Monday, December 31, 2018

წმიდა გრიგოლ ნოსელი (334-394) - მაცხოვრის შობისა და ბეთლემში ამოწყვეტილ ჩვილთა შესახებ[1]

დაჰბერეთ საყვირს ახალთვეზე”, - ესე იგი ჩვენს კეთილნიშნოვან დღეს, - ამბობს დავითი (ფს. 80.4), ხოლო რადგან ღვთივსულიერი მოძღვრების ბრძანებანი უთუოდ რჯულდებაა მსმენელთათვის, ამიტომ, დადგა რა ჩვენი დღესასწაულის კეთილნიშნოვანი დღე, ჩვენც აღვასრულოთ რჯულდება და გავხდეთწმინდათვეობის მესაყვირენი .

რჯულისეული საყვირი, როგორც გვამცნებს მის გააზრებას მოციქული, ესაა სიტყვა, რადგან მოციქულის თქმით, საყვირის ხმა შეუმჩნეველი კი არ უნდა იყოს, არამედ - ხმებში გამოკვეთილი, მსმენელთათვის გასაგებად (1 კორ. 14, 7-9).

ამრიგად, ავახმოვანოთ ჩვენც, ძმანო, ბრწყინვალე რამ და სმენადი ხმოვანება, პატივით არანაირად ნაკლები რქის საყვირზე.

თვით რჯულმაც, რომელიც აჩრდილის სახეებში წინასწარ ხატმწერლობდა ჭეშმარიტებას, საყვირთა ახმოვანება კარვისშენების ჟამს რჯულდებულყო; აწინდელი საფუძველიც დღესასწაულისა ესაა ჭეშმარიტი კარვისშენების საიდუმლო, რადგან ამ დღეს უშენდება ადამიანური კარავი მას, ვინც ჩვენს გამო ადამიანი შეიმოსა, ამ დღეს ჩვენი კარვები, სიკვდილისგან დაცემულნი, კვლავაც თანაშეიმტკიცება იმის მიერ, ვინც დასაბამში გვიშენა ჩვენი საცხოვრისი.

Sunday, December 30, 2018

ედიშერ ჭელიძე - ანგელოზთა იერარქიის შესახებ

ერთ-ერთი სქოლიო, დართული წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაზე


წმინდანის ანგელოზთა დასში შერაცხვა და ზეციურ საკურთხეველთან მარადიული მსახურების ღირსად მისი გახდომა აღძრავდა ინტერესს იმის შესახებაც, თუ რომელი მოღვაწე კონკრეტულად რომელ ანგელოზურ დასში იმკვიდრებდა ადგილს. წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში გრიგოლის აღსასრულის აღწერისას თქმულია, რომ იგი "მონაზონთა ერისთავის" ანტონი დიდის დასში იქნა განწესებული ("ყოველთა მართალთა შორის დასსა მას მონაზონთა ერისთავისა მამისა ჩუენისა დიდისა ანტონისსა ნათელსა შინა დაუღამებელსა", თ. 84), მაგრამ თუ რომელ ანგელოზურ დასში მკვიდრობდა თვით ანტონი დიდი, ანუ, საზოგადოდ, სხვა ღირსეული ბერ-მონაზვნები, ამის შესახებ პირად თვალსაზრისს ვხვდებით წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფესთან, ნიკიტა სტითატთან.

ედიშერ ჭელიძე – დოგმატი და იკონომია

ეკლესიის მამათა მოღვაწეობა, როგორც ამას მკაფიოდ წარმოაჩენს საეკლესიო ისტორია, ყველა ეპოქაში განისაზღვრებოდა და განისაზღვრება ორი ნიშანთვისებით. ესენია: დოგმატი და იკონომია, რომელთაგან პირველი, დოგმატური მოღვაწეობა, გულისხმობს ღვთივბოძებული უცთომელი და შეუძრავი სწავლების დამკვიდრებას კაცობრიობაში როგორც კაცობრიობის გადარჩენის, მისი ცხონების, ცოდვისგან მისი გათავისუფლების ერთადერთ საფუძველს, ხოლო მეორე, იკონომია, პრაქტიკაში თავისი გამოვლენის მასშტაბით შთამბეჭდავად ადასტურებს, რომ ეკლესია არა მხოლოდ მკაცრი მამხილებელია, არათუ დაუყოვნებლივ მომკვეთელია უკეთურებისა და ამ უკეთურების ნებსით დამონებული ადამიანებისა, არამედ იგი, ამავე დროს, ბუნებითი პედაგოგია, აღმზრდელია, მშობლისებრ დამმოძღვრელია.

ეკლესია, როგორც მართლმკვეთელი, დოგმატიკოსია, ეკლესია, როგორც პედაგოგი, სულთა დიდი იკონომოსია, თუმცა თვით ამ იკონომოსობის მიზანდასახულობაც მხოლოდდამხოლოდ იმავე უცთომელი დოგმატიკის, როგორც გადარჩენის ანუ ცხონების ერთადერთი წესის, დანერგვაა კაცობრიობაში. ამიტომაა, რომ ეკლესია, რომელიც ცოდვას ვერ შეურიგდება, მყისიერად ამხილებს მას, მაგრამ იგივე ეკლესია ცოდვილს, ცოდვას დამონებულ ადამიანს მყისიერად როდი მოიკვეთს. პირიქით, იგი მიმართავს დიდ გარჯილობას, ავლენს განსაკუთრებულ პედაგოგიურ დამოკიდებულებას ცოდვილისადმი და, ვითარებიდან გამომდინარე, იჩენს ჭეშმარიტად მომობრივ ლმობიერებას, რომ ცთომილების ტალღებში შთანთქმადნი თანდათანობით გამოარიდოს წარწყმედის მორევს.

Saturday, December 29, 2018

ედიშერ ჭელიძე - პეტრე იბერის თაობაზე

საკითხი პეტრე იბერის მონოფიზიტური აღმსარებლობის შესახებ იმდენად გამორკვეულია მართლმადიდებელ ეკლესიაში V ს-დანვე, იმდენად აბსოლუტურად ერთაზროვნად და ურყევადაა ეს ფაქტი დადგენილი საუკუნეების მანძილზე, რომ ამ მხრივ დღეს რაიმე სერიოზული მსჯელობის წარმოება სხვა არაფერია, თუ არა მართლმადიდებელი ეკლესიის საუკუნოვანი განჩინების ეჭვის ქვეშ დაყენება და, შესაბამისად, უკიდურესი შეურაცხყოფა ეკლესიის უცთომელობის დოგმატისა.

ესაა იმავე მასშტაბის მკრეხელობა, როგორიც იქნებოდა, ვთქვათ, დისკუსიის მოწყობა თემაზე, თუ რა აღმსარებლობისა იყო არიოზი, მართლმადიდებელი იყო ის თუ არიანელი. მართლაც, აღმსარებლობითი ცთომილების ხარისხით, პეტრე იბერის მართლმადიდებლად კანონიზების მცდელობა ტოლფასია იმისა, რომ კანონიზებულ ვყოთ არიოზი ან ნესტორი. მიუხედავად აღნიშნულისა, ვითვალისწინებთ რა შექმნილი ვითარების სიმძიმეს, არ უგულებელვყოფთ აუცილებლობას იმისას, რომ მოვიტანოთ უტყუარი ისტორიული ფაქტები პეტრე იბერის აღმსარებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, ორიენტაცია გვაქვს რა მასობრივ მკითხველზე, ამჯერად წარმოვადგენთ მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილ ქრესტომათიულ მონაცემებს ყოველგვარი მეცნიერული განხილვების გარეშე, რადგან ფაქტი თვითონ ღაღადებს ჭეშმარიტებას. თან, ფსევდობრალდებათა თავიდან ასაცილებლად, მოცემულ შემთხვევაში დავკმაყოფილდებით არსებითად მხოლოდ რუსული ციტატებით, რომ ინგლისურ-ფრანგულ-გერმანული აურაცხაელი გამოკვლევის დამოწმება მავანთათვის არ გახდეს თავის დაძვრენის საბაბი იმაზე ხაზგასმით, თითქოს ჩვენ არამართლმადიდებლურ წყაროებს ვიმოწმებთ.

Friday, December 28, 2018

ედიშერ ჭელიძე - როგორი კაცობრივი სხეული მიიღო მაცხოვარმა - ადამის დაცემამდელი (ცოდვამდელი) თუ დაცემის (ცოდვის) შემდგომი?

აღნიშნულ კითხვაზე დოგმატური პასუხი მართლმადიდებელმა ეკლესიამ გასცა თავისი ამქვეყნიური დაფუძნებისთანავე. მეტიც, თვით წმინდა ოთხთავში უცხადესადაა ნაუწყები, რომ მაცხოვრის ყოვლადპატიოსანი და ყოვლადუცოდველი ხორცი უკლებლივ ყველა თავისი ბუნებითი თვისებით იყო აბსოლუტურად იმგვარი, როგორიც გახდა ადამის ხორცი ცოდვითდაცემის შემდეგ. მართლაც, წმინდა მოძღვართა მიერ შეუძრავ და ცხონების ქვაკუთხედ დებულებად არის დადებული სწავლება იმის შესახებ, რომ პირველცოდვამ ადამის სხეული, რაც მანამდე ღვთის მადლით იყო უხრწნადი, უკვდავი და უვნებო (ანუ ცოდვამდელი სხეული არ ექვემდებარებოდა სიკვდილს და არ განიცდიდა არანაირ ვნებულებას - არც შიმშილს, არც წყურვილს, არც დაღლას, არც ძილს და არაფერს ამგვარს სხვას, რაც კი უყვედრელ ვნებულებად იწოდება), ცოდვისა და დაცემის შემდეგ გახდა ბიოლოგიურად ხრწნადი, მოკვდავი და ვნებული (ანუ დაექვემდებარა უყვედრელ ვნებულებებს: შიმშილს, საზრდოს მსაჭიროებლობას, წყურვილს, მოწყლვადობას, ხორციელ ტკივილს, ძილს, გამონადენს, დაღლადობას და ა.შ.). შესაბამისად, უნათლესია, რომ მაცხოვარი, რომელსაც კაცობრივად ჭეშმარიტად მოშივდა, ჭეშმარიტად მოსწყურდა, ჭეშმარიტად დაიღალა, ჭეშმარიტად ეძინა, ჭეშმარიტად ჰქონდა ოფლი, ცრემლი, სისხლი, ჭეშმარიტად იტანჯა (ივნო) ჯვარზე და ა.შ., თავისი კაცობრივი სხეულით ბუნებითად უიგივდებოდა ადამის ცოდვითდაცემულ ხორცს, იმ განსხვავებით, რომ მაცხოვარმა ამგვარი (ცოდვითდაცემული და დასნეულებული) სხეული მიიღო ყოვლად უცოდველად ანუ სრული უცოდველობით, მაშინ როცა ადამმა (და ადამში მთელმა კაცობრიობამ) სწორედ საკუთარი ცოდვით და დანაშაულით (გარდასვლით) თვით დაისნეულა თავისი თავი და სამართლიანად მიიღო სასჯელი, ერთ მხრივ, ხორციელი მოკვდავობა, ხრწნადობა და ვნებადობა, მეორე მხრივ კი, ხორციელი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში შთაკვეთებულობა ანუ სულიერი სიკვდილი.

Thursday, December 27, 2018

ედიშერ ჭელიძე - ადამიანი-ხატი პირმშოხატისა

გაზეთ "მადლის" 1995 წლის 18 მარტის ნომერში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია სათაურით: "სამების ხატი ერთია" (გაზეთის რედაქტორი გვანცა კოპლატაძე, სტატიის ავტორი გრიგოლ რუხაძე).

აღნიშნული სტატია, როგორც მოსალოდნელი იყო, აღბეჭდილია სრული გაუთვითცნობიერებლობით, რაც ბუნებრივად განაპირობებს ავტორის უზომო თავდაჯერებას. შედეგად, სახეზე გვაქვს უმძიმესი დოგმატური თუ სხვა სახის ცთომილებები, რაც უაღრესად სამწუხაროა.

დავიწყოთ უმთავრესით, რაც სტატიის სათაურშივეა გატანილი და რასაც აღნიშნული სტატიის მთელი ბოლო ნაწილი ეძღვნება.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ჟურნალ "გზა სამეუფოს" 1994 წლის I ნომრის ერთერთ შენიშვნაში გამოვაქვეყნეთ წმ. ეფრემ მცირის მიერ თარგმნილი საღვთისმეტყველო კომენტარი ადამიანის, როგორც მამის "პირმშო ხატის" ანუ ძე ღმერთის "ხატად" შექმნის შესახებ. მთელი შენიშვნა (წმ. ეფრემის მიერ თარგმნილი ტექსტითურთ) ასეთია:

ედიშერ ჭელიძე - წმ. თამარ მეფის ე.წ. მეოთხე ჰიპოსტასობისა და "ბუნებითი ღმერთობის" შესახებ

"ქართლის ცხოვრებაში" შემავალი ძეგლებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ცნობილი ნაშრომი "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", რომლის მიმართ, სარწმუნოებრივ-საღვთისმეტყველო გაგებით, ბოლო ხანებში სერიოზული გაუგებრობა აღმოცენდა. საქმე ეხება საკითხს წმ. თამარ მეფის ე.წ. მეოთხე ჰიპოსტასობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულება აღნიშნულ საკითხზე წლების წინ ჩამოვაყალიბეთ და არაერთ საჯარო თუ რადიო ლექციაში არსებითი ნაწილი მსმენელამდე მივიტანეთ კიდეც, მაინც, ზოგადადაც და კონკრეტულად ხსენებული ძეგლის ხელახალი გამოცემის პერსპექტივაში, კვლავაც სრულიად აშკარაა წამოჭრილი პრობლემის საგანგებო განხილვის აუცილებლობა.

წინდაწინ აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად ზემორე საკითხის მრავალ მკვლევართან გაჟღერებისა, არსებითად ჩვენს წინაშეა ორი გამოკვეთილი (ამასთან, ურთიერთმონათესავე) თვალსაზრისი თამარის თითქოსდა "ბუნებითი ღმერთობის" შესახებ.

პირველი "კონცეპტუალური ეგზეგეზისი" (შეგვიძლია ასე ვუწოდოთ) აღნიშნულ პრობლემაზე, ჩანს, ყალიბდებოდა XX ს-ის 60-70-იან წლებში და ბოლოს იგი ასე იქნა ფორმულირებული:

Wednesday, December 26, 2018

ედიშერ ჭელიძე - გამოხმაურება დავით თინიკაშვილის შენიშვნებზე


რედკოლეგიისთვის (იგულისხმება თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომების რედკოლეგია) ცნობილი გახდა დავით თინიკაშვილის შენიშვნები ედიშერ ჭელიძის ერთ-ერთი სტატიის ინგლისურ რეზიუმესთან დაკავშირებით, რაც ამ უკანასკნელს (. თინიკაშვილს) 2016 (უნდა იყოს 2017) - გამოუქვეყნებია საინტერნეტო ფორუმის მასალებში.

სრულად მოვიტანთ დავით თინიკაშვილის შენიშვნების ტექსტს:

"ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორის, პროფესორ ედიშერ ჭელიძის რედაქტორობით გამოცემულ კრებულს აწერია: Theological-Scientific Works, VI, 2015. ამავე ნომერში გამოქვეყნებულია მისივე სტატია, რომლის ინგლისურენოვან რეზიუმეს ასეთი სათაური აქვს:


ინგლისურ ენაში ასეთი ელემენტარული შეცდომა უბრალოდ სირცხვილია. არადა ეს ადამიანი ბევრს გაკერპებული ჰყავს სასულიერო აკადემიაში და მთლიანად ეკლესიაში, როგორც თვალშეუდგამი და უავტორიტეტესი მეცნიერი და მრავალი ენის მცოდნე...

არავინ უარყოფს, რომ სიტყვასაიენსიგამოიყენება სოციალურ მეცნიერებებშიც დასაიენთიფიქ მეთოდკი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. მაგრამ პოსტში ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას. მხოლოდ იმაზე მაქვს საუბარი, რომ სიტყვასაიენსისგამოყენება არაა მიღებული თეოლოგიასთან, ისტორიასთან, ფილოლოგიასთან, ფილოსოფიასთან მიმართებაში. ამიტომ, დიახაც, ეს ელემენტარული შეცდომაა! რატომ მედავები არ მესმის...

მოცემულ სათაურში სხვა შეცდომებიცაა, რაზეც აღარ გავამახვილე ყურადღება (მაგ., სიტყვა evidence არ უნდა იყოს მრავლობითში. ასევე of-ის ნაცვლად უმჯობესია for იყოს და მისთ.). ეს ყოველი კი ნამდვილადაა ელემენტარული შეცდომები. არა?“

რედკოლეგია გაეცნო გამოთქმულ შენიშვნებს და მათზე განმარტება სთხოვა უშუალო ადრესატს ედიშერ ჭელიძეს.

წარმოგიდგენთ მის პასუხს:

Tuesday, December 25, 2018

ედიშერ ჭელიძე - ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობის შესახებ

საკითხი ქართლის ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის შესახებ უფლის განგების საიდუმლოა და კაცობრივ გონებას არ ძალუძს მისი წვდომა; თუმცა მაინც შესაძლებელია გარკვეული მსჯელობა და სარწმუნო დასკვნების გაკეთება.

ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობის შესახებ გადმოცემა გვხვდება არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის წიაღში. ამ ფაქტის შესახებ წერს წმინდა დიმიტრი როსტოველიც, რომ იბერია, რომელსაც საქართველოსაც უწოდებენ, არის წილხვედრი ყოვლადუხრწნელი ღვთის-დედისა, რომელსაც, ღვთის განსაკუთრებული ნებით, წილად ხვდა მახარებლობა ქრისტეს სახარებისა ამ ქვეყანაში და რომ ცნობა ამის შესახებ შემონახულია დღემდე იბერიულ და ასევე მთელს აღმოსავლურ მართლმადიდებელ ეკლესიაში.

ედიშერ ჭელიძე - იაკობ გოგებაშვილის წმინდანად კანონიზების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით

იაკობ გოგებაშვილი, ყველა ქართველისთვის ახლობელი სახელი, იშვიათი პატივითაა შემკობილი. მისმა მთავარმა ნაშრომმა, ”დედაენამ”, დროის გამოცდას მეტნაკლებად გაუძლო და დღესაც რჩება ღირსეულ ძეგლად. მეტიც, ეს ძეგლი, მცირედით რედაქტირებული, ხელმეორედ იმკვიდრებს ადგილს ქართულ სკოლებში.

აღნიშნულის მიუხედავად, კვლავაც გვიწევს აუცილებელი და მკვეთრი ხაზგასმა იმაზე, რომ ამა თუ იმ პიროვნების წმინდანად კანონიზება მართლმადიდებელ ეკლესიაში, თვით კანონიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ცალკე განსახილველი საკითხია და განეკუთვნება უცვალებელი დოგმატიკის სფეროს, რაზეც გავლენას ვერ ახდენს მოღვაწის საერო სახელგანთქმულობა, თუ ამ სახელგანთქმულობას წინ არ უძღვის და ყოვლითურთ არ მსჭვალავს მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სავალდებულო ცხოვრების წესი, იგივე ცხონების წესი, რაც, გავიმეორებთ, ასე ფორმულირდება:

მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიზებული წმინდანი, უპირველესად და უმთავრესად, ნიმუში უნდა იყოს (და ყველა შემთხვევაში ასეა) ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი უზაკველობისა, მოღვაწეობითი თვითმარტვილობისა, დოგმატური უცთომელობისა, საკვირველთმოქმედებითი ღვთივმიმადლებულობისა და მართლმადიდებლური აღმსარებლობისადმი სრული თავდადებისა.

ედიშერ ჭელიძე - აკაკი წერეთლის წმინდანად კანონიზების შესახებ

აკაკი წერეთელი უდიდესი საერო მოღვაწეა. მადლიერმა ქართველმა ხალხმა არაერთგზის მხურვალედ გამოხატა თავისი განსაკუთრებული პატივისცემა პოეტისადმი და, დამსახურებისამებრ, მიაგო მას ყველა სახის უაღმატებულესი პატივი, რაც კი საერო მოღვაწეთაგანს ვისმე სააქაოში წილად ხვდომია.

აღნიშნულის მიუხედავად, აკაკი წერეთლის წმინდანად კანონიზება მართლმადიდებელ ეკლესიაში, თვით კანონიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ცალკე განსახილველი საკითხია და განეკუთვნება უცვალებელი დოგმატიკის სფეროს, რაზეც გავლენას ვერ ახდენს ვერც პიროვნების საერო სახელგანთქმულობა, ვერც ავტორიტეტის მქონე პერსონათა პირადი გუნება-განწყობანი.

დოგმატური საზომი არის ერთი:

მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიზებული წმინდანი, უპირველესად, ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი უზაკველობისა და მართლმადიდებლური აღმსარებლობისადმი თავდადების ნიშნით უნდა ხასიათდებოდეს და არა მარტოოდენ პატრიოტულ თუ საქველმოქმედო საქმეთა სიმრავლით, რაც, ცხადია, უცხო არ არის არც სხვა რელიგიური მრწამსის მქონე პიროვნებებისთვის ან თუნდაც ათეისტთათვის. ამასთან, ამათუიმ პირთან დაკავშირებით როდესაც, ვთქვათ, ასი ფაქტიდან ოთხმოცდაცხრამეტი მის ღირსებებზე მეტყველებს, მაგრამ ერთი ფაქტი ამის საწინააღმდეგოა, ამგვარი პირის კანონიზება არ ხდება.

Monday, December 24, 2018

ედიშერ ჭელიძე – წმინდა და დიდი კრებისწინა დოკუმენტის განხილვა

"მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი"

განსახილველი დოკუმენტი შეიცავს უმძიმეს დოგმატურ-ტერმინლოგიურ ცთომილებებს, რომლებთან დაკავშირებითაც აღვნიშნავთ შემდეგს:

1. თვით სათაურშივე, ისევე როგორც ძირითად ტექსტში, ტერმინი "ქრისტიანი" თანაბრად გამოიყენება არა მხოლოდ "ქრისტეს ჭეშმარიტი აღმსარებლის" ანუ მართლმადიდებლის, არამედ - ნებისმიერი არამართლმადიდებლის მიმართ, მაშინ როცა მართლმადიდებელი ეკლესიის აბსოლუტურად ყველა საეკლესიო დოკუმენტი (პირველ რიგში კი, შვიდი მსოფლიო კრების განჩინებანი და საქმენი) ქრისტიანად უწოდებს (უგამონაკლისოდ) მხოლოდ მართლმადიდებელს, არამართლმადიდებელთა მიმართ კი იყენებს ტერმინებს: "ცრუქრისტენი", იგივე "ქრისტემტყუვარნი" (ψευδόχριστοι), "ცრუქრისტიანები" (ψευδοχριστιανοί ფსევდოქრისტიანები), "ერეტიკოსები" (αἱρετικοί).

Sunday, December 23, 2018

ედიშერ ჭელიძე - მართლმადიდებლური ხატმეტყველება

ადამიანი - ძეობილი ღვთისა, ხატი ძეღმერთისა

ახლა შევეხოთ ხატოვნებასთან დაკავშირებულ მეორე საკითხს: ადამიანის შექმნას ღვთის ხატად (შეს. 1. 26-27).

როგორც ჩვენს ბროშურაში აღვნიშნავდით, ტერმინ ხატის ორმნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, ადამიანის ღვთისადმი ხატოვნება ორი ასპექტით წარმოჩნდება: (I) ადამიანი, კაცობრივი ბუნება შექმნილია ერთარსება ღვთის ხატად; (II) ამავე დროს, ადამიანი, როგორც მადლით ქმნილი ძე ღვთისა, ხატოვნებითად აღბეჭდავს თავის თავში მეორე ჰიპოსტასის ბუნებით ძეობას მამისადმი და, ამ თვისების (ძეობილობის) მხრივ, ადამიანის ჰიპოსტასურ არქეტიპად ანუ პირმშოხატად საეკლესიო მოძღვრების მიერ ითქმის საკუთრივ ძე ღმერთი, რომლის ბუნებითი ძეობის ხატად მადლით შეიქმნა იგი. ძე ღმერთის, როგორც არქეტიპის ანუ პირმშოხატის გზით ადამიანი მამის შეცნობამდე მაღლდება. ადამიანის ძეობა და ხატოვნება ერთარსება ღვთისადმი და მისი ძეობითი ხატოვნება პიროვნულად ძე ღმერთისადმი აღდგენილ იქნა ქრისტიანებში მაცხოვრის მოსვლის გზით.

ედიშერ ჭელიძე - მართლმადიდებლური ხატმეტყველება

ადამიანი - ღვთის ხატი და მსგავსება

"შესაქმის" წიგნის მიხედვით, ადამიანის შექმნისას ღმერთი ამბობს: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ" (1.27).

ზემოთ არაერთგზის შევხებივართ ღვთისადმი ადამიანის ხატებას და მსგავსებას. ამჯერად ყურადღებას მივაქცევთ ამ ორი ცნების ურთიერთმიმართებაზე.

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობს ჩვენი ოპონენტიც, რომელიც, ჩვეულებისამებრ, ჯერ კითხვას სხვამს:

"ახლა გავარკვიოთ, არის თუ არა ადამიანში ღმრთის ხატებასა და მსგავსებას შორის განსხვავება?"

იმგვარი რიხითაა თქმული "ახლა გავარკვიოთ", თითქოს მართლაც გრ. რუხაძე "არკვევდეს" რასმე. სინამდვილეში, ზემოციტირებულ შეკითხვას მოდევნებული ერთფურცლიანი მსჯელობა სხვა არაფერია, თუ არა მიტროპოლიტ მაკარის "დოგმატური ღვთისმეტყველების" შესაბამისი ადგილის (გვ. 456-458) უხეირო გადმონაწერი.

Saturday, December 22, 2018

ედიშერ ჭელიძე - მართლმადიდებლური ხატმეტყველება

წმ. ეფრემ მცირის სწავლება ადამიანის როგორც პირმშოხატის ხატის შესახებ

ახლა შევეხოთ საკუთრივ ეფემ მცირისეულ სქოლიოს. კვლავ დავიმოწმებთ ტექსტს:

"უცვალებელ ხატ ღმრთისა მამისა არს მხოლოდშობილი ძე, ვითარცა პირმშოჲ ხატი, ხოლო ჩუენ ხატებრ, ესე იგი არს, პირმშოჲსა მის ხატისა ხატადღა ქმნილ ვართ, რომელი-იგი ბუნებით ძე არს, ხოლო ჩუენ მადლით მოგუცემს ძეობასა, რაჟამს მივსცეთ ხატსა ხატებაჲ მისი, რომელი იტყჳს: მე რაჟამს ავმაღლდე, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა, ხოლო თუ სადა მიგვიზიდავს, ამას ესევე მოძღვარი თარგმნის შემდგომთა სიტყუათა შინა" (A-109, 165).

მოვუსმინოთ ოპონენტის "განმარტებას":

"პირმშოჲსა მის ხატისა ხატადღა ქმნილ ვართ, რომელი-იგი ბუნებით ძე არს - ეს იმას ნიშნავს, რომ ბუნებითი ძის განკაცების შემდეგ პირმშო ხატის ხატადღა შევიქმენით. ხოლო ჩუენ მადლით მოგუცემს ძეობასა, რაჟამს მივსცეთ ხატსა ხატებაჲ. - ხოლო ძეობას მადლით მაშინ გვანიჭებს, როცა ჩვენს ბუნებას (ღმრთის ხატებას) შესაფერის ზნეობრივსა და სულიერ სახეს ვაძლევთ..." (გვ. 70).

ედიშერ ჭელიძე - მართლმადიდებლური ხატმეტყველება

ხატმეტყველება და დოგმატიკა

საეკლესიო ხატმეტყველების საფუძველია, ერთი მხრივ, ყოვლადწმინდა სამების მეორე პირის, ძე ღმერთის შესახებ პავლე მოციქულისგან სამგზის ნამცნები: "რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ" (კოლას. 1.15); "რომელი-იგი არს ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ და ხატი ძლიერებისა მისისაჲ" (ებრ. 1.3); "რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო" (ფილიპ. 2.6), ხოლო მეორე მხრივ, ადამიანის, ყოვლადწმინდა სამების მადლისმიერი ძის ანუ ძეობილის შესახებ მოსე წინასწარმეტყველისგან ნაუწყებნი: "და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ"... და შექმნა ღმერთმა კაცი, ხატებად ღმრთისა შექმნა იგი" (შესაქ. 1. 26-27); "...რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი" (შესაქ. 9.6).

აქ წარმოდგენილ საღვთო გამონათქვამებს ანუ მცნებებს ეფუძნება ეკლესიის მამათა დოგმატური სწავლებანი ძეღმერთის როგორც ბუნებითი ხატისა და ადამიანის როგორც მადლისმიერი ანუ ქმნილობითი ხატის შესახებ. ეს სწავლებანი უაღრესად ღრმაა და, შესაბამისად, მოუმზადებელ პირთათვის მეტად რთულიც როგორც შინაარსობრივად, ასევე ტერმინოლოგიურად. შედეგად ხდება ის, რომ ცალკეულ პუბლიკაციებში სახეზეა აურაცხელი ცთომილება და პრინციპულად უმართებულო დასკვნები.

Friday, December 21, 2018

ედიშერ ჭელიძე - ქალკედონის IV მს. საეკლესიო კრების დოგმატის განხილვა

ქალკედონის IV მსოფლიო კრების (451 წ.)
დოგმატი
"ამრიგად, შედგომილნი წმინდა მამებს, ყველანი ერთხმად ვასწავლით ერთი და იმავე ძის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღსარებას, მასვე სრულს ღმრთეებაში და მასვე სრულს კაცებში, მასვე ჭეშმარიტად ღმერთს და ჭეშმარიტად ადამიანს, გონითი სულისა და სხეულისგან, მამის თანაარსს ღმრთეებითად და მასვე ჩვენს თანაარსს კაცობრივად, ყოვლითურთ ჩვენს მსგავსს ცოდვის გარეშე, საუკუნეთა უწინარეს მამისგან შობილს ღმრთეებითად, უკანაკსნელ დღეებში კი მასვე ჩვენს გამო და ჩვენი ცხონებისთვის კაცობრივად [შობილს] მარიამ ქალწულისგან, ღვთისმშმობლისგან, ერთსა და იმავე ქრისტეს, ძეს, უფალს, მხოლოდშობილს, ორი ბუნებისგან თანაშეურევლად, უცვალებლად, განუყოფლად, განუშორებლად ცნობილს, ბუნებათა განსხვავებას არ-აღხოცილს შეერთების გამო, უფრო კი დაცულს თითოეული ბუნების თვისებას და ერთ პირსა და გვამოვნებაში თანამსრბოლს, არათუ ორ პირად დანაწილებულს ან განყოფილს, არამედ ერთსა იმავე ძეს და მხოლოდშობილს, ღმერთ-სიტყვას, უფალ იესო ქრისტეს, როგორც მის შესახებ ძველთაგან წინასწარმეტყველებმა და თვით მან, უფალმა იესო ქრისტემ, განგვსწავლეს ჩვენ და მამათა მრწამსმა გადმოგვცა ჩვენ."

მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"

ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით, აგრეთვე დამატებითი სქოლიოებით) მოთავსებულია ხსენებული წიგნის 982-1044 გვერდებზე

Thursday, December 20, 2018

ედიშერ ჭელიძე - ხატთაყვანისცემის შესახებ

VII მსოფლიო საეკლესიო კრების, წმ. იოანე დამასკელისა და წმ. თეოდორე სტუდიელის სწავლებათა მიხედვით
მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"

ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით, აგრეთვე დამატებითი სქოლიოებით) მოთავსებულია ხსენებული წიგნის 1128-1208 გვერდებზე

დოგმატი თაყვანისცემის არსისა და მის სახეთა შესახებ მთელი სისავსით განიმარტა მაშინ, როდესაც ხატმებრძოლობის ერესი აღიძრა. ამ მხრივ შეუძრავი სწავლებანი და რჯულდებანი გადმოსცა ყოვლადმსოფლიო მეშვიდე საეკლესიო კრებამ, რომლის მონაწილე ღმერთშემოსილმა მამებმა, პირველ რიგში, სწორედ ის ივალდებულეს, რომ ზედმიწევნით განესაზღვრათ ღვთისადმი თაყვანისცემისა და განღმრთობილი ქმნილებებისადმი თაყვანისცემის ჭეშმარიტი შინაარსი და ფორმა.

კერძოდ, ურყევად დადგინდა, რომ ღვთისადმი ჩვენს თაყვანისცემას გამოვხატავთ მსახურებითად ანუ აბსოლუტურად (ლატრევტიკულად), ხოლო ქმნილებებისადმი - პატივისცემითად ანუ შეფარდებითად (სქეტიკურად).

ედიშერ ჭელიძე - VI მს. საეკლესიო კრების სინოდალური განჩინება და მეცნიერთა შეფასებანი პეტრე იბერის შესახებ

დავიმოწმებთ მეექვსე მსოფლიო კრების სინოდალურ განჩინებას:

"ამრიგად, სამარადჟამო ანათემასა და შეჩვენებაში იყოს წმინდა და თანაარსი და თაყვანსაცემი სამების, - მამის, და ძის, და სულიწმინდის, - მიერ: პირველად სიმონ მოგვი, ... მის შემდეგ, აგრეთვე, კლეობიოსი, მენანდრე, ... ევტიქი, დიოსკორე - ევტიქის დამცველი და თანამოსაჯული, ბარსუმა, ზოორა, ტიმოთე, "კატად" წოდებული, პეტრე მონგოსი და აკაკი, რომლებმაც ზენონის "კენოტიკონი"1 იხელოვნეს, ... პეტრე მკაწვრელი, რომელმაც სამწმიდაობის ლოცვისადმი ჯვრის დართვა გაბედა, სხვა პეტრე, იბერიელი და გონება-ველური წყლული (Πέτρος ἕτερος τὸ Ἰβηρικὸν καὶ φρενοβάρβαρον2 μίασμα3)".

ამგვარად, სრულიად ნათელია, რომ მეექვსე მსოფლიო კრება, უცხადებს რა სამარადჟამო ანათემას პეტრე იბერს, სახელდებს მას "იბერიელ და გონება-ველურ წყლულად" (ბერძნ. Πέτρος ἕτερος τὸ Ἰβηρικὸν καὶ φρενοβάρβαρον μίασμα, ლათ. Petrus alter, Ibericum, et barbarae mentis contagium, ინგლ. another Peter, the defilement of Iberia of barbarian mind, რუს. другой Петр, иверийская безсмысленная зараза). კვლავ ხაზს გავუსვამთ (იხ. შესაბამისი სქოლიო), რომ ტერმინ "გონება-ველურის" ბერძნ. ეკვივალენტი φρενοβάρβαρον  (კალკირებულად "გონება-ბარბაროსული") წმ. სოფრონის მიერ შეიქმნა კონკრეტულად პეტრე იბერისადმი მიკუთვნებულობის მიზანდასახულობით, ვინაიდან აღნიშნული ტერმინის სხვა დამოწმება არ არსებობს, ანუ ესაა საკუთრივ პეტრე იბერის მწვალებლურობის გამომსახველი სახელდებითი ნეოლოგიზმი, ისევე როგორც, მაგალითად, პეტრე III ალექსანდრიელისათვის "მონგოსი", პეტრე ანტიოქიელისთვის "ფულონი", ტიმოთე II ალექსანდრიელისთვის "ელური" და მისთ.

Wednesday, December 19, 2018

ძველი ქართული ბიბლია


ძველი ქართული ბიბლიის წინამდებარე პუბლიკაცია ნაკლებად შეიძლება შეფასდეს ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიურ ნაშრომად. მოცემულ შემთხვევაში ჩვენი მიზანი ლიტურგიკულია და, შესაბამისად, სწავლებითიც, რასაც საფუძვლად უდევს სადღეისო საჭიროება: საეკლესიო მსახურებაში და მორწმუნეთა შორის დამკვიდრდეს შეძლებისდაგვარად გამართული ტრადიციული ტექსტი. ცნობილია, რომ „ტრადიციულ“ ბიბლიურ ტექსტად საქართველოს ეკლესია ცნობდა და ცნობს, „ძველი აღთქმის“ მხრივ („ფსალმუნთა“ გამოკლებით), იმ ადრეულ თარგმანს, რაც ოშკურ რედაქციად არის წოდებული და არსებითად ათონურ-იერუსალიმური ნუსხებით, ფრაგმენტულად კი პალიმფსესტური ხანმეტი ამონარიდებით, ლექციონარული საკითხავებითა და ბაქარისეული ბიბლიის ცალკეული მონაკვეთებით არის ჩვენამდე არასრულად მოღწეული, ხოლო „ახალი აღთქმის“ მხრივ, - წმ. ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილ „აპოკალიფსს“ და წმ. გიორგი ათონელის მიერ თარგმნილ-რედაქტირებულ სახარება-ოთხთავსა და სამოციქულოს („აპოკალიფსის“ გამოკლებით), რასაც „ძველი აღთქმიდან“ ემატება „ფსალმუნ-გალობათა“ გიორგისეული თარგმან-რედაქცია. 

ედიშერ ჭელიძე - წმიდა კირილე ალექსანდრიელის პაექრობის შესახებ თეოდორიტე კვირელთან

მონაკვეთი წიგნიდან  "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"

ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით, წყაროზე მითითებით და დამატებითი სქოლიოებით) მოთავსებულია ხსენებული წიგნის 352-359, 523-528 გვერდებზე

იყო ჟამი, როდესაც თეოდორიტე კვირელი (მონანიების შემდეგ ჭეშარიტად სახელოვანი ღვთისმეტყველი) დიდად თანაუგრძნობდა ნესტორს, თუმცა ამას აშკარად არ განაცხადებდა (ვინაიდან გარეგნულად ერთჰიპოსტასობის აღსარებას ინარჩუნებდა) და როგორც ნამდვილი ფარულ-ნესტორიანელი, თავისი ცთომილების წრფელი აღიარების სანაცვლოდ, იქით ადანაშაულებდა წმ. კირლეს ერესში. მოვუსმნოთ, თუ რას სწერს თეოდორტე კვრელი იოანე ანტიოქიელს წმ. კირილე ალექსანდრიელის სახელგანთქმული „ანათემატიზმების“ შესახებ:

„დიდად დავმწუხრდი, რაჟამს წავიკითე ანათემატიზმები, რომლებიც გამოგვიგზავნე, გვიბრძანე რა ჩვენ, რომ წერილობით დაგვემხო ისინი და მათი ერეტიკული აზრი ყველასთვის შიშვლად წარმოგვეჩინა, ხოლო დავმწუხრდი იმიტომ, რომ კაცი, ვისაც მწყემსობა ხვდა წილად და ვისაც ესოდენი სამწყსო ერწმუნა, რათა განეკურნა მას უძლურებანი ცხვრებისა [იგულისხმება წმ. კირილეს მღვდელთმთავრობა ალექსანდრიელთა მიმართ, ე.ჭ.], ერთი მხრივ, თვით არის სნეული და - ძალიან მძიმედ, მეორე მხრივ კი იმას ცდილობს, რომ ამ ავადმყოფობით დაასნებოვნოს ფარა, ველურ მხეცებზე უბოროტესად წარმართავს რა მისგან დამწყსილებს“ (PG. 76, col. 389 A).

Tuesday, December 18, 2018

ედიშერ ჭელიძე - ლუკას სახარების სიტყვების გაგებისათვის: "ხოლო იესო წარემატებოდა ასაკით, სიბრძნითა და მადლით" (ლუკა 2.52)

                      მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"

ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით, წყაროზე მითითებით და დამატებითი სქოლიოებით) მოთავსებულია ხსენებული წიგნის 830-868 გვერდებზე

მოვუსმინოთ წმ. იოანე დამასკელის საუკუნოვან განჩინებას:

"წარმატების შესახებ"

ამასთან, ითქმის, რომ იგი "წარემატებოდა სიბრძნით, ასაკითა და მადლით" (ლუკა 2,52), რადგან, ერთი მხრივ, იზრდებოდა ასაკით, და ასაკის ზრდის შედეგად სააშკარაოზე გამოჰქონდა თავის თავში არსებული სიბრძნე, მეორე მხრივ კი - ყოვლითურთ განიკუთვნებდა რა ჩვენეულს, საკუთარ წარმატებად აქცევდა იგი ადამიანთა წარმატებას სიბრძნეში და მადლში, აგრეთვე მამისეული სათნოჩენის სრულყოფას, რაც არის ადამიანთა ღვთისმცოდნეობა და ხსნა. მაგრამ ვინც ამბობს, რომ წარემატებოდა იგი სიბრძნით და მადლით როგორც მიმღები ამათი შემატებისა, ამგვარი ვინმე არც იმას ამბობს, რომ ხორცის პირველწარმოქმნიდანვე1 მოხდა შეერთება2, არცთუ ჰიპოსტასურ შეერთებას თვლის იგი რადმე, არამედ ერწმუნება ამაოდ-მბრძნობ ნესტორს და შეფარდებითი შეერთებისა3 და ლიტონი შთამკვიდრებულობის4 მეზღაპრე ხდება, "არ უწყის რა არც ის, რას ამბობს, და არც ის, რის შესახებ ამტკიცებს" (1 ტიმ. 1,7). მართლაც, თუ ჭეშმარიტად შეუერთდა ღმერთ-სიტყვას ხორცი5 თავისი პირველწარმოქმნიდანვე ანდა, უკეთ, თუ ღმერთ-სიტყვაში მყოფობდა იგი და ჰიპოსტასისეული იგივეობა ჰქონდა მასთან, როგორღა არ გამდიდრდებოდა იგი სრულყოფილად ყველა სიბრძნითა და მადლით, თუმცა არა როგორც წილმიმღები მადლისა, არცთუ მომადლებით წილმქონე სიტყვისეულთა, არამედ, უმალ შედეგად ჰიპოსტასური ერთობისა და, აგრეთვე, ადამიანურთა და საღმრთოთა ერთი ქრისტესად მყოფობის გამო, რადგან თვითვე იყო ერთდროულად ღმერთიც და ადამიანიც, ქვეყნიერებისათვის მადლის, სიბრძნისა და ყოველგვარ სიკეთეთა სისავსის აღმომაცნებელი" (გარდამოცემა, თ. 66; დასახ. გამოც. გვ. 415-416).

ედიშერ ჭელიძე - მაცხოვრის კაცობრივი ბუნების მიერ ღმრთეების სისავსის მიღების შესახებ

წმ. იოანე დამასკელის, წმ. ნიკიფორე აღმსარებელის, წმ. ფოტი პატრიარქის, ექვთიმე ზიგაბენის, წმ. გრიგოლ პალამას, წმ. ფილოთეოს კოკკინოსის და წმ. სვიმეონ თესალონიკელის სწავლებათა მიხედვით
მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"

ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით, წყაროზე მითითებით და დამატებითი სქოლიოებით) მოთავსებულია ხსენებული წიგნის 1309-1327, 1447-1473 გვერდებზე

წმ. იოანე დამასკელი "გამოკრებანი წამებათანი" ანუ "მამათა მოძღვრება" (DOCTRINA PATRUM)

წმ. არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში" წმ. იოანე დამასკელის ავტორობით შეტანილია უდიდესი ღირსების საღვთისმეტყველო ნაშრომი სახელწოდებით "გამოკრებანი წამებათანი", რაც არის იგივე სახელგანთქმული "მამათა მოძღვრება" ანუ Doctrina Patrum. აღნიშნული წერილობითი მონუმენტი, როგორც "ციტატების" ["წამებათა"1] გამონაკრები" ანუ ფლორილეგიუმი [="ყვავილთკრებული", ანთოლოგია] ღმერთშემოსილ ქალკედონიტ მამათა თეოლოგიური განმარტებებისა, წარმოადგენს იმ დოგმატურ ფუძეს, რომლისგანაც, თანახმად სათაურისა, "ცხადად ვსწავლობთ მთელი კათოლიკე [საყოველთაო] ეკლესიის სარწმუნოებას, კერძოდ საღვთისმეტყველო ქადაგებას, საღვთო განკაცების მოძღვრებას და ეკლესიის სხვა ჭეშმარიტ დოგმატთა უცთომელობას" (შდრ. სრული სათაური: "სიტყვები წმინდა მამებისა ანუ გამონაკრები ციტატებისა, რომელთა მიერ ცხადად ვსწავლობთ სამოციქულო ეკლესიის მთელ მოძღვრებას, - ვამბობ ღვთისმეტყველების ქადაგებას, საღვთო განგებულების [=განკაცების, ე.ჭ.] უწყებას და ეკლესიის სხვა ჭეშმარიტ დოგმატთა ზედმიწევნითობას". შდრ. არსენისეული თარგმანი: "წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოანე მანსურ-წოდებულისა2 სიტყუანი წმიდათა მამათანი, ესე იგი არს გამოკრებანი წამებათანი, რომელთა მიერ ყოველივე კათოლიკე ეკლესიისა სარწმუნოებაჲ განცხადებულად გუესწავების - ღმრთისმეტყუელებისასა ვიტყჳ ქადაგებასა და საღმრთოჲსა განგებულებასა [ე.ი. განკაცების, ე.ჭ.] სიტყუასა და სხუათა მართალთა ეკლესიის შჯულთა უცთომელობასა" (დოგმატიკონი, S 1463, 158 r).

Monday, December 17, 2018

ედიშერ ჭელიძე - ეკლესიის მამათა სწავლება მაცხოვრის კაცობრივი ბუნების შესახებ

ეკლესიის მამათა სწავლება მაცხოვრის კაცობრივი ბუნების, მისი კაცობრივი სხეულის შესახებ აღდგომამდე და აღდგომის შემდეგ1

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დიოფიზიტური სწავლებით მაცხოვრის სხეული, თანახმად პავლე მოციქულის სიტყვებისა, ემსგავსებოდა ჩვენს “ცოდვის ხორცს” მხოლოდ იმ აზრით, რომ იგი თავისუფალი იყო ყოველგვარი ცოდვისაგან და არანაირად იმ აზრით, რომ თითქოს ღვთის სხეული არ შეიცავდა რომელიმე ბუნებით ანუ მემკვიდრეობით თვისებას ჩვენი სეულისას. მაცხოვრის კაცობრივი სხეული ყოვლად თავისუფალი იყო მხოლოდ მემკვიდრეობითი ცოდვილობისაგან, მემკვიდრეობითი ცოდვისმიერი გაუკუღმართებისაგან, ცოდვისმიერი წახდენისაგან, მაგრამ იგი ცოდვის გარეშე ფლობდა ყველა მემკვიდრეობით, ყველა ბუნებით თვისებას ჩვენი სხეულისას, როგორებიცაა: ხრწნადობა, მოკვდავობა, ტკივილგანმცდელობა (ძვ. ქართ. “ვნებადობა”, ბერძნ. τὸ παθητόν ). მხოლოდ ჯვარცმის შემდეგ აღდგომისას შეიძინა იმავე სხეულმა უხრწნელება, უკვდავობა, ტკივილგანუცდელობა (“უვნებელობა”, ბერძნ. ἀπαθεία ).

ედიშერ ჭელიძე - ეკლესიის მამათა სწავლება ცოდვისა და სასჯელის შესახებ

ფართო საზოგადოებაში დიდ დაინტერესებას იწვევს საკითხი იმის შესახებ, გადადის თუ არა გენეტიკურად წინაპართა პირადი სულიერი მდგომარეობა მათ შთამომავლობაზე და შესაძლებელია თუ არა, რომ წინაპრის მძიმე პირადი ცოდვის მიზეზით საუკუნოდ წარწყმდეს მისი სისხლისმიერი შთამომავალი, ე. ი. მამის ცოდვისათვის წარსაწყმედელს მიეცეს შვილი.

ნაწილი ამ კითხვაზე უარყოფითად პასუხობს და მიიჩნევს, რომ არ არის სამართლიანი შვილის წარწყმედა მშობლის ცოდვის გამო, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი დღეს თვლის, რომ ზემორე აზრი მხოლოდ "ადამიანის მართლმსაჯულების რაკურსია". მაგალითად, მიუთითებენ: "ადამიანური მართლმსაჯულების რაკურსით ბავშვების დასჯა მშობლების დანაშაულის გამო უსამართლობაა". რაც შეეხება ღვთიურ მართლმსაჯულებას, მათი მტკიცებით, საქმე სხვაგვარადაა. კერძოდ, თვლიან, რომ საღვთო მართლმსაჯულებით "შვილები დაიტანჯებიან და წარწყმდებიან თავიანთი მშობლების ცოდვათა გამო".

ხილვა სამომავლო განკითხვისა*

(ნაწყვეტი "წმ. ბასილი ახლის ცხოვრების" უძველესი, ათონური ხელნაწერიდან)
[როგორც ცნობილია, "წმ. ბასილი ახლის ცხოვრება" შეიცავს საზვერეთა აღწერილობას და ხილვას სამომავლო განკითხვისას. ტექსტობრივი სანდოობის მიზნით მოპოვებული იქნა ორიგინალის უძველესი, კერძოდ XIII ს-ის ათონის ივერთა მონასტრის ხელნაწერის ტექსტი (478, ლამბროსის აღწერილობით 4598, შესრულებული პერგამენტზე in 8), რაც მოსკოვის სინოდალური ხელნაწერის (250, XVI ს-ისა) ვარიანტებითურთ გამოსცა ს.გ. ვილინსკიმ (იხ. С.Г. Вилинский, Житие св. Василия Нового в Русской Литературе, ч. II, Обесса, 1911, с. 5-142). ეს უნიკალური ბერძნული რედაქცია შეიცავს საზვერეების აღწერილობასაც და განკითხვის წინასწარმეტყველებასაც. ქვემოთ წარმოვადგენთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის სიტყვა-სიტყვით თარგმანს (შესაბამისი ბერძნული ტექსტისათვის იხ. დასახ. გამოც., გვ. 98-99).]

Sunday, December 16, 2018

ედიშერ ჭელიძე - "გაქუს-ღა რაჲმე სიტყუად?"


 (საპასუხო წერილი არქიმანდრიტ ლაზარეს)1

ამ ბოლო დღეებში (იგულისხმება 1999 წ.) ცნობილი გახდა არქიმანდრიტ ლაზარეს წიგნი (ბროშურას ვერ დავარქმევთ) სათაურით: О тайнстве пакирождения и о некрещенных младенцах, რაც წერილის სახით მომართულია უშუალოდ ჩვენდამი.

ხსენებულ თხზულებაში ავტორი საჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ ჩვენს მიერ ადრე გამოქვეყნებულ სტატიაში სამგზის ნახსენები "ანონიმური რუსული პუბლიკაცია" თურმე მისივე ნამუშევარი ყოფილა. პატივცემული არქიმანდრიტი აღუშფოთებია ამ პუბლიკაციაში დაშვებული უმძიმესი შეცდომების მხილებას ჩვენს მიერ და თითქმის ხუთჯერ უფრო ვრცელი წიგნის სახით გვცემს პასუხს.

აღნიშნული წიგნის შესახებ ზოგადი შთაბეჭდილება ასეთია: მასში მჟღავნდება ავტორის უაღრესად ზვიადი, ამპარტავნული ტონი და საკუთარიგანსჯების სიმართლეში აბსოლუტური თავდაჯერებულობა. შედეგად, სახეზეა უკიდურესად მოუზომავი ბრალდებანი და შეურაცხმეოფელი გამონათქვამები ჩვენს მიმართ.

მიღებული შთაბეჭდილება არ იწვევს ჩვენს აღელვებას, რადგან ამგვარი წრეგადასულობა, როგორც ამაში სხვებთან პოლემიკის დროსაც არაერთგზის დავრწმუნებულვართ, ყოველთვის უმკვვთრესი სიმპტომია ზერელეობისა, არგუმენტთა უსაფუძვლობისა.

ათონის წმინდა მთის წმინდა კინოტის პასუხი უნათლავად აღსრულებულ ჩვილთა საუკუნო ხვედრის შესახებ*

რიცხვ. პირვ. φ. 2/5b/917
15/28 მაისი, 2000
მის უნეტარესობას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს თბილისში

თქვენს უნეტარესობას, შვილურად და თაყვანცემითად, აღდგომილი ქრისტეს მიერ მოვიკითხავთ!

სიხარულით მივიღეთ რა თქვენი უნეტარესობის გულითადი ეპისტოლე წმინდა პასექის ჟამს, წინამდებარე ნაწერის გზით, რაც ბეჭედდადებულია წმინდა კინოტის მიერ, გამოვთქვამთ ჩვენს მხურვალე მადლობას, ერთი მხრივ, იმ ქრისტესმიერი სიყვარულისათვის, რაც თქვენ გამოავლინეთ ჩვენს წმინდა ადგილას მოღვაწე მამათა და ძმათა მიმართ, მეორე მხრივ, იმის გამო, რომ შესაძლებლობა მოგვეცა თქვენთან სულიწმინდისმიერი ზიარებისა, მესამე მხრივ კი, არანაკლებ, თქვენს იმ ღვთისსარწმუნო ვედრებათა გამო, უფლისადმი რომ აღავლენთ ჩვენთვის, ამ წმინდა მთაზე სიმდაბლით მცხოვრებთათვის.