსუბუქი და დაუცხრომელი ხლდომით მსწრაფველს კიდევ უფრო წინ გაქეზებ, თანაც მომეტებული სისწრაფისაკენ გაგულიანებ.

როდესაც ამგვარად ვიღწვი, არათუ რაიმე პირუტყვული წადილით ვარ აღტკინებული, არამედ ვესწრაფვი მხოლოდ, რომ შეგეტკბო, როგორც ჩემს საყვარელ შვილს.

ეპისტოლეში, რომელიც ახლახან გამომიგზავნე, მთხოვდი, რაიმე რჩევა მომეცა სრულქმნილი ცხოვრების შესახებ. ამგვარი სათხოვარი უთუოდ ყურადღების ღირსია.

წმიდა გრიგოლ ნოსელი - სოფისტი ლიბანიოსისადმი1

[70]მამაპაპეული რამ ჩვეულების მიხედვით რომაელები დღესასწაულს მართავენ ზამთრის პერიოდში, როდესაც მზე ზევითა მხარეს ადის და მატებას იწყებს დღისეული ზომა. ითვლება, რომ წმინდაა თვის დასაწყისი და იბედებენ რა ისინი ამ დღის მიერ მთელ წელს, ბედნიერ შეხვედრებს, გასართობებსა და ნადიმებს აწყობენ.

რა მსურს, როდესაც ამით ვიწყებ წერილს?

ის, რომ მეც აღვასრულე ეს დღესასწაული, მათებრ შევიმკე რა ოქროთი2, რადგან ამ დღეს მომივიდა ოქრო, თუმცა არა ის ჩვეულებრივი ოქრო, რაც უყვართ ხელისუფალთ და რაც ძღვნად მიაქვთ მის მფლობელებს, - ნივთი დამამძიმებელი, უსარგებლო და უსულო, - არამედ ის, რაც ყველა სიმდიდრეზე უმაღლესია გონიერთათვის და რაც, პინდარეს თანახმად, საბოძვარია – ჭეშმარიტად უმშვენიერესი; ვამბობ შენს წერილზე და მასში [დაუნჯებულ] დიდ სიმდიდრეზე.

მოხდა ისე, რომ იმ დღეს ვეწვიე კაპადოკიელთა დედაქალაქს და შევხვდი იქ ერთერთ ჩემს ახლობელს, რომელმაც გამომიწოდა ეს ძღვენი, - ეპისტოლე, როგორც რამ ნიშანი დღესასწაულისა. გავიხარე რა ამ შემთხვევით, თანამყოფთა საერთო სარგებლობისათვის განვაწესე იგი (ეპისტოლე). ყველანი ეზიარნენ მას და დაეშურნენ, რომ თითოეულს მთლიანობაში ჰქონოდა იგი. არ დავზარალებულვარ არც მე, რადგან გაიარა რა ეპისტოლემ ყველას ხელში და გადაიბეჭდეს რა მათ [წერილის] სიტყვები, ნაწილმა – ხსოვნაში (ზედიზედ წა[71]კითხვის შედეგად), ნაწილმა კი – საწერ მასალაზე, კვლავაც ჩემს ხელში დარჩა იგი და მახარებს უფრო მეტად, ვიდრე [გაახარებდა] თვალს მრავალოქროვანი ნივთი.

Sunday, January 20, 2019

ედიშერ ჭელიძე - სახარება-ოთხთავის, როგორც "თავისუფლების რჯულის" შესახებ

ერთ-ერთი სქოლიო, დართული "სათნოებათმოყვარეობის" ქართულ თარგმანზე

წმიდა მარკოზ მონაზონი - "ამიტომ, "თავისუფლების რჯული" "საქმეთა" უწინარეს იკითხება"

წმ. მარკოზ მონაზონის ზემორე შეგონებაში ისაა ხაზგასმული, რომ "მოციქულთა საქმეების" წინ იკითხება "თავისუფლების რჯული". რა წიგნს უნდა გულისხმობდეს "თვისუფლების რჯული"? საზოგადოდ, ასკეტ მამებთან ძალიან ხშირია სიმბოლურ სახელდებათა გამოყენება. უთუოდ ასეთსავსე შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამჯერადაც. რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რომელი წიგნი უნდა ვიგულისხმოთ "თავისუფლების რჯულში", ამ მხრივ, უპირველსად ის უნდა აღვნიშნოთ, რომ მსჯელობა აშკარად ეხება საკუთრივ "ახალ აღთქმას" და "ახალი აღთქმის" შიგნით კონკრეტულად "საქმე მოციქულთას" წინმსწრებ წიგნს, ასეთი წიგნი კი არის მხოლოდ "სახარება-ოთხთავი". მართლაც, "ახალი აღთქმის" შედგენილობა, ყველა ადრეული წყაროს მიხედვით, თავში უეჭველად გულისხმობს "სახარებას", მის მომდევნოდ კი - "მოციქულთა საქმეებს". ეს ნიშნავს, რომ როდესაც ვკითხულობთ "ახალ აღთქმას", მიმდევრობითად ჯერ ვკითხულობთ "სახარებას", შემდეგ კი - "საქმეებს". ამ მოვლენაში წმ. მარკოზი ძალიან ღრმა აზრს ჭვრეტს. კერძოდ, მისი სწავლებით, "სახარება" ესაა მას მოდევნებულ "საქმეთა" გონება, ანუ ეს ნიშნავს, რომ "საქმეთა" წიგნში აღწერილია პრაქტიკული განხორციელება იმ გონითი ხედვისა, რაც მოციქულებმა მაცხოვრისგან მიიღეს და რასაც სახარება გვიცხადებს. მაშ, ცნობილი ასკეტური სწავლება "ხედვისა" და "საქმის" (ანუ "თეორიისა" და "პრაქტიკის") ურთიერთმიმართების შესახებ (რომ "ხედვა" წინმსწრებია, "საქმე" კი - მას მოდევნებული და მისი განხორციელება) წმ. მარკოზის სწავლებით ცხადდება "სახარებისა" და "მოციქულთა საქმეების" მდებარეობის მხრივაც ("სახარება" - წინმსწრები ხედვა საქმითი ღვაწლისა; "საქმე მოციქულთა" - ხედვას მოდევნებული პრაქტიკული მოღვაწეობა ანუ საქმე).

Thursday, January 17, 2019

წმიდა გრიგოლ ნოსელი - ეპისტოლე ევსებისადმი

[67]როდესაც მატებას (πλεονάζειν) იწყებს დღისეული ზომა ზამთრის სეზონში, კვლავ მიუბრუნდება რა ზენა სარბიელს მზე, ჭეშმარიტი სინათლის ღმერთმჩენეობას (“თეოფანიას”), ხორცის წიაღ ადამიანურ ცხოვრებაზე ზედმინათებულს, ვდღესასწაულობთ. ახლა კი, როდესაც წრეზე უკვე ცის შუაგულშია მნათობი, ისე, რომ ღამე და დღე თანაბარი ხანგრძლივობით თანაშეეზომება ურთიერთს, ადამიანური ბუნების სიკვდილიდან სიცოცხლისაკენ ზეასვლა საფუძველი ხდება ჩვენთვის ამ დიადი და საყოველთაო (καθολικῆς) დღესასწაულისა, რასაც ერთნაირად (κατὰ ταὐτὸν) დღესასწაულობს ადამიანთა მთელი სიცოცხლე, რომლებმაც კი ითვისეს აღდგომის საიდუმლო.

რა არის ამ ეპისტოლის განხილვის საგანი?

რადგან ჩვეულებრივია, რომ ამ საერთოსახალხო წმინდათვეობებზე ყველანაირად გავამჟღავნოთ ჩვენს სულებში ჩამკვიდრებული განწყობილება და როდესაც სადღაც ვიღაცეები საკუთარი საჩუქრების ძღვნად მირთმევით სიხარულს გამოხატავენ, ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, არც თქვენ დაგვეტოვებინეთ ჩვენეულ ძღვენთა მოურთმევლად, არამედ ჩვენმიერი სიგლახაკიდან ღარიბულ მოსაკითხთა მიერ მისალმების მარჯვენა გამოგვეწვდინა თქვენი მაღალი და დიდცნობიერი სულისათვის.

Wednesday, January 16, 2019

წმიდა გრიგოლ ნოსელი - ადამიანის შექმნის შესახებ

I-IV თავები

[შესავალი]

თუკი ქონებრივი საფასურით იქნებოდა საჭირო სათნოებით გამორჩეულთა დაჯილდოება, მცირე აღმოჩნდებოდა, როგორც ამბობს სოლომონი, მთელი ამქვეყნიური ქონება, რომ შესწორებოდა შენს სათნოებას, რადგან აღემატება სიმდიდრის პატივს შენი ღირსპატიოსნებისადმი რგებული მადლი. ხოლო ითხოვს ჩვენგან წმინდა აღდგომა სიყვარულის ჩვეულ საბოძვარს, რასაც ვუძღვნით კიდეც შენს მაღალ გონებას, - საბოძვარს, ჰოი ღვთის კაცო, თუმც უფრო მდარეს, ვიდრე ღირსეული იყო შენთვის საძღვნელად, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ჩვენს შეძლებაზე ნაკლებს. ხოლო ეს საბოძვარი არის სიტყვა, არა უშრომლად მოქსოვილი ჩემი გლახაკი გონების მიერ, როგორც რამ უბადრუკი სამოსელი. და თუმცა ამ სიტყვის მიზანი, ალბათ, კადნიერებად წარმოუჩნდება ბევრს, ნუ ჩაითვლება იგი არაჯეროვნად, რადგან ღვთის შესაქმე მხოლოდ მან შეიცნო ღირსეულად, ვინც ნამდვილად ღვთისებრ შეიქმნა (κατὰ Θεὸν κτισθεὶς) და ვინც შემოქმედის ხატებაში დაისახა სული1, ჩვენმა საერთო მამამ და მასწავლებელმა ბასილიმ, რომელმაც ყოვლიერების მაღალი სიმწყობრე მისეული განხილვის გზით ადვილსაწვდომი გახადა მრავალთათვის და ღვთის მიერ ჭეშმარიტი სიბრძნით შემტკიცებული ქვეყნიერება შეაცნობინა მათ, რომლებსაც მანვე საკუთარი შემეცნებით უწინამძღვრა ხედვისაკენ2.

წმიდა გრიგოლ ნოსელი – რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა?

[9]იმათ მსგავსად, რომლებსაც მართებთ, დღიურად უხადონ ბეგარა ბატონს, მაგრამ ვერ ახერხებენ რა ამას, დღითი-დღე იგროვებენ ვალს, შემდეგ კი, თუკი რამ სიმდიდრეს მოიპოვებენ, ერთბაშად და სრულად გაისტუმრებენ ყველაფერს, რაც აქამდე ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადათ, - ამგვარადვე ვიქცევი მეც შენი ღირსპატიოსნების წინაშე.

ვალდებული ვარ, რომ უწყვეტად გწერდე, რადგან დაპირება ვალია ქრისტიანისთვის. ამიტომ, რაც განვლილ დროში უნებურად დაგაკელი და ვერ მოგწერე, აწ აღვასრულებ, იმდაგვარად განვავრცობ რა ეპისტოლის მოცულობას, რომ იგი, ჩვეულებრივი წერილის ზომაზე დაყოფილი, მრავალი წერილის ტოლფასად ჩაითვალოს; თუმცა ფუჭად რომ არ ვიყბედო იმაზე, თუ რა სიგრძისაა ნაწერი, ვფიქრობ, კარგი იქნება, ამ ეპისტოლის ხმით გარდასულს მივბაძო, ოდეს პირისპირ ვესიტყვებოდით ურთიერთს.

Tuesday, January 15, 2019

ედიშერ ჭელიძე - ხარება-დღეს მცხეთის კურთხევის (ე.წ. მცხეთის აღაპის) შესახებ

მისასალმებელია, აგრეთვე, ქალაქ მცხეთის წოდება „წმინდა დედაქალაქად“, თუმცა, სამწუხაროდ, ამავეს ვერ ვიტყვით კიდევ ერთ ბოლოდროინდელ სიახლეზე, რაც ისევ მცხეთას უკავშირდება და გულისხმობს ხარება-დღეს ამ ქალაქის კურთხევას.

აღვნიშნავთ, რომ არსობრივ პრობლემას ქმნის არა ქალაქის კურთხევა (თუმცა ქვეყანაში კურთხევითი მიზნით მხოლოდ ერთი ქალაქის გამოყოფა სხვა ქალაქებისგან მაინც იწვევს სირთულეს), არამედ იმაზე აქცენტირება, რომ აღდგა უძველესი ტრადიცია, რაც თითქოსდა უკავშირდება XI ს-ის წმინდა კათოლიკოს-პატრიარქს მელქისედეკ I-ს. გვარწმუნებენ, რომ ამ ჭეშმარიტად განსაკუთრებულ მოღვაწეს ხარების დღესასწაული (25 მარტი) დაუდგენია „მცხეთის აღაპის“ ანუ მცხეთის კურთხევის დღედ, რაც თურმე უწყვეტად აღესრულებოდა ყოველ წელს და, ასე ვთქვათ, გაუქმებულა მხოლოდ ეგზარქოსობის დროს.

წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი - სამადლობელი[1]

გმადლობ, თაყვანს გცემ და შეგივრდები შენ, ყოვლის უფალო და ყოვლადწმინდა მეუფეო, რომ ზეგარდმო ნებით შემიწყალე მე უღირსი, პატივი მომაგე და მადიდე მე, რადგანაც სამყაროს შექმნის უწინარესვე შენში მფლობდი მე მთლიანს[2]. სიტყვითა და შენი ხატით პატივმყავ და მადიდე მე; არათუ სხვა მიზეზით, მარტოდენ ჩემთვის, რომელიც ვარ შენი ხატისებრ და მსგავსებისებრ[3], არარსებობას განაშორე ყოველივე. მეუფედ შემქმენ მთელი ქვეყნისა შენი დიადი საქმეების, შენი სიკეთის სადიდებლად.

გმადლობ შენ, რადგანაც აღმისრულე ყოველივე ჩემი ვედრება, ჩემი გულისთქმა სასიკეთო, როგორც ეს შენვე აღგვითქვი ჩვენ, შენს მონებს. თუმცა უღირსი ვიყავ ცისა და მიწის, უხვად მომმადლე, რაც კი მეწადა, - უმეტესად მოლოდინისა, რადგანაც ასე თქვი: ”ყველაფერი, რაც ითხოვეთ ჩემი სახელით, მორწმუნეებმა მიიღოთ” (იოანე 14,13; მათე 21,22)

მსურდა მეხილა ვინმე ერთი შენს წმინდათაგან, რომლის რწმუნებით მეც ვპოვებდი მოწყალებას შენს წინაშე. გმადლობ, რადგანაც, - სახიერო, - არა მხოლოდ ეს აღმისრულე, და მიჩვენე მე შენი მონა გულითადი, - ვამბობ ნეტარ და წმინდა სვიმეონს, ვინც შენი ნებით მე შემიყვარა, - არამედ სხვაც მომმადლე სიკეთე ბევრი, რის მოლოდინიც არა მქონდა.

წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი – ქრისტეს აღდგომის შესახებ

თუ რა არის აღდგომა ქრისტესი, ანდა როგორც აღსრულდა იგი ჩვენში, მასში კი ჩვენი სულის აღდგომა. რა არის საიდუმლო ამ აღდგომისა (წარმოითქვა აღდგომის შემდეგ მეორე კვირის ორშაბათს).
ძმანო და მამანო. აჰა, აღდგომა, დღე საამური, დღე ყოველგვარი მხიარულებისა და სიხარულისა; შემოიქცევა ჟამი და მარადიულად მოგვეახლება აღდგომა ქრისტესი, უფრო კი ყოველდღიურად და მარადჟამს აღსრულდება მათში, რომლებმაც უწყიან ამ დღის საიდუმლო.

აღდგომის დღესასწაულმა სიხარულითა და ლხინით აგვივსო გულები, ერთბაშად გააქარწყლა მან ყოვლადწმიდა მარხვის სიმძიმე ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, სრულყო ჩვენი სულები და ამავე დროს, ნუგეში სცა მათ. ამ დღემ უხმო ყველა მორწმუნეს, რომ ილხენდნენ და აღავლენდნენ სამადლობელს; აწ კი, როგორც ხედავთ, მიიწურა იგი.

ვმადლობდეთ უფალს, ვინც გვიწინამძღვრა მარხვის ზღვაში, ვინც სიხარულით შეგვიძღვა მისი აღდგომის ნავსადგურში. ვმადლობდეთ მას ყოველნი, რომლებმაც მდუღარე სურვილითა და სათნო საქმეებით კეთილად და წადიერად განვვლეთ სარბიელი მარხვისა; ვმადლობდეთ ისინიც, რომლებიც მოვუძლურდით ამგვარ ღვაწლში სულმოკლეობისა და სულიერი სისუსტის გამო; ვმადლობდეთ უფალს, რადგანაც სწორედ ის არის, ვინც საქმეთაებრ უხვად მიმადლებს მხნედ მოღვაწეებს გვირგვინსა და ღირსეულ სამძალს, ხოლო უძლურთ კეთილმოწყალედ და კაცთმოყვრულად მიუტევებს, რადგანაც იგი უფრო იმას ჭვრეტს, თუ რას ესწრაფვის, რას განიზრახავს ჩვენი სული, ვიდრე იმას, თუ როგორ ვიღწვით ხორციელად. როდესაც სათნოებაში ვიწრთობთ თავს, ან ფრიად ვამკაცრებთ ღვაწლს თანახმად სულიერი მოთხოვნილებისა, ანდა გვძლევს ჩვენი სხეულის უძლურება და ვერ ვუტოლდებით მოღვაწეებს, ხოლო უფალი იმ საზომით მოგვიზღავს ყველას, იმ საზომით მოგვანიჭებს სულიწმიდის მადლს, რა საზომითაც გამოვავლენთ ჩვენს გულისწადილს, რადგანაც იგი ზოგ მოღვაწეს სახელს გაუთქვამს და განადიდებს, ზოგ მოღვაწეს კი, ვისაც მართებს უფრო მეტად მკაცრი განწმენდა, სიგლახაკეში ამყოფებს კვლავაც.

Monday, January 14, 2019

ნიკეის I მსოფლიო კრების დოგმატის ორი რედაქცია

ნიკეის I მსოფლიო კრების (325 წ.)
დოგმატი
გვწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისმპყრობელი, შემოქმედი ცისა და მიწისა, ხილულთა ყოველთა და უხილავთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი მამისა, რომლის მიერ ყოველივე შეიქმნა.

რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხონებისათვის გარდამოხდა ცათაგან, და ხორცი შეისხა სულიწმიდისა და მარიამ ქალწულისგან, და განკაცდა. და ჯვარს-ეცვა ჩვენთვის პონტოელი პილატეს დროს და ევნო და დაეფლა. და აღდგა მესამე დღეს, წერილთა თანახმად. და აღვიდა ცათა მიმართ, და მჯდომარეა მამის მარჯვნივ. და კვალად მომავალია დიდებით, განსჯად ცოცხალთა და მკუდართა, რომლის სუფევისა არ იქნება დასასრული.

და სულიწმიდა.

ხოლო რომლებიც ამბობენ, რომ “იყო, როდესაც არ იყო”, და რომ “შობამდე არ იყო”, და რომ არაარსთაგან შეიქმნა ანდა ამბობენ, რომ არსებობს იგი სხვა ჰიპოსტასისგან ან არსებისგან, ან კიდევ, რომ ცვალებადია ან გარდაქმნადი ძე ღვთისა, ამათ შეაჩვენებს კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.

Sunday, January 13, 2019

წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი - სიყვარულის შესახებ

(აგრეთვე, იმის შესახებ, თუ როგორაა სულიერ კაცთა გზანი და საქმენი. აქვეა ნეტარყოფა მათი, რომლებიც გულისმიერ სიყვარულს ფლობენ)

ძმანო და მამანო! თუმცა მწადია, სულისმარგებელი რამ გაუწყოთ თქვენ, მაგრამ თვით ქრისტე, ჭეშმარიტება, მოწამეა იმისა, რომ ვეკრძალვი მე თქვენს სიყვარულს, რადგანაც ვიცი უღირსება ჩემი. ამის გამო მარადჟამს დუმილს ვარჩევდი, როგორც ეს უწყის უფალმა, და არც არასოდეს ავწევდი თავს, რომ არ მეხილა კაცის სახე, რადგანაც მგმობდა მე სინდისი. სწორედ რომ უღირსებით ვიჩინე ყველა თქვენგანის წინამძღვრად, თითქოსდა ვიყო მე გზის მცოდნე, მე, რომელმაც ისიც კი არ ვიცი, ფეხს სად ვაბიჯებ, რომელიც წვერსაც კი არ შევხებივარ იმ გზისა, ღვთისაკენ რომ მოგვიძღვის. არცთუ მცირედი ურვა და წუხილი მიპყრობს, რადგანაც მე, გლახაკი, გამომირჩიეს წინამძღვრად თქუენდა, უპატიოსნესთა, თუმცა თქვენგანვე მმართებს წინამძღვრობა, როგორც უმცირესს ჟამითა და ასაკით, ამასთან გამოუცდელს, რამეთუ არ ძალმიძს ჩემივე ცხოვრებიდანაცა დავიმოწმო რამ და ამ გზით დაგმოძღვროთ თქვენ, დაგმოძღვროთ და შეგახსენოთ რჯულისა და საღვთო ნების შესახებ. ასე რომ, რასაც გაუწყებთ, ვიცი, ჩემს მიერ არაფერი ქმნილა მათგან. ისიც კარგად ვუწყი, რომ უფალი და ღმერთი ჩვენი ფუჭად მესიტყვეს როდი ნეტარყოფს, არამედ მას, ვინც სიტყვას საქმე წაუმძღვარა: “ნეტარი არის, ამბობს, ვინც ქმნა და ასწავლა: დიდი ეწოდება მას ცათა სასუფეველში” (შდრ. მათე 5, 19). ამგვარ მოძღვარს მოწაფეებიც ყურს უგდებენ და მისდამი ბაძვას ეშურებიან, თუმცა იმდენად სიტყვებიდან როდი ირგებენ, რამდენადაც აღანთებთ მათ მოძღვრის კეთილი საქმეები და აიძულებთ, იგივე ქმნან; თვით მე ამგვარ საქმეთა უმეცარი ვარ და კარგსაც ვერაფერს ვხედავ ჩემში, მაგრამ გეაჯებით და გევედრებით ყველა თქვენგანს, საყვარელნო ძმანო ჩემნო. არათუ ჩემს ამღვრეულ ცხოვრებას ჭვრეტდეთ, არამედ – საუფლო მცნებებსა და წმიდა მამათა შეგონებებს, რადგანაც მათ, ჩვენს მნათობთ, იმგვარი არაფერი დაუწერიათ, რაც წინდაწინვე თვით არ უქმნიათ, რა საქმეშიც ისინი თავად არ წარმატებულან.

წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი - სინანულისა და მწუხარების შესახებ

თუ როგორ მოვიპოვებთ მას და რომ ცრემლთა გარეშე შეუძლებელია სიწმიდისა და აუმღვრევლობის მიღწევა (I ნაწილი)
როდესაც ამოიკითხავთ თქვენ, მამანო და ძმანო, ღვთივსულიერ ნაწერებს ჩვენი წმიდა მამის სვიმეონ სტუდიელისა, ნაწერებს მის მაღალ საქმეთა შესახებ, რომლებიც მანვე, სულიწმიდის მიერ აღძრულმა, დაგვიტოვა ჩვენდა სარგებლად, ჰპოვებთ, რომ ბევრ სხვა “ზებუნებრივ საქმესთან ერთად ამასაც გარკვევით გვიწერს და გვასწავლის იგი, რასაც თვითვე უცვლელად იცავდა მთელი ცხოვრება: “ძმაო, ნურასოდეს ეზიარები ცრემლთა გარეშე”. როდესაც ამგვარი რამ ესმათ მისგან, - ხოლო მსმენელთა შორის მრავლად იყვნენ არა მხოლოდ საერონი, არამედ, აგრეთვე, მონაზონნი, სათნოებით სახელგანთქმულნი და დიდებულნი, - გაიკვირვეს მათ წმიდა მამის ეს სიტყვები, ერთურთს მიაპყრეს მზერა და, ცალკერძ ღიმილით, ერთსულოვნად და ერთხმად თქვეს: “ამიერიდან ვერასოდეს ვეზიარებით და დავრჩებით ყველა უზიარებლად!” ამის გამგონემ, მე, გლახაკმა და უბადრუკმა, განმარტოებით ყოფნის ჟამს გავიხსენე ზემორე სიტყვათა მთქმელნი, აგრეთვე, ის სიტყვები, რაც მათგან ითქვა, დავნაღვლიანდი, ავტირდი მწარედ და გულდამძიმებულმა ასე ვთქვი ჩემთვის: ნუთუ მართლაც ამგვარად ჭვრეტენ ამ საქმეს, ნუთუ მართლაც შეუძლებელი ჰგონიათ იგი და რაც თქვეს, გულით თქვეს? იქნებ, პირიქით, უმნიშვნელო ღვაწლად შერაცხეს მათ მარტოდენ ცრემლთაღვრა ზიარების ჟამს და უფრო ამიტომ გაიცინეს მოძღვრის ნათქვამზე, რადგანაც, ჭეშმარიტად, ვისაც ყოველი დღე-ღამის საქმედ არ გაუხდია ტირილი ქრისტეს, ღვთის წინაშე, ვერანაირად ვერ შეძლებს იგი მოთქმა-გოდებასა და ცრემლთა ნაკადის დენას ვერც მაშინ, როდესაც საღვთო საიდუმლოთა მიღებას დაეშურება. ვერავინ შეძლებს ამას, თუ, რა თქმა უნდა, ფარული რამ განგება ანდა იშვიათი რამ მიზეზის შემთხვევითობა არ მოქმედებს მასზე, ეს კი გასაკვირი არ გვეჩვენება, რადგანაც ბევრი ვინმე სულის ამოსვლის დროსაც ტირის და ცრემლს ადენს (თუმცა არათუ მართლა ბევრი, პირიქით, მეტად ცოტა და თითზე ჩამოსათვლელი).

Friday, January 11, 2019

ედიშერ ჭელიძე - მცხეთის ჯვრის ღვთისმეტყველება

[84]ჯვარცმული მაცხოვრის კვართისა და მცხეთის ჯვრის სულიერი განუყოფლობა გვავალდებულებს უფრო ღრმად გავიცნობიეროთ მცხეთის ჯვრის ღვთისმეტყველებაც.
ქართულ საეკლესიო ტრადიციაში ცნობილია სათნო გადმოცემა მცხეთაში ჯვრის აღმართვისა და შემდგომ მისი სასწაულებრივი გამოჩინების შესახებ. ეს მოვლენები საგანგებო დღესასწაულებით აღინიშნებოდა. კერძოდ, პირველი (ჯვრის აღმართვა) იდღესასწაულებოდა აღდგომიდან მესამე კვირადღეს ("დღესა კჳრიაკესა, აღვსებისა ზატიკის-ზატიკისა"), ხოლო მეორე - სულთმოფენობის შემდგომ პირველ ოთხშაბათს და ორივე ეს ერთმთლიანი მოვლენა თავისი მადლმოსილებით უთანაბრდებოდა, ერთი მხრივ, 14 სექტემბერს ჯვრის აღმართვის (ანუ ძველი ქართულით "ჯუართა აღპყრობის") და მეორე მხრივ, იერუსალიმში აღსრულებული ჯვრის გამოჩინების (351 წ., ხსენება 7 მაისს) უდიდეს დღესასწაულებს.

აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით ყველაზე ძველი და დაწვრილებითი უწყება დაცულია სახელგანთქმულ ძეგლში "მოქცევაჲ ქართლისაჲ", რომლის ოცდამესამე და ოცდამეოთხე თავები მოგვითხრობს მცხეთის ჯვრის აღმართვის შესახებ. ამავე თხრობას გადმოგვცემს ლეონტი მროველის "ქართლის ცხოვრებაც". მცხეთის ჯვრის აღმართვის ამბავი დაცულია, აგრეთვე, არსენ ბერის შრომაში "ცხორებაჲ წმიდისა ნინოჲსი" და, კიდევ, ანონიმი ავტორის თხზულებაში "ცხორებაჲ ღირსისა ნინოჲსი".

ედიშერ ჭელიძე - საუფლო კვართის შესახებ

[47]მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკეობის ანუ მსოფლიოობის და, რაც იგივეა, მისი მხოლოობისა და ერთმთლიანობის გაუქმება, სანაცვლოდ კი თვისობრივი ეროვნული ეკლესიების სიმრავლის შემოტანა, რომელთა თითქოსდა ჯამი ყოფილა მართლმადიდებელი ეკლესია, განსაკუთრებით შეუსაბამოა საქართველოში მწირველი მართლმადიდებელი ეკლესიის ანუ საქართველოს ადგილობითი მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც ქრისტეს მხოლო და მარადგანურღვეველი კვართის (მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოობისა და განუყოფლობის გამაცხადებლის) ღვთივგანგებული ებგურ-გუშაგის, ღვთივდადგენილი კვართისმცველის სამოღვაწეო დანიშნულებასთან, რაც სწორედ ერთეკლესიობის დაურღვევლობისთვის დაუცხრომელ მორკინალობას გულისხმობს.

ამ საკითხს საგანგებოდ შევეხეთ ადრეც, როდესაც მკითხველს სრულად გავაცანით უდიდესი ღვთისმეტყველის, III ს-ის სახელგანთქმული მღვდელმოწამის კვიპრიანე კართაგენელის სულიერი განმარტება უფლის "უკერველი, ზეით-ქსოვილი [ზეგარდმო-ქსოვილი] კვართის" შესახებ. კვლავ დავიმოწმებთ დიდი მოძღვრის სწავლებას:

"ეს საიდუმლო ერთიანობისა (Hoc unitatis sacramentum), ეს საკრველი დაურღვევლად შენაწევრებული ერთსულოვნებისა ვლინდება მაშინ, როდესაც სახარებაში კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი არანაირად [48]არ ნაწილდება, არც იხევა, არამედ ქრისტეს იმ სამოსზე წილისყრის ჟამს, რაც ჰმოსავდა ქრისტეს, კვართი მიიღება როგორც მთლიანი სამოსი და მფლობელობაში გადაეცემა დაუზიანებელი და დაუნაწილებელი... კვართი მატარებელი იყო იმ ერთობისა, რაც მოდის ზემოდან ანუ ციდან და მამისგან და რაც არანაირად არ შეიძლება დარღვეულიყო მისი (კვართის) მიმღებლისა და მფლობელის მიერ, არამედ იგი განუყოფლად იცავდა ერთობლივად მთლიან და მკვრივ სიმტკიცეს. ქრისტეს შესამოსლის ფლობა არ ძალუძს იმას, ვინც არღვევს და განყოფს ქრისტეს ეკლესიას"1.

Thursday, January 10, 2019

ედიშერ ჭელიძე - უძველესი წყარო ორმოცდაათდღიანი მსგეფსის ანუ ხსნილის შესახებ

(აღდგომიდან სულთმოფენობის ჩათვლით)

[16]"დიდი სჯულისკანონის" ძველ ქართულ ხელნაწერებში (A 76, K 17, H 1670) დაცულია თარგმანი უაღრესად მნიშვნელოვანი კანონიკური ძეგლისა სათაურით: "კანონი სამეოცდამეცხრე წმიდათა მოციქულთა ოთხშაბათ-პარასკევთათჱს” (გამოცემულია კ. კეკელიძის მიერ. იხ. ”ეტიუდები”, IX, თბ. 1963, გვ. 84-122). როგორც სათაურიდანაც ჩანს, ხსენებულ ძეგლში მოციქულთა სამოცდამეცხრე კანონის (აგრეთვე, სხვა კანონიკური დადგენილებების) საფუძველზე დასაბუთებულია ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის აუცილებლობა მთელი წლისათვის. ამასთან, მითითებულია ისიც, თუ როდის არის ეს დღეები (ოთხშაბათ-პარასკევი) ხსნილი ანუ როდის გვაქვს მსგეფსი. თხზულების ავტორის მიერ მოხმობილი კანონიკური წყაროებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი უძველესი დოკუმენტი, რაც მოთავსებულია უშუალოდ მოციქულთა კანონის შემდეგ და რაც წარმოადგენს IV ს-ის საღვთო მოძღვრის, წმ. ათანასე დიდის განწესებას, მიღებულს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მიერ (325 წ.). საგულისხმოა, რომ ეს დოკუმენტი დაცული ყოფილა ძალიან ძველ ეტრატის ხელნაწერში. მისი მომძიებელი (ზემოხსენებული კანონიკური თხზულების ავტორი) ხაზგასმით აღნიშნავს:

”პირველსა კრებასა შინა დიდისა ათანასისგან დადებულისა განწესებისაგან, რომელი ვპოვე ფრიად ძუელსა შინა მრგუალსა ეტრატისა წიგნსა” (გვ. 88).

“ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა” (იოანე, 20.17)

განმარტებათა ნაკრები

წმ. გრიგოლ ნოსელი (334-394)
ქრისტეს აღდგომის შესახებ I ჰომილია

"ნუღარ ვეძიებთ მკვდართა შორის ცოცხალს, რადგან მის ამგვარად მაძიებელს განირიდებს უფალი, ეუბნება რა: "ნუ შემომეხები მე, არამედ როდესაც ავალ მამასთან, მაშინ შეძლებ, რომ შემეხო". ეს ნიშნავს: ნუღარ აღიბეჭდავ შენს რწმენაში სხეულებრივ და მონურ ხატებას, არამედ თაყვანი ეცი ღვთის სიტყვად მყოფს, რომელიც არის მამისეულ დიდებაში და ჰგიეს ღვთის ხატებაში, - და არა ხატს მონისას" (Gregorius Nyssenus Opera 9.304.14-306.3).

Wednesday, January 9, 2019

ედიშერ ჭელიძე - ცხონების აღმოცისკრება

მორწმუნე მრევლის წინაშე სამწუხარო მისიით წარდგომა გვიწევს. იძულებულნი ვართ, საჯაროდ განვაცხადოდ, რომ საქართველოში თავი იჩინა ახალმა, გაუგონარმა მწვალებლობამ, - გაუგონარმა თავისი მკრეხელობით, უმეცრების ხარისხით, გაკერპებისა და კადნიერი შეუსმენლობის უკიდურესობით.

საქმე ეხება, - არც მეტი, არც ნაკლები, - უფლის ნათლისღების უწმინდესი და უდიდესი დღესასწაულის, 6 იანვრის სრულ დაგმობას, მის შეგინებას და, შესაბამისად, ნებსით თუ უნებლიეთ, მაცხოვრისა და სულიწმინდის ღმერთობის უარყოფას.

მკითხველს ემახსოვრება, რომ ჩვენს წიგნში "მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს სამოცქიულო ეკლესიაში" ვამხილებდით არქიმანდრიტების რაფაელისა და ლაზარეს უკიდურესად ცთომილ შეხედულებებს. ამ ცთომილებათა შორის მინიშნებითად განვიხილავდით და ყოვლითურთ ვგმობდით მათი სულიერი წრიდან მომდინარე გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ მაცხოვრიესეული ანუ ახალი აღთქმისეული (ე.ი. წყლითა და სულით აღსრულებული) ნათლობა თითქოსდა მხოლოდ სულთმოფენობის შემდეგ ხდება სავალდებულო, ხოლო ძველი აღთქმის მართალთა მცირერიცხოვანი კრებული, ადამიდან დაწყებული და იოანე ნათლისმცემლით დაბოლოებული, ცათა სასუფეველში მკვიდრობს მოუნათლავად, ახალი აღთქმის მაცხოვნებელ ნათლობასთან სრულიად უზიარებლად. სწორედ ამ აზრის უარსაყოფად ხაზგასმით მივუთითებდით, რომ ყველა მართალი ძველი აღთქმისა სულიერად სრულად ინათლება ჯოჯოხეთში მყოფი, ანუ ისინი სულიერად სრულად იღებენ ახალი აღთქმისეული, ქრისტესეული, ე.ი. წყლითა და სულით ნათლობის მაცხოვნებელ მადლს, რაც მათზე სრულ მოქმედებას იწყებს გოლგოთის მსხვერპლის შემდეგ. ამიტომ აღვნიშნავდით კატეგორიულად:

Tuesday, January 8, 2019

ედიშერ ჭელიძე - მოუნათლავ ჩვილთა შესახებ

საკითხი იმ ჩვილთა შესახებ, რომლებიც უნათლავად აღესრულნენ (ან მუცელში ან მცირე ასაკში), დღეისათვის აქტუალური გახდა, რის გამოც ვგრძნობთ აუცილებლობას მკითხველის წინაშე წარმოვაჩინოთ ამ პრობლემასთან დაკავშირებული ზოგი წყარო.

აქვე აღვნიშნავთ ერთ სამწუხარო ფაქტს: ზემოაღნიშნულ საკითხს ხშირად, სურათის გასამუქებლად, თვითგანზრახულად აბამენ და ამთლიანებენ ისეთ თემებთან, რაც ეკლესიისათვის სრულიად უცხოა და მიუღებელი. კერძოდ, თითქოს ზემორე საკითხის წამოჭრაც კი უკვე გულისხმობდეს სახიფათო დაშვებას იმისას, რომ ღვთის "გულმოწყალებით" ცხონდებიან მოუნათლავი ხალხები და ერები, რომ თითქოს დასაშვები ხდებოდეს ჯოჯოხეთში წარმართთა განსაწმენდელი ცეცხლის არსებობა, რომ თითქოს ეჭვის ქვეშ დგებოდეს გარდაუვალი აუცილებლობა ნათლობისა, მაცხოვრის გამომსყიდველობითი ღვაწლისა და სხვა და სხვა. ასე შემოიტანება აბსოლუტურად უცხო თემატიკა და შემდეგ მიმდინარეობს ქიმერასთან სრულიად გაუგებარი შებრძოლება (როგორც ჩანს, სხვათა გონებაში საკუთარი "მართლმადიდებლური მხნეობის" ჩასაბეჭდად), რითაც კომპრომეტირება ხდება წმინდა მამათა მთელი მწყობრისა.

ედიშერ ჭელიძე - ეკლესიის სწავლება ადამიანთა სულების წარმოშობის შესახებ

საღვთისმეტყველო სწავლება ადამიანის სულთან მიმართებით მრავალ საკითხს მოიცავს. ამჯერად ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ მართლმადიდებელ მოძღვართა განსაზღვრებანი საკუთრივ კაცობრივ სულთა აღმოცენება-წარმოშობის ანუ მათი დაბადების შესახებ.

ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადღეისოდ, როდესაც (ადრეც აღგვინიშნავს) ვრცელდება და ლამის "ურყევ მართლმადიდებლურ დოგმატად დგინდება" აზრი მშობელთა სულებისგან შვილთა სულების გენეტიკური მომდინარეობის შესახებ. ეს აზრი შემდეგი ფორმითაა ჩამოყალიბებული მიტროპოლიტ მაკარის მიერ:

"როგორღა გავიგოთ ეს სულთა შექმნა? თავად ეკლესია ზუსტად არ განსაზღვრავს,1 თუმცა, მეხუთე მსოფლიო კრების, ნეტარი თეოდორიტესა და, განსაკუთრებით, წმინდა ლეონის მიერ წარმოდგენილ მოწმობათა საფუძველზე და ეკლესიის სხვა დოგმატებთან შესაბამისობაში, უნდა ვიფიქროთ, რომ აქ იგულისხმება არა უშუალო შესაქმე ღვთისა, არამედ შუალობითი - რომ ღმერთი ქმნის ადამიანთა სულებს, ისევე როგორც სხეულებს, სწორედ იმავე კურთხევის ძალით - "ინაყოფიერეთ და გამრავლდით", რაც მან მიჰმადლა ჩვენს პირველმშმობლებს ჯერ კიდევ დასაბამში, - ქმნის არა არაფრისგან, არამედ მშობელთა სულებისგან. მაშ, ეკლესიის სწავლებით, თუმცა კი ადამიანთა სულები არსებობას იღებენ შესაქმის შედეგად, მაგრამ ისე, რომ მათზე მშობლებისგან გადადის პირველმშობელთა ცოდვის სენი, - ხოლო ეს არ შეიძლება მომხდარიყო, ღმერთს რომ არაფრისგან შეექმნა ისინი.

Friday, January 4, 2019

ედიშერ ჭელიძე - დიდმარხვაში ერისკაცთათვის თევზის ნებადართულობის შესახებ

"მცირე სჯულისკანონის", წმ. ექვთიმე მთაწმინდელისა და წმ. ფოტი მიტროპოლიტის რჯულდებანი დიდმარხვაში ერისკაცთათვის თევზის ნებადართულობის შესახებ
სახელგანთქმული რჯულდებითი ძეგლი, რასაც ბერძნულში "კანონარი" (Κανονάριον) ეწოდება, სლავურ-რუსულში "ნომოკანონი" (Номоканон), წმ. ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანში კი "რჩულისკანონი", იმავე წმ. ექვთიმეს მიხედვით, შეუდგენია VI ს-ის ცნობილ მოღვაწეს, კონსტანტინოპოლის პარტრიარქ წმ. იოანე მმარხველს (582-595)1. ბერძნულ ხელნაწერში, ისევე როგორც ექვთიმესეულ თარგმანში, ავტორად წარმოდგენილია "ღირსი მამა ჩვენი იოანე მმარხველი, რომელიც იყო პატრიარქი კონსტანტინოპოლისა" (ამ ხელნაწერის ტექსტი ცნობილი გახადა პიტრამ. იხ. Pitra, Spicilegium Solesmense, t. IV, 1858, p. 436-438). აღნიშნული ძეგლი მეცნიერულად გამოიკვლია და ქართულ-სლავურ თარგმანებთან ერთად გამოსცა ნ. ზაოზერსკიმ (ქართული ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ა. ხახანაშვილმა. იხ. Н. А. Заозерский, А. С. Хаханов, Номоканон Иоанна Постника в его редакциях: Грузинской, Греческой И Славянской, М. 1902).

Thursday, January 3, 2019

ედიშერ ჭელიძე - ანგელოზთა რომელი დასის წევრები არიან მიქაელი და გაბრიელი?

ერთ-ერთი სქოლიო, დართული წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაზე

”წმინდა გრიგოლმა უთხრა ნეტარ ფებრონიას: ”რა გითხრა შენ ანგელოზმა?” მართლაც, ღმერთი იყო ყოვლითურთ მათ შორის” - შდრ. ”წმიდამან გრიგოლ ჰრქუა ნეტარსა ფებრონიას, ვითარმედ: ”რაჲ გრქუა შენ ანგელოზმან?” რამეთუ ღმერთი იყო ყოვლადვე მათ შორის”.

მოტანილი ადგილი აშკარად ცხადყოფს, რომ ხსენებული ”ცხოვრების” მიხედვით ღმერთი თავის ნებას ანგელოზთა მეშვეობით უცხადებს წმინდანებს. საზოგადოდ, წინამდებარე ძეგლი მრავალ ადგილას გვაუწყებს ანგელოზურ ძალთა შესახებ, რომლებიც ევლინებიან წმინდანებს, მეურვეობენ მათ, შუამდგომლობენ ღვთის წინაშე და ზეაყავთ წმინდანთა სულები მათი ხორციელი აღსასრულის შემდეგ. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, მხოლოდ საკუთრივ ანგელოზთა დასი (ე.ი. ანგელოზურ იერარქიაში ზემოდან მეცხრე ხარისხი) ასრულებს შუამავალ ფუნქციას ღმერთსა და წმინდა ადამიანებს შორის თუ - ანგელოზურ ძალთა უფრო აღმატებული მწკრივებიც, უნდა ითქვას, რომ წინამდებარე ”ცხოვრებაში” შუამავლებად იხსენიებიან სწორედ ”ანგელოზები”, რაც საფიქრებელია დასობრივი გაგებისა იყოს (იხ. განსამარტავი სიტყვები). თუ ეს მართლა ასეა, მაშინ ამგვარ ანგელოლოგიას შეიძლება ახსნა მიეცეს წმ. დიონისე არეოპაგელის მოძღვრების კვალობაზე, რომლის თანახმადაც მხოლოდ ”ანგელოზთა” დასია განწესებული ადამიანთა უშუალო მაუწყებლებად საღვთო ნების შესახებ.

Wednesday, January 2, 2019

ედიშერ ჭელიძე - ზოგი სარწმუნოებრივ-დოგმატური საკითხის შესახებ

ალმანახ "ლიმონარის" №2-ში (1995 წ.) გამოქვეყნდა შემფასებლობითი ხასიათის სტატია, რომელსაც სათაურად აწერია: "რედაქციისაგან" (გვ. 7). მართალია, აღნიშნულ სტატიაში კონკრეტული ადრესატი მითითებული არ არის, მაგრამ ყველა მკითხველისათვის სავსებით ცხადია, რომ ხსენებული ალმანახი მიზნად ისახავს ჟურნალ "გზა სამეუფოს" განქიქებას და იმ ეკლესიის მამათა (განსაკუთრებით კლიმენტი ალექსანდრიელის) გაკიცხვას, რომელთაც მიეძღვნა ჟურნალის პუბლიცირებული ნომრები

ჩვენ ამ შემთხვევაში გვერდს ვუვლით აღნიშნული სტატიის ცალკეულ სარწმუნოებრივ-ტერმინოლოგიურ უზუსტობებს და ყურადღებას მივაქცევთ მხოლოდ უმთავრესს.
ხსენებული სტატია მთელი პრინციპულობით ავლენს ორ ასპექტს:

I. აზრი იმის შესახებ, რომ ანტიკურ აზროვნებაში არსებული ჭეშმარიტების რამ მარცვლები ღვთივმომდინარეა, სტატიის ავტორთა მიხედვით თითქოს სრულიად უარყოფილია უცთომელი მართლმადიდებლობის მიერ.

II. თვით სტატიის ავტორები მსჯავრს განაწესებენ უცთომელი მართლმადიდებლობის მწვერვალიდან და, ეჭვი არ არის, თავიანთ თავს სწორედ მართლმადიდებლური უცთომელობის დამცველებად წარმოგვიჩენენ.

შევეხოთ სტატიის ორივე მხარეს:

"უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები" (ფილიპ. 3.13)

ერთ-ერთი სქოლიო, დართული "სათნოებათმოყვარეობის" ქართულ თარგმანზე

"წინ გავწვდებით სულიერ ჭვრეტათა მიმართ" - ტერმინი "წინ გავწვდებით" ბერძნულში ასეთი შესატყვისითაა წარმოდგენილი: ἐπεκτεινώμεθα (რუს. воспростремся). აღნიშნული ტერმინი, რასაც უდიდესი საღვთისმეტყველო დატვირთვა აქვს, მარადიული სულიერი წინსვლის ანუ მარადმზარდი სულიერი პროგრესის, განღმრთობის გზაზე მარადგაძლიერებადი სულიერი წინწვდომის, ღვთისკენ მარადისი წინგაწვდომის შინაარსით გამოყენებულია პავლე მოციქულის მიერ, რომლის განმაღმრთობელ სწავლებას ქვემოთ სრულად დავიმოწმებთ:

ἀδελφοί, ἐγὼ ἐμαυτὸν οὐ λογίζομαι κατειληφέναι' ἓν δέ, τὰ μὲν ὀπίσω ἐπιλανθανόμενος τοῖς δὲ ἔμπροσθεν ἐπεκτεινόμενος, κατὰ σκοπὸν διώκω εἰς τὸ βραβεῖον τῆς ἄνω κλήσεως τοῦ θεοῦ ἐν Χριστῷ Ἰησοῦ. ὅσοι οὖν τέλειοι, τοῦτο φρονῶμεν καὶ εἴ τι ἑτέρως φρονεῖτε, καὶ τοῦτο ὁ θεὸς ὑμῖν ἀποκαλύψει• πλὴν εἰς ὃ ἐφθάσαμεν, τῷ αὐτῷ στοιχεῖν. Συμμιμηταί μου γίνεσθε, ἀδελφοί, καὶ σκοπεῖτε τοὺς οὕτω περιπατοῦντας καθὼς ἔχετε τύπον ἡμᾶς (ფილიპ. 3.13-17; შდრ. ძვ. ქართ. "ძმანო, მე არღარა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად; ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები, და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ. რაოდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდეთ; და სხუასა თუ რასმე ზრახვიდეთ, და იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ. გარნა, რომელსა-ესე მივსწუეთით, მასვე ვზრახვიდეთ და მასვე წესსა ზედა ვეგნეთ. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ძმანო, და ხედევდით, რომელნი-იგი ესრეთ ვლენან, ვითარცა-ესე ვართ ჩუენ სახე თქუენდა").